When EU politicians say one thing, Georgian Dream leaders say another
EU politicians have taken to issuing their own corrective statements following meetings with Georgian Dream leaders.
„CRRC-საქართველოს“ მიერ ანგარიში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში შესაძლოა, იმავე საქმიანობას ეწეოდნენ, რასაც – რუსეთის მიერ დაფინანსებული მათი იდეოლოგიური თანამოძმეები ევროკავშირში. კვლევა ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ წახალისებულ იდეოლოგიასთან მსგავსების მიუხედავად, რადიკალური მემარჯვენე გაერთიანებები სოციალურ ქსელებში დისკუსიებისას რუსეთს უფრო უარყოფით კონტექსტში განიხილავენ, ვიდრე – დასავლეთს. მიუხედავად იმისა, მიზანმიმართულია თუ არა ეს ქმედებები, საქართველოზე მათი გავლენა თვალშისაცემია.
2000-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, სხვადასხვა მედია თუ აკადემიური წყარო ამტკიცებს, რომ რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით ანტილიბერალურ და ულტრამემარჯვენე ჯგუფებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ეს ნათლად ჩანს ევროკავშირში მოქმედი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის რუსეთის მიერ გამოცხადებული მხარდაჭერის მაგალითზე. ამ ჯგუფების მოქმედებებს კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა და რეგიონულ პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს.
რუსეთის პოლიტიკური ელიტა ანტილიბერალურ და ულტრამემარჯვენე ჯგუფებს ავტორიტარული მართვის ე.წ. „რუსული მოდელის“ მხარდასაჭერადაც იყენებს.
მოდელის ერთერთი მთავარი კომპონენტია რუსეთს წარმოჩენა „ტრადიციული ღირებულებების“ დამცველად, რაც რელიგიური და სოციალურად კონსერვატიული შეხედულებების წახალისებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტიურობა ევროკავშირში აძლიერებს მოსახლეობის ანტილიბერალურ სენტიმენტებს.
საქართველოში რუსული და ზოგადად ულტრამემარჯვენე პროპაგანდის წყაროების გამოსავლენად „CRRC-საქართველომ“ სამოცდაათამდე მსგავსი იდეოლოგიის მქონე ქართულენოვანი ფეისბუქგვერდის 26 ათასამდე პოსტი გააანალიზა.
მონაცემები გვიჩვენებს, რომ ქართულენოვანი აუდიტორია ულტრამემარჯვენე იდეოლოგიით სულ უფრო მეტად ინტერესდება. 2015 წლის მიწურულიდან 2018 წლის სექტემბერამდე ულტრამემარჯვენე გვერდების მომწონებელთა რაოდენობა რვაჯერ – 89 ათასიდან 760 ათასამდე გაიზარდა. ცხადია, ქვეყანაში სოციალურ მედიაზე ხელმისაწვდომობა იზრდება, თუმცა, როგორც ჩანს, ახალი ინტერნეტმომხმარებლები, რომლებსაც ადრეც ულტრამემარჯვენე შეხედულებები ჰქონდათ, „ფეისბუქზე“ საკუთარი მსოფლმხედველობის შესაბამის ჯგუფებს და გვერდებს ეძებენ (და პოულობენ).
ნაციონალისტური სენტიმენტების ტირაჟირების გარდა, „ფეისბუქზე“ არსებული ქართულენოვანი ულტრამემარჯვენე ჯგუფები ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს რადიკალური მემარჯვენე პერსპექტივიდან აკრიტიკებენ. საგულისხმოა, რომ ასეთი მიდგომა რუსეთის პოლიტიკური ელიტის მიერ წახალისებულ იდეებსაც ახასიათებს. ამასთან, ზოგიერთი გვერდი რუსულ პროპაგანდას პირდაპირ ეხმაურება.
ქართულენოვანი ულტრამემარჯვენე გვერდების მიერ პრორუსული იდეების გახმოვანების კარგ მაგალითს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს. 2013 წელს ცენტრის გახსნიდან დღემდე რუსი პოლიტიკოსები კრიტიკულად საუბრობენ დაწესებულების შესახებ და ხშირად ამტკიცებენ, რომ იგი ბიოლოგიური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც 2019 წლის დასაწყისში გრიპის ვირუსმა საქართველოში 15-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რამდენიმე ქართულმა ულტრამემარჯვენე ჯგუფმა ლაბორატორია ეპიდემიის გავრცელებაში ღიად დაადანაშაულა.
ლაბორატორიასთან დაკავშირებული პოსტების რაოდენობის სიმცირის მიუხედავად (18), გზავნილმა ფართო აუდიტორიას მიაღწია. ასეთი შეტყობინებები მომხმარებლებმა 754-ჯერ მოიწონეს და მათზე კომენტარი 538-ჯერ გაკეთდა. პოსტები, რომლებშიც ულტრამემარჯვენე ჯგუფები ლუგარის ლაბორატორიას განიხილავდნენ, მომხმარებლებმა 1 639-ჯერ გააზიარეს.
როგორც აქამდე ჩატარებული გამოკვლევები აღნიშნავენ, ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფები საკმაოდ მრავალფეროვანია, შესაბამისად, მათი ერთი ხელის მოსმით პრორუსულად გამოცხადება – არასწორია. უფრო მეტიც, 26 000-მდე პოსტის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქართულ სინამდვილეში ულტრამემარჯვენე ჯგუფები რუსეთზე უფრო უარყოფითად საუბრობენ, ვიდრე – დასავლეთზე. სენტიმენტების ანალიზის მეთოდით ტექსტების შესწავლამ დაგვანახა, რომ რუსეთზე გავრცელებული პოსტები ჯამში ნეგატიურია, ხოლო დასავლეთის შესახებ შექმნილი პოსტები – მეტწილად ნეიტრალური.
ამასთან, გამოკვეთილად პრორუსული სიმპათიების მქონე ზოგიერთ გვერდს საკმაოდ ბევრი ხელმომწერი ჰყავს. მაგალითად, სანამ „ფეისბუქი“ დაბლოკავდა, ულტრამემარჯვენე „ქართული იდეის“ გვერდი 40 ათასამდე მომხმარებელს ჰქონდა მოწონებული. კიდევ ერთი ნაციონალისტური ჯგუფის, „ქართული მარშის“, გვერდს 17 000 მომწონებელი და 16 000-მდე ხელმომწერი ჰყავს. საერთო ჯამში, ორივე გვერდი რუსეთზე პოზიტიურად საუბრობს.
ანალიზი ასევე გვიჩვენებს, რომ პრორუსული გვერდები საკუთარ აუდიტორიასთან საკმაოდ აქტიურად მუშაობენ. პრორუსული „ქართული იდეის“ პოსტებმა 25 483 კომენტარი და 180 026 მოწონება დაიმსახურეს, ხოლო „ქართული მარშის“ პოსტებზე 32 761 კომენტარი გაკეთდა. სხვა ნაციონალისტური გვერდები ამ მხრივ ნაკლებად ეფექტურები იყვნენ.
„იდეისა“ და „მარშისგან“ განსხვავებით, ულტრამემარჯვენე ჯგუფების უმეტესობა გამოკვეთილად პრორუსული არაა. სამაგიეროდ, პოსტებში ისინი, როგორც რუსეთისადმი, ასევე – დასავლეთისადმი, კრიტიკულ განწყობებს ამჟღავნებენ. ამ უკანასკნელს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ საქართველოს აიძულებს, „ლიბერალურ პოლიტიკურ გეგმას“ დაემორჩილოს, რუსეთს კი – საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის მიზეზით.
მართალია, ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფების (ნაწილის) მიღმა რუსული კვალი მხოლოდ ირიბად მოჩანს, მონაცემები მიგვითითებენ, რომ ამ ჯგუფების მიერ გავრცელებული იდეები რუსული ელიტის მსოფლმხედველობას თანხვდება. ამის მიუხედავად, ქართულენოვანი ულტრამემარჯვენე ჯგუფები სოციალურ ქსელებში რუსეთს უფრო მეტი ენთუზიაზმით ესხმიან თავს, ვიდრე – ევროკავშირს. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, არიან თუ არა ეს ჯგუფები რუსული გავლენის „თანამგზავრები“, თუმცა ნათელია, ულტრამემარჯვენეების მიერ ტირაჟირებული ინფორმაცია საქართველოს საზოგადოებაში შესაძლოა, აძლიერებდეს, ან უფრო მეტიც – ნერგავდეს, პრორუსულ სენტიმენტებს.
დავით სიჭინავა „CRRC-საქართველოს“ კვლევის დირექტორია. სტატიაში გამოთქმული აზრები მხოლოდ ავტორის შეხედულებებს ასახავს. ტექსტი მომზადდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მენეჯმენტის ინსტიტუტის „აქსესის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული „რუსული პროპაგანდის ბარომეტრის“ პროექტისთვის.