fbpx

ხმა ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტიდან | „ვერავინ დამაჯერებს, რომ ვეჯავრებით ოსებს“

ნ. ბ., კარალეთის დევნილთა დასახლების მცხოვრები.

უმძიმესი წლები იყო 1990-­იანი წლები. უფრო სწორად, 1988 წლის ბოლოს, ნოემბრიდან, უკვე იგრძნობოდა სუსხი. უკვე რაღაცები ისმოდა, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე - იქიდან და უკვე დაძაბული გვქონდა შეგრძნებები. 89 წლის 9 აპრილ­მა ხომ მთლიანად ჩაფარცხა, თუ რამე იმედი გვქონდა. ისეთი დღე იყო 9 აპრილი, არასოდეს რომ არ დაგვავიწყდება. გავიღეთ მსხვერპლი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, მაგრამ დღესაც ვერ ვგრძნობთ, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ — რისთვის ამდენი ზვარაკად შეწირული ახალგაზრდა სიცოცხლე?

კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები — ქართულ-ოსური კონტექსტი არის ამბების სერია მოყოლილი იმ ადამიანების მიერ, ვინც კონფლიქტის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოექცა, მათი თვალით დანახულ კონფლიქტი და საფასური, რისი გაღებაც მათ მოუხდათ და დღემდე უხდებათ. სერია არის გაგრძელება ჯორჯ მეისონის უნივერსისტეტის ანალიტიკური სტატიე­ბის კრებულისა „კონფლიქტის საფასური: ქართულ­-სამხრეთ ოსური კონტექსტი“.

დავიბადე მაშინდელი ცხინვალის რაონის სოფელ ერედვში [ცხინვალიდან 10 კილომეტრში, აღმოსავლეთით]. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობ. ერთერთი აქტივისტი ვარ ორგანიზაციაში „ქალები მშვი­დობისა და სიცოცხლისათვის“, ასევე - ქალ­თა ასოციაცია „თანხმობაში“. ხუთი წლის განმავლობაში გაეროში ვიმუშავე შიდა ქართლში ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებე­ბის დამკვირვებლად. ახლაც აქტიურად ვმუშაობ.

90­-იან წლებში გართულდა სიტუაცია. მკვლელობები დაიწყო. მახსოვს, რაიკომის (რაიონული კომიტეტის) წინ როგორ ჩაცხრილეს მანქანაში გუნდიშვილი და სომხიშვილი [ჩემი ნაცნობები], მერე ერთმანეთი. ისე იყო, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ქართველი მოკ­ლავდა… ოსი მოკლავდა ქართველს, მერე ქართველი ოსს, მერე სა­მაგიეროს უხდიდნენ და დაიძაბა და დაიძაბა მას შემდეგ სიტუაცია.

18 წელი იყო გასული. [ქალაქ] ცხინვალში მაცხოვრებელი ქართვე­ლები უკვე წამოსულები იყვნენ, აღარავინ იყო დარჩენილი. 2008 წლამდე 18 წელიწადი [როდესაც სოფელ კეხვში ვცხოვრობდით, ცხინვალიდან 10 კილომეტრში, ჩრდილოეთით] კბილებით შევინახეთ ქართუ­ლი სული და ვებღაუჭებოდით ქართულ იურისდიქციას, რომ შეგ­ვენარჩუნებინა და ასეც იყო.

გასასვლელი არ გვქონდა არსად და ცხინ­ვალში გამცილებლებით დავდიოდით, (ერთი პერიოდი სამშვიდობო ძალები ჯავშანმანქანებით აცილებდნენ ქართველებს ცხინვალში გადაადგილებისას), მიგვაცილებდნენ და მოგვაცილებდნენ ხოლმე.

მიუხედავად ყველაფრისა, ერთი ღამე არ გვიძინია მშვიდად. იქიდან სროლები… მაგრამ ეს პანიკური შიში უარესს უშვებოდა ადამიანებს. დავრბოდით, მივრბო­დით, ბავშვებს დავარბენინებდით ხან მეზობლების სახლში და ხან სადღაც. ასე უბედურებით გავატარეთ წლები, მაგრამ მე მაინც კმაყოფი­ლი ვიქნებოდი, რომ შეგვენარჩუნებინა, როგორც იყო. შეგვენარჩუნებინა ჩვენი მიწა-­წყალი, ტერიტორია შეგვენარჩუნებინა და გაგრძელებულიყო ისევ ისე.

„ვმუშაობდით, რომ ბავშვებს არ შესძულებოდათ ერთმანეთი“

ერთ ამბავს გავიხსენებ. ცხინვალში ლირა კოზაევა-­ცხოვ­რებოვა [სამოქალაქო აქტივისტი სამხრეთ ოსეთში] აკეთებდა პროექტს, სადაც აუცილებლად ჩართული უნდა ყოფილიყვნენ ქართველი ბავშვები და ქართველი ქალები — ქალ­თა კლუბი იყო.

Advertisements

საკვირაო სკოლაშიც იყო. 15 ბავშვი დამ­ყავდა ცხინვალში. კვირაობით ჩადიოდნენ. ოსი ბავშვები, ქართ­ველი ბავშვები. თავიდან გაურბოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მერე ისეთი ურთიერთობა დამყარდა, შეიყვარეს კიდევაც ერთმანეთი. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ჩვენც და ლირაც ისე ვმუშაობდით ბავშვებთან, რომ ბავშვებს არ შესძულებოდათ ერთმანეთი.

საკვირაო სკოლაში სწავლობდნენ ინგლისურს, ქართულ და ოსურ ტრადიციებს, გენდერს, ხატავდნენ, წერდნენ — სა­მოქალაქო განათლებას ვაქცევდით უფრო დიდ ყურადღებას. ურთი­ერთობის, ნდობის აღდგენა იყო. ლაიტმოტივად გასდევდა ჩვენს მუშაობას ეს საკითხი.

90­-იანი წლების ბოლოს შერბილდა ეს ვითარება, თითქოს და­იწყეს ადამიანებმა ერთმანეთთან ურთიერთობა. ლირა კოზაევა აწყობდა შეხვედრებს, კოკოითთანაც [მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი] იყო შეხვედრა. გვიწვევდნენ ქართველ ქალებსაც. ამ შეხვედრებზე ოსებიც დადიოდნენ და ყვე­ლას აზრი ვიცოდით.

ერგნეთის ბაზრის დახურვა

მერე, როცა ერგნეთის ბაზარი გაიხსნა [1996 წელს], ურთიერთობა დალაგდა. ისეთ დონეზე დავახლოვდით, ისე მი­ვედით ერთმანეთთან, იყო ქორწილები, მისვლა, ნათლობა, ნათესაობა, ჩასვლა, ამოსვლა, ბაზარი — ყველაფერი. [2003 წელს] როცა ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, მას შემდეგ აიმღვრა წყალი.

2004-­ში ბაზარი დაიხურა. დაძაბული სიტუაცია, უარესად დაიძაბა, სანაკოევის (დიმიტრი სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მეთაური. საქართველოს მთავრობის მიერ შექმ­ნილი ადმინისტრაცია დიდი ლიახვის ხეობაში 2006 წელს) მთავრო­ბის იქ ჩამოყალიბებით.

„ისე წამოვედით, არ ვიცოდით, დავბრუნდებოდით, თუ — არა.“

და დადგა 2008 წელი. ჩვენ ვერ შევძელით, გამოგვეყენებინა სიბრძნე სიბრიყვის წინააღმდეგ. ეს ვერ მოვახერხეთ, ჩვენდა სამ­წუხაროდ.

კანტა­კუნტად დადიოდა ხალხი სოფელში. ჩვენც შევიმა­ლეთ. ჩემი შვილი (ვაჟი) აქეთ ცხოვრობდა (გორში). მაშინ არ მუ­შაობდა, მაგრამ აქეთ იყო და, როგორც კი დაიძაბა სიტუაცია, პირ­ველში გადმოვიდა. მე ვუთხარი, რაღა ახლა გადმოხვე­დი, აქედან გარბიან იქით-მეთქი. მითხრა, არავის მივცემ საშუა­ლებას, რომ თქვან, დამალული იყოო და არც დავიმალებიო. სადაც ჩემი ხალხია, მეც იქ უნდა ვიყოო. როგორია, დედა ვარ და თვალი მიჭირავს მიმინოსავით ჩემს ორ ვაჟზე, რომ არაფერი შეემთხვათ. შევიმალეთ ჩვენი მეზობლის მარანში. არავის ჭაჭანება არ იყო. თურმე ხალხი აქეთ გამორბოდა. გამო­ჰქონდათ ვინც რას მოასწრებდა და მე არ ვიცოდი, რა ხდებოდა.

რამდენიმე ვიყავით იქ. მე, ჩემი ორი შვილი და კიდევ ოთხი ოჯახის რამდენიმე წარმომადგენელი და რა ხდებოდა ვერ ვიგებდი. არავინ არაფერი იცოდა. არადა, სოფე­ლი ცარიელი იყო. ჩემს უმცროს ბიჭს მანქანა ჰქონდა და ჩავსხედით. თერთმეტნი ჩავსხედით მანქანაში და მაღალი სისწრაფით წავედით. ამ დროს უკვე იბომბებოდა სოფელი. შუადღე იყო და თურმე შესვენებაზე იყვნენ. ამ დროს მოვასწარით წასვლა თურმე, არ ვიცოდით.

ისე წამოვედით, არ ვიცოდით, დავბრუნდებოდით, თუ - არა. არაფერი წამოგვიღია. რაც მოვახერხე, გავიქეცი და ეზოდან დავუწყე სახლს ყურება, იქნებ ვე­ღარ დავბრუნდე და დავიმახსოვრო-მეთქი. არ შევსულვარ, რომ რამე წამომეღო. სურათები, საბუთები მაინც რომ წამომეღო, რა იქნებოდა.

[ჩემს საგვარეულო სოფელში] ერედვში რომ ჩამოვედით დიდი ამბავი იყო, სროლები, უბედურება. ერედვიდანაც ასე სიმწრით გამოვი­ქეცით, გორში ჩამოვედით და დავრჩით მე და ჩემი შვილი. დედაჩემი და ჩემი ძმა დარჩნენ ერედვში. ღამის სამ საათზე წავიდა ჩემი შვილი. წარმოიდგინეთ, როგორია, გაგიძლოს გულმა: ერედვ­ში ვაგზავნი შვილს გაგანია ომში. ავიდა და დედაჩემი ჩამოიყვანა, ჩემი ძმა არ წამოყვა, დარჩა. არც დედაჩემი მოყვებოდა თავიდან, მაგრამ მაინც წამოიყვანა.

ცოტა ხანს ვიყავით გორში, ვცხოვრობდით. კულტურის სახლი რომ არის, იმის წინ მეოთხე სართულზე ვიყავით. პირველი ბომბი იქ, კულტურის სახლის წინ, ჩამოვარდა. სულ დაიმსხვრა ყველაფერი და ჩვენც შეგ­ვეშინდა, გამოვიქეცით იქიდან. მეორე სართულზე ჩავედით, მოხუცი ოსი კაცი ცხოვრობდა. მან თქვა, ნუ გეშინიათო, მე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვარ და მეტი ბომბი აღარ იქნება აქო. ერთი-ორი დღე გავჩერდით გორში და მერე წავედით თბილისში. ეს იყო და ეს. არაადამიანურ პირობებში გვიხდებოდა ყოფნა.

„ქართველები და ოსები ვერ მოვცილდებით ერთმანეთს“

კონფლიქტის ფასზე მეკითხებით და რას ვიტყვი, იცით? დღე­ვანდელი გადასახედიდან, რაც დრო გადის, უფრო ღრმად ვუკვირდები და ღრმად იდგამს ფესვებს ის დანაკლისი… მე არ ვლაპარაკობ ეკონომიკურ დანაკლისზე, არავითარ შემთხვევაში… მე ვდარ­დობ ჩემს მიწას, რეგიონს ვდარდობ და საქართველოს იმ ძირძ­ველ კუთხეს ვდარდობ… არ მაინტერესებს სახლი და ბევრი რამ, ის უკვე ჩემი აზროვნებიდან ამოვიღე, აღარ არის. ვდარდობ იმ სი­შორეს ახლობელთან, ვისთანაც ახლა ყველაზე შორეულად ვგრძ­ნობ თავს. ეს არის სულის ტკივილი, სულის ტრავმაა ეს და ასე არ უნდა იყოს.

იცით რა, სიძულვილით საქმე არ კეთდება. სიძულვილი სპობს, ანადგურებს, შლის და ანგრევს. სიყვარული თუ მაქვს, სიყვარუ­ლის სიყვარული უნდა ვიცოდე, რომ მე მიყვარდა ისინი და მე ეს ვიცი. მე მიყვარს ოსი ერის წარმომადგენლები, მე ადამიანები მიყვარს. განა მარტო ჩემი შვილები მიყვარს და შვილიშვილები. მე ყველანი მიყვარს. იმათთან დავიბადე.

საერთოდ ოპტიმისტი ქალი ვარ. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, კვლავ აყვავდება ჩვენს ხეობაში ალუჩა და ნუში, კვლავ აყვავდება ქართულ-­ოსური ურთიერთობა, სხვანაირად არ შეიძლება. როგორც ცხვირი პირს ვერ მოცილდება, ქართველები და ოსები ისე ვერ მოვცილდებით ერთმანეთს, იმიტომ, რომ მსოფლიოში ასე მონათესავე და ერთმანეთში გადაჯაჭვული ერი იშვიათია.

ახლაც კიდევ მოდიან ისეთი ოსები, ძველი დროის ოსები, ვისაც არა­ნაკლებ უნდათ ისევ ჩვენთან ურთიერთობა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ვეჯავრებით ოსებს.

[წაიკითხეთ ხმა კონფლიქტის მეორე მხრიდან: ლ. კ., სამოქალაქო აქტივისტი, ქ. ცხინვალის მცხოვრები — „ქართველებსა და ოსებს შორის აქეთ-იქით სიარული აღარ მომიწევდა“]

პუბლიკაცია რედაქტირებული ვერსიაა გოგა აფციაურის სტატიისა, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისთვის მომზადდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-სა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შეხედულებებს.