fbpx

ფეისბუქ-ტროლები და ყალბი მედია: ქართული დემოკრატიის ახალი „მტრები“

(MDF-ის ანგარიში)

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო და უფრო მეტად წუხან სოციალურ მედიაში მოქმედი ცრუ ანგარიშების გამო, რომელთა უმეტესობა მთავრობას ხოტბას ასხამს, ხოლო მთავრობით უკმაყოფილო ადამიანებს მიზანში იღებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მმართველ პარტია, „ქართული ოცნება“, გასაჭირშია. ნეგატიური კამპანიები, ონლაინ ტროლები და ყალბი მედია საშუალებები, რომლებმაც სრულად მოიცვეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და საარჩევნო ფინანსების გაუმჭირვალობა წარმოაჩინეს, დღეს უკვე ყოველდღიური პოლიტიკური ამბების განუყოფელ ნაწილია.

დამკვირვებელთა ეჭვები კიდევ უფრო გამყარდა მთაწმინდის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დროს. ხმის მიცემის დღემდე, 9 ივნისადმე, ფეისბუქზე „ევროპული საქართველო — თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძის მადისკრედიტირებელი კამპანია აგორდა.  

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ანალიზით, ნეგატიური კამპანიის სამიზნე ოპოზიციონერი კანდიდატის ოპონენტიც იყო; თუმცა შავგულიძის საწინააღმდეგო ინფორმაციის ფეისბუქზე ცირკულაცია დაფინანსებული იყო, რაც არჩევნებში დახარჯულ არადეკლარირებულ ხარჯზე მიუთითებდა.

მაია სივსივაძის სახელით ფეისბუქის სავარაუდო ტროლს, რუსული სოციალური ქსელის Vkontakte-ს ერთერთი მომხმარებლის ფოტო ეყენა. („მედიის განვითრების ფონდის“ 25 აპრილის ანგარიში)

ISFED-მა ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემაზე, რომ მსგავსი დანახარჯები უკანონო შემოწირულობებს წარმოადგენს, მაგრამ ეს აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის მიღმა რჩება.

ქართულენოვან ფეისბუქზე ნეგატიური კამპანიები ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ არჩევნებით არ ამოიწურება. ანალოგიური აქტიურობა დაფიქსირდა აპრილში, როდესაც ჰესის მშენებლობის დასაცავად მობილიზებული საპოლიციო ძალებისადმი პანკისის მოსახლეობის ნაწილის წინააღმდეგობამ საქართველოში გამალებული დისკუსიები გამოიწვია. სამართალდამცავთა ქმედებების ფეისბუქზე მომწონებელთა და პანკისელების გამკიცხველებს შორის არაერთი ყალბი აგნარიშიც გამოვლინდა.

ასეთია „მედიის განვითარების ფონდის“ ბოლო ანგარიშის დასკვნა. ფონდი რეგულარულად თვალს ადევნებს და სწავლობს მედიაპლატფორმებზე შეცდომაში შემყვან ინფორმაციასა და მათ წყაროებს.

ფეისბუქზე მთავრობის რამდენიმე ქომაგზე საფუძვლიანი დაკვირვებით ფონდმა ყალბი ანგარიშები გამოავლინა, რომლებიც საკუთარ პროფილებზე შემთხვევითი ადამიანების ფოტოებს თავისად ასაღებდნენ.

Advertisements

მსგავსი ტროლები პანკისის ხეობაში დაგეგმილი „ხადორი 3“ ჰესის პროექტს გარემოსთვის უსაფრთხო და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელ პროექტად წარმოაჩენდნენ. ეს არგუმენტები მთავრობის მესიჯბოქსის ნაწილია.

“მედიის განვითარების ფონდის“ მიხედვით, ასეთი ყალბი ფეისბუქ-ანგარიშები აქტიურად ავრცელებდნენ ბევრის — მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების მხარდამჭერად მიჩნეული ექსპერტ გია აბაშიძის კომენტარებს.

პანკისელების მხრიდან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ აბაშიძემ მთავრობის მიერ ხეობაში გატარებული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი უფლებადამცველი ჯგუფები „ცრუ ინფორმაციებზე დაფუძნებულ პროპაგანდაში“, „ეთნიკურ-რელიგიური შუღლის გაღვივებისა“ და „სიტუაციის ხელოვნური ესკალაციის“ მცდელობაში დაადანაშაულა.

აბაშიძის სამიზნეებს შორის აღმოჩნდა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ — ჯგუფები, რომლებიც პანკისში ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებდნენ. ექსპერტმა, მათი ჩათვლით, ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაცმოძრაობის სიტუაციურ მოკავშირეებად“ შერაცხა.

„მედიის განვითარების ფონდის“ მიერ ტროლინგში ეჭვმიტანილი ანგარიშები ასევე ავრცელებდნენ ისლამოფობიურ მოსაზრებებს პანკისელ ქისტებთან მიმართებით, რამდენიმე ანგარიში კი მათ სეპარატიზმშიც ადანაშაულებდა.

ჰაკერები და ტროლები ბანკირის წინააღმდეგ: „გამოძიება მიმდინარეობს“

მარტში TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, სამართალდამცავი ორგანიზაციები თავის ბანკზე კიბერ-თავდასხმის გამოუძიებლობის გამო საჯაროდ გააკრიტიკა. ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლის ზაფხულში TBC-ზე განხორციელებული შეტევა ოთხი სახელმწიფო უწყების მიერ მისი ბანკის შემოწმებას დაემთხვა.

იმავე თვეში ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული წერილების მიხედვით, ხაზარაძემ ხელისუფლებას ჰაკერული შეტევის შესახებ 2018 წლის 17 ივლის შეატყობინა.

მომდევნო, „მეორე წერილში“, ხაზარაძე ატყობინებს სამართალდამცავებს, რომ მისმა „მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებმა“ ელექტორნული ფოსტით მიღებული ვირუსის ადრესატს მიაკვლიეს. ხაზარაძე აღნიშნავდა, რომ IP მისამართმა ისინი თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, დარეგისტრირებულ შპს Gravity-ზე გაიყვანა.

4 მარტს, პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას, ხაზარაძემ ივარაუდა, რომ აღნიშნული ოფისიდან „ბოტები და ფაბრიკები იმართებოდა“ და სოციალურ მედიაში მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაც უკან სწორედ ეს ოფისი იდგა.  

ხაზარაძის წინააღმდეგ გამიზნული მიმები ფეისბუქზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ხელისუფლებლებამ გაასაჯაროა, რომ მის ფინანსურ ტრანზაქციებს იძიებდნენ

ხაზარაძის თქმით, იანვარში პროკურატურის მიერ მისი და მისი მოადგილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ საჯარო განაცხადებიდან რამდენიმე დღეში ტროლების სამიზნედ იქცა.

დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ბანკზე განხორციელებულ კიბერ-შეტევაზე „კომპლექსურ გამოძიებას“ აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

მთავრობის მიერ დაქირავებული ტროლ-ოსტატები?

გასულ ზაფხულს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ონლაინ-ტელევიზია POSTV-ის წამყვანი, შალვა რამიშვილი, საკუთარი ოფისიდან „ტროლების ქარხნის“ მართვაში დაადანაშაულა. ივნისში, TBC ბანკის დაჰაკვამდე ერთი თვით ადრე, პარტია ამტკიცებდა, რომ რამიშვილი „დაახლოებით 200 ადამიანს სახლიდან ამუშავებდა“ და მათ ხელისუფლების კრიტიკოსებზე ინტერნეტით შეტევაში ფულს  ხელზე აძლევდა.

OC Media რამდენჯერმე დაუკავშირდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დამატებითი ინფორმაციისთვის, თუმცა უშედეგოდ.

9 მარტს ოპოზიციურმა სატელევიზიო არხმა, „რუსთავი 2-მა“, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირზე ადრე განთავსებულ Gravity-ს სათავეში „ქართული ოცნების“ პიარმენეჯერი, კოკა ყანდიაშვილი, და ასევე POSTV-ის დამფუძნებელი — პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი, ედგნენ.  

რამიშვილმა, ყანდიაშვილმა და ნაცვლიშვილმა — „ნაციონალური მოძრაობისs“ და პრეზიდენტ სააკაშვილის ცხარე კრიტიკოსებმა — უარყვეს ბრალდებები.

2018 წლის ოქტომბერ-ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ნათელი გახდა, რომ ფინანსებისთვის თვალის მიდევნება IP-მისამართების დადგენაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე იყო.

„მედიის განვითარების ფონდი“ დააკვირდა იანვარ-თებერვალში ხაზარაძის საწინააღმდეგო ონლაინ-კამპანიას. მათი თქმით, TBC ბანკის დამფუძნებლის ფეისბუქზე მლანძღველთა შორის, რამდენიმე გვერდს და ჯგუფს ყალბი ანგარიშები მართავდნენ.

(მედიის განვითარების ფონდის აგნარიშიდან; თებერვალი, 2019)

მაგალითად, ანგარიშში მოხვდა TBC-ის წინააღმდეგ ფეისბუქზე წარმოებული კამპანიის ერთერთი მონაწილე — „ავთანდილ კერესელიძე“. მისი პროფილი ყალბი აღმოჩნდა: მას ერევანში მცხოვრები ვინმე კარო მანუკიანის ფოტოები ეყენა. მოგვიანებით, მანუკიანის მოთხოვნით, ფეისბუქის ადმინისტრაციამ გააუქმა ცრუ პროფილი.

სამიზნეები: მთავრობის კრიტიკოსები

ფეისბუქის გვერდებს მიზანში მხოლოდ პანკისის ხეობის ქისტები და მამუკა ხაზარაძე არ ამოუღიათ. ყველა სამიზნეს არსებითად ერთი რამ აერთიანებდა: ამა თუ იმ მიზეზით, ისინი მთავრობას არ წყალობდნენ.

მაგალითად, მიკროსესხების გამცემი კომპანია „ვივუსი“ ნეგატიური ფეისბუქ გვერდების ყურადღების ქვეშ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მოსახლეობისთვის „ვალების ჩამოწერის“ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოცხადებული ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ ხორციელდებოდა.  

“ვივუსის მფლობელის” ვლადიმერ გურგენიძის წინააღმდეგ შეკვეთილი პოსტი ფეისბუქზე. ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში; დეკემბერი, 2018’.

„მედიის განვითარების ფონდის“ ანგარიშის თანახმად, მსგავსი გვერდების უმრავლესობა 2018 წელსვე იყო შექმნილი — „ქართული ოცნების“ წევრების ქებისა და ოპოზიციონერების კრიტიკისთვის.

ფეისბუქ გვერდებმა პარლამენტარ ეკა ბესელიასთვისაც მოიცალეს, რომელიც მანამდე ინტერნეტში გავრცელებული სექსუალური ხასიათის პირადი ფარული ჩანაწერების — მორიგი გამოუძიებელი დანაშაულის — მსხვერპლი გახდა. გვერდებზე მისი „კორუმპირებულობის მამხილებელი ცნობები“ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც იანვარში ბესელიასა და „ქართული ოცნების“ გზები გაიყო.

ნეგატიური კამპანიის სამიზნეებს შორის ასევე აღმოჩნდა ზაზა სარალიძე, რომლის ვაჟის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია, და ნონა მიხელიძე, ევროპარლამენტის დაკვეთით მომზადებული, ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო კრიტიკული ანგარიშის, ავტორი.

ყალბი ნიუსები ორივე პარტიამ აიტაცა

ხაზარაძის საწინააღმდეგო ცხრა ფეისბუქის გვერდს შორის ორს „კერესელიძე“ მართავდა. ამ გვერდებზე მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ტურში გასული საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, საწინააღმდეგოდ შეკვეთილი პოსტები ქვეყნდებოდა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) დეკემბრის ანგარიშში აღნიშნა, რომ ფეისბუქის ნეგატიური გვერდები 2018 წლის შემოდგომის დროს საარჩევნო პერიოდში მომრავლდა. შუა ოქტომბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში ასეთი გვერდების რაოდენობამ 54-იდან 160-ს მიაღწია.  

ISFED-ის კვლევებმა აჩვენა, რომ ნეგატიური ფეისბუქ-გვერდებით, თუნდაც ირიბად, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიამ ნახა სარგებელი: ნოემბერში დანიშნული მეორე ტურისთვის, ფეისბუქზე 72 ვაშაძის და 43 ზურაბიშვილის საწინააღმდეგო გვერდის აქტიურობა დაფიქსირდა.

20 დეკემბერს, ფეისბუქის ვიდეო-ლაივით საუბრისას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ გურამ დონაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, მის მიერ გაკეთებული ფეისბუქ-გვერდ „რეზიდენტი სალომეს“ გამო „გაუშვეს ციხეში“.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმჟამად იმავე ბედს იზიარებდა ფარნაოზ ჭკადუა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული „თავისუფალი ზონის“ აქტივისტი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა „ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტოს“ ფეისბუქ-გვერდის შემქმნელად და „გია ვაშაძის კამპანიის ფეისბუქ-კოორდინატორად“ მოიხსენია.

სააკაშვილის მიერ ხსენებული გვერდები სალომე ზურაბიშვილს ყალბ განცხადებებს მიაწერდნენ.

გაუმჭირვალე დაფინანსება და ცრუ მედია საშუალებები

წინასაარჩევნოდ ანონიმური ფეისბუქ-გვერდების მიერ ფასიანი, ნეგატიური პოსტების ცირკულაციამ საარჩევნო კამპანიებში არადეკლარირებული ფინანსების მზარდი პრობლემა გამოააშკარავა.

ISFED-ის კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატების წინააღმდეგ აქტიური 19 ნეგატიური ფეისბუქ-გვერდს შორის, 19 მოქმედებდა, როგორც ცრუ მედია გამოცემა. მათგან 10 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოჩნდა.

საპრეზიდენტო კანდიდატები ფეისბუქის ოფიციალური გვერდებით იშვიათად ესხმოდნენ ერთმანეთს; თუმცა ეს შეიძლება, იმაზე მიუთითებდეს, რომ ეს „ბინძური საქმე“ ანონიმურ და „დამოუკიდებელ“ გვერდებს ჰქონდათ ჩაბარებული.

პრობლემები ფეისბუქის ანონიმური და ყალბი გვერდებით და საარჩევნო კამპანიების არადეკლარირებული ფულით არ ამოიწურება.

საარჩევნო პერიოდში სულ მცირე რვა ყალბი ფეისბუქის გვერდი აქტიურობდა, რომელიც კანდიდატის მოჩვენებით მხარდამჭერ პლატფორმად წარმოაჩენდა თავს. ასეთებს შორის იყო ვაშაძის შტაბის ფსევდო-მომხრე „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა გაერთიანება“, და გვერდი „სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili’, რომელიც რუსეთს საქართველოს მეგობარ ქვეყნად მოიხსენებდა.

ერთერთი თვალსაჩინო ყალბი ინფორმაცია საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის КГБ-ს მოწმობა იყო. ასევე გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს 1998 წელს სალომე ზურაბიშვილმა ზვიად გამსახურდიასა და მეგრელებს „სამშობლოს მოღალატეები“ უწოდა.

ყალბ ინფორმაციას ნეგატიურ პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილე ფეისბუქის ყველა გვერდი არ ავრცელებდა. კანდიდატებისადმი კრიტიკული პოსტები ზოგჯერ სატირული ბუნების იყო ან ინტერპრეტაციას სთავაზობდა მკითხველს. თუმცა ფასიანი პოსტების სიმრავლის ფონზე, ISFED და სხვა ორგანიზაციები ეჭვობენ, რომ არჩევნების პერიოდში „ქართულმა ოცნებამაც“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ერთმანეთზე თავდასხმებში, სავარაუდოდ,  არადეკლარირებული ფინანსური რესურსები დახარჯეს.

ყალბი ამბები არსად გაქრებიან

საპრეზიდენტო კანდიდატების მოწინააღმდეგე ფეისბუქის გვერდები 29 ნოემბრის მეორე ტურის შემდეგ მალევე დაცხრნენ; თუმცა შუა იანვრისთვის ცრუ მედია საშუალებების გვერდების რაოდენობა 19-დან 32-მდე გაიზარდა.

Allpress.ge, Newspaper.ge, Fastnews.ge და მსგავსი სახელის მქონე ფეისბუქის გვერდებს შეცდომაში შეჰყავთ მკითხველი — სახელებად გამოყენებულ დომენებზე მედიაგამოცემები არ იძებნება; მათთან დაკავშირება არც მითითებული საკონტაქტო ნომრებითა არის შესაძლებელი.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების სოციალური მედიის არხები ხშირად ავრცელებენ „ალტერნატიულ“ ამბებს დემოგრაფიასა თუ ემიგრანტების მიერ „ჩადენილ დანაშაულებზე“; თუმცა ზოგჯერ ისინი „ქართულ ოცნებასაც“ არ ზოგავენ — მათ მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის, მარიხუანის წარმოების ლეგალიზაციის ინიციატივის თუ მდიდარ უცხოელებზე ბინადრობის უფლების „მიყიდვის“ გამო. მათგან განსხვავებით, ცრუ მედია სააგენტოები რეგისტრირებული და არაიდეოლოგიზირებული გამოცემების შთაბეჭდილების შექმნას ცდილობენ.

მარტში, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელებში არსებული „ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციების ნიაღვარი“ ქართული დემოკრატიის წინაშე არსებულ საფრთხედ დაასახელა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი შარშან თავად გახდა ინტერნეტში ნეგატიური ინტერნეტ-კამპანიის სამიზნე, მას მმართველი პარტიისთვის მათი არაერთი კრიტიკოსის წინააღმდეგ აგორებული, აშკარად დაფინანსებული, კამპანიის გამჭირვალედ და ეფექტიანად გამოძიება აქამდე არ მოუთხოვია.

რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ OC Media-ს კითხვებს არ გამოხმაურებია.