fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

ხმა პანკისიდან | „პანკისის კრიზისიდან“ დღემდე

31 January 2018
ლუიზა მუთოშვილი (ლუკა პერტაია /OC Media)

ლუიზა მუთოშვილი, პანკისის ხეობა, 27 წლის.

„მას შემდეგ, რაც ხუთი წლის წინ პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში დავიწყე მასწავლებლად მუშაობა, ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. ჩემი სასწავლო პროგრამის მიზანი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში ქართული ენის სწავლების ბარიერის დაძლევა იყო. მეც ეთნიკურად ქისტი ვარ და, რადგან ქართული ჩემი მშობლიური ენა არ არის, ენის ბარიერის პრობლემა ჩემთან ძალიან ახლოს იდგა.

ჯერ დუისის საჯარო სკოლაში, რუსულ სექტორში ვასწავლიდი ქართულ ენას რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს პანკისის ხეობაში ჩამოსულ ჩეჩენ ლტოლვილ ბავშვებს, ახლა კი ისტორიის მასწავლებლად, დამხმარე პედაგოგად ვმუშაობ“.

„პანკისის კრიზისიდან“ დღემდე

„აქამდე გრძელი გზა გამოვიარე: ჩემი მოსწავლეობისას, 2000-იან წლებში, „პანკისის კრიზისის პერიოდი“ როდესაც იდგა, მთელ ქვეყანაშიც რთული პერიოდი იყო და ახალგაზრდებს არანაირი გასაქანი არ გვქონდა. მოსწავლეებისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი, სადაც განსხვავებული ამბების მოსმენა შეგვეძლო,  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია — კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი იყო. აქ შეგვეძლო, რაიმე ახალი გვესწავლა, ჩვენთვის საინტერესო პიროვნებები გაგვეცნო.

ეს ცენტრი იყო პირველი, რომელმაც პანკისელ ახალგაზრდებში შემოიტანა „განსხვავებული თემები“ — ადამიანის უფლებები, გენდერი, ა.შ. წარმოდგენა არ გვქონდა ამ ცნებებზე. მახსოვს, როდესაც გენდერის თემაზე აქტიურად დავიწყე ტრენინგებზე სიარული, ოჯახის მხრიდან არ იყო მაინცდამაინც პოზიტიური შეფასებები — ამბობდნენ, ვიღაცა სოროსელები ცდილობენ, ტვინი აგირიონო.

2013 წლიდან მეც სწორედ აქ დავიწყე მუშაობა. ამჟამად ჩვენი ერთერთი მიზანია, პანკისის კრიზისის პერიოდიდან შემორჩენილი „ხიდჩატეხილობა“ ხეობაში მცხოვრებ ქისტ და ქართველ მოსახლეობის შორის კიდევ უფრო მეტად შევასუსტოთ. ვცდილობთ, სხვადასხვა პროექტში ჩავრთოთ ახალგაზრდები — მათ უნდა შეეძლოთ, ჩვენთან ერთად ყველა აქტივობაში ჩაერთონ. ვეხმარებით ქალებსაც, როგორც განათლების მიღებაში, ისე მცირე ბიზნესპროექტებში ვუმართავთ ხელს.

ბუნებრივია, ძალიან დიდი განსხვავებაა მაშინდელ და ახლანდელ საზოგადოებრივ განწყობას შორის. ჩვენ რეალურად იმ პერიოდში მოგვიწია მოსწავლეობა, როცა დენი, გზა არ გვქონდა, არანაირი ინფორმაცია პანკისის ხეობაში არ შემოდიოდა. მეტიც — სახელმწიფო იურისდიქცია ხეობაზე ფაქტობრივად არ ვრცელდებოდა და ჩაკეტილი სივრცე იყო, ამ პირობებში კი ნარკობიზნესი ყვაოდა.

ყველაფერი ეს, ბუნებრივია, არ იყო მხოლოდ ადგილობრივების ბრალი, ეს სახელმწიფო ხელშეწყობით ხდებოდა. ამ ინფორმაციულ ვაკუუმში კი სკოლის პროგრამის გარდა, ბევრი არაფერი გვიფართოვებდა მსოფლმხედველობას.

Advertisements

დღევანდელ ახალგაზრდებს ამ მხრივ გაუმართლათ: ისინი გაცილებით პროგრესულები და განსხვავებულები არიან. ისინი ცდილობენ, გარემო თავიანთ სასარგებლოდ და სასიკეთოდ შეცვალონ“.

მოუშორებელი სტიგმა

„სამწუხაროდ, ამ კრიზისული პერიოდის შემდეგ ჯერაც ბოლომდე ვერ მოვიშორეთ ეს იარლიყი, რაც პანკისს ჰქონდა. ერთერთი ბოლო ეპიზოდი 22 ნოემბრის სპეცოპერაცია იყო, სადაც „პანკისი“ ხშირად ისმოდა, ზოგჯერ — უსამართლოდ, უარყოფით კონტექსტში. აქ მედიისა და სახელმწიფოს როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უპასუხისმგებლო კომენტარებმა და გაშუქებამ უარყოფითად იმოქმედა ხეობის იმიჯზე.

ფეისბუკის ერთერთი პოსტის კითხვისას დაღლამდე ვიტირე, ისეთი აგრესია მოდიოდა ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან. თუმცა ვერ დავადანაშაულებ რომელიმე მათგანს; პანკისთან მათი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი.

ჩემთვის, გულწრფელად, როგორც რიგითი მოქალაქისათვის, პანკისელისათვის, ამ ამბავში არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი საკუთარი ძმაც რომ იყოს დანაშაულებრივ ჯგუფში, აუცილებლად უნდა აგოს პასუსი. არავის გვიხარია, თუ ვინმე ჩვენგანი მსგავს სიტუაციაში არის ხოლმე გარეული.

რაც შეეხება ქისტებს, — ჩვენი ქართველებთან საერთო თანაცხოვრების განმავლობაში, არასოდეს ჩაგვიდენია ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. მე ძალიან ამაყად ვამბობ ამას, რომ ვართ ერთერთი ყველაზე კარგად ინტეგრირებული ერი ქართულ საზოგადოებაში.

არ გვიხაროდა, როდესაც ახალგაზრდები მიდიოდნენ სირიაში. პანკისელი დედები ძალიან ხშირად მიმართავდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონტროლი გაემკაცრებინათ და არ გაეშვათ შვილები, მაგრამ სამწუხაროდ, მიუხედავად ყველაფრისა, რეალობა ისაა, რომ ბოლოს უკვე არასრულწლოვნებმა გადაკვეთეს საზღვარი და ეს ძალიან მტკივნეული იყო დედებისთვის. ორივე მათგანი უკვე სირიაში დაიღუპა“.

პრობლემის კომპლექსურობა

„სირიაში საქართველოს მოქალაქეების საბრძოლველად გადინებას არ აქვს მხოლოდ ერთი ან ორი მიზეზი, ეს მრავალშრიანი პრობლემაა. ხშირად მოისმენდით, მაგალითად, რომ პანკისიდან გადინების ძირითადი პრობლემა ეკონომიკური კეთილდღეობაა და ა.შ. მე ამას არ ვეთანხმები — თქვენ თუ პანკისში ამოხვალთ, მიხვდებით, რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო კარგად ცხოვრობს ხალხი.

ეს, შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში ერთერთი მიზეზი ყოფილიყო, მაგრამ არა ერთადერთი ან ყველაზე მთავარი. აქ სხვა ფაქტორებიც იყო, „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდა, ანტი-რუსული ნარატივები, იდენტობა, და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებდნენ, უნდა ვისაუბროთ იმ მიზეზებზე, რამაც მიიყვანა ისინი ამ არჩევანამდე, რომელიც  საბოლოოდ არც ჩვენთვის, არც ჩვენი ქვეყნისთვის, და ბევრი ადამიანისთვის არ იყო სასიკეთო“.

ქალების როლი

„ამ და სხვა პრობლემების მოგვარებაში უმნიშვნელოვანესია ქალების როლი. დღესდღეობით აქტიურად ისმის ფემინიზმის, გენდერის, ქალთა აქტივობის თემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ თავს ტრადიციონალისტად მოვიაზრებ, ამას არასოდეს შეუშლია ჩემთვის ხელი, ფემინისტი ვყოფილიყავი.

პანკისში ბევრ ფემინისტს შეხვდებით-მეთქი რომ ვთქვა, მოგატყუებთ. მე კი ხშირად მოვუწოდებ გოგონებს, ყოველთვის აქტიურები იყვნენ. არასდროს დახუჭონ თვალი იმ პრობლემებზე, რის წინაშეც დგანან — რადგან ერთი ადამიანის მაგალითი ძალიან კარგი სტიმულია ხოლმე სხვა გოგონებისთვის.

ამ იდეით მოტივირებულმა მივიღე 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. პანკისისთვის წარმოუდგენელი იყო ახალგაზრდა ქალი პოლიტიკაში — ჩვენი თემის ცხოვრებაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ქალმა გაბედა, ხმამაღლა ეთქვა, აქტიური პოლიტიკური ცხოვრება მინდაო.

მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ დამოკიდებულება ჩემი ნათესავების, მეგობრების, თემის, სოფლის მხრიდან დადებითი იყო. პირიქით — ყოველდღე მესმოდა — რა გინდა, ხომ იცი, რომ მაინც უნდა წააგო, რატომ არ ჩერდებიო. ასეთ შემთხვევებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის თანადგომას, განსაკუთრებით — კაცებისას. რომ არა მამაჩემის თანადგომა, არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ.

თუმცა საერთო განწყობებიდან გამომდინარე, არ მიფიქრია, რომ არჩევნებში მოგების შანსი მქონდა. ვიცოდი, რომ წაგებულ თამაშს ვთამაშობდი, თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა შედეგით დავასრულებდი, — ერთადერთი, რისიც მეშინოდა, დიდი სხვაობით წაგება იყო.

საბოლოოდ, იმ ტრადიციულ თემში, სადაც ავტორიტეტების როლი ჯერაც ძლიერია და ყველა კონკურენტი ავტორიტეტული კაცი იყო, მხოლოდ 12 ხმა დამაკლდა გამარჯვებამდე.

ამის შემდეგ ყოველთვის ვამბობ, რომ არ წამიგია არჩევნები, რადგან მჯერა, რომ სტიმული მივეცი გოგოებს — დარწმუნდნენ, რომ თურმე ის სტერეოტიპი, რომ გოგოს შანსი არ ჰქონდა მოგებისა, დაიმსხვრა.

ვფიქრობ, ასე ერთეულმა ადამიანებმა უნდა გარისკონ ხოლმე. წარმოუდგენელი სირთულეების გადატანა მომიწია არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი. მსგავსი რამ ერთმა მაინც უნდა გაბედოს, არ უნდა გვეშინოდეს პირველი ნაბიჯის გადადგმის. საკუთარ თავს უნდა აჯობონ და ძლიერები უნდა იყვნენ, რისკენ მიმავალი გზაც განათლებაზე დგას.  ასე მწამს: განათლებას მოაქვს დამოუკიდებლობა“.

Right now, online media in Georgia is in dire need of safety equipment, legal support, and technology as we cover increasingly challenging circumstances. Support small, independent media outlets in Georgia via our collective fundraiser.

Interested in directly assisting OC Media? Consider becoming a member.