fbpx

ხმა ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტიდან | „ქართველებსა და ოსებს შორის აქეთ-­იქით სიარული აღარ მომიწევდა“

ლ. კ., სამოქალაქო აქტივისტი, ქ. ცხინვალის მცხოვრები.

ერთ დღეს, როდესაც ქმარმა კეხვში [სოფელი ცხინვალიდან 10 კილომეტრში] ბენზინგასამართ სადგურზე მთელი ოჯახის — ქმრის, ცოლისა და ორი შვილის დახვრეტის ამბა­ვი მითხრა, მაშინ ვთქვი, ასეც მოუხდებათ-­მეთქი! და, როდესაც ეს პატარა ბავშვები წარმოვიდგინე, მივხვდი, რომ ქალი აღარ ვარ, დედა აღარ ვარ, ადამიანი აღარ ვარ. მივხვდი, რომ, თუ თავს არ ვუშველიდი, საბოლოოდ დავიღუპებოდი.

კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები — ქართულ-ოსური კონტექსტი არის ამბების სერია მოყოლილი იმ ადამიანების მიერ, ვინც კონფლიქტის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოექცა, მათი თვალით დანახულ კონფლიქტი და საფასური, რისი გაღებაც მათ მოუხდათ და დღემდე უხდებათ. სერია არის გაგრძელება ჯორჯ მეისონის უნივერსისტეტის ანალიტიკური სტატიე­ბის კრებულისა „კონფლიქტის საფასური: ქართულ­-სამხრეთ ოსური კონტექსტი“.

მე, როგორც ქართულ-­ოსური ოჯახის წარმომადგენელს, მეში­ნოდა, როდესაც დედაჩემს ვაკვირდებოდი, ქართველს, რომელიც მთელი ცხოვრება სოციალურად აქტიურ საზოგადო საქმიანობას ეწეოდა. ის ძალიან ძლიერი და ლამაზი იყო და ყოველთვის ყველ­გან ჩანდა. დედას მთელი ოჯახი ვაღმერთებდით, მაგრამ ერთ სა­ათში ის სუსტ, დაკომპლექსებულ არსებად იქცა! ადამიანად რო­მელსაც დაცვა სჭირდებოდა, დაიბნა და დანაშაულის გრძნობა ჩუ­მად ანადგურებდა.

ძარის ტრაგედიის [1992 წლის 20 მაისს ქართული შეიარაღებული დაჯგუფების მიერ 30-ზე მეტი ოსი ლტოლვილის დახვრეტა] მერე დედამ თა­ვის დას დაურეკა და უთხრა: ყველას გადაეცი, რომ დღეს მე ყველა დავმარხე და თქვენ კი მე უნდა დამმარხოთ, იმიტომ, რომ მე თქ­ვენ აღარ მყავხართ და თქვენ მე აღარ გყავართო. ეს მისთვის ყვე­ლაზე დიდი ტრაგედია იყო.

„ყველა ჩემი შინაგანი დემონისგან მიხსნიდა“

ასეთი ეპიზოდები ბევრი იყო. არ დავიწყებ მათ მოყოლას. უბრა­ლოდ, ახლა რამდენიმე სიტყვით აღვწერე ის ფონი, რომლის დრო­საც დავიწყე სამშვიდობო საქმიანობა. იმ დროს ეს ჩემი მოწოდება არ იყო. ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც მე გამოვიყენე, რათა ში­ნაგანი სისასტიკისა და ყველა იმ საშინელებისგან გავთავისუფლებულიყავი, რომელიც ჩემში კონფლიქტის დაწყების მერე გაჩნდა.

2004 წელს ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მანანა მებუ­კე. არც კი მახსოვს, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ჩემმა გულმა მისი გამოჩენის მერე ლღობა დაიწყო. მისი მეუღლე აფხაზეთში დაიჭ­რა და გარდაიცვალა. ის ფაქტობრივად ორ ორგანიზაციას ხელმ­ძღვანელობდა: „ვეტერანთა კავშირს“, რომელსაც ოდესღაც მისი ქმარი თაოსნობდა და „ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირს“. ჩემზე ათი წლით უმცროსი მანანა ჩემთვის მასწავლებელი, სულიერი მოძღვარი გახდა და თანდათა­ნობით ყველა ჩემი შინაგანი დემონისგან მიხსნიდა. ჩემს სულში სიმშვიდე შემოიტანა.

მანანა დიდი პატრიოტი იყო და ძალიან განიცდიდა ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა. ყოველთვის ამბობდა, ჩემი საქართველო არ არის იმის ღირსი, რაც აქ ხდებაო. ის ძალიან თბილად გვეპყრობოდა ოსებს სამხრეთ ოსეთიდან. ის ჩვენ თანაგვიგრძნობდა. ხშირად ჩამო­დიოდა აქ და თავს უხერხულად გრძნობდა ყოველივე იმის გამო, რასაც საკუთარი თვალით ხედავდა.

საძმო სასაფლაო

2008 წელი მანანასთვის კატასტროფა იყო. ჩვენ აქტიურად ვთა­ნამშრომლობდით, რადგან მას გულწრფელად ვენდობოდი. დავუ­რეკე და ვუთხარი: ჩვენი მუხნარი სავსეა ქართველი ჯარისკაცების გვამებით. ქალაქში უკვე სუნი დგას, საჭიროა მათი გატანა, თორემ მათ საძმო სასაფლაოზე დაკრძალავენ; რამე იღონე-­მეთქი!

Advertisements

საღა­მოს დამირეკა და მითხრა, ვიყავი ჯანდაცვის სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, კიდევ სადღაც და იქ მიპასუხეს, სამ­ხრეთ ოსეთში ჩვენი არცერთი ქართველი ჯარისკაცი არ არის და­ღუპულიო.

საბედნიეროდ, ოსურმა მხარემ ჰუმანურობა გამოიჩინა, შეუკვეთეს კუბოები და ისინი უბრალოდ ორმოში არ ჩაყარეს, კუბოებში ჩაასვენეს, დაუ­ძახეს მღვდელს, რომელმაც წესი აუგო და საძმო საფლავში დაკ­რძალეს. ამის მერე ჩამოვიდა [ევროპოს საბჭოს მაშინდელი ადამიანის უფლებათა კომისარი ტომას] ჰამერბერგი და მას სიტუაცია მო­ახსენეს. ის საქართველოში გაემგზავრა და შემდეგ უზარმაზარი მაცივრები გამოგზავნეს, ჩამოიყვანეს მღვდელი ნიქოზიდან, რომელმაც წესი აუგო დაღუპულებს და ამის შემდეგ გადაასვენეს.

„არაფერი საერთო ქართვე­ლებთან აღარ მექნება“

რაც შემდეგ, 7 აგვისტოს [2008 წელს], მოხდა, ყველამ ვიცით: საქართველოს პრეზიდენტმა ყველა დაგვაძინა და ღამის 12 საათზე კასეტური ბომბები დაგვი­შინა.

ცხადია, 8 აგვისტოდან მანანა მუდმივად მირეკავდა, მუდ­მივად! ლირა, როგორ ხართ? რა გჭირთ? ბავშვები როგორ არიან? ლირა, დაიმალეთ! ლირა, ლირა, ლირა…

ყველას და ყველაფერს წყევლიდა ქვეყანაზე. ყურმილში ტიროდა. ისეთ აბსურდამდე მი­ვედით, რომ აქეთ დავუწყე დაწყნარება. ვეუბნები: კარგი, დაწყ­ნარდი, გადავრჩებით.

რა საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს, 2008 წლის 8 აგვისტოს თით­ქოს შვებაც კი ვიგრძენი იმის გამო, რომ ქართველებსა და ოსებს შორის აქეთ-იქით სიარული აღარ მომიწევდა. ქართული სისხლი, ქართული კულტურა, ქართველი დედა, ბებიების და ბაბუების სიყვარული — ეს ყველაფერი ჩემში იყო. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საბჭოთა საქართველოში, საბჭოთა სამხრეთ ოსეთ­ში გავატარე. ჩემი მენტალიტეტი საკმაოდ განსხვავდებოდა და ახლაც განსხვავდება წმინდა წყლის ოსების მენტალიტეტისგან.

ახლაც კი, სხვის საამებლად ვერავის ვეტყვი, რომ ქართველები მძულს. ვისაც ვერ ვიტან, ეს კარგად ვიცი, მაგრამ მაშინ, რაღაც შვება ვიგრძენი და გავიფიქრე, მორჩა, არჩევა აღარ მომიწევს. ყველაფერს თავის სახელი დაერქვა. არაფერი საერთო ქართვე­ლებთან აღარ მექნება-­მეთქი.

უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის ყველაფერი თავის ად­გილზე დადგა. მერე მეორეც, გადავწყვიტე, რომ მთელმა ქვეყანამ, როგორც იქნა, დაინახა, ვინ ვინ არის-მეთქი. ჩემთვის გავიფიქრე, ახლა დავიწყებთ ახალი ოსეთის შენებას, ჩვენ ახალი მომავალი გვექნება, მე, როგორც ისტორიკოსმა, ვიცი, რომ ყოველი ომის შემდეგ აღმშენებლობის პროცესი იწყება, რადგან ტრაგიკული მოვლენები ხალხს ყოველთვის აერთიანებს-მეთქი. ეს ისევე კარ­გად ვიცოდი, როგორც ის, რომ ახლა ამ ნანგრევებზე ახალი ოსე­თი იბადება. და ჩემთვის ეს ბედნიერება იყო.

„ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ!“

ომის შემდეგ 2008 წლის ოქტომბერში მანანამ დამირეკა და მითხრა, ლირა, ჩვენს ქალებს შენთან შეხვედრა უნდათო. გადავწყვიტე, რომ გაგიჟდა. ეს იყო სამხრეთ კავკასიური შეხვედრა. მასში აფხაზი ქალები მო­ნაწილეობდნენ, უფრო სწორად, იქ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ პროტესტის ნიშნად არ ჩამოვიდნენ. იქ იყვნენ ქალები ყარაბაღი­დან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან.

წასვლაზე უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ, როდესაც ქართული დელეგაცი­ის შემადგენლობა ვნახე, გამიხარდა და გადავიფიქრე. მტკიცედ გადავწყვიტე წასვლა, რადგან შესაძლებლობა მეძლეოდა, მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი და სადამდეც მივედი. ეს იყო სამშვიდობო სფეროში ჩვენი ურთიერთობისთვის საბოლოო წერტილის დასმის შესაძლებლობა. გადავწყვიტე, არავითარი სამშვიდობო მოღვა­წეობა! სინამდვილეში, ჩვენ ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ!

როცა ამის შესახებ საუბარი დავიწყეთ, ქართული დელეგაციიდან ერთი მონაწილე უცებ ძალიან ემოციურად „თავს დაგვესხა“: ამათ რაზე უნდა ველაპარაკოთ?! ხომ ჩანს, რომ ეს სპეცსამსახურების დავალებაა, მათი კი არა სპეცსამსახურების ტექსტიაო. მოკლედ საქმე ჩხუბამდეც კი მივიდა. კოშმარი იყო. მაგრამ არ ვნანობ, რომ იქ ვიყავი.

ასე კი შესაძლებლობა გვქონდა, ყველაფერი გვეთქვა, რაც გვინდოდა. ჩვენ ყურს გვიგდებდნენ ჩვენი მეგობრე­ბი სხვა რესპუბლიკებიდან.

„ეს, ცხინვალია და არა გორი“

ნოემბერში მე და მანანა სტოკჰოლმში დაგვპატიჟეს ჩვენმა დონორებმა [შვედურმა ორგანიზაციამ].

არ შემეძლო, ტყუილი მელაპარაკა მანანას თანდასწ­რებით, არც მანანას შეეძლო — ჩემი თანდასწრებით. ამ გაფართო­ებულ პრესკონფერენციაზე, სადაც 40 ადამიანი იმყოფებოდა, ძა­ლიან მნიშვნელოვან და პრინციპულ კითხვებს გვისვამდნენ.

როცა მე დანგრეული ცხინვალის დიდი ფოტო გამოვფინე, ერთ­ერ­თი ჟურნალისტი დარბაზიდან ადგა და თქვა, უკაცრავად, მე ვიცი ეს ფოტო. ეს გორია, რომელიც რუსულმა თვითმფრინავებმა და­ბომბესო.

მე დავიბენი და მანანას შევხედე. მანანამ მშვიდად ასწია თავი, თუმცა ვგრძნობდი, რომ მას ეს არ სიამოვნებდა და უპასუხა, ეს ცხინვალია და არა გორიო. მანანა ძალიან ღირსეული პარტნიორი­ იყო. მე მას თვალდახუჭული ვენდობოდი.

სამწუხაროდ, მანანა მებუკე ჩვენთან აღარ არის. იგი გარდაიცვა­ლა 2016 წლის 6 მარტს. დაე, იყოს მისი მარადიული ხსოვნა.

[წაიკითხეთ ხმა კონფლიქტის მეორე მხრიდან: გ. ვ., კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სარიბარის მცხოვრები — „ახლაც ჩვენს შუაში რუსი რომ არ იდგეს“]

პუბლიკაცია რედაქტირებული ვერსიაა ირინა ქელეხსაევას სტატიისა, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისთვის მომზადდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-სა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შეხედულებებს.