fbpx

სარედაქციო სვეტი | პასუხისმგებლობა, რომელიც ივანიშვილმა უნდა აიღოს

14 June 2018
(OC Media)

ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების საფუძველზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გაუმჭირვალობა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა. თუკი ივანიშვილს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის შენარჩუნება სურს — რაც ამომრჩეველთა დიდი ნაწილის ნებაა — მან ამის კეთება ოფიციალურ თანამდებობაზე უნდა განაგრძოს. საქართველო იმსახურებს გამჭირვალე დემოკრატიულ მმართველობასა და ლიდერს, რომელიც გამჭვირვალედ მართავს. თუკი ივანიშვილს ეს არ შეუძლია, პოლიტიკა საბოლოოდ უნდა დატოვოს და ქვეყნის მართვა სხვას მიანდოს.

კვირიკაშვილი ივანიშვილის უკვე მეორე სუროგატია, რომელიც ქვეყნის მმართველის პოსტს გადადგომით გამოემშვიდობა.

ბიძინა ივანიშვილი პირველად 2013 წლის ბოლოს მის რამდენიმემილიარდიან ბიზნეს-იმპერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების მქონე 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილმა დაახლოებით 12 თვით შეცვალა. მომდევნო შემცვლელი გიორგი კვირიკაშვილი ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გახდა, რომლის პრემიერობამ ორ წელიწად-ნახევარს გასტანა.

პოლიტიკური გამოცდილების არმქონე, ივანიშვილის ყოფილი ბიზნეს-თანამშრომლებით მართული, მთავრობის ფონზე, პრემიერ-მინისტრის პოსტი ფრილანსერი მენეჯერებისთვის განკუთვნილ თანამდებობას დაემსგავსა, რომლისთვისაც პოლიტიკური იდეოლოგია ან თუნდაც პარტიული კუთვნილება მეორეხარისხოვანია.

კვირიკაშვილმა ივანიშვილთან და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან წარმოშობილი უთანხმოების საფუძვლად ეკონომიკური საკითხები დაასახელა. მან გამოსამშვიდობებელი სიტყვის უმეტესი ნაწილი გატარებული, ფისკალურად კონსერვატიული ეკონომიკური, პოლიტიკის დაცვას დაუთმო. თუმცა, მოსახლეობას არ მიეცა შესაძლებლობა, ამ საკითხზე შიდაპარტიული დისკუსიებისთვის მიედევნებინა თვალი. პოსტიდან მიმავალი პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი მასსა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას შორის დახურულ კარს მიღმა გამართული დებატების ერთგვარ გაგრძელებას ჰგავდა.

არადა ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვანი სადისკუსიო საკითხია, რომელიც საზოგადოებისა და მათი წარმომადგენლების სრული ჩართულობით უნდა განიხილებოდეს.

ხელისუფლებამ ხორავას ქუჩის მკვლელობის არაჯეროვანი გამოძიებით გამოწვეული უკმაყოფილებისა და სამოქალაქო პროტესტის განეიტრალება დროებით მოახერხა და „გადარჩენის რეჟიმიდან“ გამოვიდა. სამოქალაქო ჯგუფები კმაყოფილნი არიან კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლით, მაგრამ განახლებულ მინისტრთა კაბინეტში არც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოისაკლისებენ: აშკარაა, რომ პრემიერის გადადგომა არ პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, სამართალდამცავი უწყებების მუშაობის კონტროლზე, ნარკომოხმარების დროში გაწელილ დეკრიმინალიზაციასა თუ პოლიტიკურ თავისუფლებებზე.

Advertisements

[For the latest developments into the Khorava Street investigation, read on OC Media: Protest leaders detained in Georgia]

მოსალოდნელია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი პოლიტიკური კაპიტალის არმქონე მორიგ კანდიდატს წარადგენს. დიდი ალბათობით, ივანიშვილი გააგრძელებს ქვეყნის კულისებიდან მართვას, რაც გამჭირვალე დემოკრატიული მმართველობის შემოღების კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა იქნება.

პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებამდე ივანიშვილი შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან, სკეპტიკოსებისთვის შეეხსენებინა, რომ პირობა შეასრულა და პოლიტიკიდან წავიდა. თუმცა ალბათ დაავიწყდა, რომ მისი ამომრჩევლებისთვის ეს პირობა ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა მნიშნელოვანმა ნაწილმა პერსონალურად მას  დაუჭირა მხარი. ამდენად მოსახლეობის რჩეულის მხრიდან მთავრობას ოფიციალურად მართვაზე უარის თქმა ხალხის დემოკრატიული მანდატის დაუფასებლობა და უპატივცემულობა იყო.

ავტორიტარული მიდრეკილებები არ ნიშნავს მხოლოდ ხალხის ნების წინააღმდეგ თანამდებობის შენარჩუნებას. ეს არის მაღალ თანამდებობასა და გამჭირვალე პოლიტიკური პროცესის მიღმა ლიდერობის სურვილიც. საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციური მექანიზმების კონტროლს დაუქვემდებარებელი ძალაუფლებაა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ყური უნდა დაუგდოს მის პოლიტიკურ მტრებსა და მოყვარეებში გაძლიერებულ აზრს და შეწყვიტოს თანამდებობის დატოვებისთანავე დაწყებული მცდელობა, გახდეს არა რიგითი მოქალაქე ან სახელმწიფო მოღვაწე, არამედ — სეკულარული პატრიარქი.