fbpx

სარედაქციო სვეტი | საქართველოს ხელისუფლებამ მშრომელთა დასაცავად უნდა იმოქმედოს

12 February 2018
(დათო ფარულავა /OC Media)

უკანასკნელი შემთხვევა, რომელსაც მშენებლობაზე დასაქმებული მუშა ემსხვერპლა, გვაჩვენებს, რომ სახელმწიფომ ხმა უნდა აიმაღლოს თავისი მოქალაქეების უფლებებისა და სიცოცხლის დასაცავად. შრომითი კანონმდებლობის რეფორმირების უვადოდ გადადების ნაცვლად, ხელისუფლებამ ახლავე უნდა იმოქმედოს.

26 წლის ჯარჯი ჯანჯალაშვილი 9 თებერვალს მშენებარე სახლის მეხუთე სართულიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

ასეთი ტრაგიკული შემთხვევები ხშირია საქართველოში, სადაც შრომითი ბაზარი 2006 წლიდან დერეგულირებულია. ამ უბედურ შემთხვევათა მხოლოდ მცირე ნაწილი თუ აღაშფოთებს საზოგადოებას, უმრავლესობა კი მათი ყურადღების მიღმა რჩება.

მათ, ვისი ამბებიც ჩვენამდე აღწევს, ჩვეულებრივ, იდენტობა ეკარგებათ. ახალ ამბებში მათ უსახელო ‘მუშებად’ მოიხსენებენ — „კიდევ ერთ მუშად, რომელიც მშენებლობაზე დაიღუპა“. მათმა რიცხვმა 2011-2016 წლებში 270-ს მიაღწია; სამუშაო ადგილზე დაშავებულების რიცხვმა კი ამავე პერიოდში 770-ს გადააჭარბა. ყველაფერი ეს — 3.7-მილიონიან ქვეყანაში.

2014 წელს (ევროკავშირის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ბოლო  მონაცემებით) სამუშაო ადგილზე ფატალური შემთხვევების რიცხვი ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში ევროკავშირთან შედარებით 1,6-ჯერ მეტი იყო.

წინა წლის მაისში, ტყიბულის ქვანახშირის შახტში ოთხი მაღაროელის სიკვდილის შემდეგ, ხელისუფლებამ, როგორც იქნა, შრომითი კანონმდებლობის კანონპროექტი წარადგინა. კანონდამრღვევი დამსაქმებლებისთვის გამკაცრებულ სანქციებთან ერთად, ცვლილებათა პაკეტი ეფექტურ შრომით ინსპექციას ითვალისწინებდა. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე ჯგუფების მხრიდან წნეხის მიუხედავად, გადაწყვეტილების მიმღები პირები კანონის მიღებას აჭიანურებენ.

ამ ჯგუფების თანახმად, ამ გაჭიანურების უკან ეკონომიკის სამინისტრო დგას. სამინისტრო საქართველოს მიერ ბიზნესისადმი გახსნილი „უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს“ კონცეფციას ღიად უჭერს მხარს.

Advertisements

პროფკავშირებსა და შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს აწუხებთ, რომ რეფორმები შესუსტებულია — ახლანდელი პროექტით, შრომის ინსპექციას, კანონპროექტის პირვანდელი სახისგან განსხვავებით, კვლავ არ ექნება ლეგალური ძალა და მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეეძლება. ჯარიმების ოდენობებიც მცირეა.

მოძველებული დისკუსიები ძლიერი რეგულაციების საჭიროებაზე მშრომელთა უსაფრთხოების დროულად უზრუნველყოფას ხელს უშლის. თუკი არავინ დავობს, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, საკუთარი მოქალაქეები უნდა დაიცვას, მაშინ ეს დისკუსია „მემარცხენეობა-მემარჯვენეობის“ ჭრილში აღარ უნდა განიხილებოდეს.

ძლიერი შრომითი ინსპექციის შექმნა შორსაა ადამიანის შრომის უსაფრთხო გარემოს უფლების დაცვის სრულყოფილად უზრუნველყოფისაგან. საქართველოს კორუფციული, არც ისე შორეული, წარსულის გათვალისწინებით, ეს პროცესი გამოწვევებით სავსე იქნება.

დაგეგმილი რეფორმების ლიმიტების მიუხედავად, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც სამუშაო ადგილას გარემოს უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებისკენ გადავდგამთ, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება. ხელისუფლებამ უნდა დააჩქაროს პროცესი და რეფორმების გატარებისკენ უბიძგოს პარლამენტს, თუმცა ეს დასასრული არ უნდა იყოს.