fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

სარედაქციო სვეტი | ხელისუფალთა დუმილი მედიას გზას უხსნის ამბების უპასუხისმგებლოდ გაშუქებისაკენ

28 November 2017
(ლუკა პერტაია /OC Media)

საქართველოს ხელისუფალთა გადაწყვეტილებამ, გასულ კვირას თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დეტალებზე თითქმის არაფერი ეთქვათ, მედიას ინტერპრეტაციისათვის ფართო ასპარეზი დაუტოვა. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა სახელმწიფოს დამანგრეველი უუნარობა, გაუმკლავდეს სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოების გამოწვევას კრიზისულ სიტუაციებში, და ხაზი გაუსვა მედიის უხერხემლობას  მსგავსი საკითხების მგრძნობიარედ და გონივრულად გაშუქებისას.

[სტატია ინგლისურ ენაზე — Read in English]

[სტატია რუსულ ენაზე — Читайте на русском]

არცთუ ისე წარმატებული კონტრტერორისტული ოპერაციისას, რომელიც 21 ნოემბერს თბილისის ისნის რაიონში დაიწყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ოთხი ოფიცერი დაიჭრა. დაიღუპა სამი სავარაუდო ტერორისტი.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეჭვმიტანილებს “კვირების განმავლობაში” აკვირდებოდნენ; მათივე თქმით, ჯგუფის ერთი წევრი სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს. და მაინც, ისევ იმეორებენ, რომ ოპერაციის სამიზნეები ჯერაც ვერ ამოუცნიათ.

იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი დეტალები გაენდოთ, ხელისუფლების დუმილმა მედიას უბიძგა, მოვლენათა საკუთარი ვერსიები შემოეთავაზებინა და მათი წარმოსახვის უნარს ფრთები შეასხა.

ყველაფერი ეს ქართულ და თურქულ ონლაინ მედიას შორის გაფუჭებული ტელეფონის თამაშს დაემსგავსა, — მრავალი ქართული გამოცემა დაეყრდნო სხვადასხვა თურქულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ უსახელო წყაროს და შეუერთდა მათ იმის მტკიცებაში, რომ სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის ახმედ ჩატაევიც იყო. ჩატაევი ისლამური სახელმწიფოს ცნობილი წევრია (ან იყო), რომელსაც 2016 წელს სტამბულის აეროპორტზე სისხლიანი თავდასხმის ორგანიზებაში სდებენ ბრალს. იგი 2012 წლის ლოპოტას სპეცოპერაციიდან შეიძლება, ეცნობოდეს ქართულ საზოგადოებას, რის შედეგადაც, სულ ცოტა 11 ჩეჩენი მებრძოლი და უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელი დაიღუპა. სპეცოპერაციის დეტალები ბოლომდე ჯერაც უცნობია, ჩატაევის წინააღმდეგ საქმე კი 2013 წელს დაიხურა მტკიცებულებების არარსებობის გამო.

Advertisements

26 ნოემბერს თანამდებობის პირების რამდენიმედღიანი სიჩუმისა და მედიის მიერ გავრცელებული სპეკულაციების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა, გამოაცხადა: არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა შორის ჩატაევიც არისო. გომელაურმა, ერთი შეხედვით, ამ არაფრისმთქმელი განცხადებით ყველაზე ფართოდ გავრცელებული თეორია დაადასტურა.  

მის განცხადებას ‘ექსკლუზიური’, თუმცაღა ოდნავ წინააღმდეგობრივი კადრების გავრცელება მოჰყვა ქართული პოლარიზებული მედიაგარემოს ორი ყველაზე გავლენიანი მოთამაშის, ტელეკომპანია ‘იმედისა’ და ‘რუსთავი2’-ს, ეთერში.

‘რუსთავი2’-მა კვირა საღამოს დასახიჩრებული ცხედრების საზარელი ფოტოები გვიჩვენა, რომლებიც სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. მათ ისიც განაცხადეს, რომ ოთხის ნაცვლად, ექვსი ეჭვმიტანილი ცხოვრობდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და ორი მათგანი სპეცოპერაციის დაწყებამდე გაიპარაო. არცერთი ეს ცნობა, მათ შორის ‘იმედის’ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა თავი აიფეთქა, ხელისუფლებას არც უარყვია და არც დაუდასტურებია.

როგორი გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, მედიის ასეთი რეაქცია ბუნებრივი იყო. ხომ ვიცით, რომ ასეთია რეალობა — მნიშვნელოვანი მოვლენების გარშემო შექმნილ ინფორმაციულ ვაკუუმში ჟურნალისტები ყველა შესაძლო წყაროსგან ცდილობენ ინფორმაციის მოპოვებას. ეს კი ველური კონკურენციის ეპოქაში ხშირად ახალი ამბის სენსაციაზე ორიენტირებული გაშუქებით სრულდება, ოღონდ ფაქტების გადამოწმებაზე უარის თქმისა და ჭორების გავრცელების ხარჯზე.

იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური განცხადებები ყოველთვის არ ნიშნავს მათ ნამდვილობას — ამას ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებული ‘კონტრტერორისტული ოპერაციებიც’ მოწმობს — ხელისუფალთა დუმილმა შესაძლოა, მავნებლურ სპეკულაციებამდე მიგვიყვანოს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, შიშისა და ცრურწმენების გავრცელების წინაპირობა გახდეს.

დამოუკიდებელი მედიის ისეთი მოკლე ისტორიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა,  კონტრტერორისტული ოპერაციის მსგავსი საკითხის გაშუქება ალბათ მართლაც რთულია, თუმცა სწორედ კრიზისული სიტუაციები გამოცდის ხოლმე პროფესიონალიზმსა და ეთიკურობას; კრიზისული სიტუაციებისას იწრთობა საუკეთესო პრაქტიკები.

კეთილსინდისიერმა, სიმართლის დასადგენად მოწოდებულმა ჟურნალისტებმა დაუღალავად უნდა ვადევნოთ თვალი დეტალებს და თავი არ დავზოგოთ სიმართლის გასარკვევად.

Right now, online media in Georgia is in dire need of safety equipment, legal support, and technology as we cover increasingly challenging circumstances. Support small, independent media outlets in Georgia via our collective fundraiser.

Interested in directly assisting OC Media? Consider becoming a member.