Media logo
განათლება

იები მეგაბაიტების სანაცვლოდ: ონლაინ სწავლების გამოწვევ

16 წლის ხატია თურმანიძე, კლასელების მსგავსად, მობილური ინტერნეტით სარგებლობს. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.
16 წლის ხატია თურმანიძე, კლასელების მსგავსად, მობილური ინტერნეტით სარგებლობს. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მსხვილ ქალაქებში და აჭარის რეგიონში სწავლება სრულად ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. მაგრამ  ინტერნეტზე წვდომის პრობლემამ მაღალმთიანეთში, ისევე, როგორც მასწავლებლებსა და ოჯახებზე ფინანსურმა ტვირთმა, ბევრი მოსწავლე განათლების სისტემის მიღმა დატოვა.

ლადო აფხაზავა სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, რომელიც 2019 წელს Global Teacher Prize-ის  ფინალისტებში გავიდა. წელს კი ლადო ქოთნის ყვავილებს ყიდის, რათა მოსწავლეებისთვის ინტერნეტის თანხა შეაგროვოს. 

„არ ვიცი, საიდან მომივიდა ეს იდეა, მაგრამ 72 სტუდენტს უკვე ჩავურთე ამის წყალობით ინტერნეტი. რა თქმა უნდა, 19 ლარი ქოთნის ნამდვილი ფასი არაა, მაგრამ, როცა ადამიანმა იცის, რომ ბავშვების განათლებას უნდა მოხმარდეს ეს თანხა, ყიდულობს“. 

ეს არის ერთთვიანი ულიმიტო ინტერნეტის საფასური, რომელიც ბევრი მოსწავლისთვის ამჟამად სწავლის გაგრძლების ერთადერთი შესაძლებლობაა. როცა 30 მარტს სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადაერთნენ, ლადო ერთერთი იყო იმ მასწავლებელთა შორის, ვისაც ვირტუალური საკლასო ოთახი ცარიელი დახვდა. 

ლადო სოფელ ჩიბათში ცხოვრობს, გურიაში, სადაც ინტერნეტის ხარისხი დაბალია. საქსტატის მონაცემებით კი, საქართველოს მოსახლეობის 21%-ს საერთოდ არ აქვს ინტერნეტი, ხოლო 38%-ს — კომპიუტერთან წვდომა. 

„პირველ ონლაინ მეცადინეობაზე სულ ორი მოსწავლე შემოვიდა“, — იხსენებს ლადო. 

ლადომ სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეაჩერა. რესურსები მოაგროვა — როგორც საკუთარი ჯიბიდან, ასევე შავი ზღვის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და სხვადასხვა ასოციაციის დახმარებით — რომ მოსწავლეებისთვის ინტერნეტზე წვდომა უზრუნველეყო. 

პანდემიის დასაწყისში მან 482 სტუდენტი ოთხი თვის განმავლობაში ჩართო. ლადო ამაყია, რომ მოსწავლეებს ერთი გაკვეთილიც არ გაუცდენიათ.

ბევრისთვის ცხრამეტი ლარი  ერთბაშად მეტისმეტად დიდი თანხა აღმოჩნდა და დაბალფასიანი ინტერნეტ-პაკეტები ამჯობინეს, რომელიც მალე გათავდა. ლადოს თქმით, სამინისტროს შერჩეული პროგრამა Microsoft Teams დიდი რაოდენობით ინტერნეტს საჭიროებს, ბავშვები კი ინტერნეტს მხოლოდ სასწავლებლად არ იყენებენ.

„როგორც აღმოჩნდა, კეთილი საქმის გაკეთებაც რთულია“, — ამბობს ლადო. 

„სხვა რეგიონებიდან ბევრი ბავშვი დამიკავშირდა, რომ მათთვისაც ჩამერთო ინტერნეტი, მაგრამ უბრალოდ არ მაქვს მექანიზმი, რომ გადავამოწმო მათი სიტუაცია“. 

„ბევრი ოჯახია, რომელიც ფიქრობს, რომ ამას სახელმწიფო აკეთებს და მოითხოვენ, ინტერნეტი შევუყვანო. მეორეს მხრივ, ზოგიერთმა ბავშვმა ემპათია გამოიჩინა და ითხოვა, მისი წილი თანხით სხვები ჩაგვერთო“.

ლადო აფხაზავა საკოლექციო იებს ამრავლებს და ყიდის, რომ მოსწავლეებს ინტერნეტი ჩაურთოს. ფოტო: ლადო აფხაზავა.

განათლების სამინისტრომ არჩევანი Microsoft Teams-ზე შეარჩია, რადგან  Microsoft-თან ხუთწლიანი კონტრაქტი აქვს. თუმცა პროგრამას ორი მნიშნელოვანი მინუსი აღმოაჩნდა: დიდი რაოდენობით ინტერნეტის მოხმარებასთან ერთად, ის მასწავლებლებისთვის სრულიად ახალი ტექნოლოგიაა. 

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ  მასწავლებლებს Teams-ის ვებინარები და შესასწავლი კურსები ჩაუტარა, ბევრითვის ახალ პროგრამასთან შეგუება ახლაც რთულია. 

Teams-ის ტრენინგი უშუალოდ Teams-ში ტარდება, უმეტესობა მასწავლებლისთვის დამაბნეველია. არ იციან, პრეზენტაცია როგორ გააკეთონ ან საშინაო დავალება გადმოიწერონ“, — ამბობს ლადო.

იმ დღეს, როცა ლადოს ვესაუბრეთ და სასწავლო წლის ორი თვე გასული იყო, ის სხვა მასწავლებლებს დასწრების ჟურნალის შევსებას ასწავლიდა. 

„მაშინაც კი, როცა პროგრამის საფუძვლები შესწავლილი აქვთ, არ აქვთ ნდობა და იმედი, რომ შეძლებენ მოსწავლეებისთვის მასალის საუკეთესოდ მიწოდებას“. 

ზოგიერთი მასწავლებლისთვის საკუთარი ინტერნეტის შეძენაც ფინანსურ დაბროკლებასთანაა დაკავშირებული. ლადოს საქველმოქმედო კამპანიამ ოთხი ასეთი მასწავლებელი დააფინანსა.

„ზოგჯერ ფულს ერთმანეთისგან ვსესხულობდით მე და ჩემი კოლეგები“, — ამბობს ის. 

განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა OC Media-ს უთხრა, რომ მასწავლებლებს შეღავათიან ინტერნეტ-პაკეტებზე აქვთ წვდომა. 

„ყველა მასწავლებელს აქვს კორპორატიული ტელეფონის ნომერი, რომელზეც არის სპეციალური შემოთავაზებები ინტერნეტზე. თუ სკოლა ნახევრად-ონლაინ რეჟიმში მუშაობს, მასწავლებელს ონლაინ გაკვეთილზე დამატებითი ანაზღაურება ერიცხება“, — გვითხრა სამინისტროს წარმომადგენელმა. 

ლადო ეცადა, ინტერნეტის ფასზე მსხვილ ინტერნეტ-პროვაიდერებთან მორიგებულიყო, მაგრამ, მისი თქმით, კომპანიებისთვის რთული იქნებოდა ასეთი ინტერნეტ-პაკეტების შემდგომი მონიტორინგი, ამიტომ უარი განუცხადეს. 

„ვფიქრობ, როცა ქვეყანა გასაჭირშია, აქტიურმა მოქალაქეებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. მე იმას ვაკეთებ, რაც ჩემი მოვალეობაა და ბევრ მასწავლებელს შეუძლია, იგივე გააკეთოს. კი, იძულებული ვარ, სახლში ვიჯდე, მაგრამ თან ფულს და დროს არ ვხარჯავ ტრანსპორტში და შემიძლია, ეს რესურსები ჩემ მოსწავლეებს მოვახმარო“. 

გაჭედილი მასწავლებლები, უხმო მოსწავლეები 

დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ვიოლა ვერძაძემ, პირველად დაიწყო სასწავლო წელი ონლაინ ფორმატში. ვიოლა სოფელ მერისში ცხოვრობს, ზემო აჭარაში. 

მიუხედავად იმისა, რომ ვიოლა სამინისტროს რეკომენდაციას ითვალისწინებს და დაწყებითი კლასების გაკვეთილებს 20 წუთში ატევს, ამბობს, რომ მაინც უჭირს მოსწავლეების ყურადღების შენარჩუნება.

„კომპიუტერი მათთვის ძალიან უცნაურია. ფიზიკურად როცა გიზის პირველკლასელი, გაკვეთილთან ერთად სკოლაში ქცევის წესებსაც ასწავლი. ახლა ხშირად უჭირთ, რომ მონიტორს უყურონ, მაშინაც კი, როცა მშობელია ჩართული გაკვეთილში“. 

გაკვეთილზე ფოკუსის შენარჩუნება დაბალხარისხიანი ინტერნეტის პირობებში კიდევ უფრო რთულია. მერისში 4G დაფარვა არ არის და ვიოლა ხშირად იყენებს Messenger-ს Microsoft Teams-ის ნაცვლად, უკეთესი კავშირისთვის. თუმცა იდეალური სრულყოფილი არც ისაა. 

„მას, გაიჭედეთ — ხშირად მეუბნებიან მოსწავლეები“. 

ვიოლა ორი ბავშვის დედაცაა. მისი ორივე შვილი მოსწავლეა და მაშინ ესწრება გაკვეთილს, როცა დედა ასწავლის. ვიოლას ცალ-ცალკე ინტერნეტ-პაკეტების გამოყენება უხდება, რადგან ერთი პაკეტით სარგებლობისას კავშირი სამივესთვის უარესდება. 

„როგორც დედა, ვხედავ, რომ მნიშვნელოვნად დაეცა სწავლის ხარისხი. ზამთარში გაურესებას ველოდები. აქ დიდთოვლობა იცის და ზოგჯერ ჩვეულებრივი კავშირიც კი იკარგება. ზოგ ოჯახს ტელეფონიც კი არ აქვს — ასეთი ოჯახის შვილი რატომ უნდა დაიჩაგროს, რატომ ვერ უნდა მიიღოს განათლება?“

“საკმაოდ დაბალია „წესიერად“ სწავლის მოტივაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეგიძლია, ჩაიხედო. განსაკუთრებით, იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ჯერ ვერ იაზრებს, რომ თავისი მომავლისთვის სწავლობენ“, -ამბობს 16 წლის ხატია თურმანიძე, რომელიც ასევე მერისში ცხოვრობს. 

ხატიას ექვსი გაკვეთილის მაგივრად ახლა სამი-ოთხი გაკვეთილი აქვს ხოლმე, თუმცა დასწრება მაინც განახევრებულია. იყო შემთხვევები, როცა გაკვეთილი არ ჩატარადა, რადგან არცერთი მოსწავლე არ შემოსულა. 

„ძალიან რთულია სწავლის ასეთი ფორმა, კულტურული შოკივითაა. როცა სკოლაში ხარ, კონცენტირებული ხარ სწავლაზე, მაგრამ სახლში ყურადღება გვეფანტება და სხვადასხვა პასუხისმგელობა გვაქვს. მაგალითად ცოტა ხნის წინ მიკროფონი და ვიდეოკამერა გამოვრთე, ტელეფონი ჯიბეში ჩავიგდე და სუფრას ვალაგებდი“. 

ხატია თურმანიძე 4G დაფარვის მიღმა ცხოვრობს. მისი თქმით, დაბალი ხარისხის ინტერნეტი მოსწავლეების მოტივაციაზეც მოქმედებს — მათ უბრალოდ არ უნდათ სამჯერ გათიშულ გაკვეთილზე მეოთხედ შემოსვლა. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

მოტივაციაზე ინტერნეტის დაბალი ხარისხიც მოქმედებს — როგორც ხატია ამბობს, სამჯერ რომ დაიკარგება კავშირი, მეოთხედ შესვლა უკვე აღარ უნდათ. 

ხატიას თქმით, მისი ყველა კლასელი მობილურ ინტერნეტზეა დამოკიდებული, რაც ზოგჯერ უთანასწორობას ქმნის. 

„მე მყავს კლასელი რომელიც ორი კვირა არ დასწრებია გაკვეთილებს, იმიტომ, რომ ინტერნეტზე ფასდაკლებას ელოდებოდა“. 

შეჩერებული ინტერნეტიზაცია

„საყოველთაო ინტერნეტიზაციაზე“ საუბარი ბოლო ექვსი წელია, მიდის. პირველად ის  პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, 2014 წელს ახსენა. ხოლო 2015-ში პროგრამა ოფიციალურად გამოცხდდა საქართველოს ინოვაციისა და ტექონოლოგიების სააგენტოს მიერ. ერთი წლის შემდეგ მთავრობამ ბრძანებაც გამოსცა, რომლის მიხედთვიდაც, ა(ა)იპ OpenNet-ს ევალებოდა „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ამგვარი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით“. 

ეროვნული კომუნიკაციები კომისიის რუკა აჩვენებს, რომ დასავლეთ საქართველოში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი დაბალია. სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ქედას მუნიციპალიტეტში, სადაც ხატია თურმანიძე  ცხოვრობს, ინტერნეტზე წვდომა მხოლოდ 10% ოჯახს აქვს.

თუმცა პროექტს მნიშნველოვნად წინ არ წაუწევია. 2019 წელს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, პრესკონფერენციაზე ახსენა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაცია „დროებით შეჩერებულია“ და სამინისტრო პრობლემაზე „აქტიურად მუშაობს“. მისი თქმით, შეჩერების მიზეზი კერძო სექტორის კრიტიკაა და სახელმწიფო პროგრამის ისეთ მოდელზე იმუშავებს, რომელიც კერძო ბიზნესთან კონკურენციაში არ შევა. 

წელს პროექტი კვლავ გამოცხადდა Log In Georgia-ს სახელით. მსოფლიო ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გამოყო პროექტითვის, რომელმაც 2025 წლისთვის  ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება უნდა უზრუნველყოს. პროექტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ „ინტერნეტკავშირის  საჭიროება კიდევ უფრო  მნიშვნელოვანი გხდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი  მუშაობის ციფრულ პლატფორმებზე გადავიდა“.

მართლაც, პანდემიამ გამოკვეთა წლების განმავლობაში არსებული ინფრასტრუქტურილი და ფინანსური პრობლემები. აუცილებელ ინტერნეტ კავშირს დღემდე საქველმოქედო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ. 

სანამ „საყოველთაო ინტერნეტიზაცია“ ჯერ კიდევ მოლაპარაკების დონეზეა, ზემო აჭარის მოსახლეობა ინტერნეტის გარეშე ან დაბალხარისხიანი ინტერნეტის იმედზე არის. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

„ჩართე“ Educare Georgia-ს პროექტია, რომელიც უფროსკლასელებს ინტერნეტით 2017 წლიდან უზრუნველყოფს. მარი გელაშვილი, პროექტის მენეჯერი, ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ ორგანიზაციას საქმე გაუორმაგდა. 

„წელს 300-ზე მეტ ოჯახს ჩავურთეთ ინტერნეტი და შემოწირულობებმაც მოიატა, მაგრამ ახლა რიგები გვაქვს ინტერნეტ პროვაიდერებთან ოპტიკური ინტერნეტის შეყვანაზე და ბევრი ადამიანი ელოდება“. 

ინტერნეტის შეყვანის ფასი ადგილობრივ პროვაიდერებში 100-160 ლარს შორის მერყეობს, თვიური ულიმიტო ინტენრნეტ პაკეტები 20 ლარიდან იწყება. „ჩართე“ ძირითადად სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებთან მუშაობს, რომლებსაც სკოლების დახმარებით და საველე გასვლებზე პოულობენ.

„თუმცა ბევრი არა სოციალურად დაუცველი ოჯახიც მოგვმართავს“, — ამბობს გელაშვილი. 

სასწავლო გეგმა უცვლელია

„ახალგაზრდა პედაგოგების კავშირმა“ პანდემიის პირველი თვეების განმავლობაში კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ მასწავლებლები მზად არ იყვნენ ახალი გამოწვევებისთვის. 

„მასწავლებლების უმეტეობა, რომლებსაც ველაპარაკეთ, ხაზს უსვამს, რომ დროულად არ მიიღეს მხარდაჭერა სამინისტროსგან“, — უთხრა ხატია ჭანიშვილმა OC Media-ს.

„ზოგიერთმა სკოლამ გადაწყვიტა, პრობლემებს დამოუკიდებლად გამკლავებოდა, თუმცა უმეტესობა მაინც სამინისტროს დირექტივებს ელოდებოდა და იმედგაცრუებულები დარჩნენ“. 

მასწავლებლებმა Messenger ჯგუფები შექმნეს, თუმცა იქ დასწრება ერთდროულად მხოლოდ შვიდ მოსწავლეს შეეძლო. 

კვლევამ აჩვენა, რომ ონლაინ სწავლებამ დაბრკოლებები შექმნა მრავალშვილიან ოჯახებშიც, სადაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ცხრილები დაემთხვა, კომპიუტერი და ტელეფონი კი მხოლოდ ერთი იყო. 

ხატიას თქმით, ბევრი მასწავლებელი ეცადა, ადგილობრივ რესურს ცენტრებთან ერთად დაეგეგმა სასწავლო პროცესი. 

„სამინისტროს პოზიცია იყო, რომ ნებისმიერი მოსწავლე ნებისმიერი გზით უნდა ჩაერთოს სასწავლო პროცესში. მასწავლებლები ამბობენ, რომ თავის მაქსიმუმს შეეცადნენ, თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმა მაინც ვერ შეასრულეს“. 

განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა OC Media-ს უთხრა, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანის საჭიროება არ დგას. 

„მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მხოლოდ მიზნობრივ ორიენტირებს. ხოლო, თითოეულ სასწავლო წელს რა კონკრეტული საკითხებით და აქტივობებით უნდა გაიყვანონ მოსწავლეები დასახულ მიზნებზე მასწავლებლებმა, ეს უნდა განსაზღვროს თავად საგნის პედაგოგმა“.

სამინისტროს თქმით, სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, კომპლექსური დავალებებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი.

„იმ პირობებში, როცა სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ასეთი დავალებებით სწავლების პროცესის დაგეგმვა. ამ ტიპის დავალება მოითხოვს მოსწავლისდამოუკიდებელ მუშაობას, მასწავლებლის მხრიდან მუდმივი უკუკავშირის განხორციელებას, რაც შეიძლება, მოხდეს როგორც ონლაინ გაკვეთილზე, ისე — დამატებით საკონსულტაციო საათის (ანუ არასაგაკვეთილო პროცესის) ფარგლებში“.

25 ნოემბრამდე სკოლები სრულიად ონლაინ სწავლებაზე არიან გადასულები საქართველოს მსხვილ ქალაქებში და აჭარის რეგიონში.

სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს. 

Related Articles

ანალიზი | მშობლები თვლიან, რომ საქართველოს საჯარო სკოლებ
Analysis

ანალიზი | მშობლები თვლიან, რომ საქართველოს საჯარო სკოლებ

V

,,CRRC-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მშობლები კმაყოფილი არიან საქართველოში არსებული სკოლის ხარისხით, თუმცა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის შედეგები და კერძო რეპეტიტორზე დამოკიდებულება საწინააღმდეგო მდგომარეობაზე მიუთითებს. ბოლო წლებში, მსოფლიოში განათლების შესახებ მონაცემების შეგროვების მზარდმა ტენდენციამ აქამდე  უცნობი პრობლემა გამოავლინა — მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად განათლებაზე ხელი ბევრად მეტ ბავშვს მიუწვდება, ვიდრე ოდესმე, ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს

Most Popular

Editor‘s Picks