fbpx

ხმა ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტიდან | „დღემდე არ მჯერა, რომ ყველაფერი დამთავრებულია“

მ. კ., 27, ცხინვალი

„მე ძალიან ბედნიერი საბჭოთა ბავშვობა მქონდა. მეგონა, მთელი ცხოვრება ასეთივე ზღაპარი იქნებოდა, მაგრამ ეს ზღაპარი ძალიან სწრაფად დამთავრდა.“

კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები — ქართულ-ოსური კონტექსტი არის ამბების სერია მოყოლილი იმ ადამიანების მიერ, ვინც კონფლიქტის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოექცა, მათი თვალით დანახულ კონფლიქტი და საფასური, რისი გაღებაც მათ მოუხდათ და დღემდე უხდებათ. სერია არის გაგრძელება ჯორჯ მეისონის უნივერსისტეტის ანალიტიკური სტატიე­ბის კრებულისა „კონფლიქტის საფასური: ქართულ­-სამხრეთ ოსური კონტექსტი“.

„მთელი ჩემი ოჯახი ეთნიკურად ოსია, დედა ლენინგო­რის რაიონიდანაა, მამა — ცხინვალის რაიონიდან. დედამ და მამამ ერთმანეთი თბილისში გაიცნეს. სასწავლებლად იყვნენ ჩასული და იქ შეხვდნენ ერთმანეთს. ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს და თბილისში საცხოვრებლად დარჩნენ.

მრავალსართულიან კორპუსში ვცხოვრობდით, სა­დაც მეგობრული სამეზობლო გვყავდა. ყველანი სახლის ეზოში ვიკრიბებოდით ხოლმე. იქ უფროსები ისხდნენ და საუბრობდნენ, ან სუფრასთან ქეიფობდნენ, ბავშვები კი იქვე ახლოს თამაშობდნენ. ზოგი კარტს თამაშობდა, ზოგი — ნარდს, ზოგი კი — დომინოს. ყოველთვის მხიარულება იყო.

ჩვენს მეზობლებში იყვნენ სომხებიც, იეზიდებიც, ქართველებიც, ოსებიც, ებრაელებიც, მაგრამ მათ შორის არასოდეს არავითარი განსხვა­ვება არ ყოფილა. ყველა ერთიანი და ერთნაირი ვიყავით.“

„ასეთი ისტორიები ბევრი იყო“

„[უკრაინაში ცხოვრებისას] მესმოდა, რომ თბილისში უკვე არეულობა იყო. ოსებს ცუ­დად ექცეოდნენ, ოსების ბინებს იკავებდნენ. ჩვენ კი გაგვიმართ­ლა, კარგი მეზობლები აღმოგვაჩნდა და მათ ჩვენს სახლში არავინ შეუშვეს. ამიტომ ჩვენი ბინა ჩვენ დაგვრჩა. დედაჩემის ძმას ძალიან ცუდად მოექცნენ, სცემეს. ის კი ამ დროს უკვე ასაკოვანი კაცი იყო. სადღაც დაუჭერიათ ქართველებს და ისე უცემიათ, რომ დაბ­რმავდა. სხვადასხვა მოტეხილობა ჰქონდა, მათ შორის — ნეკნების. ეტყობა, შაქარმა აუწია და დაბრმავდა.

მას მერე, რაც გადაადგილება შეძლო, ქა­ლაქი დატოვა და ახლა რუსეთში, ვლადიკავკაზ­ში, ცხოვრობს ცოლთან, ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად.

ვიცი, რომ სამხრეთ ოსეთიდან თბილისისკენ მიდიოდა ავტობუსი, რომელიც გააჩერეს და ყველა ჩამოსვეს. მამაკაცები გააშიშვლეს, ცივ წყალს ასხამდნენ და დიდ სატვირთო-მაცივარში ყრიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ უკან გამოყავდათ, ისევ წყალს ასხამდნენ და უკან აბრუნებდნენ. უმეტესობამ ამას ვერ გა­უძლო, ზოგმა ვეღარ აღიდგინა ჯან­მრთელობა.

ზამთარში, როდესაც ძალიან დიდი თოვლი იდო, საშინელი ყინვები იდგა, ჩემი დეიდა დაიჭირეს და მდინარეში, ცივ წყალში, შესვლა აიძულეს. ეს ქართული სოფლე­ბის რაიონში მოხდა. ჩვენთან, სამხრეთ ოსეთში, სოფლები შერეუ­ლადაა განლაგებული – ოსური სოფელი, შემდეგ — ქართული, მერე — ისევ ოსური, შემდეგ — ისევ ქართული. ასეთი ისტორიები ბევრი იყო. ამიტომ ქართველების მიმართ ჩემი დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ, ამის შემდეგ ნეგატიური გახდა.“

„ქალაქი ძალიან შეცვლილი დამხ­ვდა“

„1998 წელს თბილისში დავბრუნდი, იმიტომ, რომ მამა ავად გახ­და და მისთვის უნდა მომეარა. ქალაქი ძალიან შეცვლილი დამხ­ვდა. არ ვიცი, შეიძლება, ჩემი პირადი შეგრ­ძნებები იყო, მაგრამ ის თითქოს არამშობლიური მომეჩვენა.

მეზობლე­ბიც თითქოს ცუდად არ მექცეოდნენ. შეიძლება, ითქვას, კარგადაც მექცეოდნენ, მეხმარებოდნენ კიდევაც, რითაც შეეძლოთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგრძნობოდა, რომ აქცენტს ჩემს ოსობაზე აკე­თებდნენ. მეუბნებოდნენ, სამწუხაროა, რომ ოსი ხარ, ჩვენიანი რომ ყოფილიყავი, აქ უპრობლემოდ გათხოვდებოდი, ცხოვრებას მოიწყობდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ოსი ხარ, თუმცა კარგი ადა­მიანი ხარო.

ბევრი ნაცნობი ოსი თავს ქართველად ასაღებდა. ღმერთმა არ ქნას, ვინმეს მათთვის ოსი ეწოდებინა. გვარებს იცვლიდნენ, ბო­ლოში „შვილი“-ს ამატებდნენ, თითქოს ამას მათი ბუნების შეცვლა შეეძლო.

ჩემი [თბილისიდან] გამგზავრების პე­რიოდში საქართველოს ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა და თითქოს უფრო სიმშვიდე იყო. თითქოს რწმენა გამიჩნდა, მაგ­რამ ბოლომდე არ მჯეროდა.

დღემდე არ მჯერა, რომ რამე შეიცვლება. სიმართლე რომ ვთქვა, დღემდე ველოდები მათგან რაიმე მზაკვრობას. არც მაშინ იყო ჩემთვის გასაკვირი, რომ ასეთი ამბები ხდებოდა. იმიტომ, რომ ყოველთვის ცდილობდნენ ოსი ხალხისთვის უჩუმრად ზიანის მიყე­ნებას. დღემდე არ მჯერა, რომ ყველაფერი დამთავრებულია.“

„ისეთი შეგრძნება იყო, რომ ცხოვრება სრულიად გაჩერდა“

„2008 წელს, როცა ომი დაიწყო, სახლში ვიყავი და მეძინა. როგორც კი სროლა დაიწყო, მეზობლებმა კინაღამ ჩემი კარი ჩამოიღეს. შეეშინდათ, რომ იქ დავრჩებოდი და რაღაც დამემარ­თებოდა. ჩემი სარდაფში ჩაყვანაც კი გადაწყვიტეს. მე კი ნამძი­ნარევს არ მესმოდა, გარშემო რა ხდებოდა. შემდეგ მეზობლებთან ერთად ჩავედი სარდაფში და იქ ვისხედით. აფეთქებებისგან კორ­პუსი სულ ზანზარებდა. ამას სარდაფშიც კი ვგრძნობდით. თითქოს ძლიერი მიწისძვრა იყო.

სარდაფში დაახლოებით ხუთი დღე ვისხედით და, მაშინაც კი, როცა სროლები დამთავრდა, ისეთებიც იყვნენ, ვი­საც ამოსვლა არ უნდოდა. ეტყობა, ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ყველაფერი დამთავრდა. მათ მარტო დატოვებას კი ჩვენ არ ვაპი­რებდით. ამიტომ მთელი კორპუსი იქ იჯდა.

პერიოდულად, როდესაც სიჩუმე ისადგურებდა, სარდაფიდან ამოვდიოდით და სადარბაზოდან გამოვდიოდით.

ყველაზე საშინელი ნანგრევების და გაფუჭებული გზების ყუ­რება იყო – ორმო ორმოზე. ასევე საშინელი მომენტი იყო, რომ არსად ჩანდნენ ბავშვები, არ ისმოდა მათი ხმა. აი, ეს იყო ყვე­ლაზე საზარელი. ისეთი შეგრძნება იყო, რომ ცხოვრება სრულიად გაჩერდა.

თბილისში ცხოვრების დროს ერთ მეზობელთან დაბადებიდან ვმეგობრობდი. პერიოდულად ინტერნეტით გვქონდა მიმოწერა. მათ თითქოს ყვე­ლაფერი ნორმალურად აქვთ. არ მინდოდა, ამ მოვლენების შესახებ რამე მეკითხა, მე ხომ მასთან ვმეგობრობდი და არ მინდოდა, მასში ჩემთვის რაღაცა ახალი აღმომეჩინა.

მეშინია, რამე ვკითხო. ვაითუ ისიც იმავეს ფიქრობს, რასაც მისი ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ ნე­იტრალურ თემებზე ვსაუბრობთ და თვითონაც არასოდეს არ მის­ვამს უხერხულ კითხვებს. იცის, რომ პირდაპირ ვეტყვი იმას, რასაც ამ ყველაფერზე ვფიქრობ. ეტყობა, თვითონაც არ უნდა ამის გა­გონება. ჩვენ ვლაპარაკობთ ასე... ოჯახზე, ბავშვებზე, ვიხსენებთ ბავშვობას და მორჩა. პოლიტიკა ჩვენთვის დახურული თემაა.“

„ჩვენი რელიგია ჩვენი კულტუ­რაა“

„რო­დესაც დედა მიხვდა, რომ კვდებოდა და მისი ბოლო დღეები დად­გა, დაგვიბარა და გვთხოვა, რომ მამაჩემის სოფელში დაგ­ვეკრძალა. იმ მომენტში არ ვფიქრობდით, რომ აქ გადმოვსახლდე­ბოდით. დედას კიდევაც ვთხოვდით, ეს არ დაევალებინა ჩვენთვის, იმიტომ, რომ აქ, თბილისში, უფრო გაგვიადვილდებოდა საფლავზე სიარული.

ეს მისი უკანასკნელი ნება იყო. გადმოვას­ვენეთ და დავმარხეთ მამის მშობლიურ სოფელში. დედის გარდაც­ვალების მერე მამამ საფლავი ისე შემოღობა, რომ სიკვდილის მე­რე ისიც იქ დაგვესაფლავებინა. დღეს ისიც იქ არის დაკრძალული.

სამწუხაროდ, 90­იანი წლების ომის დროს მამაჩემის მშობლიური სოფელი ქართველებმა მიწასთან გაასწორეს. იქ პატარა სასაფლა­ოსა და სალოცავის გარდა, აღარაფერი დარჩა. სამწუხაროდ, დღეს იქ მოხვედრა მაინც გამიჭირდებოდა, რადგან ზუსტად სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედროებმა საწვრთნელი პოლიგონი გააკეთეს. მშობლების საფლავის მოსანახულებლად ბოლოს ორი წლის წინ ვიყავი. მას მერე იქ ვერაფრით ვეღარ მოვხვდი.

ყველა­ნაირად ვცდილობ, ხელისუფლებამდე, პასუხისმგებელ პირებამდე, მივიტანო ეს ამბავი, რომ ასე არ შეიძლება, იმიტომ, რომ ოსების­თვის სასაფლაო ყოველთვის წმინდა ადგილად ითვლებოდა და არ შეიძლებოდა მისი შებღალვა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეს არ ადარდებს, ამაზე არ ფიქრობს, მათთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის.

მაქსიმალურად ვცდილობ, ჩვენს ტრადი­ციებსა და კულტურას მივდიო. ამით იმაზე უფრო სიღრმისეულად დავინტერესდი, ვიდრე მასწავლიდნენ.

თავიდან ამოწვის ხელოვ­ნებითაც კი ვიყავი გატაცებული. ვცდილობდი ოსური ღვეზელის დაფებზე ოსური ორნამენტის ამოწვას. ნართული ეპოსიდან ეტიუ­დების შესრულებას. ახლა ბოთლების ოსურ სტილში მოხატვა და­ვიწყე. იმედი მაქვს, რომ ამაზე არ გავჩერდები და კიდევ რაღაცას ვისწავლი. მინდა, რომ ადამიანებს უფრო სერიოზული დამოკიდე­ბულება ჰქონდეთ ოსური კულტურის, ტრადიციების, რელიგიის მიმართ და მისდიონ მათ. რადგან ჩვენი რელიგია ჩვენი კულტუ­რაა. აი, მაშინ ოსეთი გადარჩება, ფეხზე წამოდგება და უფრო ძლი­ერი გახდება.“

[წაიკითხეთ ხმა კონფლიქტის მეორე მხრიდან: მ. მ.,  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მცხოვრები, 47 წლის. — „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“]

პუბლიკაცია რედაქტირებული ვერსიაა გოგა აფციაურის სტატიისა, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისთვის მომზადდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-სა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შეხედულებებს.

Fierce, independent journalism

Let’s be honest, the media situation in the Caucasus is grim. Every day we are accused of ‘serving the enemy’ whoever that enemy may be. Our journalists have been harassed, arrested, beaten, and exiled. But nevertheless, we persevere. For us this is a labour of love. Unfortunately, we cannot run OC Media on love alone, journalism is expensive and funding is scarce. Our sole mission is to serve the interests of all peoples of the region. You can support us today for as little as $1 a month and join us in the fight for a better Caucasus.

Support Us