[მოსაზრება] დაუფიქრებლობა და ხედვის არარსებობა თბილისის განვითარებას აფერხებს

განახლებული პეკინის გამზირი (თბილისის მერიის ფოტო)
ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი. მუშაობს  ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასწავლიდა არქიტექტურას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ქალაქგეგმარების ისტორიასა და თეორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თბილისი და თბილისელები მიეჩვივნენ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს – პოლიტიკოსებისა და მუნიციპალური ადმინისტრაციებისთვის ამ უკვე ჩამოყალიბებულ ტრადიციას. ქალაქზე ზრუნვის ამგვარად გამოხატვა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო და მას ქართული ოცნებაც აგრძელებს.

[სტატია ინგლისურ ენაზე — Read in English]

[სტატია რუსულ ენაზე — Читайте на русском]

ასეთი მასშტაბური პროექტები მიზნად ისახავს შენობების, ქუჩების ან მთელი უბნების იერსახის გაუმჯობესებას და ჩარევების სპექტრი მოიცავს როგორც ფასადების განახლებას და ტექნიკურ ინტერვენციებს, ისე — ძველ შენობებზე დაშენება-მიშენებებსა და არქიტექტურული ორნამენტების უხარისხო კოპირებას.

გარკვეული პროგრესი შეინიშნება, თუმცა ჩატარებული სამუშაოების ხშირად დაბალი ხარისხი და კომპლექსური მიდგომები ისევ გამოწვევად რჩება.

ცალმხრივი გზა ყოველთვის სწორი გზა არ არის

ეს წელიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი — ჩატარდა პეკინის გამზირის რეაბილიტაცია. ამჯერად საქმე შენობებს არ შეხებია. ეს ალბათ პირველი ასეთი ტიპის დიდი პროექტი იყო, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში არ განხორციელებულა და არ იყო დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასთან.

გამოიცვალა მიწისქვეშა საინჟინრო ინფრასტრუქტურა, დაიგო გზის ახალი საფარი და ტროტუარები. სამუშაოების დასაწყებად სწორი დრო იქნა შერჩეული – შუა ზაფხული, როდესაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიცხეს გაურბის და ქალაქს ტოვებს.

მოძრაობა იოსებიძის ქუჩაზე ახლა უკვე ცალმხრივი პეკინისა და შარტავას ქუჩებს შორის (ირაკლი ჟვანია)

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მოძრაობა დროებით მხოლოდ ერთი მიმართულებით შენარჩუნდა, მაგრამ მალე თბილისის მერიამ გვამცნო, რომ საავტომობილო მოძრაობის შესამსუბუქებლად გადაწყდა პეკინის გამზირზე მუდმივი ცალმხრივი მოძრაობის დაწესება.

უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ეფექტური ხერხი და იგი ეწინააღმდეგება ამ საკითხში თანამედროვე ტენდენციას. ბევრი ქალაქი დღეს ცალმხრივ ქუჩებს ისევ ორმხრივი მოძრაობის სქემით ცვლის. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს და უმთავრესი ის გახლავთ, რომ ცალმხრივი ქუჩები ფეხით მოსიარულეთათვის ნაკლებად კომფორტულია.

ცალმხრივი მოძრაობის მიზანია ქუჩის სატრანსპორტო განტვირთვა, თუმცა ეს ხშირად სიტუაციის გაუარესებასაც იწვევს. თუკი ბევრად ფართო სურათს არ შევხედავთ, ამგვარმა გადაწყვეტილებამ შეიძლება, მიმდებარე პატარა ქუჩებზე გამოიწვიოს საცობები, რაც მე პირადად გამოვცადე პეკინის გამზირის მიმდებარე არეალში, რადგან მანქანებს უფრო გრძელი მანძილის გავლა უხდებათ ადგილზე მისასვლელად. ასეთ შემთხვევაში მანჰეტენის უზარმაზარ ბადისებრ ქუჩათა სისტემასთან შედარებები სრულიად გამოუსადეგარია.

შარტავას ქუჩა, ახლა უკვე ცალმხრივი, მაგრამ ჯერ კიდევ ორმხრივი მოძრაობის აღნიშვნით (ირაკლი ჟვანია /OC Media)

ორმხრივი მოძრაობა უფრო ნელია და ამგვარად უფრო უსაფრთხო როგორც მანქანებისთვის, ასევე — ფეხით მოსიარულეთათვის. ხოლო ორივე მხარეს ავტოპარკირების ზოლები კარგი დამცავი ბუფერია ტროტუარზე მოსიარულეებისა და ველოსიპედისტებისათვის. ორმხრივი მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს მეტ ადამიანს განაპირობებს, რაც პირველ სართულებზე განლაგებული სავაჭრო ობიექტებისათვის ბევრად მომგებიანია.

სოციალურ მედიაში ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მრავალმა გამოთქვა აზრი, მათ შორის მეც. ამის საპასუხოდ ქალაქის მერიამ განაცხადა, რომ გამოჰკითხეს მოქალაქეები და მათ ამ ცვლილების მიმართ დადებითი პოზიცია ჰქონდათ. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს გადაწყვეტილების მიღებაში მოსახლეობის ჩართულობას ნიშნავს. ქუჩის ცალმხრივ მოძრაობაზე გადაყვანა საკმაოდ ტექნიკური საკითხია და ადგილობრივმა მოსახლეობამ არ შეიძლება, იცოდეს ყველა ის ასპექტი, რაც თან ახლავს ამგვარ ცვლილებას ურბანული დიზაინიდან სატრანსპორტო დაგეგმვამდე.

ველობილიკი არსაით

პეკინის გამზირის ახალი ველობილიკი, რომელიც იწყება და მთავრდება არსად (ირაკლი ჟვანია/ OC Media)

ავტო-ცენტრისტულ მიდგომებზე კრიტიკას ქალაქის მესვეურებმა პეკინის გამზირზე მეორე მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლის შენარჩუნებითა და ველობილიკის მოწყობით უპასუხეს.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, განახლებული პეკინის გამზირის გახსნისას ახალ ბილიკზე ველოსიპედით გაისეირნა და თქვა, რომ მათი სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედით მოსარგებლეთათვის სივრცე იყოს დაცული. სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით ნარმანიას მერობის პერიოდში განხორციელდა. თუ ბატონი არჩილ თალაკვაძე გულისხმობს, რომ ისინი ყველა ერთი პოლიტიკური გუნდის წევრნი არიან, ისიც უნდა ითქვას, რომ ნარმანიას ადმინისტრაციის დროს ამ მხრივ არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა.

ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქალაქგანვითარებითი ჩარევები თბილისში ერთიანი მიდგომების გარეშე ხორციელდება. ადგილობრივი პროექტები ხშირად არ არის მთლიანი ხედვების ნაწილი. ველობილიკი თავისთავად ძალიან კარგი რამ არის, თუმცა ის მოწყვეტილი კუნძულია ქალაქში, სადაც ტროტუარები ჯერ კიდევ მანქანებს აქვთ მიტაცებული.

ველობილიკი იწყება და მთავრდება არსად, პეკინის გამზირის ორ ბოლოში. ეს ველობილიკი ვერ იქნება აქტიურად გამოყენებული სანამ იგი ქალაქის მომცველი ქსელის ნაწილი არ გახდება.

ველოსიპედები საჭიროა, როგორც ქალაქში გადაადგილების ჯანმრთელი და ხელმისაწვდომი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს სატრანსპორტო საცობებისაგან განტვირთვას და ჰაერის დაბინძურების შემცირებას, მაგრამ ეს რომ მოხდეს, უფრო მეტი სამუშაოა საჭირო ქალაქის მასშტაბით მიდგომების შესამუშავებლად.

ხარისხის და კონტროლის ნაკლებობა

პეკინის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში ბორდიური უფრო მაღალია, ვიდრე — ტროტუარი (ირაკლი ჟვანია)

ასეთი დიდი პროექტების შესრულების ხარისხი დიდ გამოწვევად რჩება. პეკინის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში ბორდიური უფრო მაღალია, ვიდრე — ტროტუარი. გამზირი ისე გაიხსნა, რომ სამოძრაო ზოლები არ იყო დახაზული. შარტავას ქუჩაზე, რომელზეც სატრანსპორტო ნაკადი პეკინის გამზირის საწინააღმდეგო მიმართულებით მიედინება, ჯერ კიდევ ორმხრივი მოძრაობის ზოლებია დახაზული, მაშინ, როდესაც იქაც უკვე მოძრაობა ცალმხრივია.

ტროტუარი და ველობილიკი მანქანებისთვის დაწეულია უკანა ეზოებში შესასვლელად (ირაკლი ჟვანია /OC Media)

პეკინის გამზირზე უკანა ეზოებში შესასვლელები მანქანებისთვის არის დაწეული გზის სავალი ნაწილის დონეზე, როდესაც, როგორც წესი, ტროტუარი უნდა იყოს შენარჩუნებული ერთ დონეზე ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა კომფორტისთვის, ხოლო მანქანებისთვის კი დამრეცი რამპა უნდა იყოს მოწყობილი. ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებზე, გამზირის ერთ მხარეს, რამდენიმე ადგილას დაავიწყდათ ეტლით მოსარგებლეთათვის რამპების მოწყობა, რისთვისაც უკვე დამთავრებულ ტროტუარებზე თავიდან გახდა საჭირო სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. ზოგ ადგილას, იქ სადაც ეტლის რამპები მოწყობილი იყო, ბორდიურის ქვებს ელექტრო ხერხით მოათალეს თავები ქანობის დასამთხვევად, რაც ჰაერში ქვის მავნე მტვერის გაბნევას იწვევდა. მარტივი იყო ქვების თავიდანვე დამრეცად ჩაწყობა.

შემდეგში მოწყობილი რამპები ეტლით მოსარგებლეთათვის (ირაკლი ჟვანია/ OC Media)

არასწორი მიდგომა

ყველა თანამედროვე ქალაქი ცდილობს, წაახალისოს ფეხითა და ველოსიპედით სიარული ინფრასტრუქტურის მოწყობითა და გაუმჯობესებით. ქალაქგეგმარებითი პრაქტიკა უკვე ორი-სამი ათეული წელია, მივიდა დასკვნამდე, რომ შეუძლებელია სატრანსპორტო საცობების სრული აღმოფხვრა და რომ მეტი გზა უბრალოდ მეტ მოძრაობას იწვევს. თბილისის მმართველობას ეს ჯერჯერობით არ ესმის.

აქ პრიორიტეტი ჯერ ისევ მანქანაა, რა თქმა უნდა, ფეხით მოსიარულეთა ხარჯზე. გარკვეული ინიციატივების დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობისას, მერიაში გადაწყვეტილებების მიღებისას, უპირველესად საავტომობილო მოძრაობიდან გამომდინარე ფიქრობენ, სწორედ იმის საპირისპიროდ, რასაც დღეს საუკეთესო ქალაქები აკეთებენ – ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა კომფორტის უზრუნველყოფა და მანქანების სხვადასხვა საშუალებებით შეზღუდვა.

შევხედოთ პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთას, სადაც ადრე გზის შუაში ბალახის კუნძული იყო. რეაბილიტაციის შემდეგ იგი გაქრა და მის მაგივრად მოეწყო ავტოსადგომი. მაშინ, როდესაც ქალაქები გამწვანების გაზრდაზე ფიქრობენ, თბილისი სწორედ საპირისპიროდ მოქმედებს.

ავტოსადგომი პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთაზე (ირაკლი ჟვანია /OC Media)

დავით ნარმანია 2014 წელს ამომრჩეველს მწვანე ქალაქს დაჰპირდა. თუმცა ამ მცირე მწვანე კუნძულის გადაგეგმარებასა და კეთილმოწყობაზე ფიქრის ნაცვლად (შეიძლებოდა მისი ტროტუარისკენ მიწევა), ბალახი გაქრა და მისი ადგილი ასფალტმა დაიკავა. თუმცა დიდი სარეკლამო ბანერები ადგილზე ხელშეუხებელი დარჩა ახალმოწყობილი ავტოსადგომის შუაში.

ორი დატვირთული ქუჩის კვეთის შუაში ავტოსადგომის მოწყობა დაუშვებელია, თუ მოძრაობის გაიოლება გინდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად აკლია გადაწყვეტილებებს კარგი დაფიქრება.

პეკინისა და ყაზბეგის გამზირების კუთხეში ფართე ტროტუარი რეაბილიტაციის შემდეგაც ისევ მანქანებით არის დაკავებული. რამდენიმე მცირე ბარიერის დაყენება ამ პრობლემას გადაწყვეტდა, თუმცა, როგორც ჩანს, პრიორიტეტი ეს არ არის.

დამონტაჟების შემდეგ მოხერხილი ბორდიური (ირაკლი ჟვანია /OC Media)

აღმაშენებელის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთი

რეაბილიტაციის ზოგადი პრობლემები ყველგან გვხვდება. კომპლექსური გეგმარებითი მიდგომების ნაკლებობა სხვა პროექტებსაც თან სდევს, რასაც გაუთვალისწინებელ უარყოფით შედეგებამდე მივყავართ.

მე ვმონაწილეობდი აღმაშენებლის გამზირის და მისი განშტოებების განვითარების კონცეფციის მომზადებაში. ერთერთი ნაწილი ფეხით მოსიარულეთათვის რეაბილიტირებული მონაკვეთი გახლავთ, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გაიხსნა. ამ ადგილმა ბევრი მნახველი და მცირე კერძო ბიზნესი მიიზიდა. ასეთი ქუჩები ყველგან პოპულარულია რესტორნების, მაღაზიებისა და სხვა კომერციული ობიექტებისთვის, რაც, რა თქმა უნდა, სიცოცხლეს მატებს ქუჩას და ხელს უწყობს ეკონომიკურ აქტივობებს.

მაგრამ ყველაზე კარგი პროექტებიც კი, თუკი განხორციელდა კონტროლის, მონიტორინგისა და რეგულირების მექანიზმების გარეშე, შეიძლება, გადაიქცეს ისეთ რამედ, რაც საერთოდ არ ყოფილა ჩაფიქრებული თავდაპირველი იდეით.

რეგულაციების გარეშე დატოვებით ადგილები შეიძლება, გადაიქცეს კოშმარად ადგილობრივებისა და ქალაქისთვის. ამან შეიძლება, გამოიწვიოს ერთი კონკრეტული ფუნქციის ან ფასის სეგმენტის დისპროპორციული ზრდა და აქიდან გამომდინარე დააყენოს ჯენტრიფიკაციის საფრთხეები — ცვლილებები უბნის სოციალურ შემადგენლობაში.

ქუჩის ამ მონაკვეთზე რესტორნებმა და კაფეებმა დაიკავეს ქუჩის სიგანის უმეტესი ნაწილი, დატოვეს რა მხოლოდ ვიწრო გასავლელი შუაში. ხალხმრავალ დღეებში ქუჩა გადატვირთული იყო და გაჭირდა ფეხით გადაადგილება.

ეს მოხდა იმიტომ, რომ არ იყო წინასწარ დადგენილი შენობიდან რა მანძილზე შეიძლებოდა მაგიდებისა და სკამების დადგმა, რასაც შესაბამისი ნებართვაც სჭირდება. ეს არის საჯარო სივრცის პირადი მიზნებისათვის გამოყენება ფინანსური მოგების მიზნით, სხვა ადამიანების უფლებების და კომფორტის ხარჯზე. სტუმრების გადაჭარბებული რაოდენობა კი მეტ ხმაურს ნიშნავს, რაც შემაწუხებელია ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.

ასეთ ადგილებში, მკაცრად განსაზღვრული რეგულაციები მოქმედებს, რომლებიც ადგენს გარეთ დასაჯდომი არეალის ზომებს, დაშვებულ საათებს და ა.შ. ამსტერდამი ყოველ უბანში აწესებს ზედა ზღვარს ისეთი კონკრეტული ფუნქციებისთვის, როგორიც მაგალითად არის რესტორნები და კაფეები. როდესაც კვადრატული მეტრების საერთო ჯამური ლიმიტი მაქსიმუმს მიაღწევს, აღარავის ეძლევა უფლება ამ ფუნქციის დაწესებულება გახსნას. ასე ხდება სხვადასხვა დატვირთვის ფუნქციებს შორის ბალანსის შენარჩუნება ყველასთვის – ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ბიზნესებისა და ქალაქისთვის.

სამწუხაროდ, თანამდეროვე ქალაქგანვითარების ცოდნისა და პრაქტიკის ნაკლებობა, არასრული საკანონმდებლო ჩარჩო და სუსტი ზედამხედველობა სხვა მიზეზებთან ერთად გვაძლევს დაუბალანსებელ ურბანულ განვითარებას.

სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდისა თუ OC Media-ს შეხედულებებს.

Fierce, independent journalism

Let’s be honest, the media situation in the Caucasus is grim. Every day we are accused of ‘serving the enemy’ whoever that enemy may be. Our journalists have been harassed, arrested, beaten, and exiled. But nevertheless, we persevere. For us this is a labour of love. Unfortunately, we cannot run OC Media on love alone, journalism is expensive and funding is scarce. Our sole mission is to serve the interests of all peoples of the region. Support us today and join us in the fight for a better Caucasus.

Support Us