Media logo
პარლამენტი

ქუთაისის დამსხვრეული ოცნებები: საქართველოს მიტოვებული

ქუთაისის დამსხვრეული ოცნებები: საქართველოს მიტოვებული

მას შემდეგ, რაც შეუსრულებელმა დაპირებებმა ქალაქი სრულიად იმედგაცრუებული დატოვა, ახლადშექმნილი სამოქალაქო მოძრაობა „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ პარლამენტის ქუთაისში დასაბრუნებლად იბრძვის. 

„ამ გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისს უთხრა, მოკვდი“, — უთხრა ქუთაისში მოქმედი სამოქალაო მოძრაობის ლიდერმა, ეკა ფხაკაძემ, OC Mediaს. 

მისი თქმით, მათი ორგანიზაცია არცერთ პოლიტიკურ პარტიას მისცემს შესაძლებლობას, ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოოს, სანამ არ განაცხადებენ, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობა არის ქუთაისი.

ისინი ირწმუნებიან, რომ მმართველი გუნდის 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტი თბილისში დაბრუნების შესახებ,  ქალაქს საბოლოო დაცემამდე მიიყვანს; კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება შეუსრულებელი დაპირებათა ნაკადში, რომლებმაც ქალაქი მიტოვებული არქიტექტურული სიმახინჯეებით აავსო და დატოვა სიღარიბის ჭაობში. 

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა პარლამენტში იმუშავებდა და ის გადაჭრიდა [სრულად] უმუშევრობის პრობლემას“, ამბობს ფხაკაძე. „მაგრამ პარლამენტი აქ [ქუთაისში] ავტომატურად მოიტანდა დადებით ცვლილებებს“. 

პარლამენტი ქუთაისისთვის

2012 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ახალი პარლამენტის შენობა საზეიმოდ ქუთაისში გაიხსნა. ის იყო ექვსსართულიანი მინის ნაგებობა, რომლის ღირებულება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, დაახლოებით, 326 მილიონ ლარს ($110 მილიონი) შეადგენდა. შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ტრანსფორმაციული და წინააღმდეგობრივი მმართველობის  გრანდიოზულ არქიტექტურულ სიმბოლოს წარმოადგენს. 

პარლამენტი ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს შედარებით პატარა ქალაქში, თბილისიდან 220 კმ-ის დაშორებით, სწორედ მისი ინიციატივით გადმოვიდა. მაშინ ხელისუფლება საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სახელმწიფო უწყებების დედაქალაქიდან რეგიონებში გადატანა დეცენტრალიზაციის პროცესსა და რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს. 

შუშის კონსტრუქციაში მოქცეული პარლამენტის შენობა ქუთაისში, რომელიც ესპანელი არქიტექტორების, ალბერტო დომინგოსა და კარლოს ნაზაროს, მიერაა დაპროექტებული. (ლანა კოკაია / OC Media)
პარლამენტის სხდომათა დარბაზი ახლა ცარიელია. (ლანა კოკაია / OC Media)

მაგრამ, მალე ნათელი გახდა, რომ პარლამენტი ქუთაისში დიდხანს ვერ დარჩებოდა. იმავე წლის ოქტომბერში სააკაშვილის პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ (ენმ), საპარლამენტო არჩევნები წააგო და კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. 

ამის შემდეგ მალევე დაიწყო ოფიციალური და არაოფიციალური საუბრები პარლამენტის თბილისში დასაბრუნებლად. 

პარლამენტის ქუთაისში გადატანის მოწინააღმდეგეები ირწმუნებოდნენ, რომ ენმ-ს მიერ თბილისიდან პარლამენტის გადატანის რეალური მიზეზი საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკური გავლენის შემცირება იყო. ისინი ამბობდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტს დიპლომატიურ და ბიზნეს ელიტას დააშორებდა, რომლებიც დიდწილად დედაქალაქში იყო კონცენტრირებული. 

“ქართული ოცნების” ჩინოსნები უბრალოდ აცხადებდნენ, რომ ორ შენობაში მუშაობა არაეფექტურთან ერთად შეუძლებელიც იყო. 2013 წელს მთავრობამ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენები თბილისში გადაიტანა, პლენარული სხდომები კი ქუთაისში იმართებოდა. 

საუბრობდნენ ასევე პარლამენტის შენობაში არსებულ სტრუქტურულ პრობლემებზეც. გამჭვირვალე შუშა ერთგვარ გამათბობელად გარდაიქმნებოდა და კონდიციონერები, რომლებიც მთელი დატვირთვით მუშაობდნენ, სიგრილეს ვერ ინარჩუნებდნენ. 

პარლამენტის გარდა, თბილისიდან ქუთაისში ოთხი სახელმწიფო უწყება მთავრობის სახლი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და გზების დეპარტამენტი გადმოიტანეს. ოთხივე თბილისში მალევე დააბრუნეს. სათავო ოფისებისგან ქუთაისში მხოლოდ აუდიტის სამსახურისა და გზების დეპარტამენტის ფილიალები შემორჩა. 

მიტოვებული მთავრობის სახლი ქუთაისში. (ლანა კოკაია / OC Media)

ბოლო ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში პოლიციის რეგიონალური ჰაბი განთავსდება. 

“ამ ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი”, უთხრა OC Mediaშინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნინო ცხადაძემ.  

გველები მინდორში

ეკა ფხაკაძის თქმით, პარლამენტის ქუთაისში მუშაობის დაწყებისთანავე, მთავრობა მას არ უვლიდა. 

ტერიტორია ნაგვით იყო დაბინძურებული, ბალახს იშვიათად თიბავდნენ, ზაფხულში ადგილობრივები მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად შენიშნავდნენ გველებს. 

ხელოვნური ტბა, სადაც ადრე ბავშვები ბანაობდნენ, დაშრა. თავიდანვე გაფუჭდა ახლადდაგებული ფილაქანი, რადგან დეპუტატები ზედ მანქანებს აპარკინგებდნენ. 

ასევე, ხშირად წვიმდა პარლამენტის შენობაში. 

პარლამენტის ქუთაისის შენობის პირველ სართულზე სახურავიდან ჩამომავალ წვიმის წყალს ვედროებით აკავებენ. (ლანა კოკაია / OC Media)
უფუნქციოდ დარჩენილი მთავრობის სახლის პირველი სართული, რომელიც მტვრითაა სავსე. (ლანა კოკაია / OC Media)

პარლამენტის მსგავსად, მთავრობის სახლსაც არ გაუმართლა ქუთაისში. ის 2011 წლის ნოემბერში გაიხსნა და მუშაობა მალევე, ერთი წლის შემდეგ, შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ენმ-მ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნები წააგო. IDFI-ის თანახმად შენობის ასაშენებლად 21 მილიონ ($7,2 მილიონი) ლარამდე დაიხარჯა.

მთავრობის ყოფილი სახლი დაკეტილი და მიტოვებულია. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.  

OC Media-მ სახელმწიფო საინვესტიციო “საპარტნიორო ფონდს”, რომელიც აგრეთვე მთავრობის სახლის კანონიერი მფლობელია, შენობის შენახვის ხარჯებსა და მის სამომავლო ბედზე ჰკითხა.

“საპარტნიორო ფონდი” მოკლე განცხადებით შემოიფარგლა, სადაც მხოლოდ გვითხრეს, რომ ფონდი შენობას განიხილავს, როგორც “საინვესტიციო ქონებას”. 

პარლამენტის ქუთაისის შენობის თანაშრომლის თქმით, სახურავიდან ჩამოწვეთილმა წვიმის წყალმა მთავრობის შენობაც დააზიანა. „საპარტნიორო ფონდმა“ OC Media-ს შიგნით შესვლის საშუალება არ მისცა, თუმცა გარედანაც შესამჩნევი იყო მტვრიანი, დაულაგებელი, ნაგავით ავსებული შენობა. 

გაუჩინარებული ოცნებები

საბჭოთა კავშირის პერიოდში ქუთაისი ხმაურიანი ინდუსტრიული ქალაქი იყო. თუმცა სსრკ-ს დაშლისთანავე, დაიშალა მასზე აგებული ეკონომიკაც. ქუთაისის გიგანტური ქარხნები მალევე ერთდროულად გაჩერდა.

დღეს ბევრი ადგილობრივი ამბობს, რომ ქალაქის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, სიღარიბე და მისგან გამომდინარე მიგრაცია. 

სამთავრობო უწყებების თბილისში დაბრუნებასთან ერთად, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისს ახალი დაპირება მისცა, რომელსაც, შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოს გადატანით მიყენებული დანაკლისი შეევსო. 2016 წლის მარტში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მათ ახალი პროექტის ფართომასშტაბიანი მშენებლობა დააანონსეს. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ოცნების ქალაქი“ უნდა აშენებულიყო. რეკრეაციული კომპლექსი 270 მილიონი ევროს ($300 მილიონი) ღირებულების იყო. პროექტის მიხედვით, ადგილზე მულტიფუნცქიური კომპლექსი: სასტუმროები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრი და საცურაო აუზი უნდა მოწყობილიყო. 

ასეთი უნდა ყოფილიყო დაგეგმილი „ოცნების ქალაქი“ ქუთაისში

პროექტის განხორციელება შპს „აია ინტერტაიმენტს“ დაევალა. პროექტის მასშტაბურობის მიუხედავად, მის ასაშენებლად ერთი წლის წინ შექმნილი, გამოუცდელი კომპანია შეარჩიეს.  

კომპანის ერთერთი წარმომადგენელი, ვახტანგ გაგნიძე, საუბრობდა, რომ სამშენებლო სამუშაოები მიწის გადმოცემიდან არაუგვიანეს 90 დღეში უნდა დაწყებულიყო, მას შემდეგ, რაც ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ტერიტორიას საკუთრებაში ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა. მიწის გადაცემა მოხდა, მშენებლობა არ დაწყებულა. 

დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრიალი მინდორია. 

„ოცნების ქალაქის“ ასაშენებლად განკუთვნილი მიწის ნაკვეთი ცარიელი და მიტოვებულია. (ლანა კოკაია / OC Media)

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა ქამუშაძემ, OC Media-ს უთხრა, რომ მათ კომპანიისა და ასევე პროექტის არ განხორციელების შესახებ არაფერი იციან, რადგან მხარეებს შორის კონტრაქტი არ დადებულა. “ეკონომიკის სამინისტროს მიწა გადაეცა. ამის შემდეგ არაფერი გაგრძელებულა”, — თქვა მან. 

„აია ინტერტაიმენტი“ საჯარო რეესტრში ისევ იძებნება. თუმცა ოფიციალურ გვერდზე საკონტაქტო ნომერი მითითებული არ არის; მითითებული ელექტრონული ფოსტა კი გაუქმებულია. 

2017 წლის აპრილში „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის მაცხოვრებლებს კიდევ ერთი დაპირება მისცა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რკინიგზა უნდა შესულიყო და მას აღმოსავლეთ-დასავლეთიდან მომავალი მატარებლები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან უნდა დაეკავშირებინა. 

2019 წლის ივლისში, პროექტის ტრიუმფალური დაანონსებიდან ორი წლის გასვლის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდებოდა. თუმცა, მისივე თქმით, იგეგმება არსებული სადგურის რეაბილიტაცია, რომელიც აეროპორტიდან ორი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.  

2019 წლის 6 აპრილს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ქუთაისისთვის ახალი გრანდიოზული დაპირება გასცა. მან ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის ქუთაისში მშენებლობის შესახებ დააანონსა, რომელმაც წელიწადში 40 000-მდე მანქანა უნდა  გამოუშვას. 

თუმცა შეუსრულებელი დაპირებების გამოცდილებამ ქუთაისში მაცხოვრებლები სკეპტიკურად დატოვა. 

„თუკი გახსნიან (ქარხანას), ამას რა სჯობს, — უთხრა OC Media-ს ქუთაისის მკვიდრმა, ფრიდონ ასათიანმა, — თუმცა, თუ ვერა, ძალიან საწყენი იქნება, რადგან ჩვენ ახლა ისე გვჭირდება საწარმოები და დასაქმება, როგორც ავადმყოფოს — წამალი“.

ახალი უნივერსიტეტი

ყველა დაპირება შეუსრულებელი არ დარჩენილა — ბოლომდე მაინც. მუხნარის ტყეში, ქუთაისის გარეუბანში, ახალი უნივერსიტეტი შენდება.

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის (თავიდან ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი ერქვა) მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაანონსდა. პროექტის პრეზენტაციის ცერემონიას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც, დაესწრო.

უნივერსიტეტს, რომელსაც ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აშენებს, სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიეღო. თუმცა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის ადმინისტრაციამ OC Media-ს უთხრა, რომ გახსნის თარიღი 2020 წლამდე გადაიდო. 

მათი თქმით, ამჟამად პირველი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს და მეორე კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მალე დაიწყება. 

მუხნარის ტყეში უნივერსიტეტის მშენებლობა მიმდინარეობს. (ლანა კოკაია / OC Media)

„2020 წელს დაგეგმილია სულ მცირე ათასი სტუდენტის ჩარიცხვა, რაც დინამიურად ყოველ მომდევნო წელს გაიზრდება. გრძელვადიან პერსპექტივაში უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზეა გათვლილი”,  — უთხრა OC Media-ს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. 

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“, თავმჯდომარე, ნუგზარ კოხრეიძე, თვლის, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, მაგრამ ეჭვობს, თუ რამდენად შეიძლება, მან გავლენა იქონიოს ქალაქის ბედის შეცვლაში. 

ამის დასტურად მას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითი მოჰყავს, სადაც 11 000-მდე სტუდენტი სწავლობს. კოხრეიძის თქმით, სტუდენტების რაოდენობა ქალაქის ეკონომიკაზე დადაბითად არ ასახულა. 

იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი ქალაქის გარეუბანში იფუნქციონირებს, ის შიშობს, რომ სტუდენტები და მათი ეკონომიკური წილი უნივერსიტეტის შიდა საზღვრებს არ გაცდება

“რაც რეალური იყო, ის წაგვართვეს. ხოლო, რასაც გვპირდებიან, ის ჯერ არაა რეალური, — ამბობს ის. — ჩვენ, მოქალაქეები, დღეს, ისევე, როგორც ადრე, ვართ ერთი კაცის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მსხვერპლნი. არავის უკითხავს ჩვენთვის, გვინდოდა თუ არა პარლამენტის აქ გადმოტანა და არავის უკითხავს, მისი უკან წაღების შესახებ. დღეს ჩვენ მხოლოდ დაპირებები გვესმის”. 

Related Articles

List is empty

Most Popular

Editor‘s Picks