fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

ხმა ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტიდან | „ახლაც ჩვენს შუაში რუსი რომ არ იდგეს“

გ. ვ., კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სარიბარის მცხოვრები.

8­-კომლიანი სოფელი მთლიანად ეთნიკური ოსებითაა დასახლებული.

90-­იანი წლების დასაწყიში მეზობელი კოდისწყაროდან იყო შემოსვლის საშიშროება, ქართველების მხიდან. კო­დისწყაროელები იცავდნენ სოფელს, აქ არავის უშვებდნენ.

კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები — ქართულ-ოსური კონტექსტი არის ამბების სერია მოყოლილი იმ ადამიანების მიერ, ვინც კონფლიქტის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოექცა, მათი თვალით დანახულ კონფლიქტი და საფასური, რისი გაღებაც მათ მოუხდათ და დღემდე უხდებათ. სერია არის გაგრძელება ჯორჯ მეისონის უნივერსისტეტის ანალიტიკური სტატიე­ბის კრებულისა „კონფლიქტის საფასური: ქართულ­-სამხრეთ ოსური კონტექსტი“.

ქართველები გვიცავდნენ ჩვენ, აქაურ ოსებს. აქედან კიდევ იქით ჩვენ არავის ვუშვებდით. არასოდეს მომხდარა, რომ ორჭოსანიდან ვინმე ჩამოსულიყო და კოდისწყაროში ვიღაც დაე­ყაჩაღებინა ან მანქანა წაერთმია. ჩვენც გყავდა მანქანები. ისინი ჩვენგან იყვნენ და­ცულები, იქიდან კიდევ ისინი გვიცავდნენ. მას შემდეგ ვართ ასე. ახლაც ტკბილად ვართ. უბრალოდ აი, რუსი რომ არ იდგეს შუაში... ზოგჯერ გვინდა ხოლმე პურის ჭამა, ლაპარაკი, ის იქით მხარეს არის, იმას ქართული მილიციის ეშინია, ჩვენ რუსების გვეშინია.

იქით ბევრი ნათესავი დაგვრჩა. ჩემი ბიძაშვილები იქ არიან, მამაჩემის ძმის შვილები. უკვე შვილიშვილები ჰყავთ და არც ერთს არ ვიცნობ. წავიდნენ, ზოგი ერთი წლის იყო, ზოგი ორი წლი­ს. 17-18 წელი ხომ გამოვიდა? აგერ ჩემი ბიჭი 17 წლისაა და საერთოდ არავის არ იცნობს. ოსურად ერთი სიტყცაც არ იცის. იზრდება კასპში, აქ არის, ჩემთან.

„ქართველებს არ შევუწუხებივართ“

2008 საშინელი დღეები იყო მთელი ქვეყნისთვის და ამ სოფლი­სათვის, რა თქმა უნდა. ჩვენ ვიმალებოდით. ბუნკერებივით იყო ზემოთ რაღაცები, ძველი ბასეინები. ქალიც იქ იყო და კაციც. ღამე სულ იქ ვათენებდით და ვიყურებოდით, საიდან შემოდიოდა შუქი, ვერიდებოდით. იცოდნენ, სად ვიმალებოდით. ასეთ დღეში ვიყავით. ღამეს სახლში ვინ გაათენებდა? არავინ. ვმორიგეობდით ხოლმე.

­ორი-­სამი კაცი დადგებოდა ზემოთ და იყურებოდა, ვინმე არ შემოსულიყო რომელიმე მხრიდან. ომის დროს ქართველებს არ შევუწუხებივართ. ერთხელ საღამოს ჩემთან სახლში პურს ვჭამდით, როცა ასმეთაური შემოვიდა. აი, გორში დაბომბვა რომ დაიწყო. ცხრაში, ალბათ [9 აგვისტო, 2008]. ქართველები იმალებოდნენ ჩემთან. იყო მომენტი ქართველები ზემოდან მორბოდნენ, ორჭოსნიდან. გარეთ გავედი და მითხრეს, ძია, წყალი დაგვალევინეო. წყალი არ არის-­მეთქი; მოდი, ღვინო დალიეთ, კაცო, რა დროს წყალია-მეთქი.

დაღლილები იყვნენ. ერთი ექვსი­-შვიდი კაცი, კახელები. შვილებს ოსურად ვუთხარი, წყალი გამოუტანეთ-მეთქი. რომ მოვიხედე, არც ერთი აღარ დამხვდა. ოსური ენა რომ გაიგონეს, გავარდნენ. იქიდან ოსებს გამოვექეცით, აქ კიდევ ოსები შეგვხვდნენო. ჩვენი ამბავი ყველამ არ იცის.  ჩვენ თავიდანვე არც ოსებთან, არც ქართველებთან, არავისთან მტრობა არ გვქონია და არც ახლა იყო რამე. არც ახლა დაუჭერიათ ვინმე. არავისგან გამიგია, რომ აი, ვიღაცამ დაიჭირა.

Advertisements

რუსების მხრიდან კი იყო დაჭერები. ორი ახალ­გაზრდა წაიყვანეს. წყალზე ავიდნენ.  წყალი უნდა გამოეშ­ვათ და დაიჭირეს. მოხუცი კაციც ახლდათ, იმას თა­ვი დაანებეს. ეს მოხუციაო, ჯანდაბაში წასულაო და დატოვეს. იმათ პრემიებს აძლევენ, ფულს აძლევენ ამის გამო.

90-­იანების და 2008 წლის გამო, ნათესაობა დავკარგეთ. ეს სიყ­ვარული დაიკარგა, აღარ არის. სოფლებშიც აღარ არის. აღარავინ აღარავის ენდობა. მიმოსვლაც აღარ არის. სოფელში სამუშაო აღარ არის, ვერ ვმუშაობთ, აზრი აღარ აქვს ალბათ.

აი, ხვალ, ზეგ, მომავალში, ახლო მომავალში, ეს ურთიერ­თობები რომ გაუმჯობესდეს რუსეთსა და საქართველოს შორის, ცხინ­ვალსა და თბილისს შორის და ეს ჩაკეტილი გზები როგორმე გაიხსნას, ეს იქნებოდა კარგი. ყველაფერზე იმოქმედებდა. თავისუფლად გავივლიდი. თევზი რომ დამჭირდებოდა ხოლმე, საღამოს წავიდოდი და დილას თევზი მქონდა სახლში. ორჯონიკიძეში ჩავიდოდი-ჩამოვიდოდი. ჩვენი პროდუქტი, მაგალითად კომბოსტო, რაც მოგვყავდა, ცხინვალში მიგვქონდა ხოლმე. იქიდანაც რამეს წამოვიღებდით, ფქვილს, ან ზეთს.

ახლაც ჩვენ შორის რუსი რომ არ იდგეს, ჩვენ ისევ დავმეგობრდებოდით და ისევ უკეთესობისკენ წავიდოდით. აუცილებელი არ არის ახლა, გუშინ თუ მე ვიღაცამ მცე­მა, გულში არ ჩავიდებ, სამაგიეროს არ გადავუხდი.

„ძალიან ვეჯავრებოდით“

მეც მცემეს. ცხინვალში მცემეს ერთხელ. აქიდან გავიქეცი. მანქანას მართმევდნენ და ორჯონიკიძეში წავედი. ერთი თვე იქ დავრჩი. ფული რაც მქონდა, დავხარჯე. მერე დავბრუნდი, ვერ გავძელი. მცემეს, რადგანაც დაბრუნება გადავწყვიტე. მე ვუთხარი, რა ვქნა, სხვა რა გავაკეთო-მეთქი?

იქიდან რომ მოვდიდოდი, ჩემს პასპორტში ეწერა, რომ სარიბარიდან ვარ. ახლა ასეთი პასპორტები აღარ არის. რუსული საბაჟო პუნქტიდან შემოვედი გვირაბის გავლით. გამჩხრიკეს და მითხრეს, რომ თავისუფალი ვიყავი. გვირაბი გამოვიარე და იქ ოსური საბაჟო პუნქტი იყო. ოსურად მკითხეს, სად მიდიხარ, ვინ ხარო. ვუთხარი, რომ სარიბარში მივდიოდი. რა სარიბარი, რის სარიბარიო?  და დამცხო. ავტო­მატით ფარები შეამტვრია. ეს გამსახურდიას დროს იყო.

მთელი დღე დაგვტოვეს მშიერი. მთელი დღე წყალიც არ დაგვილევია. სამნი ვიყავით. ბოლოს ერთი ღვთისნიერი მოხუცი კაცი გამოჩნდა, ამ ტერიტორიაზე ნამყოფი კაცი, და იკითხა, რატომ ვყავდით იქ. მათ უთხრეს, რომ ამპარტავნები ვიყავით, რომ ვიძახდით, თავისუფალნი ვართო.

“გამსიკებს” გვეძახდნენ, გამსახურდიას გვარის გამო. გაქართველებული ოსებიო. ისე მეჯავრება ახლაც ასეთი ხალხი. ასე გვაყურყუტეს კიდევ. მერე ამ კაცმა უთხრა, ესენი მართლა სარიბარელე­ბი არიან, გაუშვით ახლავე და პური აჭამეთ და ისე გაუშვითო. რა პური უნდა აჭამო-მეთქი? ვუთხარი, როგორმე აქედან გავასწრო-მეთქი. ცხინვალისკენ აღარ წავედით, უკან წამოვედით. ცხინვალში რომ წავსულიყავით, ოსები ცოცხლად შეგვჭამდნენ, ძალიან ვეჯავრებოდით.

ისევ უკან წამოვედით. სამშვიდობო „ბეტეერი“ რომ აცილებს ხოლმე, იმას გამოვყვებოდით ხოლმე და აქ ჩამოვიდოდით. აქიდანაც გავყვებოდით ხოლმე. თუ მოასწრებდი, წახვიდოდი, თუ არადა, ცხინვალში პატარა ბიჭმაც რომ დაგიჭიროს, ჩათვალე, რომ მანქანიად დაკარგული ხარ.

„ვერ მიდიან წინ“

მშვიდობა უნდა გვქონდეს ისევ. ნელნელა ისევ დავმეგობრდებით. არ უნდა გავაღიზიანოთ ისინი. აქ არ უნდა იყოს ლაპარაკი, რომ ოსი შეგჭამს და იქ კიდევ - ქართველი შეგჭამსო. ასე აღარ უნდა ვლაპარაკობდეთ.

ადრე, გამსახურდიას დროს, არაფორმალები მოდიოდნენ, ართმევდნენ ოქროს, მანქანებს. ასეთი რაღაცები იყო ცოტა. დანარჩენი არავისგან შეწუხებულები არ ვართ, სოფელი ისევ თავის ადგილას დგას.  ერთი ისაა, რომ ახალგაზრდობა გაიქცა. აქ სამუშაო არ არის, ვერ მიდიან წინ. მარტო ჩვენ დავრჩით აქ. მეც წავიდოდი, ამხელა სახლი რომ არ მქონდეს, როგორ დავტოვო? წადი სადმე ქალაქში.

თუ ხელშეწყობა იქნება, დაბრუნდება აქ ხალხი, აბა, არ დაბ­რუნდება? ნამდვილად დაბრუნდება. ჩემი ბავშვები რომ მოდიან ჩემთან, კითხულობენ, რა გავაკეთოთო. ხან შეშას ვაჭრევინებ, მანქანას ორჯერ გავარეცხინებ, რომ გაერთონ როგორმე. რა ვაკეთოთო, სულ კითხულობენ და მერე გარბიან.

[წაიკითხეთ ხმა კონფლიქტის მეორე მხრიდან: ი. ც., ქ. ზნაურის მცხოვრები, 52 წლის  — „იმის შიში დღემდე მაქვს, რომ ომი შეიძლება, ისევ დაიწყოს“]

პუბლიკაცია რედაქტირებული ვერსიაა გოგა აფციაურის სტატიისა, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისთვის მომზადდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-სა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შეხედულებებს.

 

Right now, online media in Georgia is in dire need of safety equipment, legal support, and technology as we cover increasingly challenging circumstances. Support small, independent media outlets in Georgia via our collective fundraiser.

Interested in directly assisting OC Media? Consider becoming a member.