fbpx

პრაქტიკული თუ დამანგრეველი: საწინააღმდეგო მოსაზრებები გზის მშენებლობის იდეის გარშემო

ომალო, თუშეთი (დომინიკ ცაგარა /არქივი)

საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმა აქვს, ააშენოს გზა, რომელიც ხევსურეთისა და თუშეთის მთიან რეგიონებს დააკავშირებს. გაცხადებული მიზანი ტურიზმის განვითარება და მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობაა. თუმცა, ადგილობრივებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი პროექტის წინააღმდეგია. მათი თქმით, ეს გზა გაანადგურებს ეკოსისტემას;  ადგილობრივები ეკოტურიზმის განვითარების შანსებს დაკარგავებ, რეგიონები — პირვანდელ სახეს.

აქტივისტებს, ადგილობრივებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს სჯერათ, რომ პროექტი „დამანგრეველია“ ადგილობრივი ეკოსისტემისთვის, ლანდშაფტისთვის; საავტომობილო გზა გაანადგურებს რეგიონების პირველყოფილ სახეს; ადგილობრივები კი დაკარგავენ ტურისტს და დაკარგავენ შემოსავალს. ამ შინაარსის პეტიცია გზის მშენებლობის დაანონსებისთანავე გაჩნდა, რომელსაც ამ დროისთვის თითქმის 7000 ხელმომწერი ჰყავს.

თუშეთისკენ მიმავალი ამჟამინდელი გზა (სოფო აფციაური /OC Media)

პროექტის შესახებ

სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა და ახმეტა — ეს იმ საპროექტო დავალების სრული სახელია, რომელმაც ერთმანეთს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები უნდა დააკავშიროს.

გზის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 200 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა მთავრობას 120 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.

პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ეს იდეა პირველად 2016 წელს თუშეთობის დღესასწაულზე, სოფელ ომალოში ყოფნისას გააჟღერა.

მან თქვა, რომ ახალი გზა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, გაზრდის ადგილობრივთა შემოსავალს და მიამაგრებს მათ მთას; ასევე ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

თუშეთი შემოდგომის დასასრულს მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად იცლება. მკაცრი პირობების გამო, ადგილობრივები გამოსაზამთრებლად ბარში ჩადიან.

Advertisements

ინფრასტუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზის მთლიანი პროექტი ჯერჯერობით მზად არ აქვს. დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ OC Media-სთან განმარტა, რომ  პროექტები ცალ-ცალკე, გზის სხვადასხვა მონაკვეთისთვის, მუშავდება(სეთურიძე, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდშიც დაიწყო პროექტზე მუშაობა, 2 აპრილს ირაკლი კერესელიძემ შეცვალა).

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაახლოებით 160 კილომენტრის მონაკვეთს მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, დანარჩენ მონაკვეთზე კი ახალი გზა მოეწყობა. ახალი გზაც ორ ნაწილად დაიწყოფა: გზის ნაწილი ტურისტებისთვის, რეინჯერებისა და მაღალგამავლობის ავტომობილებისთვის იქნება; ნაწილზე კი — საავტომობილო ტრასა, რომელიც რეგიონთაშორისი დამაკავშირებელი იქნება და თუშეთში გადავა. თუშეთის ახლა მოქმედი გზა, რომელიც სეთურიძის თქმით „საშიში ბილიკია“, შენარჩუნდება და პერიოდულად, გაიწმინდება.

ხედი თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მთის უღელტეხილიდან (სოფო აფციაური /OC Media)

შფოთვები გარემოსდაცვით საკითხებზე

პეტიციაში, რომლითაც გზის მშენებლობას აპროტესტებენ, წერია, რომ ეს იდეა „დამანგრეველია“ და გზის მშენებლობა დაუშვებელია. იანვარში გამოქვეყნებულ პეტიციას ამ დროისთვის უკვე 7000 ხელმომწერი ჰყავს.

ავტორები საგანგაშოს უწოდებენ ფაქტს, რომ პროექტის მიხედვით, დაგეგმილი გზა გადაკვეთს ისეთ ხელუხლებელ მთებს, ტყეებს, უღელტეხილებსა და ალპურ ველებს, სადაც პირველყოფილი ლანდშაფტის, ეკოსისტემისა და ენდემური სახეობების განადგურების საშიშროება იქნება. ასევე მოსალოდნელია კატასტოფული სტიქიური მოვლენები: ღვარცოფები, მეწყერი და ხანძრები.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილი მარშრუტი კვეთს ორ — ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის ეროვნულ პარკებს, რომლებიც ამავე დროს წარმოადგენენ ბერნის კონვენციით დაცულ „ზურმუხტის კანდიდარ საიტებს“.  

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ნაკრესის“ (NACRES) გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ ტერიტორიებს ეროვნული და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ასევე, განცხადებაში საუბარია, რომ  ჯუთა-როშკას მონაკვეთს არ გააჩნია დაცული ტერიტორიის სტატუსი. მიუხედავად ამისა, ისიც არანაკლებ კონსერვაციული მნიშვნელობის, პრაქტიკულად, ხელუხლებელი და უნიკალური, ტერიტორიაა.

„რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ზემოხსენებულ ადგილებში გზების გაყვანა გარდაუვლად გამოიწვევს ამ უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების დეგრადაციას და ნეგატიურად იმოქმედებს წითელი ნუსხის და საერთაშორისო დონეზე დაცულ სახეობებზე“, — ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

პროექტთან დაკავშირებით 26-პუნქტიანი შენიშვნები გარემოს დაცვის სამინისტროსაც აქვს. სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საპროექტო გზის“ ცალკეულ ნაწილებად დაყოფა და მონაკვეთებად წარმოდგენა, მთლიანი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) შესაძლებლობას ვერ იძლევა. ამ დროისთვის მხოლოდ ორი გზშ-ს დოკუმენტი არსებობს, რომელიც ხადორის ხეობამდე მისასვლელ სარეაბილიტაციო გზასა და როშკა-ღელისვაკის მონაკვეთს ეხება.  

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, „როშკა-ღელისვაკის გზშ-ს ანგარიშში სრულად არ არის წარმოდგენილი რიგი გარემოსდაცვითი საკითხები. არასრულყოფილია ჰიდროლოგიური ნაწილის შეფასება; გეოდინამიკური პროცესების დახასიათება არ ეხება უშუალოდ საპროექტო ტერიტორიას; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ანგარიში ვერ აკმაყოფილებს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ვერცერთ საფეხურს“.

დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი სეთურიძე, გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნებს „ბუნებრივ სამუშაო პროცესს“ უწოდებდა და განმარტავდა, რომ გაუგებარია პროექტის მიმართ მსგავსი უარყოფითი დამოკიდებულება, როდესაც ჯერ მხოლოდ ორ მონაკვეთზე მოხდა გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის შემუშავება.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან, მათ გარკვეულ შენიშვნებს არ ვეთანხმებით, ნაწილს გავითვალისწინებთ“, — საუბრობს ის OC Media-თან.

ის ამბობდა, რომ ნორმალურია, თუ საჭიროების შემთხვევაში გარკვეული ზოლების სიიდან ამორიცხვა ხდება: „ამის შესახებ ჩვენ მივმართავთ გარემოს დაცვის სამინისტროს. თუ უარს იტყვიან, ე.ი არ გამოდის პროექტი, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, კონსტრუქციულ შეთანხმებას მივაღწევთ“.

ომალო, თუშეთი (სოფო აფციაური /OC Media)

„მომაშორე სამანქანე გზას“

„გზის პროექტთან დაკავშირებით თუშების სამი კატეგორია არსებობს — მოწინააღმდეგე, მომხრე და მესამე — ვისაც, სახელმწიფოსგან მეტი არგუმენტი სჭირდება, რომ  გზის მშენებლობის სისწორეში დარწმუნდეს“, — ამბობს OC Media-სთან საუბრისას თუში მეცხვარე, დათო მეტრეველი, რომელიც ამ დროისთვის, მესამე კატეგორიას მიეკუთვნება და გზის შესახებ მთავრობისგან მეტი ინფორმაციის მიღებას ელოდება.

გზის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ე.წ. ჩაღმა თუშები, რომელთა ნაწილი სოფელ ომალოსა და მის ახლომდებარე სოფლების ისტორიული მოსახლეები არიან. ახლა მათი ნაწილი ქვემო ალვანში ან კახეთშია დასახლებული. ზაფხულში სოფელი  ომალო თუშეთის ტურისტული ცენტრია.

ლევანი (სახელი შეცვლილია რესპონდენტისვე თხოვნით) სოფელ ომალოდანაა. ის დაცული ტერიტორიების სააგენტოში მუშაობს და ზამთარში სხვა რამდენიმე ერთეულ მოსახლესთან ერთად მკაცრ პირობებში ცხოვრობს. მას რამდენიმე არგუმენტი აქვს, რატომ იქნება ეს გზა თუშეთისთვის ზიანის მომტანი:

„გზის ნაწილი კავკასიონის მთის ჰაბიტატებზე გადის. თუ ვინმეს ერთხელ მაინც გაუვლია აქ, ზამთარ-ზაფხულ აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები თავის ნაშიერებს იქ ზრდიან; ენდემური სახეობის ცხოველები და ფრინველები იქ იყრიან თავს; მურა დათვი, არჩვი. გზის გაყვანით ყველაფერი ეს განადგურდება. თუშეთი კი დაკარგავს თავის სახეს“.

ლევანი ამბობს, რომ გზა ასევე მოსპობს ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს.

„ხშირად გიდადაც ვმუშაობ. ტურისტი მეუბნება — მომაშორე სამანქანე გზას. რატომ მოსწონთ ტურისტებს თუშეთი? იმიტომ, რომ აქ შეუძლიათ, გამოექცნენ ასფალტს, მტვერს, ხმაურს. იარონ ფეხით, ცხენით“.

პეტიციის ავტორები ამბობენ რომ, გზა მძიმე დარტყმას მიაყენებს  ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში საწყის ეტაპზე მყოფ სათავგადასავლო და ეკო-ტურიზმს; მათ შორის საცხენოსნო და საფეხმავლო ტურიზმს; სამთო ველო-ტურიზმს.

ისინი შიშობენ, რომ ვეღარ განვითარდება ზამთრის სკი-ტურინგის მარშრუტები, თავშესაფარი ქოხები, სამთო ბანაკები.

„სათავგადასავლო და ეკო-ტურიზმი ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების და დაცლისაგან გადარჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. მოსახლეობა ბევრად მეტ შემოსავალს მიიღებს ბილიკების მარშრუტებით, ვიდრე — საავტომობილო გზაზე გადაადგილებული ტურისტებისგან”.

ლევანი ამ აზრს ეთანხმება და აქვე ამბობს, რომ ბევრმა ადგილობრივმა საოჯახო სასტუმროებითა და ცხენებით მომსახურების ბიზნესი წამოიწყო, რომელიც  ერთერთი მნიშვნელოვანი და, ზოგისთვის ერთადერთი, შემოსავალიც კია:

„თუშეთში ტურისტული მარშრუტი ალვანიდან იწყება, ზემო ალვანის მოსახლეობამ საოჯახო სასტუმროები გააკეთა, ფშაველში სავაჭრო ცენტრები ბანკიდან გამოტანილი კრედიტებით მოაწყვეს; შემდეგ ავდივართ ომალოში, სადაც ზაფხულში საოჯახო სასტუმროების ბიზნესი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. რას ფიქრობს მთავრობა, როცა ყველაფერს ამას ანადგურებს?“ — ამბობს ლევანი.

დართლო პირიქითა ალაზნის ხეობა (დომინიკ ცაგარა /არქივი)

„თუშეთის განვითარებისთვის“

წოვათას თემი თუშეთის ერთერთი უძველესი თემია და მათი დიდი ნაწილი გზის მშენებლობის მომხრეა. წოვებით დასახლებული რამდენიმე სოფელი პირიქითა ალაზნის სათავეში იყო, თუმცა მე-19 საუკუნის დასაწყისში ისინი ზემო ალვანში ჩამოსახლდნენ. წოვათას სოფლები ახლა მთლიანად ცარიელია, იქ მისასვლელი გზები — ამორტიზებული. წოვა თუშების მიზანი თავის ისტორიულ სოფლებში დაბრუნებაა, მაგრამ ერთი საუკუნეა, უკვე სწორედ გზის გამო, არ შეუძლიათ.

ირაკლი ვეშაგულიძე წოვათას თემის წარმომადგენელია და განმარტავს, რომ წოვათას თუშების აზრი ცალსახაა: „ეს გზა უნდა გაკეთდეს ერთი პირობით — უნდა იყოს ხარისხიანი და ნაკლები ზიანი მიაყენოს ბუნებას“.

გიორგი სეთურიძის ინფორმაციით, პროექტი თუშეთის შიდა გზების რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. მაგრამ ამაში დეპარტამენტი იმ 25-კილომეტრიან მარშრუტს გულისხმობს, რომელიც სოფელ შავწყალოდან ომალომდე ტერიტორიას მოიცავს და წოვა თუშების სოფლების უმეტეს ნაწილს გვერდს აუვლის.

გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ გზას ყველგან შეუძლია განვითარების შეტანა: „ყაზბეგში, გერგეტში ტურიზმი წლების წინ რა იყო, არავინ იცოდა. გზის გაკეთებას ამ რეგიონის განვითარება მოჰყვა. გაკეთდა უამრავი საოჯახო სასტუმრო. ისინი მუდმივად გადატვირთულია. იგივე მიზანი ექნება ამ პროექტსაც და თუშეთი ამისგან არ განსხვავდება“.

ბოტანიკის ინსტიტუტის გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტს, გიორგი მიქელაძეს, სეთურიძისგან განსხვავებული აზრი აქვს. ის ამბობს, რომ ზოგადად მთაში შექმნილი პროდუქტის თვითღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე — ბარისა. ამიტომ, თუშეთის შემთხვევაში, გზა არაფერს შეცვლის:

„თუშები ზამთარში ჩამოდიან ბარში, ზაფხულში ადიან მთაში, იმიტომ, რომ იქ ტურისტი ადის. ადგილობრივი პროდუქციიდან ბარში რძის ნაწარმს ყიდიან, ზაფხულში თუშეთში ცხვარს აძოვებენ. ამიტომ ზამთარში მათ მთაში დაბრუნებას ახალი გზა ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს“, — ამბობს გიორგი OC Media-სთან.

ომალო (სოფო აფციაური /OC Media)

„ზამთარში აქ არავინ დაბრუნდება“

გიორგი სეთურიძეს ჯერ უჭირს იმის თქმა, როდის დასრულდება გზების საპროექტო დავალებაზე მუშაობა. დავალებას ტენდერში გამარჯვებული ხორვატიული კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ ასრულებს. ეს კომპანია 2016 წელსაა დარეგისტრირებული.

გზის ნაწილის პროექტები საჯაროდ ახმეტისა და დუშეთის მინუციპალიტეტებში უკვე განიხილეს, მაგრამ ამის შესახებ ადგილობრივების უმეტესობის ყურამდე ინფორმაცია არ მისულა.

სეთურიძე ამბობდა, რომ, როგორც კი მთლიანი პროექტი მზად იქნება, დეპარტამენტი მზადაა, ყველა დაინტერესეული პირის აზრი მოისმინოს.

იქამდე კი პეტიციის ავტორები სახელმწიფოს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს ბუნება და რესურსები, დაცული ტერიტორიები, ეკო-ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები.

დაგეგმილი პროექტის საუკეთესო ალტერნატივად კი კავკასიონის ხეობებში არსებული ჩრდილო-სამხრეთის დამაკავშირებელი გზების შეკეთებას მოიაზრებენ.

მწერალი და გიდი, არჩილ ქიქოძე, რომელიც გზის დაგეგმილი მშენებლობის საწინააღმდეგო პეტიციის ავტორიცაა, OC Media-სთან საუბარში ამბობს, რომ პატივს სცემს წოვათას თუშების სურვილს, სოფლებში დაბრუნდნენ და სახლები ააშენონ. თუმცა,  მისი აზრით, ამის გაკეთება შიდა გზებს, მათ შორის წოვათას თემის სოფლებს, შორის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციითაცაა შესაძლებელი.

„ამასთან, აუცილებელია ამ სამუშაოების შეთავსება მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარების გეგმებთან, რაც უზრუნველყოფს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად-ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის დაბრუნებას,  ტრადიციული ყოფისა და ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებას“, — წერია პეტიციაში.

პრემიერ მინისტრის 2016 წლის განცხადებით, გზის მშენებლობის ერთერთი მთავარი მიზანი ადგილობრივების მთაში დაბრუნებაა. მაგრამ ლევანი, ომალოდან, ამას სკეპტიკურად უყურებს. ამბობს, რომ მთაში ცხოვრება მარტივი არაა.

„ჩვენზე უკეთ არავინ იცის. აქ არ არსებობს ინფრასტრუქტურა. არაა ელექტროენერგია, კომუნიკაციის არანაირი საშუალება. რადიოში ერთ ქართულ გადაცემას ვერ მოისმენთ. ეს არის დიდი ტყუილი — ზამთარში აქ არავინ დაბრუნდება“, — ამბობს ლევანი.

სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.