fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

ანალიზი | მიუხედავად ფინანსური ხარჯისა, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას

,,CRRC-საქართველო” შეეცადა, გაერკვია, რა მხარდაჭერა აქვს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღებას ქვეყანაში და აღმოაჩინა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ ცვლილების მომხრეა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2004 წელს ნაწილობრივ შეჩერებული ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური შემოწმება ისევ განახლდა. თავდაპირველად, 2018 წელს, სავალდებულო დათვალიერება სატვირთო ავტომობილებისთვის იქნა შემოღებული, ხოლო 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, ტექნიკური შემოწმება უკვე ნებისმიერი ავტომობილისთვის სავალდებულოა.

აღნიშნული ცვლილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირება, რომლის მიხედვითაც, საქართველომ ტექნიკური დათვალიერების განახლების ვალდებულება აიღო. ამასთან, შემოწმების შემოღების კიდევ ერთი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა - დღეისათვის საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ავტომობილების გამონაბოლქვი რჩება.

2018 წლის CRRC/NDI-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების განახლებას მხარს უჭერს.

იმის გასაგებად, ცვლის თუ არა ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად გასაწევი ხარჯები რეფორმისადმი დამოკიდებულებას, გამოკითხვის პროცესში ჩატარდა ექსპერიმენტი.

შერჩეულ რესპონდენტთა ნახევარს, საკონტროლო ჯგუფს, კითხვა შემდეგი ფორმით დაესვა: „თქვენი აზრით, არის თუ არა აუცილებელი მანქანების ტექნიკური დათვალიერების შემოღება?“. მეორე - ექსპერიმენტულ ჯგუფს - კი ვკითხეთ: „თქვენი აზრით, არის თუ არა აუცილებელი მანქანების ტექნიკური დათვალიერების შემოღება, რომლის შედეგადაც შესაძლოა, მფლობელებს მანქანის შეკეთება ან გამოცვლა მოუწიოთ?“.

კითხვის ვარიანტები რესპონდენტებს შემთხვევითი პრინციპით დაესვათ.

Advertisements

როგორც შედეგები გვიჩვენებს, რეფორმის მხარდამჭერთა პროცენტული წილი ამ ორ ჯგუფში ერთმანეთისგან სტატისტიკურად არ განსხვავდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რეფორმისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა მაშინაც კი არ იცვლება, როდესაც მათ მოსალოდნელი დამატებითი ხარჯების არსებობას შევახსენებთ.

ნათელია, რომ, უპირველეს ყოვლისა, რეფორმა ავტომობილის მფლობელებს შეეხება. თუმცა ის ადამიანები, რომელთა ოჯახებიც ავტომობილს ფლობენ (41%), ენთუზიაზმით არიან განწყობილი სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების მიმართ. ავტომობილის მფლობელი და არამფლობელი ოჯახების წარმომადგენელი რესპონდენტების დაახლოებით ერთი და იგივე წილი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ავტომობილთა ტექნიკური დათვალიერება აუცილებელია.

თბილისელი (96%) და საქართველოს სხვა ქალაქების მაცხოვრებლები (92%) ტექნიკური დათვალიერების შემოღებას თითქმის ერთხმად უჭერენ მხარს მაშინ, როცა ეთნიკური უმცირესობების დასახლებების წარმომადგენლები ამ ცვლილებას ნაკლებად ემხრობიან (62%).

ამ მხრივ განსხვავება არ გამოიკვეთა იმ რესპონდენტებს შორის, რომელთაც ჰაერის სისუფთავესთან დაკავშირებით განსხვავებული აღქმა აქვთ. საინტერესოა, რომ მათ შემთხვევაში, ვინც თვლის, რომ ჰაერის სისუფთავე სრულიად დამაკმაყოფილებელია, უფრო მოსალოდნელია, რომ ისინი ტექნიკური შემოწმების შემოღებას მხარს უჭერდნენ, თუკი მათ კითხვას ექსპერიმენტული ფორმით გააცნობდნენ.

განსხვავებულად ფიქრობენ სხვადასხვა პარტიების მხადამჭერები. ის რესპონდენტები, რომელებიც აცხადებენ, რომ მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დგას, შედარებით ნაკლებად მიიჩნევენ, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება აუცილებელია. პასუხები არ განსხვავდება იმის მიხედვით, რესპონდენტებს კითხვა ექსპერიმენტული ფორმით დაესვათ თუ არა.

საქართველოს მოსახლეობა თითქმის ერთსულოვნად ემხრობა ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღებას. მხარდაჭერა არც მაშინ იცვლება, როდესაც რესპონდენტებს რეფორმასთან დაკავშირებულ ხარჯებს შეახსენებენ.

ამასთან, როგორც მონაცემები გვიჩვენებს, საკითხი გარკვეულწილად პოლიტიზებულია, რადგან რეფორმისადმი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად განსხვავდება მოქალაქეთა პარტიული სიმპათიების მიხედვით.

სტატია მოამზადეს დავით სიჭინავამ, „CRRC-საქართველოს“ კვლევების დირექტორმა, და ნინო მჟავანაძემ, ორგანიზაციის უმცროსმა მკვლევარმა. სტატიის შინაარსი შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „CRRC-საქართველოს“, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ ან სხვა რომელიმე დაკავშირებული ორგანიზაციის აზრებს.

ბლოგში გამოყენებული მონაცემები შეგიძლიათ, იხილოთ აქ. მონაცემთა ანალიზისთვის გამოყენებული პროგამული კოდი შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

Right now, online media in Georgia is in dire need of safety equipment, legal support, and technology as we cover increasingly challenging circumstances. Support small, independent media outlets in Georgia via our collective fundraiser.

Interested in directly assisting OC Media? Consider becoming a member.