fbpx

რა ხდება საქართველოს სამკერვალო ქარხნებში: ნაწილი II — ფარული გამოძიება

ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media.

მუქარები, კორუფცია, ნერვული შეტევები და 4000$-ანი ქურთუკები. სამკერვალო ქარხნების გამოძიების მეორე ნაწილში OC Media-ს ჟურნალისტმა, თამუნა ჩქარეულმა, „ჯეო-ემ-ტექსის“ ქარხანაში ფარულად იმუშავა, რომ უკეთ გაეგო, რა პირობებში უხდებათ სამკერვალო ქარხნის თანამშრომლებს მუშაობა.

[სამნაწილიანი გამოძიების პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ: რა ხდება საქართველოს სამკერვალო ქარხნებში: ნაწილი I — პროფესიული გაერთიანებები

„ჯეო-ემ-ტექსში“ სამსახურის დაწყება მარტივი აღმოჩნდა. ადამიანური რესურსების მენეჯერს ბევრი კითხვა არ დაუსვამს — რამდენიმე სიტყვით ამიხსნა, რომ, როგორც ახალი კადრი, მარტივი ოპერაციებით დავიწყებ და თანდათანობით ვისწავლი.

შემდეგ დღეს დამიბარა და მითხრა, რომ დაცვასთან დამხვდებოდა და სამუშაო ადგილთან მიმაცილებდა, ქარხნის ძირითადი სახელოსნო ოთახებიდან რომელიმეში — ქურთუკებში, შარვლებში, საგამომჭრელოში ან „ბუმბულში“, სადაც ქურთუკებს ავსებენ.

თუმცა მეორე დღეს არავინ დამხვედრია. როცა შევედი, დაცვამ მითხრა, ქალებს გაყევი პირველ სართულზე, შარვლების სახელოსნოშიო. 

ჩემი საქმე ღილების ადგილის მონიშვნა და შემდეგ სამი სპეციალური პრესით მიმაგრება იყო, რაც საკმაოდ საშიში ოპერაციაა, რადგან პრესი ელვის სისწრაფით ურტყამს ქსოვილს.

გერმანული ბრენდის, Uvex-ის, დამცავ შარვლებზე ვმუშაობდით. ჯინსისმაგვარი სქელი ქსოვილისგან მთელ სახელოსნოში ლურჯი მტვერი რჩებოდა. ჯერაც არ მინდა იმაზე ფიქრი, ჩემს ფილტვებში რამდენი მტვერი დაილექა იქ მუშაობის დროს.

Advertisements

სახელოსნოში ასე ოცდაათამდე ვიქნებოდით. მანქანების ხმაურს ზოგჯერ თუ გადაფარავდა მთავარი ოსტატებისა და მკერავების კამათი და ყვირილი. 

უჰაერობასა და სიცხეში ვმუშაობდით. კონდიციონერი ჩართული იყო, მაგრამ ნელთბილ ჰაერს უბერავდა. თითქოს ისიც დანებდა ლურჯ მტვერს. 

„აწარმოე საქართველოში“

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფომ 2014 წლის ივნისში დაიწყო. მისი ერთერთი მიზანი საწარმოო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობაა. პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სიმბოლურ ფასად — 1 ლარად — გადაცემას. 

პროგრამის მეშვეობით, საქართველოს მთავრობა ქვეყანას მზარდი ბაზრის მქონედ წარმოაჩენს, რამდენადაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის უკვე რამდენიმე შეთანხმება აქვს გაფორმებული, საწარმოო გადასახადები დაბალია და, რაც მთავარია, შრომის ანაზღაურება კონკურენტუნარიანია. 

პროგრამის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, ტანსაცმლის სექტორს ახასიათებს „[..] ძალიან იაფი მუშახელი (დაახლოებით 265$ თვეში)“.

ონლაინ ბროშურაში მეწარმეობის შესახებ ასევე აღნიშნავენ „ხელსაყრელ შრომის კოდექსს“, რადგან „ქვეყანას არ გააჩნია მინიმალური ანაზღაურების რეგულაცია და შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გარიგებაზე“.

სინამდვილეში მინიმალური ხელფასის რეგულაცია არსებობს და 1999 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ეს თვეში სულ რაღაც 20 ლარია, რის შეცვლასაც პროფესიული კავშირები და შრომითი უფლების აქტივისტები დიდი ხანია, ითხოვენ.

პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ წარმატებით შეუწყო ხელი ე.წ. „Nearshoring“-ის შედარებით ახალ პრაქტიკას, რაც გულისხმობს ბრენდული ტანსცმლის ევროპულ ბაზართან შედარებით ახლო ზონებში წარმოებას (აღმოსავლეთი ევროპა, კავკასიის ქვეყნები, თურქეთი) და სატრანსპორტო ხარჯების შემცირებას. 

სანიმუშო ბენეფიციარი

„ჯეო-ემ-ტექსი“ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სანიმუშო ბენეფიციარია, რომელმაც სახელმწიფოსგან 5.5 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიპოვა და შენობა 1 ლარად შეიძინა, რათა ექსპორტისთვის დასავლური ბრენდები ეწარმოებინა.

ქარხანა 2015 წელს გაიხსნა და 2017 წლამდე სააქციო პაკეტის უდიდესი ნაწილი ორ ადამიანს, ლაშა ბაგრატიონსა და რამაზ საღარაძეს, ეკუთვნოდა. ისინი 42.5% წილების მფლობელები იყვნენ.

ლაშა ბაგრატიონი მუხრან ბაგრატიონის, წარმატებული თბილისელი ბიზნესმენის, შვილია. მუხრან ბაგრატიონი თბილისში სამ სავაჭრო ზონას ფლობს; ასევე სამშენებლო კომპანია „ეკომეტრის“ ყოფილი დირექტორია, რომელმაც თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსი და „ბესიკის ბიზნეს ცენტრი“ ააშენა. 

ლაშას უფროსი ძმა, გიორგი ბაგრატიონი, ამჟამად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯოდმარეა, ხოლო მანამდე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის დეპარტამენტსა და სამგორის რაიონის მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობდა.

70 წლის რამაზ საღარაძე კიდევ ერთი წარმატებული ბიზნესმენის, გრიგოლ მორჩილაძის, სიმამრია. გრიგოლ მორჩილაძე „ეკომეტრის“ დირექტორია, ხოლო მისი მეუღლე ნათია 50% წილს ფლობს.

2014 წლის აპრილში ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, ბრძანებით გრიგოლ მორჩილაძე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა, ქარხნის გახსნამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სწორედ ის ორგანოა, რომელიც სამეწარმეო პროგრამას შენობა-ნაგებობებით უზრუნველყოფს.

მორჩილაძე ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის, ზურაბ ალავიძის, ყოფილი ბიზნეს პარტნიორიცაა. გარდა ამისა, ის, როგორც ამჟამინდელი, ასევე ყოფილი, მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია: 2012 წელს მან 60 000 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა, ხოლო 2016-2017 წლებში 50 000 და 60 000 ლარი — „ქართულ ოცნებას“. 

2017 წელს ქარხანაში სამუშაო პირობების გარშემო სკანდალის შემდეგ რამაზ საღარაძე „ჯეო-ემ-ტექსის“ ერთადერთი მფლობელი გახდა. 

მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად მეპატრონე საღარაძეა, დასაქმებულები ქარხანას ხშირად „მორჩილაძის ქარხანას’“ ეძახიან. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ მორჩილაძე ქარხნის ნამდვილი მფლობელია, საღარაძე კი უბრალოდ შუამდგომელია.

ჩაკეტილი კარი

ვმუშაობდით 09:00-დან 18:00-მდე, სამი შესვენებით — 10 წუთი 11:00-ზე, 40 წუთი 13:00-ზე და ისევ 10 წუთი 16:00-ზე.

ცოტა ხანში შევნიშნე, რომ დაცვის თანამშრომლები შესვენების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოჩნდებოდნენ ხოლმე და გვეუბნებოდნენ, მორჩა შესვენებაო. სინამდვილეში მორჩენილი არ იყო, მაგრამ, რომ ვიკითხე, ამიხსნეს, რომ სამუშაო ადგილამდე მისვლასაც რამდენიმე წუთი სჭირდება.

ამრიგად, ათწუთიანი შესვენების დროს ვერავინ ვერ ვდუნდებოდით და სიგარეტსაც კი ვერ ვეწეოდით ნორმალურად — დაცვის გამოჩენამდეც კი ვგრძნობდით, როგორ გვადგანან თავზე. 

„დაცვის გამოჩენამდეც კი ვგრძნობდით, როგორ გვადგანან თავზე“. ილუსტრაცია: დათო ფარულავა.

ფაბრიკიდან გასვლა მხოლოდ 40 წუთიანი შესვენების დროსაა შესაძლებელი. მოკლე შესვენებებზე ვერ გავდიოდით და მხოლოდ შიდა ეზოში, მოსაწევ კუთხეში, გასვლა შეგვეძლო. 

სადილად სამზარეულოში გავდიოდით, ოღონდ დეკორაციის გარდა რა ფუნქცია ჰქონდა, გაუგებარია, რადგან საჭმელს იქ არავინ აკეთებდა. ყველა ქალი სახლიდან წამოღებული სადილით მოდიოდა. 

საპირფარეშოში ტუალეტების ორი მესამედი ჩაკეტილი იყო, დანარჩენებში კი ტუალეტის ქაღალდი არ იყო — საკუთარი უნდა გვეტარებინა. 

მარინა ბლაკუნოვა

„ჯეო-ემ-ტექსის“ ამუშავების შემდეგ ხუთ თვეში ქარხნის ხელმძღვანელობა ახალდაარსებულ კომპანიას, „ევროტექსს“, გადაებარა, რომელსაც მარინა ბლაკუნოვა ხელმძღვანელობს. 

მარინა ბლაკუნოვა მოქალაქეობის არმქონე ლატვიელია, ის „ეგერია ჯგუფს“ წარმოადგენს. მისი შვილი ვერონიკა ასევე შეუერთდა მმართველ გუნდს და საკუთარი ბრენდის, „Movi“-ს, გამოშვება დაიწყო.

„ეგერია ჯგუფი“ ოფიციალურად კვირპროსზე რეგისტირირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის სააგენტოა. ის მუშაობს, როგორც შუამავალი ქარხანასა და ბრენდებს შორის, აწვდის მწარმოებელს ქსოვილსა და სხვადასხვა მოდელის შესაფერის მასალას. 

„ევროტექსმა“ თანამშრომლობა დაიწყო შემდეგ ბრენდებთა: Equiline, Dainese, Uvex და Moncler.

ეს უკანასკნელი აქ გამოშვებული ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია, რომლის ზამთრის ქურთუკების ფასი 252$-დან 4587$-მდეა. 2019 წლის ზაფხულისთვის საქართველოში Moncler-ის წარმოებას მარინა ბლაკუნოვა ხელმძღვანელობდა. ზოგიერთი წარმოება ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქარხანაში იყო გადანაწილებული, თუმცა თბილისის საწარმო მაინც ცენტრალურად რჩებოდა. 

მარინა ბლაკუნოვა და ნათია საღარაძე თბილისის მოდის კვირეულზე. ფოტო: ნათია საღარაძის ინსტაგრამი.

„თითებს მოუფრთხილდი“

ჩემს პირველ სამუშაო დღეს ორი აღსანიშნავი რამ მოხდა.

დილით ჩემს სახელოსნოში ერთერთმა ქალმა კივილი დაიწყო, მერე კრუნჩხვებში ჩავარდნილი, ძირს დაეცა. ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა.

როცა გაიყვანეს, ყველა ქალი იმაზე ალაპარაკდა, როგორი სტრესია აქ მუშაობა და როგორ არავინ არაა დაზღვეული მსგავსი შემთხვევისგან. 

ცოტა ხნის შემდეგ მარინა ბლაკუნოვა საწარმოში ჩამოვიდა და ყვირილი დაგვიწყო. მოითხოვდა, ქალის განერვიულებაში დამნაშავეები წინ გამოსულიყვნენ. გვითხრა, რომ ერთმანეთს ცხოველებივით ვექცევით და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და არა მისი. 

ჩვენი გამოლანძღვის შემდეგ მარინა წავიდა და ის მისმა შვილმა, ვერონიკამ, ჩაანაცვლა. მას იტალიური კომპანიის — შესაძლოა, „მონკლერის“, თუმცა ეს ვერ დავაზუსტეთ — წარმომადგენელი შეუერთდა. 

იტალიელს სიცხე, როგორც ჩანს, არ ადარდებდა, ვერონიკასთან ახალ მოდელზე მსჯელობდა. თუმცა ჩვენს ხმამაღალ ლაპარაკზე, ან უარესი, გაცინებაზე, ვერონიკა გვივარდებოდა და გვიყვიროდა, რომ სტუმრის წინაშე ვარცხვენდით.

დღის მეორე ნახევარში გავიგეთ, რომ გერმანიიდან შარვლების პარტია დაგვიბრუნდა. წუნი დაადეს. შარვლები „ევროტექსის“ ქვეკონტრაქტორმა, ტყიბულის ქარხანამ შეკერა, თუმცა საბოლოო ხარისხი თბილისში შეამოწმეს, როგორც უფროსმა კონტროლიორებმა, ასევე — თავად მარინამ. მიუხედავად ამისა, გაცოფებული იყო და ჯავრი ჩვენზე იყარა. სახელოსნოში შემოვარდა და გვითხრა, რომ „ჩვენს შეცდომებს ჩვენვე ავანაზღაურებთ“.

ჩემს თანამშრომლებს სახეები შეეცვალათ, როცა გაიგეს, რომ 20:00-მდე უნდა დარჩნენ და წუნიანი პროდუქცია გამოასწორონ. ეს მუშაობის ზედმეტი ორი საათია. როგორც აღმოჩნდა, ამაზე მეტ ხანსაც დარჩნენ. 

მთელი დღის განმავლობაში ადამიანური რესურსების მენეჯერი მხოლოდ ერთხელ დამელაპარაკა, ოღონდ ეს „საუბარი“ რამდენიმე წამს გაგრძელდა. გვერდით ჩამიარა და, სანამ რაღაცის კითხვას მოვასწრებდი, მომაძახა, თითებს მოუფრთხილდიო. 

ჩემი სახელოსნოს უფროსს ვკითხე, პირველი დღისთვის ხელფასს თუ ვიღებდი და მიპასუხა, რომ ეს ბუღალტრის გადასაწყვეტი იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ „მოსწავლის კატეგორიის“ ხელფასს ავიღებდი და, „რა თქმა უნდა, სხვებზე დაბალი იქნებოდა“, მაგრამ არავინ არ დამიკონკრეტა, რამდენს. 

დღის ბოლოს ქარხნიდან გასვლისას დაცვამ ჩანთა შემიმოწმა. როგორც აღმოჩნდა, ქურდობა ფაბრიკაში იშვიათობა არ იყო, რაზეც ყოფილმა დასაქმებულმა მიამბო.

მადონას ამბავი

მადონა თარხნიშვილმა „ევროტექსში“ მუშაობა საწყობის უფროსის თანაშემწედ დაიწყო, თუმცა დააწინაურეს მას შემდეგ, რაც საწყობის უფროსს ბუმბულის რამდენიმე ტომრის მოპარვა დაბრალდა. 

მადონას ეს პოზიცია არ სურდა. 

„თავს საფრთხეში ვგრძნობდი იმ ადგილზე, იმიტომ, რომ საწყობის თანამშრომლების თვალწინაა ყველაფერი, რაც ამ ქარხანაში ხდება“.

მართლაც, მადონა თავად შეესწრო ფაბრიკის დირექტორის, მარინა ბლაკუნოვას, ორმაგ თამაშს. 

„ყველა ქურთუკს აქვს ჩიპი ჩაკერებული. ამ ჩიპებით ხდება ქურთუკების ამოცნობა“, — ამბობს მადონა, — „მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ მასალას მეტს მივიღებდით, ვიდრე — ჩიპს. ჩვეულებრივად გააგზავნიდნენ საგამომჭრელოში და დაამზადებდნენ 100 ქურთუკის მაგივრად, ვთქვათ, 120 ქურთუკის დეტალს“.

„საქმე ისაა, რომ „მონკლერის“ ჩვეულებრივი ქურთუკები შეიკერება ამ ზედმეტი დეტალებსიგან, ორიგინალური ჩიპის გარეშე. მარინა ამ ქურთუკებს თავის ახლო პირებს და ადმინისტრაციას ჩუქნიდა. ზოგს ლილოშიც უნახავს ეგ ქურთუკები“.

ბლაკუნოვა რუსთავის ერთერთ საწარმოსთან თანამშრომლობდა. „ევროტექსი“ მათ მასალას უგზავნიდა, ისინი კი დასრულებულ ქურთუკებს აბრუნებდნენ. მადონა ყოველთვის ზუსტი რაოდენობის დეტალს აგზავნიდა, ამიტომ რუსთავის საწარმოს უფროსი, ნუგზარ კახიძე, მათ არასდროს ითვლიდა. 

„ეს კაცი მენდობოდა. კარგი თანამშრომლობა გვქონდა და მარინამ ეგ შენიშნა. ერთხელ, როცა ძვირიანი ბეწვი შემოგვივიდა, საწყობში შემოვიდა და, სანამ რამეს ვიტყოდი, ხელი ჩაყო ყუთში და ერთი-ორი ბეწვი ისე ამოიღო, რომ სკოჩიც არ გაუხევია“.

„გენდობაო და არ შეამოწმებსო“, — იხსენებს მადონა მარინას ნათქვამს.

„ამის მერე სულ ცდილობდა, რაღაც [ცუდი] მოეწყო ჩემთვის“. 

მანამდე კი მადონა სულ უფრო მეტ საეჭვო საქციელს ატყობდა. მაგალითად, ახალი თანამშრომლების აყვანას, რომლებიც ქარხანაში არასდროს ჩანდნენ. როცა მადონა დააწინაურეს, მის ყოფილ თანამდებობაზე არავინ აუყვანიათ.

„ჩემი წინა ხელფასი 450 ლარი იყო, მაგრამ არავინ მოსულა, რომ აეღო. [ადამიანური რესურსების მენეჯერის] ნინო ელოშვილის შვილი რაღაც თანამდებობაზე იყო გაფორმებული. ასევე ბუღალტერის დედა, თუმცა არც ერთი თვალით არ გვინახავს ქარხანაში“.

შემდეგ მარინამ დამლაგებლები გაათავისუფლა და დასაქმებულებს მოსთხოვა, თავად დაელაგებინათ სამუშაო ადგილი. მადონა კი იმაზე დაფიქრდა, დამლაგებლების ხელფასები სად მიდიოდა. 

„მარინას არ უნდა წესიერი თანამშრომლები. ფულზე ვინც ჩაფიქრდება, იქ დიდხანს არ გააჩერებენ“.

მადონას ფიქსირებული 700-ლარიანი ხელფასი უნდა ჰქონოდა, თუმცა სრულად არცერთხელ აუღია. მარინა ყველა შემთხვევით სარგებლობდა, რომ ანაზღაურება ჩამოეჭრა. 

„საგამომჭრელოს დაეხმარეო, მითხრა. მაგრამ მანდ ვერ ვიმუშავე, ბევრი დახრაა საჭირო და ზურგი ამტკივდა. 150 ლარი ჩამომაჭრა ისეთ რაღაცაში, რაც ჩემი საქმეც კი არ იყო“, — იხსენებს მადონა.

„ბოლო თვეს 5 ლარი ჩამომიტანეს და დამიდეს მაგიდაზე. ეს არის შენი ამ თვის ხელფასიო. ამაზე მეტს არ იმსახურებ შენი შეცდომებისთვისო.“

დაბალი ხელფასის გამო, მადონამ სესხი აიღო. „ჩემს ქმარს ვერ ვუთხარი ეგ“, — ამბობს მადონა, — „კინაღამ ოჯახი დამენგრა მაგ სამსახურის გამო“.

მადონას თქმით, ყველაზე ცუდი მაინც შეურაცხყოფა და სტრესი იყო. 

„უმიზეზოდ რომ აყვირდებოდა ხოლმე [მარინა], ყველაზე მეტად მაგას ვერ ვიტანდი. წამოვედი, როცა „ზმეიკების“ შეკვრა მესროლა სახელში და „ძუკნა“ დამიძახა“.

მადონამ ფაბრიკის ზოგიერთ თანამშრომელთან კონტაქტი შეინარჩუნა. მათგან გაიგო, რომ ადამიანური რესურსების მენეჯერმა მისი წამოსვლა სამსახურიდან დათხოვად გაასაღა, „ქურდობის გამო. ზუსტად ისე, ჩემი წინამორბედი როგორც გამოუშვეს“. 

მეორე დღე

მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ გუშინ ჩემმა თანამშრომლებმა 21:00 საათამდე იმუშავეს. 12-საათიანი ცვლა. ვეცადე გამერკვია, ზედმეტი სამუშაო საათები როგორ აუნაზღაურდებოდათ, ან საერთოდ აუნაზღაურდებოდათ თუ არა, მაგრამ ეს არავინ იცოდა — თავად ქალებმაც კი. 

ზოგადად ვისთვისაც არ უნდა მეკითხა, ხელფასი რა იქნებოდა, ყველა მპასუხობდა „ვნახოთ, ეს თვე როგორ ჩაივლის“. 

ქარხანაში მკერავებს სამ კატეგორიად ყოფდნენ, მათი გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მიხედვით. თითოეული კატეგორიისთვის არსებობდა მინიმალური ფიქსირებული ხელფასი, თუმცა საბოლოო ანაზღაურება ნორმის შესრულებაზე იყო დამოკიდებული, ამიტომ არავინ იცოდა, თვის ბოლოს რას აიღებდა.

რუსიკო (სახელი შეცვლილია) 50 წლამდე ასაკის მაღალი, მოკლეთმიანი ქალია. ყოფილი მასწავლებელი, ენამოსწრებული და ხანდახან ცოტა ირონიულიც. სანამ გვერდი-გვერდ ვისხედით, თავის ამბავს მომიყვა.

ვაკანსია jobs.ge-ზე ნახა, სადაც 600 ლარს, უფასო კვებასა და დაზღვევას შეჰპირდნენ. აქედან სიმართლე არაფერი აღმოჩნდა. არც საკვები, არც დაზღვევა; ყველაზე დიდი ხელფასი კი, რაც რუსიკოს აუღია, სულ რაღაც 400 ლარი იყო. 

„ჯეო-ემ-ტექსში“ დასაქმებულთა უმეტესობა ნახევარ წელზე ნაკლებია, რაც მუშაობს. ყველა ქალი მეუბნებოდა, რომ ამ სამსახურს მარტო უკეთესის გამოჩენამდე იტანს და მეც იმავეს მირჩევდნენ. მაგრამ შენ კიდევ გაგიმართლაო, მალე შვებულება გიწევსო. 

ასე გავიგე, რომ 24 აგვისტოს ყველანი ერთთვიან „შვებულებაში“ გავიდოდით, გვინდოდა ეს, თუ — არა. ამ თვის ხელფასს მხოლოდ სტაჟიანი დასაქმებულები მიიღებდნენ; უმეტესობა ერთ ლარსაც არ აიღებდა. 

ფაბრიკის იატაკი ყოველთვის ჭუჭყიანია. დამლაგებელი დღეში ერთხელ, დილაობით, მოდის. ფოტო: თამუნა ჩქარეული.

ვცდილობდი, გამერკვია, როგორც ახალი თანამშრომელი, ხელფასს რამდენს ავიღებდი. უპირველეს ყოვლისა, როგორც შემპირდნენ, კერვას საერთოდაც არ ვსწავლობდი, არამედ სხვის სამუშაოს ვასრულებდი, ადამიანისას, რომელიც ჩემამდე წავიდა, რომ საწარმოს ნორმა შეესრულებინა. ნორმაზე მეტიც რომ მემუშავა, 550 ლარს მაინც ვერასდროს გავცდებოდი, რადგან ჩემს საქმეს ერთერთი ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა. 

რუსიკოს სამუშაო გამოცდილება არ ჰქონდა, როგორც ქარხანაში მომუშავე ქალების უმეტესობას, მაგრამ მოთხოვნები ძალიან მაღალი იყო — უშეცდომოდ უნდა დაგვემზადებინა ძვირადღირებული ბრენდის ტანსაცმელი, თანაც სწრაფად და დიდი ოდენობით.

სისწრაფე მთავარი იყო — მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მეორე დღე ვმუშაობდი, ყველა უფრო სწრაფად მუშაობისკენ მომიწოდებდა. 

„შეცდომებს ყოველთვის დასაქმებული აანაზღაურებს“

„ევროტექსში“ დამზადებული ყოველი შარვალი მკერავებისთვის რამდენიმე თეთრია. 

სისტემა დაახლოებით ასეთია: ერთი წყვილი ჯინსის დამზადების თანხა მრავლდება დამზადებული ჯინსის ოდენობაზე და იყოფა სხვადასხვა საწარმო ოპერაციის ღირებულებაზე (მაგ. ქამრის ჩაკერება, ელვა-შესაკრავის დამაგრება, ა.შ.), და თითოეულ ოპერაციაში ჩართული ადამიანების რაოდენობაზე — ზოგ ოპერაციას უფრო მეტი შეფასება აქვს, ვიდრე — სხვას. მკერავები იწერენ, რა ოპერაციას ასრულებენ და რამდენი ერთეული დაამზადეს.

თითქოს ერთადერთი გამონაკლისი ის საქმე იყო, რასაც მე ვაკეთებდი — ღილების დამაგრება. რამდენჯერაც არ ვიკითხე, მაინც ვერ დამითვალეს, ხელფასს რამდენს ავიღებდი. 

წუნიანი პროდუქცია მუდმივი პრობლემა იყო, მაგრამ ხელმძღვანელობა მის მოგვარებას არ ჩქარობდა. იმის მაგივრად, რომ ჩვენთვის დრო მოეცათ, მუდმივად გვაიძულებდნენ, უფრო სწრაფად გვემუშავა. გამოუცდელ კადრებს არარეალურ მოთხოვნებს უყენებდნენ. 

ასეთ ვითარებაში გარდაუვალია წუნიანი პროდუქციის შექმნა, ხელმძღვანელობა კი ბრაზს დასაქმებულებზე იყრის. 

შედარებით მაღალ პოზიციებზე დასაქმებულებმა — ტექნოლოგებმა, ცვლის უფროსებმა და კონტროლიორებმა, გაიაზრეს, რომ წუნისთვის პასუხს ძირითადად მათი ხელქვეითები აგებდნენ.

წუნი თუ შემხვდებოდა, ტექნოლოგს ვაჩვენებდი, მაგრამ შევამჩნიე, რომ ხშირად მეუბნებოდა, არაუშავს, არ არის [გამოსასწორებლად] დასაბრუნებელიო. მე თვითონაც ბევრ შეცდომას ვუშვებდი, იმიტომ, რომ დაღლილობისგან ძლივს ვიჯექი. კონტროლიორები ამას ხედავდნენ, თუმცა თვალს ხუჭავდნენ. 

მათი ლოგიკა თითქოს ასეთი იყო — უკეთესია, რამდენიმე წუნიანი ერთეული გავუშვათ, ვიდრე — ნორმა ვერ შევასრულოთ. 

თუმცა ხანდახან ზოგიერთი მათგანიც ისჯება და სამსახურიდან ათავისუფლებენ, ან დიდ ჯარიმას აკისრებენ. საბოლოოდ, არ აქვს მნიშვნელობა, შეცდომას ვინ აანაზღაურებს — მთავარია, ეს ბლაკუნოვას და ტოპ-მენეჯმენტს არ შეეხოს.

„ფრთხილად იყავი“

შესვენებაზე მოწევისას ერთ გოგოს დავუმეგობრდი, რომელიც ზედა საწარმოში ქურთუკებში მუშაობდა. როგორც მითხრა, იქაც ისეთივე ცუდი სიტუაცია იყო, როგორც ჩვენს სახელოსნოში. ძალიან ცხელოდა და მკერავები მუდმივად ჩხუბობდნენ. თავად აქ მუშაობა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ რამდენიმე თვე სამსახურს ვერ პოულობდა. 

მითხრა, რომ ყველაზე მეტად [უხელფასო] შვებულებაზე ოცნებობდა. დასაქმებულთა უმეტესობაც იმავეზე ოცნებობდა — ხანდახან ვინმე წამოიძახებდა: „ფულის დედაც, ნეტა ცოტა დამასვენა“. 

16:00 საათისკენ ლაპარაკის ენერგია უკვე აღარავის აქვს. ხშირად მესმოდა, როგორ უწოდებდნენ ჩემი თანამშრომლები ქარხანას „საგიჟეთს“.

მაიკო, რომელიც ჩემს გვერდით მუშაობდა, მეუბნებოდა, რომ პირველი თვე ყოველდღე ტიროდა. შენ მაგაზე არ იდარდოო, მითხრა. „შეეჩვევი“.

ქალები ჩვეული ამბავივით ყვებოდნენ, როგორ მიდიან სახლში სამსახურის მერე და როგორ მკვდრებივით ეცემიან ტახტზე. მეც ასე ვგრძნობდი თავს. თუმცა ჩემთვის ყველაფერი ბევრად იოლი იყო. ჩემგან განსხვავებით, მათ ოჯახში სამუშაოს მეორე ცვლა ელოდათ. 

შუადღისთვის მტვერზე ალერგია დამეწყო. სახე მექავებოდა და გამომაყარა, რაზეც სხვა ქალებს ვუთხარი. მიპასუხეს, რომ მათ ყოველდღე იგივე სჭირდათ. 

დამლაგებელი დღეში ერთხელ, დილით, მოდიოდა და მტვერსასრუტით ალაგებდა, მაგრამ ამ დღეს მხოლოდ დახვეტა. 15:00-სკენ კონცენტრაცია დამეკარგა და ერთი-ორჯერ თითის წვერზეც მოვირტყი პრესი.

„ფრთხილად იყავი“, — მეუბნებოდნენ ქალები.

რუსიკომ მითხრა, ვითომ ტუალეტში გინდა წასვლა, მიდი და ცოტა დაისვენეო. მე სულ მასე ვაკეთებო.

ტუალეტების უმეტესობა ჩაკეტილია და ქაღალდიც არცერთში არ არის. ფოტო: თამუნა ჩქარეული.

ამ დროს რუსიკომ ტრავმა მიიღო — ხელი მაკრატლით გაიჭრა. სხვა მკერავმა პირველადი დახმარების ჩანთა მოიტანა, მაგრამ შიგნით ლეიკოპლასტი არ იდო.

დღის ბოლოს ადამიანური რესუსების მენეჯერი, ნინო ელოშვილი, საწარმოში ჩამოვიდა და გვითხრა, რომ რუსთავის ტრანსპორტს აგვიანდებოდა, ამიტომ ისინი, ვინც რუსთავში მიდიოდა, 19:00-მდე ვერ წავიდოდნენ. 

ხელმძღვანელობა სამარშრუტო ტაქსის განრიგსაც კი აკონტროლებდა. თითქმის მთლიანად მათ განკარგულებაში ვიყავით. თუმცა მოგვიანებით ისეთი ამბავი მოვისმინე, რომლის გვერდით ჩემი გამოცდილებები არც ისე ცუდი იყო. 

ლელას ამბავი

36 წლის ლელა მიგენეიშვილი 2016 წელს საგამომჭრელოს უფროსად მუშაობდა და, როგორც თვითონ იხსენებს, მარინა ბლაკუნოვა „თავის მზეს“ ეძახდა მანამ, სანამ ერთ კვირა დღეს საგამომჭრელოს თანამშრომლები სამსახურში არ გამოვიდნენ.

საგამომჭრელოს ყოველთვის ბევრი სამუშაო აწვებოდა, ამიტომ ლელას ზოგჯერ საქმე სახლშიც მიჰქონდა ან თავის თანამშრომლებს სთხოვდა, გვიანობამდე დარჩენილიყვნენ ან კვირას ემუშავათ. ამ ზედმეტი საათებისთვის მათ არავინ უხდიდა. როგორც ლელამ მითხრა, ზედმეტს მხოლოდ იმიტომ მუშაობდნენ, რომ უფროსის ჩაგვრა აერიდებინათ თავიდან. 

ლელა მაინც საქმის ერთგული იყო და მარინაც იმ კვირა დღემდე, უფასებდა შრომას. იმ კვირას ყველაფერთან ერთად გიორგობაც იყო, ამიტომ ლელამ ვერ გაბედა თავისი თანამშრომლებისთვის ეთხოვა, სამსახურში გამოსულიყვნენ. 

შემდეგ დღეს წარმოების უფროსმა ამის შესახებ ბლაკუნოვას შეატყობინა. 

განრისხებული მარინა საგამომჭრელოში ჩამოვიდა და ლელას თანამშრომლების წინ შეურაცხყოფა მიაყენა.

„ყვიროდა და სახაზავს ურტყამდა მაგიდაზე“. ლელას იმედი ჰქონდა, რომ ეს ერთდღიანი გაურკვევლობა იქნებოდა, თუმცა ამაოდ. „ყოველთვის ვცდილობდი, მისი შექება დამემსახურებინა, მაგრამ არ მიფასებდა“. 

მერე ახალი და რთული მოდელი შემოვიდა, რომელშიც ლელა სწრაფად ვერ გაერკვია. მარინას შეწუხება უფრო მეტი შეურაცხყოფის შიშით ვერ გაბედა.

შედეგად, საგამომჭრელომ გეგმა ჩააგდო. 

სასოწარკვეთილი ლელა მარინას შეეხვეწა, კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გამოეყო საგამომჭრელოსთვის, თუმცა უარი მიიღო. ერთერთი თანამშრომელი სამსახურიდან წამოვიდა, რადგან სტრესს ვერ გაუძლო, მაგრამ მარინამ ლელა დაადანაშაულა, რომ თანამშრომლის წამოსვლა ქარხნის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ნაწილი იყო.

ის ლელას დაემუქრა, როგორც ლელა იხსენებს, „მითხრა, შენ არ იცი, ვინ ვარო. ცხოვრებას გაგიმწარებ და შემეხვეწები, რომ გავჩერდეო“.

ლელა იხსენებს, რომ გული მისდიოდა და ბლაკუნოვას ოფისიდან პირდაპირ ქარხნის ექიმთან წავიდა. რამდენიმე წამში ბლაკუნოვა ოთახში შემოვარდა და შეეცადა, ლელასთან ერთად ჩაკეტილიყო კაბინეტში.

„ადამიანის სახე სრულად დაკარგა. წარმოდგენა არ მაქვს, რას მიპირებდა იმ ოთახში“. აურზაურში ლელამ მოახერხა, ოთახიდან გამოქცეულიყო და ისევ საგამომჭრელოში გაიქცა.

სამუშაო მაგიდიდან ყველაფერი გადმოყარა, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა. შეშინებული თანამშრომლები ცდილობდნენ, ლელას ხელები სახიდან მოეცილებინათ, მაგრამ სხეული სრულიად გაეყინა. როცა საბოლოოდ მოახერხეს ხელების გაშვება, ლელას სახე გალურჯებოდა.

ბლაკუნოვამ დაცვას ლელას გარეთ გაგდება უბრძანა. წვიმდა. 

ლელა შვილის დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს.

მისი „ურჩობის“ გამო, ლელას თანამშრომლებს იმ თვის ხელფასი არ ჩაერიცხათ. როცა პროტესტი გამოთქვეს, ხელფასი, ლელას გარდა, ყველამ მიიღო. შემდეგ ხელმოწერები შეაგროვეს, რომ ლელა ცუდი უფროსი იყო და გამოშვებას იმსახურებდა. 

მისმა ერთერთმა მუშამ ხელმძღვანელობას სამადლობელო წერილიც კი დაუწერა. 

გატეხილი დაპირება

ლელა ერთადერთი არ იყო, ვინც მარინასგან და მენეჯმენტისგან შევიწროებას განიცდიდა. ლელას გათავისუფლების შემდეგ მან და დაახლოებით ოცდაათმდე დასაქმებულმა გაერთიანებულ პროფკავშირებს მიმართეს ჩამოჭრილი ხელფასების დასაბრუნებლად. 

პროფკავშირების კამპანიას გიორგი დიასამიძე უძღვებოდა. მან მარინა ბლაკუნოვასთან ურთიერთობის გამოცდილება გამიზიარა.

„მითხრა, რომ ჩვენ [ქართველები] მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ მან ხალხს სამსახური მისცა“. 

გიორგიმ მარინა გააფრთხილა, რომ „მონკლერს“ პირდაპირ, ოფიციალური წერილით, მიმართავდა, რაზეც მარინამ გაუცინა. „მითხრა, რომ ოლგა მარკოვა, მონკლერიდან, მისი დაქალია და ვერაფერს მივაღწევთ“.

ოლგა მარკოვა მონკლერის წარმომადგენლებთან ლაურა ღაჭავას ფაბრიკაში, სადაც ბრენდს 2014 წელს აწარომებდნენ. ფოტო: Facebook ‘სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა’.

ლელას თქმით, „მონკლერის“ წარმომადგენლები ქარხანაში ხშირად მოდიოდნენ. დასაქმებულებს მათთან ლაპარაკი ეკრძალებოდათ. ერთერთმა მკერავმა იტალიური იცოდა და სტუმრებს დაელაპარაკა. ის ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. 

მარინა თანამშრომლებს სტუმრების თანდასწრებით უყვიროდა, თუმცა მათ არაფერი უთქვამთ.

გაერთიანებული პროფკავშირების კამპანიის შემდეგ ბრენდმა „ევროტექსში“ გარკვეული მონიტორინგი ჩაატარა.

გიორგი დიასამიძის თქმით, „დასაქმებულები კომპანიის წარმომადგენლებს ცალკე ოთახში ელაპარაკებოდნენ, კართან კი ადმინისტრაციის თანამშრომელი ხვდებოდათ“.

ხელფასების მოთხოვნა მხოლოდ ორი ვიდეოს გავრცელების შემდეგ დაკმაყოფილდა, სადაც მარინა დასაქმებულებს უყვირის და დაცვა მათ ქარხნის დატოვების შესაძლებლობას არ აძლევს.

ლელამ ხელფასი სრულად მიიღო, სხვა დასაქმებულებმა კი — ნაწილობრივ. 

მაგრამ ლელას ეს გამარჯვება ძვირად დაუჯდა. მისი თქმით, რამდენიმე დღეში მის მეუღლეს უცნობმა პირმა დაურეკა, რომელმაც ლელა უზნეობაში დაადანაშაულა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ლელა მეუღლემ მიატოვა.

ლელამ ტრავმის გადატანა შეძლო — დღესდღეობით ისევ დასაქმებულია და ახალ პარტნიორთან ცხოვრობს. ქარხანაში მუშაობას თავისი ცხოვრების ყველაზე ბნელ პერიოდად მოიხსენიებს. 

„თვეების განმავლობაში მაგ ფაბრიკის გადასახვევს ცრემლების გარეშე ვერ გავდიოდი“.

მესამე დღე

მესამე დილით ნინო ელოშვილმა ხმამაღლა გამოგვიცხადა, რომ დღეს მსურველებს შეეძლოთ, უფრო დიდხანს დარჩენილიყვნენ, თითქოს გუშინ და გუშინწინ ვინმე საკუთარი სურვილით დარჩა. როცა სახელოსნოდან გავიდა, ქალებმა ერთმანეთს უთხრეს, რომ აქ „ყველაფერი ტყუილია“.

გასვლამდე ნინო ელოშვილმა ისიც მითხრა, რომ უსაფრთხოების საბუთებს ჩამომიტანდა, სადაც ხელი უნდა მომეწერა. ამის შემდეგ არ დაბრუნებულა, თუმცა სხვა ქალებს რომ ვკითხე, მითხრეს, რომ ამ საბუთზე ხელი ყველას ჰქონდა მოწერილი; კერძოდ, რომ ყველა მიღებული ტრავმა მათი პასუხისმგებლობა იყო და მანქანის დაზიანების შემთხვევაში, თანხას ისინი ანაზღაურებდნენ.

სხვათა შორის, მანქანებს გაფუჭებაში მოხმარება არ სჭირდებოდათ, მტვერი და ცვეთა საკმარისი იყო. ტექნიკოსები სახელოსნოში ხშირად ჩამოდიან, რადგან მანქანებიც ისეთივე დაქანცულები არიან, როგორც — მუშები.

მანქანები ხშირად ფუჭდება დაგროვებული მტვრის გამო. ფოტო:თამუნა ჩქარეული.

მესამე დღეს კონდიციონერიც გამოწმინდეს. ერთი უდაბნოს სამყოფი მტვერი გადმოვიდა. მტვერსასრუტსაც იგივე სჭირს — ან საერთოდ არ მუშაობს, ან დაგროვებული მტვრის გამო, სუსტად იწოვს ნაგავს. მტვერი, ხელმძღვანელობისა არ იყოს, ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. 

დღის მიზნად დავისახე, საბოლოოდ გამეგო, ხელფასები როგორ ნაწილდებოდა. მთავარ ტექნოლოგს ველაპარაკე, რომელმაც ამიხსნა, რომ თითოეულ კატეგორიაში მაქსიმალური ხელფასი იყო 300 ლარი — პირველ კატეგორიაში, 400 ლარი — მეორეში და 550 ლარი — მესამეში.

ერთი შეხედვით, მარტივი სისტემაა, თუმცა მაინც გაუკრვეველია, საბოლოოდ რას აიღებ. ხელფასი დამოკიდებულია სახელოსნოს გამომუშავებაზე და იმაზე, თუ რამდენად შეარსულებ გეგმას, რომელიც, ტექნოლოგის თქმით, „ნორმისგან ძალიან შორსაა“.

რასაც სხვაგან „ზედმეტ მუშაობას“ ეძახიან, აქ ჩვეულებრივი რაოდენობაა. ტექონოლოგმა ისიც დაამატა, რომ მე ჯერჯერობით მოსწავლე ვარ და ჩემი ანაზღაურების გამოთვლა რთულია, ამიტომ საბოლოოდ ამას მხოლოდ ხელფასის დღეს გავიგებდი. 

„მაშინ ფიქსირებულ ხელფასს რაღა აზრი აქვს?“, — ვიკითხე, მაგრამ, როგორც ყოველთვის, პირდაპირი პასუხი არ მიმიღია. სინადმვილეში, არავინ იცის, რამდენად გაუმართლებს შემდეგ თვეს და კითხვებსაც არავინ სვამს. ვინც ბევრ კითხვას სვამს, ქარხანაში დიდ ხანს არ ჩერდება. 

სადილის დროს კიდევ ერთ ქალს ვესაუბრე, ვინც ზევით განყოფილებაში კონტროლიორად მუშაობდა. მან ჩემი მოსაზრება დაადასტურა და ისიც დაამატა, რომ ზურგის ტკივილის გამო, გაცდენილი დღისთვის ხელფასი ჩამოეჭრა. კონტროლიორებს მთელი დღე ფეხზე დგომა უხდებათ, ამიტომ ზურგის ტკივილი მათთვის ჩვეული რამაა, მაგრამ ზოგჯერ იმდენად გაუსაძლისი ხდება, რომ მუშაობა შეუძლებელია.

„ჯეო-ემ-ტექსის“ მუშებმა კარგად იციან, რომ მათ არასათანადოდ ეპყრობიან, მაგრამ ვერ ხედავენ, რა შეიძლება, მოიმოქმედონ. ხელისუფლებასაც არაფერს აბრალებენ. მათთვის ქარხანა ერთგვარი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

„კერძო საკუთრებაა“, მითხრა რუსიკომ. „რასაც უნდათ, იმას შვრებიან, ასეთი წესები აქვთ“. მახსოვს, იმ დღეს, ეს როცა თქვა, კისერზე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, ყელსახვევი ეკეთა. 

სამდღიანი მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, ადამიანური რესურსების მენეჯერს დაველაპარაკო და ვკითხო, კერვას როდის ვისწავლი. ნახევარი საათი მის კართან გავატარე, თუმცა არ გამოსულა. ისევ უფროს ტექნოლოგთან ჩავედი.

„ჯერ არ იქნება ეგ“, — მითხრა, — „შარვლის ახალი მოდელი შემოდის და არავინ გვყავს, ღილები რომ მიარტყას“. 

ეპილოგი

„ჯეო-ემ-ტექსში“ მუშაობა რომ დავასრულე, „ევროტექსს“ და იქ წარმოებული ბრენდების კომპანიებს დავუკავშირდი.

ვკითხე იმ დარღვევებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, რასაც ქარხანაში მუშაობის დროს შევესწარი და სხვებისგან მოვისმინე.

გერმანულმა კომპანია „Uvex“-მა, რომლის შარვლებსაც ვკერავდით, შემატყობინა, რომ ქარხანასთან თანამშრომლობა „დროებითი სატესტო რეჟიმის“ ფარგლებში იყო გაფორმებული და 2019 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდა.

„Moncler“-ის ბრენდმა მომწერა, რომ „ყოველთვის პატივს სცემდნენ და იცავდნენ ადამიანის უფლებებს თავისი საქმიანობისა და გავლენის ყველა სფეროში. ამ მიზნით, ისინი არაწმოებენ პერიოდულ აუდიტს გარე ინსპექტორების საშუალებით. ამ მიდგომას ვიყენებთ ყველა ქვეყანაში, სადაც „Moncler“ ოპერირებს“.

მათ დაამატეს, რომ „წარსულში ვთანამშრომლობდით, მაგრამ ამჟამად არ ვმუშაობთ „Eurotex“-ით მოხსენიებულ მიმწოდებელთან“.

„Equiline“-ის ბრენდმა მადლობა გადამიხადა შეტყობინებისთვის, მაგრამ დაამატა, რომ ყოლვეთვის „ნერგავდნენ პროცედურებსა და ვერიფიკაციას მათი კორპორატიული სტანდარტების შესაბამისად და არაფერი გამოუვლენიათ“.

„ევროტექსის“ სახელით მარინა ბლაკუნოვას შვილმა, ვერონიკამ, მიპასუხა. მან წერილს იურისტების შედგენილი დოკუმენტი დაურთო, სადაც ეწერა, რომ “ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმებულების მიმართ უსამართლო და დამამცირებელ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“. ოპერირების სამწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, არცერთი მსგავსი პრეტენზია, მათ შორის, სამართლებლივ ჭრილში „ევროტექსის“ წინააღმდეგ წამოყენებულიც კი არ ყოფილა“.

ასევე წერდნენ, რომ კომპანია „ევროტექსს“ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე „დროებით შეჩერებული აქვს აქტიური სამეწარმეო საქმიანობა, შესაბამისად ჩვენს ორგანიზაციაში დღეს პრაქტიკულად აღარ გვყავს დასაქმებული პირები“. სტატიის დასრულების შემდეგ ქარხანას ვეწვიე და წინა ნაწილი მართლაც ჩამოშლილი დამხვდა, თუმცა შემოვლისას აღმოვაჩინე, რომ უდიდესი ნაწილი ისევ მუშაობს. სადილად გამოსული ჩემი ყოფილი თანამშრომლებიც კი ვნახე. 

ეს არის სამნაწილიანი გამოძიების მეორე ნაწილი საქართველოს სამკერვალო ინდუსტრიაზე. იგი მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.