fbpx

ფოტო | ქალთა ხმები მეტყევეობაში

მედეა მგალობლიშვილი. ფოტო: სალომე ქინქლაძე/OC Media.

საქართველოს ტყეებით საუკუნეების განმავლობაში საზრდოობდნენ ქვეყანაში მცხოვრები ქალები და დღემდე ასე გრძელდება. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ზოგიერთი მათგანი მეტყევეც გახდა.

67 წლის მარინა სუჯაშვილი მეტყევეა, რომელიც პირველი ქალი იყო, რომელსაც დამსახურებული მეტყევის სტატუსი მიენიჭა. ამჯერად იგი ერთერთია იმ შვიდი მეტყევე ქალიდან, რომლებიც საქართველოში საკუთარი პროფესიით მუშაობენ. 

მეტყევეები საქართველოში „ტყის მოწყობის, დაცვისა და გამოყენების სპეციალისტები“ არიან, რომლებიც არა მხოლოდ ტყის ბინადრებს უფრთხილდებიან, არამედ — მთელს ეკოსისტემაზე ზრუნავენ. ისინი ჩაყრიან ახალ ნერგებს და ზრუნავენ უკვე გახარებულ ხეებზე. ასევე თვალს ადევნებენ გარშემო სასოფლო-სამეურნეო და ადგილობრივ ტყეებთან დაკავშირებულ საქმიანობას, რათა გარემოს წონასწორობა შენარჩუნდეს.  

ამ მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი საქმიანობის გამო, რომელსაც მეტყევეები ასრულებენ, მათ უფრო ხშირად ტყის „მმართველებს“ უწოდებენ.  

სუჯაშვილს მეტყევის პროფესიის არჩევა ბოტანიკოსმა დედამ შთააგონა, რომელსაც იგი ხშირად დაჰყვებოდა ტყეში. ინტერვიუში საუბრისას აღნიშნავს, რომ მეტყევეობის დარგში მუშაობა ქალებისთვის ჩვეული, ბუნებრივი მოცემულობაა, რამდენადაც სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ტყე ყოველდღიური ცხოვრების წესია.

„ტყეში ყოველთვის უნდა გქონდეს ნივთები, რომლითაც გაიკვლევ გზას. მაგრამ ასევეიქ ყოველთვისაა ნიშნულები, რომლის კითხვაც უნდა იცოდე. ტყეში ძალიან ბევრჯერ მიცხოვრია კარავში, მინახავს ადრეული დილა და გვიანი ღამეც. რამდენადაც იცხოვრებ ტყის ცხოვრებით და ისე გააკეთებ შენს საქმეს, უფრო მოუსმენ ბუნების გულისცემას და, როგორც მეტყევე, უფრო სწორ გადაწყვეტილებებსაც მიიღე“, — აღნიშნავს მარინა სუჯაშვილი. ფოტო: სალომე ქინქლაძე/OC Media.
სამეგრელოს ტყე. ფოტო: სალომე ქინქლაძე/OC Media.

საკუთარი ოჯახების გამოსაკვებად და შემოსავლის საძიებლად სოფლად მცხოვრები ქალები თავიანთ შვილებთან, ან უმცროს დებთან და ძმებთან, ერთად ხშირად დადიან ტყეებში, სადაც ისინი სოკოს, კენკრას, კაკალს და სამკურნალო მცენარეებს აგროვებენ. 

ამ საქმიანობის რომანტიზების მიუხედავად, რასაც ხშირად ქართულ ზღაპრებში ვხვდებით, ტყის რესურსების შეგროვება რთულია და დიდ ენერგიას მოითხოვს. ამავდროულად, ადგილობრივი ეკოსისტემის შესახებ ცოდნა ტყესთან შეხებისას აუცილებელი წინაპირობაა.  

Advertisements

ამასთან, ის საქმიანობები, რომლებსაც ქალები არამერქნული რესურსების შეგროვების მიმართულებით ეწევიან, დაბალშემოსავლიანია მაშინ, როდესაც კაცები, როგორც წესი, მეტად ფორმალურ და შესაბამისად, მაღალშემოსავლიან სექტორებში არიან კონცენტრირებულნი, როგორიცაა, მაგალითად, ხე-ტყის დამუშავება.

ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი სეზონურად იცვლის საცხოვრებელ ადგილს და ტყეებში სახლდება. ზოგჯერ ისინი არაფორმალური „ტყის მცველებიც“ კი ხდებიან. 

ლამზირა კიკალია, მეტყევე სამეგრელოდან, აღნიშნავს: „რამდენიმე შემთხვევა იყო, ღამეც გამითენებია ტყეში. იმ სიჩუმეში ფრინველების ჭიკჭიკი, ცხოველების ყმუილი გამიგია, მერე ყველაფერი ნელ-ნელა გაჩუმებულა და ჩამომდგარა სიჩუმე, სიჩუმეს კი დილის რიჟრაჟი მოსდევდა“. ფოტო: სალომე ქინქლაძე/OC Media.
მარინე რეხვიაშვილი მეტყევეა ბოლნისიდან, რომელიც 1977 წლიდან ამ სფეროში მოღვაწეობს. იგი აღნიშნავს, რომ ქალების როლი მეტყევეობაში ფასდაუდებელია, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი არ არიან დაფასებულნი. ის იხსენებს, რომ მეტყევეობის ფაკულტეტზე ექვსი გოგოდან ერთადერთი იყო, რომელიც მომავალში საკუთარი პროფესიით დასაქმდა. ფოტო: სალომე ქინქლაძე/OC Media.

„მუშაობა განდაგურების გარეშე“

ლეილა მალაშნიძე ბოლნისში ცხოვრობს. აგრონომიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, თავის ტყუპისცალ დასთან ერთად თითქმის 20 წლის განმავლობაში აგროვებდა მცენარეებს, რომლისგანაც მედიკამენტებს ამზადებდა. 

დის გარდაცვალების შემდეგ ლეილამ, მეზობლად მცხოვრები ქალების დახმარებით, განაგრძო ეს საქმიანობა. 

ლეილას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებული ტყეები მდიდარია საჭირო და აუცილებელი მცენარეებით, დღეს არსებული გამოწვევა ტყის რესურსების მდგრადი გამოყენებაა.  

„ერთ ბალახს რამდენჯერმე ვეხები. ჯერ მოკრეფა, ზოგს გარეცხვა უნდა, გაშრობა, მერე დაჭრა. მერე ნაკრებებს ვაკეთებ. რაც უფრო მეტად მრავალფეროვანია ნაკრები, უფრო ეფექტურია“, — ამბობს ლეილა ბოლნისიდან.  
ტყის ბალახეულისგან დამზადებული წამალი. ფოტო: სალომე ქინქლაძე/OC Media.

სხვებისათვის, მედეა მგალობლიშვილის მსგავსად, ტყე სეზონურ საქმიანობებს უკავშირდება. წელიწადის ცივ თვეებს მედეა ჯვარში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ატარებს. მაგრამ დათბობისთანავე, როგორც კი ხილი მწიფებას იწყებს, იგი საკუთარ სახლსა და ოჯახს ტოვებს და ტყის ფონდის მიმდებარედ, პატარა ხის ქოხში გადადის საცხოვრებლად. რამდენიმე თვის განმავლობაში მედეა გარშემო არსებულ ტყეებში, ძირითადად, ხილის შეგროვებით არის დაკავებული, რომელსაც ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. 

მგალობლიშვილის თქმით, ტყის რესურსები, როგორიცაა, მაგალითად, ხილი, შინამეურნეობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს როგორც საკუთარი, აგრეთვე სხვა, ნაცნობი ოჯახებისათვის. 

თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რესურსებს ბუნებაზე ზიანის მიყენების გარეშე მოიპოვებდნენ ადამიანები.  

„ზოგადად ისე უნდა გააკეთო საქმე, რომ ძირფესვიანად არ ამოაგდო რამე. არაფრით არ შეიძლება ასე. ის მოცვი რომ არის და კრეფ, ისე უნდა მოკრიფო, რომ არ მოამტვრიო, სიფრთხილე უნდა გამოიჩინო. მეორეჯერ რომ მიხვალ, ნახავ, რომ არ მოისხა“.

მედეას ქოხი. ფოტო: სალომე ქინქლაძე/OC Media.
ტყის მცენარეები. ფოტო: სალომე ქინქლაძე/OC Media.
მედეა მგალობლიშვილი: „დილაობით ადრე ვდგები, რომ ხილი შევაგროვო, სანამ მზე ამოვა აი, იმ მთიდან. შეგროვება არც ისე ადვილია, როგორიც შეიძლება, გეჩვენოს. განსაკუთრებით, მოცვის შეგროვება, რადგან ის ძირითადად ციცაბო კლდეებზე იზრდება. ხშირად მიზიანდება ხელები ეკლიანი მცენარეების გამო. ფოტო: სალომე ქინქლაძე/OC Media.