მ. კ., 27, ცხინვალი
„მე ძალიან ბედნიერი საბჭოთა ბავშვობა მქონდა. მეგონა, მთელი ცხოვრება ასეთივე ზღაპარი იქნებოდა, მაგრამ ეს ზღაპარი ძალიან სწრაფად დამთავრდა.“
„მთელი ჩემი ოჯახი ეთნიკურად ოსია, დედა ლენინგორის რაიონიდანაა, მამა — ცხინვალის რაიონიდან. დედამ და მამამ ერთმანეთი თბილისში გაიცნეს. სასწავლებლად იყვნენ ჩასული და იქ შეხვდნენ ერთმანეთს. ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს და თბილისში საცხოვრებლად დარჩნენ.
მრავალსართულიან კორპუსში ვცხოვრობდით, სადაც მეგობრული სამეზობლო გვყავდა. ყველანი სახლის ეზოში ვიკრიბებოდით ხოლმე. იქ უფროსები ისხდნენ და საუბრობდნენ, ან სუფრასთან ქეიფობდნენ, ბავშვები კი იქვე ახლოს თამაშობდნენ. ზოგი კარტს თამაშობდა, ზოგი — ნარდს, ზოგი კი — დომინოს. ყოველთვის მხიარულება იყო.
ჩვენს მეზობლებში იყვნენ სომხებიც, იეზიდებიც, ქართველებიც, ოსებიც, ებრაელებიც, მაგრამ მათ შორის არასოდეს არავითარი განსხვავება არ ყოფილა. ყველა ერთიანი და ერთნაირი ვიყავით.“
„ასეთი ისტორიები ბევრი იყო“
„[უკრაინაში ცხოვრებისას] მესმოდა, რომ თბილისში უკვე არეულობა იყო. ოსებს ცუდად ექცეოდნენ, ოსების ბინებს იკავებდნენ. ჩვენ კი გაგვიმართლა, კარგი მეზობლები აღმოგვაჩნდა და მათ ჩვენს სახლში არავინ შეუშვეს. ამიტომ ჩვენი ბინა ჩვენ დაგვრჩა. დედაჩემის ძმას ძალიან ცუდად მოექცნენ, სცემეს. ის კი ამ დროს უკვე ასაკოვანი კაცი იყო. სადღაც დაუჭერიათ ქართველებს და ისე უცემიათ, რომ დაბრმავდა. სხვადასხვა მოტეხილობა ჰქონდა, მათ შორის — ნეკნების. ეტყობა, შაქარმა აუწია და დაბრმავდა.
მას მერე, რაც გადაადგილება შეძლო, ქალაქი დატოვა და ახლა რუსეთში, ვლადიკავკაზში, ცხოვრობს ცოლთან, ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად.
ვიცი, რომ სამხრეთ ოსეთიდან თბილისისკენ მიდიოდა ავტობუსი, რომელიც გააჩერეს და ყველა ჩამოსვეს. მამაკაცები გააშიშვლეს, ცივ წყალს ასხამდნენ და დიდ სატვირთო-მაცივარში ყრიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ უკან გამოყავდათ, ისევ წყალს ასხამდნენ და უკან აბრუნებდნენ. უმეტესობამ ამას ვერ გაუძლო, ზოგმა ვეღარ აღიდგინა ჯანმრთელობა.
ზამთარში, როდესაც ძალიან დიდი თოვლი იდო, საშინელი ყინვები იდგა, ჩემი დეიდა დაიჭირეს და მდინარეში, ცივ წყალში, შესვლა აიძულეს. ეს ქართული სოფლების რაიონში მოხდა. ჩვენთან, სამხრეთ ოსეთში, სოფლები შერეულადაა განლაგებული – ოსური სოფელი, შემდეგ — ქართული, მერე — ისევ ოსური, შემდეგ — ისევ ქართული. ასეთი ისტორიები ბევრი იყო. ამიტომ ქართველების მიმართ ჩემი დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ, ამის შემდეგ ნეგატიური გახდა.“
„ქალაქი ძალიან შეცვლილი დამხვდა“
„1998 წელს თბილისში დავბრუნდი, იმიტომ, რომ მამა ავად გახდა და მისთვის უნდა მომეარა. ქალაქი ძალიან შეცვლილი დამხვდა. არ ვიცი, შეიძლება, ჩემი პირადი შეგრძნებები იყო, მაგრამ ის თითქოს არამშობლიური მომეჩვენა.
მეზობლებიც თითქოს ცუდად არ მექცეოდნენ. შეიძლება, ითქვას, კარგადაც მექცეოდნენ, მეხმარებოდნენ კიდევაც, რითაც შეეძლოთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგრძნობოდა, რომ აქცენტს ჩემს ოსობაზე აკეთებდნენ. მეუბნებოდნენ, სამწუხაროა, რომ ოსი ხარ, ჩვენიანი რომ ყოფილიყავი, აქ უპრობლემოდ გათხოვდებოდი, ცხოვრებას მოიწყობდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ოსი ხარ, თუმცა კარგი ადამიანი ხარო.
ბევრი ნაცნობი ოსი თავს ქართველად ასაღებდა. ღმერთმა არ ქნას, ვინმეს მათთვის ოსი ეწოდებინა. გვარებს იცვლიდნენ, ბოლოში „შვილი“-ს ამატებდნენ, თითქოს ამას მათი ბუნების შეცვლა შეეძლო.
ჩემი [თბილისიდან] გამგზავრების პერიოდში საქართველოს ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა და თითქოს უფრო სიმშვიდე იყო. თითქოს რწმენა გამიჩნდა, მაგრამ ბოლომდე არ მჯეროდა.
დღემდე არ მჯერა, რომ რამე შეიცვლება. სიმართლე რომ ვთქვა, დღემდე ველოდები მათგან რაიმე მზაკვრობას. არც მაშინ იყო ჩემთვის გასაკვირი, რომ ასეთი ამბები ხდებოდა. იმიტომ, რომ ყოველთვის ცდილობდნენ ოსი ხალხისთვის უჩუმრად ზიანის მიყენებას. დღემდე არ მჯერა, რომ ყველაფერი დამთავრებულია.“
„ისეთი შეგრძნება იყო, რომ ცხოვრება სრულიად გაჩერდა“
„2008 წელს, როცა ომი დაიწყო, სახლში ვიყავი და მეძინა. როგორც კი სროლა დაიწყო, მეზობლებმა კინაღამ ჩემი კარი ჩამოიღეს. შეეშინდათ, რომ იქ დავრჩებოდი და რაღაც დამემართებოდა. ჩემი სარდაფში ჩაყვანაც კი გადაწყვიტეს. მე კი ნამძინარევს არ მესმოდა, გარშემო რა ხდებოდა. შემდეგ მეზობლებთან ერთად ჩავედი სარდაფში და იქ ვისხედით. აფეთქებებისგან კორპუსი სულ ზანზარებდა. ამას სარდაფშიც კი ვგრძნობდით. თითქოს ძლიერი მიწისძვრა იყო.
სარდაფში დაახლოებით ხუთი დღე ვისხედით და, მაშინაც კი, როცა სროლები დამთავრდა, ისეთებიც იყვნენ, ვისაც ამოსვლა არ უნდოდა. ეტყობა, ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ყველაფერი დამთავრდა. მათ მარტო დატოვებას კი ჩვენ არ ვაპირებდით. ამიტომ მთელი კორპუსი იქ იჯდა.
პერიოდულად, როდესაც სიჩუმე ისადგურებდა, სარდაფიდან ამოვდიოდით და სადარბაზოდან გამოვდიოდით.
ყველაზე საშინელი ნანგრევების და გაფუჭებული გზების ყურება იყო – ორმო ორმოზე. ასევე საშინელი მომენტი იყო, რომ არსად ჩანდნენ ბავშვები, არ ისმოდა მათი ხმა. აი, ეს იყო ყველაზე საზარელი. ისეთი შეგრძნება იყო, რომ ცხოვრება სრულიად გაჩერდა.
თბილისში ცხოვრების დროს ერთ მეზობელთან დაბადებიდან ვმეგობრობდი. პერიოდულად ინტერნეტით გვქონდა მიმოწერა. მათ თითქოს ყველაფერი ნორმალურად აქვთ. არ მინდოდა, ამ მოვლენების შესახებ რამე მეკითხა, მე ხომ მასთან ვმეგობრობდი და არ მინდოდა, მასში ჩემთვის რაღაცა ახალი აღმომეჩინა.
მეშინია, რამე ვკითხო. ვაითუ ისიც იმავეს ფიქრობს, რასაც მისი ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ ნეიტრალურ თემებზე ვსაუბრობთ და თვითონაც არასოდეს არ მისვამს უხერხულ კითხვებს. იცის, რომ პირდაპირ ვეტყვი იმას, რასაც ამ ყველაფერზე ვფიქრობ. ეტყობა, თვითონაც არ უნდა ამის გაგონება. ჩვენ ვლაპარაკობთ ასე... ოჯახზე, ბავშვებზე, ვიხსენებთ ბავშვობას და მორჩა. პოლიტიკა ჩვენთვის დახურული თემაა.“
„ჩვენი რელიგია ჩვენი კულტურაა“
„როდესაც დედა მიხვდა, რომ კვდებოდა და მისი ბოლო დღეები დადგა, დაგვიბარა და გვთხოვა, რომ მამაჩემის სოფელში დაგვეკრძალა. იმ მომენტში არ ვფიქრობდით, რომ აქ გადმოვსახლდებოდით. დედას კიდევაც ვთხოვდით, ეს არ დაევალებინა ჩვენთვის, იმიტომ, რომ აქ, თბილისში, უფრო გაგვიადვილდებოდა საფლავზე სიარული.
ეს მისი უკანასკნელი ნება იყო. გადმოვასვენეთ და დავმარხეთ მამის მშობლიურ სოფელში. დედის გარდაცვალების მერე მამამ საფლავი ისე შემოღობა, რომ სიკვდილის მერე ისიც იქ დაგვესაფლავებინა. დღეს ისიც იქ არის დაკრძალული.
სამწუხაროდ, 90იანი წლების ომის დროს მამაჩემის მშობლიური სოფელი ქართველებმა მიწასთან გაასწორეს. იქ პატარა სასაფლაოსა და სალოცავის გარდა, აღარაფერი დარჩა. სამწუხაროდ, დღეს იქ მოხვედრა მაინც გამიჭირდებოდა, რადგან ზუსტად სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედროებმა საწვრთნელი პოლიგონი გააკეთეს. მშობლების საფლავის მოსანახულებლად ბოლოს ორი წლის წინ ვიყავი. მას მერე იქ ვერაფრით ვეღარ მოვხვდი.
ყველანაირად ვცდილობ, ხელისუფლებამდე, პასუხისმგებელ პირებამდე, მივიტანო ეს ამბავი, რომ ასე არ შეიძლება, იმიტომ, რომ ოსებისთვის სასაფლაო ყოველთვის წმინდა ადგილად ითვლებოდა და არ შეიძლებოდა მისი შებღალვა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეს არ ადარდებს, ამაზე არ ფიქრობს, მათთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის.
მაქსიმალურად ვცდილობ, ჩვენს ტრადიციებსა და კულტურას მივდიო. ამით იმაზე უფრო სიღრმისეულად დავინტერესდი, ვიდრე მასწავლიდნენ.
თავიდან ამოწვის ხელოვნებითაც კი ვიყავი გატაცებული. ვცდილობდი ოსური ღვეზელის დაფებზე ოსური ორნამენტის ამოწვას. ნართული ეპოსიდან ეტიუდების შესრულებას. ახლა ბოთლების ოსურ სტილში მოხატვა დავიწყე. იმედი მაქვს, რომ ამაზე არ გავჩერდები და კიდევ რაღაცას ვისწავლი. მინდა, რომ ადამიანებს უფრო სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდეთ ოსური კულტურის, ტრადიციების, რელიგიის მიმართ და მისდიონ მათ. რადგან ჩვენი რელიგია ჩვენი კულტურაა. აი, მაშინ ოსეთი გადარჩება, ფეხზე წამოდგება და უფრო ძლიერი გახდება.“
[წაიკითხეთ ხმა კონფლიქტის მეორე მხრიდან: მ. მ., ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მცხოვრები, 47 წლის. — „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“]
პუბლიკაცია რედაქტირებული ვერსიაა გოგა აფციაურის სტატიისა, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისთვის მომზადდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-სა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შეხედულებებს.