უკვე ათ წელზე მეტი გავიდა აგვისტოს ომის და ოცდაათი წელი საქართველოს პირველი ტერიტორიული კონფლიქტების შემდეგ. თუმცა ამ თემაზე დისკუსია მაინც უცვლელი რჩება. ჩიხიდან გამოსასვლელად საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ ამ კონფლიქტზე თავისი ხედვა და საუბარი უნდა შეცვალოს.
ვინ დაიწყო სამხრეთ ოსეთში ომი 2008 წლის აგვისტოში?
12 წლის შემდეგადაც აგვისტოს ომი სამხრეთ ოსეთში ამ კითხვას ვერ ცდება. როცა ადამიანები დღემდე ომის მსგავს სიტუაციაში ცხოვრობენ აგვისტოში ომი რომელმა გასროლამ დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი აღარ ჩანს.
ამ თემაზე ევროსასამართლომ საქართველოს საწინააღმდეგო დასკვნები გამოიტანა. გადაწყვეტილებას რუსეთის მხარე ხშირად იყენებს რეგიონში თავის მშვიდობისმყოფელად წარმოსაჩენად და იმ ფაქტის გადასაფარად, რომ სინამდვილეში თვითონ ომის ერთერთი მონაწილეა.
ქართული მხარე სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს რუსულ-ქართულ ომს უწოდებს, ოსებს კი ამ საუბრიდან სრულად გამორიცხავს.
რუსულ მედიაში დებატები და გამოსვლები ხშირად კრემლის ნარატივს იმეორებს და რუსეთის „გაღიზიანების“ მიზეზად საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას ასახელებს. მსგავსი პრეტენზიები ქართული პოლიტიკის განსაზღვრაზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთის ნეოკოლონიური პოლიტიკის ნაწილია.
თუმცა საქართველოს ბრძოლა ნეოკოლონიური ძალების წინააღმდეგ გარე ძალებისგან დამოუკიდებელ გამოსავალს არ გულისხმობს. მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტები ღიად თუ ირიბად ევროკავშირის ან ნატოს ჩართულობას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, ოსების ან აფხაზებისთვის არამჩაგვრელ გამოსავალს სულაც არ ნიშნავს.
რუსეთის პრეტენზია საქართველოზე ქართველების მხრიდან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზებზე პრეტენზიებში ითარგმნება და მავთულხლართებს მეორე მხარეს დარჩენილი ხალხების მსხვეპლს საერთოდ არ ცნობს.
რუსეთისა და საქართველოს ძალებს შორის აშკარა ასიმეტრია, ისევე როგორც ქართული ძალების ცხინვალიდან განდევნა და ათი ათასობით დევნილის სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გამოყრა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აგრესიული პოლიტიკის გატარების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
მილიტარისტული სენტიმენტები საქართველოში ისეთი პოპულარული აღარაა და რუსეთთან გარკვეული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობებიც აღდგა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების და საინფორმაციო ომებისგან გამორიცხულია, თუმცა მათი ლიდერების მიერ დიალოგისადმი ღიაობა მხოლოდ ფრაგმენტულად ჟღერდება.
მიუხედავად ამისა, მშვიდობის შესახებ დისკუსიისგან ძალიან შორს ვდგავართ. საქართველომ წარმატებით ამხილა რუსეთი, როგორც დაინტერესებული მხარე, რომელიც რეგიონში მშვიდობას არ ესწრაფვის. თუმცა საქართველოს მსხვერპლად წარმოჩენა კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებს არ მოიცავს.
მშვიდობის არარსებული ხედვა
სამი ომის და მრავალი კონფრონტაციის შემდეგ მშვიდობა იმდენად არაპოპულარული გახდა, რომ ქართული მთავრობა ვერც კი ბედავს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან დიალოგის შესაძლებლობა წამოაყენოს, განსაკუთრებით, არჩევნების წინ.
ამის პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოება აისტორიულ და ინდეფერენტულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაკავება იქნება, თუ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, ქართველების გამოსავლები, როგორც წესი, მოკლევადიანია და მხოლოდ რუსულ სამხედრო ძალებს მიემართება. კონფლიქტის მეორე მხარე რას ფიქრობს საქართველოს ხედვაზე, არავინ ინტერესდება.
ჯერჯერობით საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა ერთადერთ წუხილად რჩება, მაგრამ ამდენი ხნის სიძულვილით ნაკვები ადამიანები ერთად როგორ იცხოვრებენ, სრულიად გაუგებარია.
სახელმწიფო დონეზე, გამოსავლები თითქმის არ განიხილება. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მთელი თავისი პოლიტიკური იდენტობა თავის წინამორბედ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ოპოზიციაში ააგო.
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბევრჯერ ომის წამოწყებაში დაადანაშაულეს, წინა მთავრობის არაეფექტური და აგრესიული გამოსავლები კი დაგმეს. თუმცა წინამორბედის დისკრედიტაციის გარდა, ქართული ოცნება ახალს არაფერს აკეთებს.
კონფლიქტის გადაჭრის პროაქტიული გეგმა ან შემოთავაზება არ არსებობს, ღია დისკუსიაც კი არ იწყება. როგორც მთავრობა, ისე სამოქალაქო საზოგადოება, მხოლოდ მესამე ძალის – დასავლეთის აღიარებას და დახმარებას ესწრაფვის.
საქართველოს ილუზია
ნატოს და ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა კონფლიქტის ტრანსფორმაციას პარადოქსულად უკავშირდება. საქართველოს ნატოში შესვლის სურვილი რუსეთის მხრიდან რეალური თუ ეკონომიკური აგრესიის საფრთხეს ყოველთვის შექმნის. მეორე მხრივ, ნატო, და გარკვეულწილად ევროკავშირიც, წევრობაზე უარის მიზეზად ირიბად მიუთითებენ კონფლიქტებზე და რუსეთის ინტერესებზე საქართველოში.
რომელიმე კავშირში გაერთიანების შემთხვევაშიც, უკვე ნათელია, რომ რუსეთი თავის ინტერესებს ძალადობის გარეშე არ დათმობს. მშვიდობა ამ შემთხვევაშიც არ არის საქართველოს მთავრობის ან სამოქალაქო საზოგადოების გამოსავალი.
საქართველოს ილუზია აქვს, რომ აფხაზები და ოსები სასწაულებრივად ქართველებისკენ მოიბრუნებენ გულს, თუ რუსეთის ფაქტორი აღმოიფხვრება. ანალოგიურად, ზედმეტი ოპტიმიზმით უყურებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სურვილს, ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ეთანამშრომლონ, როგორიც ევროკავშირია.
ერთი მხრივ, ევროკავშირის ინტერესი რეგიონში მწირია და, მეორე მხრივ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას თავს არიდებენ, რაც კონფლიქტის გარდაქმნის თუ დემოკრატიის მშენებლობისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან ცოტა სივრცეს ტოვებს; განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოსავალი ყოველთვის რადიკალურად გვესახება: საქართველომ თავისი ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს.
თუმცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება 200 000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ადამიანს არც გამოსავალს სთავაზობს, არც სამართალს და კომპრომისისთვის ადგილს არცერთ მხარეს ტოვებს.
გარდა ამისა, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ სამხრეთ ოსეთს ან აფხაზეთს კომპრომისზე წამოსვლა საერთოდ მოუნდებათ.
ასე თუ შევხედავთ, კონფლიქტი მუდმივად გაყინული დარჩება და გადაჭრა არ უწერია. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ძალის გამოყენებით ვერ აღდგება, რადგან რუსეთი რეგიონში თავის ინტერესს არ დათმობს, ნატოში გაწევრიანება კი ან არ მოხდება, ან საქართველო რომც შევიდეს, კონფლიქტის გადაჭრის გარანტიას არ იძლევა.
თუმცა, მიუხედავად ასეთი გამოუვალი სიტუაციისა, საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო საზოგადოებას რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მაინც შეუძლია.
წინსვლის გზა
საქართველოს ერთადერთი მიღწევა კონფლიქტებთან მიმართებაში რეგიონში რუსეთის ნამდვილი ინტერესების მხილებაა. თუმცა ამას რუსეთის გავლენა აფხაზეთსა და ოსეთში არ შეუმცირებია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამორიცხვა შეუძლებელია, რეგიონში მისი ძალის ყველა დონეზე მხილება შეიძლება და ამისთვის საერთაშორისო დახმარება გამოგვადგება.
ანტისაოკუპაციო მოძრაობას შეუძლია, უფრო მეტი აქცენტი დასვას რუსეთის ეკონომიკურ ძალაზე საქართველოში, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინდუსტრიების ფლობაში გამოიხატება.
გარდა ფრაგმენტული ინიციატივებისა, მაგალითად, როგორიც აფხაზების და სამხრეთ ოსებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის უზრუნველყოფაა, საქართველოს მთავრობა იმ ხალხებს, ვისაც თავის მოსახლეობად აღიქვამს, ბევრს არაფერს სთავაზობს.
მაგალითად, 1990-იანი წლების ქართველი ომის ლიდერები არასდროს დასჯილან, რაც ოსებისთვის და აფხაზებისთვის არასახარბიელო გზავნილია და იმ ძალადობის ხსოვნას უარყოფს, რომელიც ქართველებმაც გამოიარეს. ამის კარგი მაგალითი ჯაბა იოსელიანია – კანონიერი ქურდი და ავადსახსენებელი „მხედრიონის“ მეთაური, რომელიც პატივისცემით დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.
ახლა ანტისაოკუპაციო მოძრაობა სამოქალაქო ომის და ამ ომით გამოწვეულ კოლექტიურ ტრავმას მხოლოდ ნაციონალისტურ ტერმინებში განიხილავს, თუმცა ავიწყდება, რომ ეს პრობლემა ყველა ეთნიკურმა ჯგუფმა გამოიარა საქართველოში. სამართლიანობის მოთხოვნა ყველას უნდა ფარავდეს და არა უბრალოდ რუსული კოლონიური ძალის მსხვერპლებს.
საქართველოს ურთიერთობა და მიმოცვლა აფხაზებთან და ოსებთან წლების მანძილზე მხოლოდ იკლებს. ახალ თაობას, არც იძულებით გადაადგილებული ადამიანებში, არც ოსეთსა და აფხაზეთში, მშვიდობიანი თანაცხოვრების და მეგობრობის მოგონებები არ აქვს და ისტორიის სრულიად განსხვავებულ და საწინააღმდეგო ვერსიებს სწავლობენ.
მთლიანობაში ეს ქმედებები მხოლოდ მსხვერპლის პოზიციიდან გამოგვიყვანდა და საკუთარი დანაშაულის აღიარებისკენ გვიბიძგებდა. ბუნებრივია, გარანტია არ გვაქვს, რომ აფხაზები და ოსები იმავეს იზამენ, მაგრამ ზეპირი ისტორიები მავთულხლართების ყველა მხრიდან მოიძებნება და პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში კონფლიქტის უფრო ადამიანური ამბის მოყოლა არც ისე ძნელია.
ამას ბოლო და ყველაზე არაპოპულარულ შეთავაზებამდე მივყავართ – გამოსავლის სახელმწიფოს ნაციონალისტური ინტერესების მიღმა ძიება.
აქამდე ქართული მხარე კონფლიქტზე საუბრისას მხოლოდ რუსეთს და დასავლეთს მიემართებოდა. სამხრეთ ოსები და აფხაზები პასიურ, თითქმის არარსებულ, მხარედ მოიაზრება დიალოგში, კონფლიქტი კი უფრო ფართო გეოპოლიტიკურ პერპექტივაში არ განიხილება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავს ევროპის ნაწილად წარმოაჩენს, მარტივ მოცემულობას ვერ უარვყოფთ – ის, უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ კავკასიის ნაწილია. რეგიონს კი, თავისი პოლიტიკური დაძაბულობებით, თითქმის ყველა აღიარებულ თუ არაღიარებულ საზღვართან კონფლიქტები აქვს.
გამოსავლები მაინცდამაინც ერი-სახელმწიფოს მტკიცე საზღვრებში არ უნდა ჩაჯდეს და ტრანსნაციონალური იდენტობები და ერთეულები დაუშვას.
ამა თუ იმ ქვეყნის ავტონომია და სუვერენიტეტი მის ფორმალურ გეოგრაფიულ საზღვრებს ისედაც არ ემთხვევა. უფრო ძლიერი ქვეყნების და ორგანიზაციების ძალა რეგიონში ისედაც მუდმივი მოლაპარაკების საგანია და ხშირად მიღებას ან წინააღმდეგობას აწყდება.
როგორც პატარა დაბალშემოსავლიან ქვეყნას, საქართველოს, აუცილებლად უწევს თავისი საზღვრებს მიღმა ეძებოს დახმარება. აფხაზების და ოსების შემთხვევაში, ამ უკანასკნელის საჭიროება კიდევ უფრო გარდაუვალია. განსაკუთრებით, სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლად არსებობის ძალიან ცოტა შესაძლებლობა აქვს.
ამ რეგიონების გამოწურვის პოლიტიკამ არ იმუშავა და ისინი რუსეთთთან უფრო მეტად დააახლოვა. ერების შეზღუდვების და სისუსტეების აღიარებამ და საერთო გამოსავლის ძიებამ შეიძლება, უკეთესი შედეგი გამოიღოს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და შეიძელბა, არ გამოხატავდეს OC Media-ს შეხედულებებს.
ნუკრი ტაბიძე აქტივისტი და მკვლევარია აფხაზეთიდან, ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი მთავარი საკვლევი თემებია სექსუალობა, ნაციონალიზმი, სოციალური მოძრაობები და ეკონომიკა.