fbpx

ხმა ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტიდან | „პოლიტიკოსების მიერ გაჩაღებული კონფლიქტი“

27 November 2017

ლ. ჩ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მცხოვრები, 60 წლის.

ცხინვალი ის ქალაქი იყო, ჩემი დროის ცხინვალი, სადაც სახლის კარი არ იკეტებოდა, სა­დაც სითბო იყო ძალიან ბევრი, სადაც ნდობა იყო ძალიან დიდი. ვთამაშობდით ქუჩაში, არ ვიცოდით, ვინ იყო ეროვნებით ჩვენი მე­გობარი: იყო ოსიც, იყო რუსიც, იყო ებრაელიც, იყო სომეხიც. აი, ამ გარემოცვაში გავიზარდე და არ იყო ეროვნების გარჩევა. ყველამ იცის ალბათ, ვის დასჭირ­და ცხინვალში ჩადებული ნაღმი , რომელიც 1990-­იანი წლებიდან ამოქმედდა.

კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები — ქართულ-ოსური კონტექსტი არის ამბების სერია მოყოლილი იმ ადამიანების მიერ, ვინც კონფლიქტის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოექცა, მათი თვალით დანახულ კონფლიქტი და საფასური, რისი გაღებაც მათ მოუხდათ და დღემდე უხდებათ. სერია არის გაგრძელება ჯორჯ მეისონის უნივერსისტეტის ანალიტიკური სტატიე­ბის კრებულისა „კონფლიქტის საფასური: ქართულ­-სამხრეთ ოსური კონტექსტი“.

[სტატია ინგლისურ ენაზე — Read in English]

[სტატია რუსულ ენაზე — Читайте на русском]

მე ძალიან კარგად მახსოვს, 1989 წელს დაიწყო აქ დაძაბული სიტუაცია, როდესაც ჩვენი გზები, ჩვენი კავშირები, შესუსტდა; როდესაც ოსურმა მხარემ დაიწყო უკვე სუვერენიტეტზე, გამოყოფასა და და­მოუკიდებლობაზე საუბარი. მართალია, მაშინ ზვიად გამსახურდიამაც შეუწყო ხელი თავისი პოლიტიკითა და თავისი მოქმედებე­ბით ყველაფერ ამას. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, უდიდესი შეცდომა, რომელმაც ჩვენს მხარეს, ჩვენს რეგიონს, უბედურებისა და დაძა­ბულობის მეტი არაფერი მოუტანა. ყოველ შემთხვევაში, კარგი არაფერი მოუტანია.

1991 წელი პიკი იყო იმ პერიოდისათვის. ჩემს ოჯახს ნამდვილად შეეხო, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე იმ პირველი შეტაკებების დროს დაიღუპა, რომე­ლიც ერგნეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ჩემი მეუღლე 1991 წლის 23 ნოემ­ბერს დაიღუპა. აი, ფაქტობრივად, აქედან დაიწყო ჩემი გაუცხოება ცხინვალთან. მანამდე იყო ჩვეულებრივი ურთიერთო­ბა, მიმოსვლა, ყველაფერი გვქონდა. სახლი გვქონდა ცხინვალში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მე­გობრები მყავდა, ნათესავები მყავდა. მათთან, ფაქტობრივად, 10 წლის განმავლობაში კავშირი გამიწყდა. ათი წელი ისე გავიდა, რომ ცხინვალში არ ვიყავი ჩასული. თითოეული სახლი მახსოვდა, თითოეული კენჭი, თითოეული ქუჩა მახსოვ­და იქ და ძალიან მენატრებოდა.

მას მერე 2000 წელს ჩავე­დი პირველად ცხინვალში და ის ცხინვალი აღარ დამხვდა, რაც იყო. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ცხინვალში კულტურულ, პოლიტიკურ ამინდს ქმნიდა, წასული იყო. ქუჩებში რომ დავდიოდი, ჩემს ძველ ყოფილ თანაქალაქე­ლებთან შეხვედრის საშუალება არ მქონდა, იმიტომ, რომ რაღაც სხვანაირი სიტუაცია იყო, დაძაბული. ურთიერთობა ვერ გამოგ­ვდიოდა ერთმანეთთან. მაგრამ დროთა განმალობაში ისევ ნელ­ნელა დაიწყო იმ ურთიერთობების აღდგენა. ამ ურთერ­თბების აღდგენაში ძალიან დიდი როლი შეასრულა სპონტანურად გახსნილმა ერგენთის ბაზრობამ.

ამ ბაზრის არსებობა ერგნეთის ტერიტორიაზე ეს განსაკუთრებული რამ იყო. სპეციალურად უნდა მოგეფიქრებინა ასეთი ურთიერთობის ფორმა, რომ ეს ორი ერი, ერთმანეთთან და­ახლოებული და გაუცხოებული, შერიგებულიყო ხელახლა. თა­ნაცხოვრებამ, რომელიც წლების და საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა, თავისთავად მოიტანა ურ­თიერთბების აღდგენა, დაახლოება. ნდო­ბა აღდგა მაშინ ერთმანეთში.

Advertisements

მე არ ვამბობ, რომ აქ მარტო ქართველები იყვნენ დამნაშვეები, აქ ოსური მხარეც ძალიან დიდ ცოდვას ჩადი­ოდა. რამდენი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა გამოსალმეს სიცოცხლეს.

მაგრამ ეს არ იყო სახელმწი­ფო პოლიტიკა. ეს იყო, მაშინ არაფორმალებს ეძახდნენ — ის ბნელი ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტად, იმის მაგივრად, რომ შეე­ერთებინათ ამ ხალხის მწუხარება და სიხარული, უფრო მეტად აღ­ვივებდნენ ყველაფერს და ამ ფაქტებმა გამოიწვია სიტუაციის გაუარესე­ბა.

მახსოვს, ერთერთი შეხვედრის დროს წამოაყენეს ასეთ რამ: ქართველებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ოსებსო. თუ ქართველებს ბოდიში ჰქონდათ ოსებთან მოსახდელი, ოსებსაც ჰქონდათ ჩვენ­თან ბოდიში მოსახდელი. ძალიან დიდი ტრაგედია განიცადა ჩემმა ოჯახმა. მე მოვუხდიდი ბოდიშს, მაგრამ ისინი მომიხდიდნენ მე ბოდიშს? აი, ამაზე უნდა ემუშავა საზოგადოებას, მაგრამ აქ უკვე მესამე ძალა იყო ძალიან სრიოზულად ჩარეული, რომელსაც ჩვენი შერიგება არაფრით არ აძლევდა ხელს და ამან უფრო მეტად დაძაბა სი­ტუაცია.

დროდადრო იყო მომენტები, როცა გარკვეული ჯგუფები ძაბავდნენ სიტუაციას. იყო მუდმივი სროლები, იყო პროვოკაციებიც, ორივე მხრიდან, მაგრამ მაინც იყო მყიფე მშვიდობა. ომამდე არ მისულა საქმე.

2004 წლამდე ძალიან კარგად იმუშავა ერგნეთის ბაზარმა. ფაქ­ტობრივად, ამან შეარიგა ორი ხალხი. ერგნეთში მოდიოდა არა მარტო ოსი ეროვნების ადამიანი, არამედ, მოდიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მაცხოვრებლებიც.

ჩემი დაკვირვებით, სავაჭრო-­ეკონომიკური ურთიერთობა ყველაზე კარ­გად მოქმედებს ორი ერის შე­რიგების ამბავში. მე მაშინ აქ დიდი შემოსავალი არ მქონდა, ჩვენ ბაზართან არანაირი შეხე­ბა არ გვქონდა, მაგრამ მე მქონდა პატარა სასტუმრო, სადაც თავს იყ­რიდა სხვადასხვა ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული ხალხი.

ნახევარი საქართველო, კი გახ­სოვთ, ერგნეთის ბაზრობაზე იყო დამოკიდებული. მართალია, მას ჰქონდა თავისი ნე­გატიური მხარეები, შავი ხვრელები და კონტრაბანდა და ასე შემ­დეგ, მაგრამ სახელმწიფო დონეზე შეიძლებოდა ამ საკითხების დარეგულირებაც, კონტროლის გამკაცრება, საბაჟო სისტემის ამოქმედება. სამწუხა­როდ, სააკაშვილისა და ოქრუაშვილის ავანტიურამ დახურა ბაზა­რი, მოიშალა ის სისტემა.

მართალია, ერგნეთის ბაზარი 2004­-ში დაიხურა, მაგრამ გა­დაადგილების საშუალება მაინც იყო. მიუხედავად იმისა, რომ კონტროლი გამკაცრდა ორივე მხარეს, ხალხის მიმოსვლა არ შეწყვეტილა, იმიტომ, რომ ცხინვალი­სათვის ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტები იყო ქარ­თულ მხარეს, სამხრეთით.

ისინი თბილისში დადიოდნენ ექიმთან, სავაჭროდ, სამშენებლო მასალები, პროდუქტი, ყველაფერი თბილისიდან ჩამოჰქონდათ.

ცხინვალში თითქმის ნახევარზე მეტს უმაღლესი სასწავლებლები თბილისში ჰქონდა დამთავრე­ბული. ხალხი იმ კავშირებს არ კარგავდა. ომმა საერთოდ მოგვწყვიტა უკვე ერთმანეთისაგან. დღეისათვის ჩიხში ვართ შე­სულები. არანაირი მოლაპარაკება არ შველის ამ საკითხებს. მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ დადგება დრო, შე­იძლება, ერთი წლის შემდეგ, ორი წლის შემდეგ, ათი წლის შემდეგ, მაგრამ ჩვენი მიმოსვლა აღდგება ერთმანეთთან აუცილებლად.

ერთ დღეს არ დაწყებულა ჩვენთვის ეს ომი. ეს ომი გრძელდებოდა წლების განმავლობაში და თითქმის ყოველდღე იყო დაძაბული სიტუაცი­ა. სროლები ყოველდღე იყო, აფეთქებების ხმა ისმოდა. ნაბიჯ­ნაბიჯ მოვედით ამ ომამდე. ეს იყო ბოლო წერტილი, 2008 წლის აგვისტო, როდესაც უკვე წასასვლელი გზა აღარსად აღარ იყო, დაიწყო ფართომასშტაბი­ანი ომი.

როდესაც სიწყნარე დად­გებოდა, მე მიკვირდა, რატომ აღარ ისვრიან, იმდენად შევეჩვიეთ აი, ამ სროლებთან, აფეთქებების ხმასთან ერთად ცხოვრებას, რომ სიწყნარე უკვე მაშინებდა, მართალი გითხრათ.

ომის შემდეგ ამდენი წელი გავიდა და დღევანდელი გადმოსახედიდან მეც და ალბათ ქართული მხარეც და, ზუსტად ვიცი, ოსური მხარეც ძალიან ბევრ რამეს ნანობს, რომ ჩვენ იზოლაციაში აღმოვჩნდით ერთმანეთთან. არის მომენტები, როდესაც რეკავენ ეს ჩვენი მეგობრები და ამბობენ, რომ უთქვენოდ აქ ყოფნას აზრი არ აქვს, ის აღარ არის, რაც იყო. ცხინვალი ის აღარ არის, რაც იყო.

ეპიცენტრი ერგნეთი იყო, სადაც 160 სახლი დაიწვა. ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის. როგორც კი შეწყდა ბრძოლა, დავბრუნდი. არ ვიცოდი, ჩემი სახლი რა მდგომარეობაში იყო, იმიტომ, რომ, ისე გა­ვიქეცით აქედან, საბუთების წაღებაც ვერ მოვასწარით. უბრალოდ, შვილები უნდა გადამერჩინა, სხვა გზა არ იყო. როდესაც 19­-ში დავბრუნდი, დამხვდა უკაცრიელი სო­ფელი, სადაც აბსოლუტურად გადამწვარი იყო ყველა სახლი. ტრასაზე ისევ ოსური და რუსული მანქანები პატრულირებდნენ. იმდენად მძიმე იყო ამ მანქანების დანახვა ჩემთვის, რომ, როდესაც მომიახლოვდებოდნენ, თვალებს ვხუჭავდი, რომ შესაძლებელი იყო, იქიდან ესროლათ ჩემთვის და არ მინდოდა, დამენახა, ვინ მესროდა.

სოფელში როდესაც შემოვედი, აბსოლუტურად ყველა ჭიშკარი ღია იყო. ეზოებში ისევ ქათმები დარბოდნენ, ძაღლე­ბი. მაგრამ სიჩუმე იყო აუტანელი. სიო იყო პატარა და დამწ­ვარი თუნუქის სახურავებს არხევდა. ისეთი ღრჭიალის ხმა იყო — შემზარავი. როგორღაც გავუძელით ამას ყველა­ფერს. თუმცა მსხვერპლიც იყო. ერგნეთიდან რამდენიმე ადამიანი სახლებში გამოწვეს, ისეც მოკლეს იარაღის სროლით, ოღონდ არა რუსებმა. ოსებმა.

ნელ­ნელა შუშდება ის ტკივლები, რაც ჩვენ მივიღეთ, ნელ­ნე­ლა. სახლებიც აღადგინეს უკვე. ნელ­ნელა აღდგა ცხოვრება და დაიწყო ხალხმა ნორ­მალური ცხოვრება.

უკვე ჩაკეტილი პე­რიოდი იყო და ცხინვალიდან დილის ექვს საათზე დამირეკა ჩემმა მეგობარმა, ოსი ეროვნების მამაკაცმა, რომელიც იქ მი­ლიციაში მუშაობდა. მაღალი რანგის წოდება ჰქონდა. ტირილით დამირეკა, რომ სოფელ ტბეთში მისი ძმა, სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი, ღამით დაგლიჯეს მგლებმა მძიმე მდგომარეობაში იყო ეს მამაკაცი. ცხვირის წვერი ჰქონდა მოჭმული, ყური აღარ ჰქონდა, დასახიჩრებული იყო მთლიანად. კომაში იყო, უმძიმეს მდგომარეობაში. ცხინვალის საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი, მაგრამ ექიმებმა უთხრეს, რომ არანაირი საშუალება არ იყო მისი ცხინვალში გა­დარჩენის. ურჩიეს, სასწრაფოდ წაეყვანა ვლადიკავკაზ­ში, მაგრამ პრობლემა ის იყო, რამდენად ჩააღწევდა ცოცხალი. შრატიც კი არ ჰქონდათ, რომ გაეკეთებინათ.

ამ კაცმა ტირილით დამირეკა, უნდა მიშველო, ლიაო, ეს კაცი უნდა გაიყვანო როგორმე აქედანო. ვკითხე, თქვენ გა­მოყვებით თუ არა-მეთქი. ხელისუფლებამ გამაფრთხილა, როგორც კი დავტოვებ ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიას, ვეღარ უკან დავბრუნდები და სამსახურსაც ვკარ­გავო.

ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან გზა უკვე ჩაკეტილი იყო. შეიძლებოდა, ათასი პროვოკაცია დაებრალებინათ. მე შევუთანხმდი ვიღაცებს და დავრეკეთ ტყვიავის სასწრაფო დახმარებაში. ვუთხარით, რომ ცხინვალიდან უნდა გადმოგვეყვანა მამაკაცი, რაზედაც ექიმებმა გვითხრეს, რომ, თუ ვერ მოგვცემთ ჩვენ ჩვენი უსაფრთოხების გარანტიებს, ჩვენ იქ შემომსვლელები არ ვართო. მაშინ ჩემი სამსახურის სტატუსი, შერეული საკონტროლო კომისიის ჟურნალსიტის, სტატუსი გამოვიყენე და პირდაპირ დავურეკე კულახმეტოვს (მარატ კულახმეტოვი 2008 წელს ცხინვალში დისლოცირებული შე­რეული სამშვიდობო ძალების სარდალი იყო). ავუხსენი სიტუაცია, კულახმეტოვი დამთანხმდა. გამოგვიგზავნა დაცვა. ტყვიავის სასწრაფოსთან ერთად, დაცვის თანხლებით, ჩავედით ცხინვალში. წამოვიყვანეთ ეს მამაკაცი, რომელიც უკვე მომაკვდავი იყო და გადავიყვანეთ გორის საავადმყოფოში, რადგან თბილისში ვეღარ ვასწრებდით ჩასვლას.

გამოვიდა ეს კაცი მდგომა­რეობიდან, გონზეც მოვიდა, ჭამაც დაიწყო, ჩემი ხელით ვაჭმევდი საჭმელს. იმ კაცს ტელეფონზეც ვალაპარაკებდი. იქიდან ჰქონდათ შიში, რომ სპეციალურად რამე არ დაეშავებინათ აქ მისთვის. ჩემ თვალწინ სულ ეუბნე­ბოდა ტელეფონზე, რომ მე საიმედო ხელში ვარ, მე ქართველების არ მეშიანია, კარგად მივლიან, კარგად მეპყრობიანო.

მაგრამ მალევე დადგა ის ავადსახსენებელი რვა აგვისტო და დაიწყო ომი. ჩვენ ჩვენი თავები გვქონდა გადასარჩენი და გასაქცევი გავხდით. მართალი გითხრათ, ის რამდენიმე დღე არც კი გამხსენებია ის პიროვნება. სად უნდა წავსულიყავით და როგორ უნდა წავსულიყავით, ეს გვქონდა საფიქრალი.

როდესც უკვე მოვედით აზრზე, დავბინავდით, მოვიკითხე საავადმყოფოს ამბები. საავადმყოფო ევაკუირებული იყო. მთელი თბილისი დავაყენე ფეხზე, დავიწყე ძებნა და მივაგენი ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ სამწუხაროდ, ცოცხალს ვეღარ მივუსწარი. დაიღუპა და დაღუპვამდე, გონზე რომ მოდიოდა, ამბობდა, ერგნეთამდე ჩამიყვანეთ და იქ არის ქალი, რომელიც გადა­მარჩენს და ცხინვალში შემიყვანსო.

მერე მოლაპარაკებების შედეგად, წი­თელი ჯვრის მანქანით გადაასვენეს ის მამაკაცი ცხინვალში. იმ პერიოდისათვის ცხინვალში ჩვენი დატყვევებული ჯარისკა­ცები იყვნენ და სამ ტყვე ქართველ ჯარისკაცში გაიცვალა. ასეთია ომის კანონი. დღესაც მძიმეა ჩემთ­ვის ეს გასახსენებლად, მაგრამ ომს თავისი კანონები აქვს.

კონფლიქტის საფასურიო, მეკითხებით, ფასდაუდებელი ფასი გადავიხადე მე ამ კონფლიქტში. გარდა იმისა, რომ ჩემი მეუღლე დაიღუპა. ყოველ სამ წელი­წადში ჩემი ოჯახის წევრები იღუპებოდნენ და მათი გასვენება და ყველაფე­რი ამ ერთი ქალის მხრებზე, ჩემს მხრებზე გადადიოდა. ადამი­ანური მსხვერპლი, ეს იყო უმძიმესი და ეს დააგვირგვინა 2008 წლის აგვისტომ, როდესაც ფერფლი დარჩა ჩემი 80 წლის ოჯახიდან. რო­დესაც არაფერი, ისტორიაც არ დარჩა ამ ჩემს ოჯახს, ყველაფერი განადგურდა.

მადლობა უფალს, რომ შვილები გადამირჩინა ცოცხლები. მე არავინ არ ვარ, ერთი რიგითი ქართველი ვარ, ერთი რიგითი პიროვნება, რომელმაც ძალიან ძვირად ზღო ვაი­ პოლიტიკოსების მიერ წამოწყებული, გაჩაღებული, გაღვივებული კონფლიქტი გადაზრდილი აი, ამ ფართომასშტაბიან ომში, რომლი­თაც ვერავინ ვერაფერი ვერ მოიგო, ვერც ქართულმა მხარემ, ვერც ოსურმა მხარემ.

[წაიკითხეთ ხმა კონფლიქტის მეორე მხრიდან: ე. ჯ., ძაუს დასახლების მცხოვრები, პედაგოგი, 62 წლის — „სანამ პუტინი გვყავს…“]

პუბლიკაცია რედაქტირებული ვერსიაა გოგა აფციაურის სტატიისა, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისთვის მომზადდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-სა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შეხედულებებს.