fbpx

ხმა ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტიდან | „რაც ყოველთვის იყო და იქნება — ეს არის მტრის მხარეს მდგარი იარაღიანი ადამიანების მიმართ სიძულვილი“

ა. ჯ., ქ. ცხინვალის მცხოვრები, 34 წლის

ეს 1989 წლის ნოემბერში მოხ­და. მაშინ 7 წლის ვიყავი, მახსოვს, მოღრუბლული დღე იყო და მთელი ქალაქი „ყურებზე იდგა“, პატარა ვიყავი და ვერაფერს ვხვდებოდი. მესმოდა მხოლოდ, რომ ვიღაც ქართველები მოვიდნენ, ისროდნენ. შემდეგ დაიწყო ბლოკადა, მოდიოდა შეტყობინებები, რომ გადაწვეს ეს სოფელი, გადაწვეს ის სოფელი, დაიჭირეს ადამიანები, ვიღაცები დახვრიტეს. ქალაქში გაჩნდა რაღაც ბარიკადები, დაიწყო სროლები.

კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები — ქართულ-ოსური კონტექსტი არის ამბების სერია მოყოლილი იმ ადამიანების მიერ, ვინც კონფლიქტის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოექცა, მათი თვალით დანახულ კონფლიქტი და საფასური, რისი გაღებაც მათ მოუხდათ და დღემდე უხდებათ. სერია არის გაგრძელება ჯორჯ მეისონის უნივერსისტეტის ანალიტიკური სტატიე­ბის კრებულისა „კონფლიქტის საფასური: ქართულ­-სამხრეთ ოსური კონტექსტი“.

იმ მომენტში, როდესაც გავაცნობიერე, თუ რა არის ომი, ისინი უკვე ინსტიტუტის შენობის გვერდით იდგნენ. იქ იყო პირველი ბარიკადები. ყველანი ეზოში იკრიბებოდნენ და იმას გვაძლევდნენ, რაც შეეძ­ლოთ, თუმცა მაშინ საჭმლის მხრივ საქმე ძალიან ცუდად იყო. პური, რა თქმა უნდა, არ იყო.

როდესაც ჩვენს მებ­რძოლებთან საჭმელი მიგვქონდა, ცხადია, მათ ველაპარაკებოდით. ისინი ყოველთვის გვეკითხებოდნენ, როგორაა თქვენი საქმეები, ვინა ხართ თქვენ, სად შეიძლება სიგარეტის შოვნაო. იმიტომ, რომ ჩვენ პა­ტარები ვიყავით და ვიცოდით, სად რა იყიდებოდა. ისინი გვე­კითხებოდნენ, თქვენ თვითონ ხომ არ გჭირდებათ რამეო. ჩვენ მათ ვაზნებს ვთხოვდით, რომელიც თვითონაც არ ჰყოფნიდათ. ისინი ჰილზებს, უკვე გასროლილ ვაზნებს გვაძლევდნენ, რის გამოც უზო­მოდ ბედნიერები ვიყავით. ზოგჯერ ახალ წელს ორი-­სამი ტყვიის გასროლის უფლებას გვაძ­ლევდნენ და მერე მთელი წელიწადი ბედნიერები დავდიოდით: ვაშა, როგორც იქნა, მეც გავისროლე! აი, ასეთი ბავშვობა გვქონდა.

სათამაშოები მაშინ არ იყო და იმით ვთამაშობდით, რაც გვქონ­და. რა თქმა უნდა, ჩვენი თამაშები ომობანა იყო. ვპოულობდით ცა­რიელ ჰილზებს და მუდმივად ვთამაშობდით ომობანას. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ არ გვეგრძნო ეს გა­ჭირვება.

თითქოს მშვიდობიანი ცხოვრე­ბა დაიწყო, მაგრამ ესეც „ბრჭყალებში“

მაშინ ჩემი ბავშვური ცნობიერება ამ სიტუაციას, როგორც კე­თილისა და ბოროტის ბრძოლას, ისე აფასებდა. ასეთი შეგრძნე­ბა მქონდა მას მერე, რაც ვნახე და გავიგონე, თუ რას აკეთებდ­ნენ ქართველი არაფორმალები: როგორ მარხავდნენ ადამიანებს ცოცხლად, აიძულებდნენ ქალებს, ჩამოსულიყვნენ ავტობუსები­დან და ჩამდგარიყვნენ ცივ წყალში ზამთარში. მქონდა შეგრძნება, რომ ჩვენ მართლები ვართ, მქონდა შეგრძნება, რომ ჩვენ მარ­თალი საქმისთვის ვიბრძვით, რომ ეს არ არის ომი მხოლოდ გადარ­ჩენისთვის.

ყველას გვინდოდა, რომ მალე გავზრდილიყავით. გავიზარდეთ, ომი კი ისევ გრძელდებოდა, ხან ცხრებოდა, ხან ახლდებოდა. როცა ჩვიდმეტი წლის გავხდი, თვითონ ჩავდექი მებრძოლთა რიგებში. თითქოს მშვიდობიანი ცხოვრე­ბა დაიწყო, მაგრამ ესეც „ბრჭყალებში“. რა თქმა უნდა, ხშირი იყო ადამიანების გატაცება, მკვლელობა, რაღაც საშინელებები ხდე­ბოდა.

მახსოვს ჩემი პირველი ბრძოლა. 2004 წელი იდგა. სროლების დაწყებისთანავე პოზიციებზე ვიდექით და უცებ ჩვენკენ ჭურვი გამოფრინდა. ჭურვი ოდნავ ზემოთ აფეთქდა, ჩვენებმა კი საპა­სუხო ცეცხლი გახსნეს. ძირითადად ყველა სიბნელეში ისროდა ნა­თებებისკენ. არ შეგვშინებია. სისხლში ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი. თითქოს ბრძოლის დამთავრების შემდეგ „დამქო­ქეს“ — მთელი ღამე არ დამეძინა. ჩემი პირველი ბრძოლა არ იყო გამაოგნებელი, ალბათ, იმიტომ, რომ ბავშვობიდან ამ სიტუაციაში ვცხოვრობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ომი — ეს ცხოვრების წესია და შენ ასეთ გარემოში ცხოვრობ და იზრდები. ბავშვობიდან ხედავ სიკვდილს — იხოცე­ბიან ახლობლები და ნაცნობი ადამიანები. შეიძლება, ეს სწორი არ არის და დროთა განმავლობაში ადამიანს გული უქვავდება. მაგრამ სიკვდილის მიმართ ჩნდება გარკვეული დამოკიდებულება.

Advertisements

დროებითი სიმშვიდის პე­რიოდში, უკვე 2004 წლის მერე, დგახარ პოზიციაზე, ხედავ მტერს, ის კი შენ გხედავს. როგორღაც ვურთიერთობთ, ვეკითხებით: რა­ტომ გვიკეთებთ ასეთ რამეს? რატომ გვანადგურებთ, რატომ მოხ­ვედით ომით, ხომ ნორმალურად ვცხოვრობდით! მათ არ იცოდნენ, რა ეპასუხათ. ყველას თავისი მოსაზრება ჰქონდა, რომ „ჩვენ ვიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას“. მე მათ ვეუბნები: რა მთლიანობას? თქვენ ქართველები ხართ, ჩვენ ოსები! სად? რაც ყოველთვის იყო და იქნება — ეს არის მტრის მხარეს მდგარი იარაღიანი ადამიანების მიმართ სიძულვილი.

ვიცოდი, რომ კიდევ ერთი დიდი ომი იქნებოდა და რაღაცნაირად არ ვდუნდებოდი

ყველა ჩემი მეგობარი, ნაცნობი მსახურობდა შეიარაღებულ ფორმირებებში. ეს დიდი პატივი იყო. რაც უფრო მალე აიღებდი ხელში იარაღს და წახვიდოდი პოსტზე, მით უფრო სწრაფად იქცეოდი მა­მაკაცად. ხომ აქვს ზოგ ხალხს სრულწლოვანების აღნიშვნის წეს­ჩვეულე­ბა. ზუსტად ეს იყო ჩვენი წეს­ჩვეულება. ზოგს ეს 15 წლის ასაკში, ვიღაცას — 16, ვიღაცას კი 18 წლისას მოუწია. დაახლოებით წელიწად­ნახევარს, ორ წელიწადს, ვმსახურობდი შეიარაღებულ ფორმირებებში. შემდეგ სამსახური სამშვიდობო კონტინგენტში დავიწყე. ეს დროებითი სიმშვიდის პე­რიოდი იყო — ამ დროს საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობ­და.

სიმართლე გითხრათ, 2008 წლის ომს ველოდი. ველოდი იმ გა­გებით, რომ არ მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ აუცილებლად მო­ვიდოდა, რომ კიდევ ერთი დიდი ომი იქნებოდა და რაღაცნაირად არ ვდუნდებოდი.

არ არსებობს ომი დანაკარ­გის გარეშე

როგორ დაიწყო ჩემი 2008 წელი? უკვე აღარ ვმსახურობდი არსად. სადღაც ვცხოვრობდი, ვმუშაობ­დი, ჩემს საქმეებს ვაკეთებდი. სამხედრო სამსახურში აღარ ვიყავი. 2008 წელს ქართველი სამხედროები ისევ გააქტიურდნენ. ისევ დაიწყო მკვლელობები, როდესაც სნაიპერებმა ბიჭები დახოცეს, მივ­ხვდი, რომ ომი ისევ იწყებოდა. კვლავ დავბრუნდი შეიარაღებულ ფორმირებაში ჩემს მეგობრებთან. იმ დღესვე მომცეს იარაღი — 7 აგვისტოს. სხვადასხვა მოვლენები განვითარდა: ჩამოვიდნენ მინისტრები, დაიწყო მოლაპარაკებე­ბი. მოკლედ, საბოლოოდ, ყველას ნაცვლად მხოლოდ ჩვენს ჯგუფს დაურიგეს იარაღი. ჩვენ ვიყავით მორიგე ჯგუფი. უკვე გვიანი საღა­მო იდგა, როდესაც ჩვენთან პრეზიდენტი ედუარდ ჯაბეევიჩი [კოკოითი] მოვიდა და გვითხრა: ბიჭებო, მორჩა, მიშიკოს თავისი არმია უკან მიჰ­ყავს საზღვრისკენ, ომი არ იქნება. შეგიძლიათ, მშვიდად წახვიდეთ სახლებშიო. როგორც კი წავიდა პირველი აფეთქების ხმა გაისმა. ჩვენ უკვე სახლებში წასვლა გვინდოდა, ბევრი წავიდა კიდეც. წამოვიდა ცეცხლის პირველი ჯერი. აი, ასეთი ხალიჩისებუ­რი დაშენა იყო! ამ დროს უბრალოდ ზიხარ და ხედავ, აკვირდები. ბახ, ბახ, ბახ... იქვე სახლი დაიწვა, მერე კიდევ ერთი სახლი. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს რომელიღაც ფილმში ხარ, ომზე.

ზოგჯერ, რო­დესაც შენთვის შტაბში ზიხარ, შენი ფიქრები მხოლოდ შენს სახლს დასტრიალებს: როგორ არიან იქ დედა და მამა? როგორ არიან იქ შენი ახლობლები? ამ დროს მორბის გაწეწილი, მტვერში ამოგანგლული, ფორმაშემო­ხეული ბიჭი ველური თვალებით და გეხვეწება, წყალი მომეციო. ვე­კითხები, სად იყავი-­მეთქი. თურმე სწორედ ჩემს რაიონში ყოფილა. მითხრა, რომ ის რაიონი აღარ არსებობს, რომ ის აღგავეს პირისაგან მიწისა. იქიდან გამომდინარე, თუ რა ხდებოდა ღამე, როგორ ბომ­ბავდნენ და ანადგურებდნენ ქალაქს, ცხადია, ყველაფერი დავიჯე­რე. რაღაცნაირად მოვახერხე გმირთა ქუჩაზე გამოსვლა, რომ ჩემი თვალით მენახა, ეს სიმართლე იყო თუ არა. დავინახე, რომ კორპუსს კვამლი ასდის, იქიდან შავი კვამლი გამოდის — ანუ სახლს ცეცხლი უკიდია. მივხვდი, რომ ეს შეიძლება, სინამდვილე ყოფილიყო. იქ იყ­ვნენ დედაჩემი და ჩემიანები, ისინი, ვისთან ერთადაც გავიზარდე, მეზობლები, ყველა. ამ დროს დადგა მომენტი. არ ვიცი, თითქოს შიგნით რაღაცა გამო­ირთო.

და დატრიალდა... მეგობრები, ძალიან ბევრი ახლო მეგობარი დამეღუპა. მესმოდა, რომ ასეთი სროლების პირობებში, ასეთი ომის პირობებში მსხვერპლი დიდი იქნებოდა და ბევრი ნაცნობი დაიღუპებოდა. არ არსებობს ომი დანაკარ­გის გარეშე.

ჩემი თაობა ომში გაიზარდა. ჩვენ მას შევეჩ­ვიეთ, მისით ვცხოვრობდით. გარკვეულ მომენტებში უფრო კომ­ფორტულადაც კი ვგრძნობდით საბრძოლო მოქმედებების დროს თავს, ვიდრე — მშვიდობიანი ცხოვრებისას. საბრძოლო მოქმედებე­ბის დროს, მშვიდობიანი ცხოვრებისგან განსხვავებით, მკაფიოდ გვესმოდა, რა უნდა გვეკეთებინა. ეს არასწორია. ეს ასე არ უნდა იყოს.

ამ ბოლო ხანებში სიზმრებს ხშირად ვხედავ. ხანდახან უბრალოდ სიზმრებში საბრძოლო მოქმედებებს ვხედავ. ზოგჯერ ვხედავ მოვ­ლენებს და იმ დღეებს, როდესაც რეალური საბრძოლო მოქმედე­ბები ხდებოდა. ამ სიზმრებში ხანდახან მე მკლავენ, უმეტესწილად კი მე ვკლავ, ან კლავენ იმათ, ვინც ჩემ გარშემოა. არ მინდა, რომ ეს ყველაფერი სი­ნამდვილეში მოხდეს. დაე, ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყოს. იქ შეიძლება, გარდაისახო, როგორც კომპიუტერულ თამაშში; შე­გიძლია, არ იღელვო იმათზე, ვინც შენ გვერდითაა. ოღონდ ეს სიზმრები უფრო ხშირად მესიზმ­რება, ვიდრე უწინ და იმ აზრამდე მივყავარ, რომ შეიძლება, რაღაც ისევ დაიწყოს, რაღაც, რაც არ მინდა... საშინლად არ მინდა!

[წაიკითხეთ ხმა კონფლიქტის მეორე მხრიდან: ნ. ბ., კარალეთის დევნილთა დასახლების მცხოვრები — „ვერავინ დამაჯერებს, რომ ვეჯავრებით ოსებს“]

პუბლიკაცია რედაქტირებული ვერსიაა ირინა ქელეხსაევას სტატიისა, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისთვის მომზადდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-სა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შეხედულებებს.