Media logo
ეთნიკური უმცირესობები

ინტეგრაცია სოფლით იწყება

აშაღლუ სარალის საზოგადოებრივი ცენტრი. ფოტო: Facebook.
აშაღლუ სარალის საზოგადოებრივი ცენტრი. ფოტო: Facebook.

ახალგაზრდებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო ცენტრების ქსელი, რომელსაც თავადვე ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ, ხელს უწყობს ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური აზერბაიჯანელების წინაშე არსებული ბარიერების გადალახვას.

პატარა სოფელ მოლაოღლუში, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, ადგილობრივი მოსწავლეებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სივრცე არსებობს.

ხუთი წლის წინ არიზ დაშდემირლიმ, 29 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ქართული ენის მასწავლებელმა, აქ თავისი სახლის ნაწილი საგანმანათლებლო ცენტრად გადააკეთა, სადაც I-XII კლასის აზერბაიჯანელ მოსწავლეებს შეუძლიათ,  იმეცადინონ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადონ და საკუთარი ცოდნა ერთმანეთს გაუზიარონ. 

დაშდემირლის კოლეგები და მისი ყოფილი მოსწავლეები მათსავე მშობლიურ, აზერბაიჯანულ, ენაზე, მათემატიკის, ინგლისურის, აზერბაიჯანული ენისაა და აზერბაიჯანის ისტორიის გაკვეთილებს ატარებენ.

თავად დაშდემირლის მთავარი მიზანი კი ის არის, რომ მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმაროს, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, აზერბაიჯანულენოვან თემში იზოლირებულმა ცხოვრებამ და ქართველებთან ნაკლებმა კონტაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ქართულის ენის ცოდნის დონეზე. ამ მდგომარეობამ მარნეულის მუნიციპალიტეტში აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო გაართულა.

„როდესაც ქართველები სოფელში მოდიოდნენ, ყველა მე მეძახდა, რადგან [ქართული] ენა მხოლოდ მე ვიცოდი“, — იხსენებს ის.

„ერთხელ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ორი ქალბატონი მოვიდა. მკითხეს, რომ შემეძლოს, რას გავაკეთებდი ჩემი სოფლისთვის. ვუპასუხე, მინდა ჩემი თემის ახალგაზრდები უფრო განათლებული და ინფორმირებული იყვნენ-მეთქი. მათ მოეწონათ ჩემი იდეა და მთხოვეს, ჩამომეწერა ყველაფერი, რაც საჭირო იქნებოდა მის განსახორციელებად, ისინი კი დაფინანსებაზე იზრუნებდნენ“, — ყვება დაშდემირლი.

TASO ფონდის მხარდაჭერით დაშდემირლიმ და კამრან აფანდიევმა — ახალგაზრდა მასწავლებელმა ახლომდებარე სოფელ ხულდარადან — გახსნეს უფასო არაფორმალური განათლების ცენტრი.

ერთოთახიანი სკოლა მალე რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრების ქსელად გადაიქცა, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ ქართული, ინგლისური, შეიძინონ კომპიუტერული უნარი-ჩვევები, სპორტულ აქტივობებში ჩაერთონ და შეხვდნენ თანატოლებს მიმდებარე სოფლებიდან. უფროსკლასელებსა და ზრდასრულებს შეუძლიათ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადონ. 

ამ ცენტრების საშუალებით უმაღლესი განათლება და კარიერული შესაძლებლობები უფრო ხელმისაწვდომი ხდება თემში მცხოვრები გოგონებისთვის, რომლებსაც, როგორ წესი, მეტი ბარიერის გადალახვა უხდებათ, ვიდრე — ბიჭებს.

ყველაფერი ერთი ოთახით დაიწყო

როდესაც ამ ორმა ახალგაზრდამ 2015 წელს პროექტი დაიწყო, მათ მხოლოდ მოლაოღლუს სკოლაში გამოყოფილი ერთი პატარა ოთახი ჰქონდათ. სწორედ ამ სკოლაში მუშაობს დაშდემირლი ქართული ენის მასწავლებლად. თავიდან ისინი პატარა ღონისძიებებს აწყობდნენ, მაგალითად, წიგნის განხილვებსა და პრეზენტაციებს. თუმცა ორი წლის შემდეგ დაშდემირლიმ გადაწვყვიტა, ცენტრი საკუთარ სახლში გადაეტანა. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ მას სამშენებლო მასალები გადასცა, დაშდემირლიმ, მისმა მოსწავლეებმა და რამდენიმე თანასოფლელმა კი 20 კვ.მ. ფართობის სასწავლო ცენტრი ააშენეს.

არიზ დაშდემირლი. ფოტო: ტერეზა დი მაურო.

ორი წლის შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა, რომ განვითარებისთვის მეტი სივრცე სჭირდებოდათ, პროექტის კიდევ ერთი საგანმანათლებლო ცენტრი აფანდიევის მშობლიურ სოფელ ხულდარაში გაიხსნა. სწორედ ასე გადაიქცა აფანდიევის ავტოფარეხი ხულდარას საჯარო რესურს ცენტრად. 2018 წელს კი დაშდემირლიმ და აფანდიევმა არასამთავრობო ორგანიზაცია New Thinking Institute დაარსეს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრები დღეს ორივე სოფელშია გახსნილი, ეს ორი ახალგაზრდა თითქმის ყოველდღე ხვდება ერთმანეთს სხვადასხვა საკითხის განსახილველად და ახალი იდეების გასაზიარებლად.

სასწავლო ცენტრების მოსწავლეები სამ ჯგუფად იყოფიან: I-V კლასის, VI-VIII კლასის და IX-XII კლასის მოსწავლეებად. როგორც წესი, დაწყებითი სკოლის მასწავლებლები პირველ ჯგუფს ასწავლიან. ზოგჯერ მათი ყოფილი მოსწავლეები, აწ უკვე სტუდენტები, სოფელში ჩამოდიან და ეხმარებიან. მასწავლებლები და მათი ყოფილი მოსწავლეები ბავშვებს ინფორმატიკის გაკვეთილებს უტარებენ, სიმულაციურ თამაშებში რთავენ და წაკითხულის გააზრებაში ეხმარებიან. თუ პროექტის გრანტის ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა, უნივერსიტეტის სტუდენტებს მცირე ხელფასსაც უხდიან. 

„თუ დაწყებითი კლასების მასწავლებელს საკმარისი გამოცდილება აქვს, მას შეუძლია, მოსწავლეების პირველ ჯგუფთან ინდივიდუალურად იმუშაოს. ყოველი მოსწავლე განსხვავებულია. თითოეული მათგანი ჩვენთვის ღირებულია და გვინდა, რომ ისინი უნიკალურები იყვნენ“, — განმარტავს აფანდიევი.

საშუალო კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ, საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მედია ლაბორატორიას შეუერთდნენ. დაშდემირლი და აფანდიევი მათ ფილმის ჩვენებებს, წიგნის კლუბებს, კომპიუტერის, ქართული ენისა და სხვა საგნების გაკვეთილებს სთავაზობენ.

ცენტრის ხელმძღვანელები ძირითადად მესამე ჯგუფთან მუშაობენ, რომელიც აბიტურიენტებისგან შედგება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები შედარებით პატარა ასაკის მოსწავლეებს ამეცადინებენ და ისინი, თავის მხრივ, I-VI კლასის მოსწავლეებს ამზადებენ. ასეთი მიდგომით ცენტრების ხელმძღვანელები ცდილობენ, რომ ახალგაზრდებს პასუხისმგებლობის გრძნობა გაუღვივონ — არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი განათლების მიმართაც. 

აფანდიევის თქმით, ის ფაქტი, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სულ უფრო მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ირიცხება, სწორედ მათი ცენტრის დამსახურებაა.

კამრან მამედლი. ფოტო: Facebook.

„2018 წელს ჩემი ცენტრის მოსწავლეებიდან უნივერსიტეტში 17 მოსწავლე მოხვდა, 2019 წელს — ოთხი მოსწავლე, 2020 წელს კი — 14. 2019 წელს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სასწავლო ცენტრის მხოლოდ ოთხი მოსწავლე ემზადებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ წელს ჩვენი წარმატების მაჩვენებელი 100% იყო“.

ადგილობრივი ონლაინ მედია Borchali TV-ის ინფორმაციით, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, 2019-2020 სასწავლო წელს ქართულ უნივერსიტეტებში ჩარიცხული 29 000 მოსწავლიდან ეთნიკურად აზერბაიჯანელი 880 მოსწავლე იყო. 15 წლის წინანდელ მონაცემებს თუ შევადარებთ, ეს დიდი პროგრესია. „რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ საქართველოში აზერბაიჯანის მაშინდელმა ელჩმა, რამიზ გასანოვმა, განაცხადა, რომ იმ წელს სკოლა 4500 ეთნიკურად აზერბაიჯანელმა დაამთავრა, მათგან ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში კი მხოლოდ 27 მოსწავლემ მოახერხა ჩაბარება.

დაშდემირლი და აფანდიევი პირველ სტუდენტებს შორის იყვნენ, რომლებმაც 4 + 1 პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა — პროექტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო. მისი მიზანი იყო, ეთნიკური უმცირესობები წაეხალისებინათ უნივერსიტეტში ესწავლათ. პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მისაღები გამოცდები მშობლიურ ენაზე ჩააბარონ და უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე ერთი წლით ადრე ქართული ენის ინტენსიური კურსი გაიარონ.

მეტი შესაძლებლობა გოგოებისთვისა და ქალებისთვის 

ცენტრის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ ქართული ენის, არამედ ქართული ტრადიციებისა და წესების შესწავლასაც ეხება. დაშდემირლი განმარტავს, რომ „ფონდი ღია საზოგადოება — საქართველოს“ (Open Society Foundation Georgia) პროექტის ფარგლებში, ისინი ბავშვებს ქართულ ყოველდღიურ ცხოვრებაზე უყვებიან, აცნობენ მათ ქართულ ტრადიციებს, რელიგიურ წესებსა და სამზარეულოს.

„ბავშვები სწავლობენ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, მომდევნო რამდენიმე წელიწადში გადავლახავთ ენობრივ ბარიერთან დაკავშირებულ პრობლემებს!“ — ამბობს ის და მისი მოსწავლეებიც მსგავსი ენთუზიაზმით საუბრობენ.

„ადრე მორცხვი, ჩუმი და არააქტიური ვიყავით. ქართულად საკუთარი თავის წარდგენაც კი არ შეგვეძლო“, — ამბობს სამა ხალილოვა, მოლაოღლუს ცენტრის 18 წლის მოსწავლე. „ახლა შევიცვალეთ. მაგალითად, თითქმის ყველა, ვინც აქ [ცენტრში] დადის, მოგვიანებით უნივერსიტეტში ირიცხება. მერე ქალაქში გადადიან საცხოვრებლად, სადაც ქართულს სრულყოფილად შეისწავლიან ხოლმე და მერე სოფელში ბრუნდებიან. ასე რომ, სოფელში სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ქართულად“.

მისი კლასელი, 17 წლის ბაჰარ მამედოვა, ამბობს, რომ ცენტრის წყალობით სწავლაში დიდი პროგრესი აქვს. 

„ჩემი და თბილისში მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობს, თანაც ქართულად. მშობლებს უთხრა, რომ უფრო აქტიური გავხდი მას შემდეგ, რაც არიზის ცენტრში დავიწყე სიარული. ჩემი დის თქმით, როდესაც ჩემი ასაკის იყო, ასე კარგად ვერ საუბრობდა ქართულად. დღეს ჩემს ყველა თანატოლს შეუძლია, თავისუფლად გადმოსცეს სათქმელი ქართულად“.

გარდა იმისა, რომ სწავლის კუთხით ბავშვები უფრო მონდომებულები გახდნენ და მათი აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდა, მასწავლებლებისადმი მშობლების ნდობაც გაიზარდა და ეს ხელს უწყობს დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას გოგონების განათლების მიმართ. სანამ ცენტრი გაიხსნებოდა, მასწავლებლები კარდაკარ დადიოდნენ და მშობლებს ევედრებოდნენ, რომ ბავშვებისთის ცენტრში სიარულის ნება დაერთოთ.

„ადრე გოგონები 14-15 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ. თვეში დაახლოებით ხუთი ქორწილი იმართებოდა ხოლმე. დროთა განმავლობაში რიცხვმა იკლო და დღეს ძალიან იშვიათად თუ არის ხოლმე ქორწილი. [ჩვენი ტოლები] ქორწილს თუ აწყობენ, აღარ მივდივართ“, — თქვა ხალილოვამ.

„გოგოები თავისუფლად ვერ გადავაადგილდებოდით. სიარული მხოლოდ სკოლაში ან კერძო მასწავლებელთან შეგვეძლო“, — ამბობს 17 წლის არზუ ოსმანოვა. „სხვაგან ვერსად ვხვდებოდით ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც არიზმა გახსნა ცენტრი და ის წარმატებული აღმოჩნდა, [მშობლებმა] ნება დაგვრთეს, რომ აქ ან სხვა ადგილას შევკრებილიყავით და საქართველოს სხვა კუთხეებიც მოგვენახულებინა. ახლა, როდესაც სახლში ვსხედვართ, მშობლები გვეუბნებიან: “სახლში რატომ ზიხარ? წადი და ისწავლე რამე“.

საკინა რუსტამოვა. ფოტო: Facebook. 

„არიზი მამაჩემს ელაპარაკა და აზრი შეაცვლევინა“, — იხსენებს მამედოვა. „ჩემთვის დღემდე არ უთქვამთ, რაზე ისაუბრეს, მაგრამ მათი საუბრის შემდეგ ცენტრში თავისუფლად შემეძლო სიარული. ამის მიუხედავად, ძალიან რთული აღმოჩნდა, რომ თანასოფლელების დამოკიდებულება შეგვეცვალა. როცა [ჩვენთვის, გზაზე] მივდიოდით, ყველას ჰქონდა ჩვენზე რაღაც ცუდი სათქმელი, განსაკუთრებით გოგოებზე. „სად მიდიან? რას აკეთებენ იქ? გოგო რატომ უნდა მიდიოდეს სადმე ღამე?“. დედა სახლში მოვიდოდა ხოლმე და იტყოდა: „სოფლის ყველა ქალი თქვენზე ჭორაობს“. მაგრამ დღეს ჩვენზე აზრი შეეცვალათ. ახლა თვითონაც „დედების სკოლაში“ დადიან და სწავლობენ“.

დაშდემირლის თქმით, USAID-ის მიერ დაფინანსებული ეს „სკოლა“ ახალი აზროვნების ინსტიტუტის (New Thinking University) უახლესი „რევოლუციური“ პროექტია. კვირაში ორჯერ 10-12 დიასახლისი და დედა მოლაოღლუს ცენტრში ქართულის, ინგლისურის, მათემატიკისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების შესწავლის მიზნით იკრიბება. პროექტის მიზანია, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვოს, რათა დაეხმარონ შვილებს საშინაო დავალების შესრულებაში და აგრეთვე თვითონაც შეიძინონ მეტი ცოდნა. სწორედ ასე მოხდა სევილ ნასიბოვას შემთხვევაში — ის ბებიაცაა და, ამავდროულად, სკოლის ყველაზე მოწადინებული მოსწავლე.

„რაც აზროვნების ინსტიტუტი დაფუძნდა, არიზისა და კამრანის არც ერთი ღონისძიება არ გამომიტოვებია. როდესაც შევიტყვე, რომ დედების სკოლა დაარსეს, გადავწყვიტე მეც მევლო, რადგან პატარა შვილიშვილი მყავს, რომელიც სკოლაში დადის“.

„ძალიან ადრე გავთხოვდი. შესაბამისად, სკოლიდანაც ადრე გამოვედი, მე-9 კლასში როცა ვიყავი. არ მქონდა მიღებული საკმარისი განათლება. ახლა კი შემიძლია შვილიშვილს დავეხმარო. ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ყველას გვყავს შვილები ან შვილიშვილები და ახლა შეგვიძლია, მათ დავეხმაროთ“, — ამბობს ის.

პროექტი მას ქართული ენის გაუმჯობესებაშიც დაეხმარა და ახლა ყოველდღიურ პრობლემებს უფრო მარტივად უმკლავდება.

გასულ წელს დაშდემირლიმ და აფანდიევმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ინოვაციური იდეების კონკურსში 800 აშშ დოლარი მოიგეს. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, მათ პროექტის დიზაინი წარადგინეს —  ესეების ონლაინ კონკურსი მოსწავლეებისთვის აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე. ეს ცენტრებსა და მუნიციპალიტეტს შორის შემდგარი პირველი თანამშრომლობა იყო და აფანდიევი დარწმუნებულია, რომ ცენტრები თანამდებობის პირების მეტ ნდობას მოიპოვებენ და მათთან მომავალშიც ითანამშრომლებენ.

დაშდემირლისა და აფანდიევის საქმიანობა მხოლოდ განათლებით არ შემოიფარგლება.  ადგილობრივი ინიციატივების დაფინანსების მიზნით, ისინი სტუდენტებთან ერთად საგრანტო განაცხადებს ავსებენ. ამ გზით მათ მოლაოღლუში ნაგვის ურნების დაყენება და ახალი ასფალტის გზის დაგება დაუფინანსეს.

„ტვინების გადინების“ პროცესის შეჩერება 

როგორც საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, აიგულ ისაევა, აღნიშნავს, საბჭოთა კავშირის დაშლამ ქართველი აზერბაიჯანელების საგანმანათლებო გარემო შეცვალა.

„საბჭოთა დროს სახელმწიფო ენა რუსული იყო და არავის ევალებოდა ქართული ენის სწავლა. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქართულის სწავლა აუცილებელი გახდა, მაგრამ 2000 წლამდე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის გეგმა არ არსებობდა. ამიტომ სკოლის დამთავრებისთანავე, აბიტურიენტები ტოვებდნენ საქართველოს და განათლების მიღებას ბაქოში აგრძელებდნენ.“

ზაქირ აივაზლი. ფოტო: Facebook.

საქართველოში 230 000 ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს და მათი უმეტესობა ქვემო ქართლის რეგიონშია განსახლებული. ბევრი მათგანი მონოეთნიკურ სოფლებში ცხოვრობს და ქართულად ცუდად საუბრობს. 

სომხური უმცირესობის წარმომადგენლების მსგავსად, აზერბაიჯანელი მოსწავლეებიც ნაკლებად არიან ინტეგრირებულნი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, განსაკუთრებით უნივერსიტეტის დონეზე, სადაც ქართულენოვან სტუდენტებთან შედარებით მათი რიცხვი განსაკუთრებით დაბალია.

ამჟამად განათლების ახალ რეფორმებზე მიმდინარეობს მუშაობა. განათლების სამინისტროს ამ რეფორმებს „სკოლის ახალი მოდელი“ ეწოდება, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების ინტეგრაციას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

სამინისტროს ეთნიკური უმცირესობების პროგრამების კოორდინატორის ლელა ცქიტიშვილის თქმით, რეფორმების მიზანია, გააუმჯობესოს ეთნიკურ უმცირესობებში როგორც სახელმწიფო, ასევე მშობლიური ენის ცოდნაც. გარდა ამისა, ერთერთი მთავარი მიზანია, შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ახალ ორენოვან სპეციალისტებს მოიზიდავენ.

როგორც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ანთროპოლოგი, თამარ ანთაძე, აღნიშნავს, რეფორმების განხორციელებამდე საჭიროა, რომ აზერბაიჯანულ თემში ორი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდეს — მასწავლებელთა კვალიფიკაციის დაბალი დონე და სახელმძღვანელოების ხარისხი.

„[მასწავლებლების] უმეტესობამ არ იცის ქართული, რადგან 60 წელს არის გადაცილებული. ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით ახალგაზრდა მასწავლებელს, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს ასწავლის. [ასაკოვან] მასწავლებლებს არავინ ცვლის. ცხოვრების ბოლომდე ასწავლიან [სკოლებში],“ — აღნიშნავს ანთაძე.

2012 წელს ორენოვანი განათლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, განათლების სამინისტრო და სახელმძღვანელოების გამომცემლობები შეთანხმდნენ, რომ I-VI-კლასელების საგნების თითო სახელმძღვანელო სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე გადაითარგმნებოდა. მთლიანი ტექსტის თარგმნის ნაცვლად, სამინისტრომ დაავალა გამომცემლობებს, რომ თითოეული წიგნის 30% ქართულ ენაზე დაეტოვებინათ. ინიციატივამ  მოულოდნელი შედეგები მოიტანა.

„ეგონათ, რომ ორენოვანი განათლება მხოლოდ ორენოვან სახელმძღვანელოს ნიშნავდა, რომელშიც ერთი პარაგრაფი ქართულად ეწერებოდა, მეორე კი — აზერბაიჯანულ ენაზე. საშინელი არეულობა იყო“, — ყვება ანთაძე.

4+1 პროგრამამ ხელი შეუწყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებში განათლების მიღებას და მათ კარიერულ ზრდას, სკოლის ახალი მოდელი კი შემდგომ რეფორმებს მოიაზრებს. ამის მიუხედავად, დაშდემირლისა და აფანდიევის აზრით, უმცირესობებისთვის ერთიანი საგანმანათლებლო სტრატეგია რეალობად რომ იქცეს, საჭიროა, გავიაზროთ ის სერიოზული პრობლემები, რომლებიც აქვს განათლების სისტემას. 

სანამ საჯარო სკოლებში დაგეგმილი ცვლილებები განხორციელდება და სისტემაში არსებული ხარვეზები აღმოიფხვრება, მათ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზა შეიმუშავეს.

„მთელი ცხოვრება საქართველოში ვსწავლობდით, ამიტომ ვიცოდით, სად რა ხარვეზი იყო და გადავწყვიტეთ, ამ საკითხისთვის მიგვეხედა. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ ყველაფრის დაზუთხვა პრობლემას წარმოადგენს. ამის მაგივრად, ვცდილობთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების უნარი განვუვითაროთ და არ მივუთითოთ, „ეს სწორია, ეს კი არასწორი“, — ამბობს აფანდიევი.

ახალი ცენტრები

მოლაოღლუს და ხულდარას ცენტრების ხელშესახებმა შედეგებმა სხვა ახალგაზრდებიც შთააგონა და მალე მათ დაშდემირლისა და აფანდიევს მიბაძეს.

„ეს ცენტრი იმიტომ გავხსენი, რომ ჩვენს სოფელში მოსწავლეებისთვის ცალკე გამოყოფილი ასეთი სივრცე არ არსებობდა. არსად შეეძლოთ, დრო სასიამოვნოდ გაეტარებინათ და არაფორმალური განათლება მიეღოთ. მე პირადად შემეხო ეს პრობლემები. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი როგორია, როცა ვერ იღებ არაფორმალურ განათლებას სკოლის პერიოდში“, — ამბობს აშაღლუ სარალის საზოგადოებრივი ცენტრის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ხელმძღვანელი საკინა რუსტამოვა.

„როდესაც პირველად ვნახე კამრანის სახლში გახსნილი ცენტრი, ძალიან მომეწონა, მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მეც შემეძლო მსგავსი ინიციატივის განხორციელება. მათ მართლა შთამაგონეს“, — აღნიშნავს საკინა.

აღმამედლოს სათემო ცენტრი. ფოტო: Facebook.

24 წლის რუსტამოვამ ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა მარნეულის მუნიპალიტეტში არსებული ოთხი ახალი ცენტრიდან ერთერთის ხელმძღვანელია.

2019 წლის დასაწყისში რუსტამოვა ოთხი თვის განმავლობაში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი — EMC) ახალგაზრდების გაძლიერების ტრენინგს ესწრებოდა. შემდეგ კი დათანხმდა შემოთავაზებას, რომ ცენტრი საკუთარ სოფელში გაეხსნა, სადაც ახალგაზრდებს ექნებოდათ საშუალება, დასწრებოდნენ ტრენინგებს და ესწავლათ ქართული, ინგლისური და ჭადრაკი.

„რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეები და მათი მშობლები ჩემს ინიციატივას დადებითად შეხვდნენ“, — ყვება რუსტამოვა. „ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია აღმოჩნდა. ახლო მომავალში ცენტრის გაფართოებაზე ვფიქრობთ. ჩვენი მოსწავლეები ამ ორი წლის მანძილზე ძალიან შეიცვალნენ. უფრო აქტიურობენ და დიდი სამომავლო გეგმები აქვთ“.

ცენტრის გახსნიდან ორი წლის თავზე, მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა და ის უკვე 50 მოსწავლეს ითვლის. ფინანსურად ცენტრს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და ფონდი „ღია საზოგადოება — საქართველო“ (​Open Society Foundation — Georgia) უჭერს მხარს, თუმცა COVID-19 პანდემიის გამო ღონისძიებები ონლაინ ფორმატში გადავიდა.

მიღებულმა გამოცდილებამ შეცვალა რუსტამოვას დამოკიდებულება საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართ.

„ადრე საკუთარ ქვეყანასთან გაუცხოებული ვიყავი. დღეს კი შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველოს კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი რომ ფლობდეს ქართულს სრულყოფილად, უფრო აქტიური მოქალაქეები იქნებოდნენ და ხელისუფლებასაც უფრო მეტს მოსთხოვდნენ. ყველაზე დიდი ბარიერი სწორედ ლინგვისტურია“, — ამბობს ის.

რუსტამოვას მსგავსად, 21 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელმა, ზაქირ აივაზლიმაც, აღმამედლოს სათემო ცენტრის დაარსებაზე მას შემდეგ დაიწყო ფიქრი, რაც 2019 წელს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო. აქამდე დაარსებული ორი ცენტრი მისთვის იმის მაგალითს წარმოადგენდა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. როგორც ზაქირი ამბობს, მას უნდოდა, რომ ცენტრს „თემისთვის და ახალგაზრდებისთვის პროგრესი მოეტანა“.

თავიდან ცენტრს 6 მოსწავლე ჰყავდა, შემდეგ კი მათი რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

„განსაკუთრებით პანდემიის დროს შემოგვიერთდა ბევრი. ძირითადად, გოგოები დადიან. პანდემიის გამო Zoom-ის პროგრამის დახმარებით ვმუშაობთ“, — ყვება ის.

აივაზლი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო სწავლა დროებით შეჩერებული იყო. 

„ზოგადად, ქართული ენის გაკვეთილებს მათთვის ვატარებთ, ვისაც ქართულის სწავლა დაწყებითი დონიდან სურს, ამიტომ ქართული ენის გაკვეთილებს უფროსი თაობა უფრო ესწრება. ის ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ გაკვეთილებზე, აღნიშნავენ, რომ დღეს უკეთესად იციან ენა“, — დაამატა მან.

მიზიდულობის ცენტრი

ზოგიერთი ცენტრი ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მიმდებარე სოფლების მოსწავლეებიც მოიზიდა. ამის მაგალითია კასუმლოს ახალგაზრდული ცენტრი.

არზუ ბაირამოვამ, ცენტრის 20 წლის ხელმძღვანელმა, საკუთარი ცენტრის გახსნის ოცნება 16 წლის ასაკში აისრულა. ამის გაკეთება თავისი სკოლის დირექტორის მხარდაჭერითა და ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის, World Vision International–ის გრანტების წყალობით შეძლო.

დღეს ცენტრი 160-მდე მოსწავლეს ითვლის — აქედან ნახევარი გოგოები არიან, რომლებიც კასუმლოდან და მიმდებარე სამი სოფლიდან დადიან. ზოგიერთი მოსწავლის მიზანი ქართულის, ინგლისურისა და ხელოვნების შესწავლაა, ზოგი კი სპორტული თამაშებისთვის დადის. ბაირამოვა ხაზს უსვამს, რომ ქართული ენის სწავლის კუთხით, მის მოსწავლეებს დიდი პროგრესი აქვს.

კასუმლოს ახალგაზრდული ცენტრი. ფოტო: Facebook.

იგი მიიჩნევს, რომ ცენტრს ასევე შეუძლია, გოგონებისა და ქალების სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს.

„ჩვენი მასწავლებლები ასევე იმაზეც მუშაობენ, რომ აღკვეთონ ადრეული ქორწინებები. ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი გოგონა მოიზიდონ და ამ პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული პროექტები განახორციელონ“, — ამბობს ის.

პანდემიის გამო, ბაირამოვას ცენტრიც ონლაინ მუშაობაზე გადავიდა. ამბობს, რომ ცენტრის მოხალისეები დაეხმარნენ მათ, ვინც ქართულს არ ფლობს, დარეგისტრირებულიყვნენ მთავრობის მიერ დაწესებული სოციალური შემწეობის მისაღებად. 

სოფლის ცენტრების წყალობით, პროგრესი შეინიშნება აზერბაიჯანული თემის ინტეგრაციის კუთხით, რის მიღწევასაც ცენტრები ახალგაზრდებისთვის და ზრდასრულებისათვის ქართული ენის სწავლების გზით ახერხებენ. ამასთან,  ქართველი აზერბაიჯანელი კამრან მამედლი, რომელიც სალამს ხელმძღვანელობს — არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამართლიანობისა და უმცირესობათა ჯგუფების თანაბარი მოპყრობისთვის — ამბობს, რომ მხოლოდ სახელმწიფო ენის სწავლა ვერ გადაჭრის ეთნიკური აზერბაიჯანელების ინტეგრაციის პრობლემებს.

„ქართულად ვსაუბრობ, თავს ქართველად ვთვლი, მაგრამ ხალხი არასოდეს ჩამთვლის 100%-ით ქართველად. ვფიქრობ, საჭიროა, რომ ქართველებში ცნობიერება ამაღლდეს, რათა ჩვენი მიღება შეძლონ და მხარი დაგვიჭირონ ინტეგრაციაში“.

დაშდემირლი კი მიიჩნევს, რომ კომუნიკაცია ქართველებთან, რომლებიც უმრავლესობას შეადგენენ, ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯია. 

„იმისთვის, რომ ინტეგრაცია შესაძლებელი გახდეს, საჭიროა საერთო ენა. ამ მხრივ, ან ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქართული, ან მათ უნდა ისწავლონ ჩვენი ენა. რადგან სახელმწიფო ენა ქართულია და ქვეყანაში არაერთი ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს, უნდა ვისწავლოთ ქართული და ეს იყოს ჩვენი საერთო ენა“. 

ეს სტატია მომზადდა ჩვენს პარტნიორ Transitions Online-თან ერთად და პირველად გამოქვეყნდა 2021 წლის 18 თებერვალს. 

Related Articles

ანალიზი | საარჩევნო გარემო ეთნიკური უმცირესობებით კომპ?
Analysis

ანალიზი | საარჩევნო გარემო ეთნიკური უმცირესობებით კომპ?

V

„CRRC საქართველოს“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საარჩევნო გარემო ყველაზე მეტად პრობლემატური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებშია და მდგომარეობა უფრო უარესდება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, განსაკუთრებით კი — მეორე ტურში დატრიალებული მოვლენები შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. პირველ და მეორე ტურებს შორის მთავრობამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაახლოებით 600 ათასამდე მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერდა, რაც, ზოგიერთი დამკვირვე

Most Popular

Editor‘s Picks