fbpx

სამხრეთ კავკასია: სექსუალური შევიწროება, რომლისგანაც ქალებს კანონი არ იცავს

12 March 2018
(/OC Media)

სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ქალების გამოცდილება მსგავსია. ბაქოში, ერევანსა თუ თბილისში, და მათ შორის არსებულ დასახლებებში, ქალები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ, რომ კაცებს უნდა უფრთხილდნენ. უხამსი კომენტარები და შეთავაზებები უცნობებისგან, არასასურველი შეხება მსგავს გამოწვევებთან გამკლავება კავკასიელ ქალებს ხშირად უხდებათ. მათ არამხოლოდ საერთო პრობლემები აერთიანებთ, არამედ ისიც, რომ ამ პრობლემებისგან დაცვის საკანონმდებლო მექანიზმები მათ ქვეყანაში ძალიან სუსტია.

როცა გასულ ზაფხულს ბაქოს არაბული ქვეყნებიდან ეწვივნენ ტურისტები, საზოგადოებამ და მედიამ საყოველთაო აღშფოთება გამოხატა, რომ ისინი ქალებს ქუჩებში სექსუალურად ავიწროებდნენ. თუმცა საზოგადოება ასეთ აღშფოთებას არ გამოხატავს, როცა სექსუალური შევიწროების უკან ადგილობრივი მამაკაცები დგანან, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ კავკასიელი ქალები ხშირად ყვებიან.

„უკნიდან დამიწყო შეხება“

30 წლის აზერბაიჯანელი ქალი ბაქოდან, აილა ალავერდიევა, ამბობს, რომ ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ერიდებოდა მამაკაცებს.

„როცა ქუჩაში გავდივარ, განზრახ ვიცვამ დახურულად. მიუხედავად ამისა, უხამსი კომენტარები მაინც მესმის. ყველა ასაკის მამაკაცი შეიძლება, მომიახლოვდეს და საკუთარი სექსუალური სურვილების შესახებ დამიწყოს ლაპარაკი“, უთხრა აილამ OC Media-ს.

ერთერთი გამორჩეული შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ქალაქის ცენტრში მოხდა.

„ქუჩის სივიწროვით ისარგებლა და ძალიან მომიახლოვდა, უკნიდან დამიწყო შეხება. მივუტრიალდი და ვუთხარი, გაჩერებულიყო. რას აკეთებ-მეთქი, ვკითხე. უცბად გაშტერდა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვერ ხვდებოდა, რას ვეკითხებოდი. ხმას ავუწიე და ვუთხარი, რომ უზრდელი იყო, რაზეც მკვახედ მიპასუხა, ენას კბილი დააჭირეო. ასეთი კაცები აღშფოთებას გამოხატავენ, როცა ეუბნები, რომ ცუდად იქცევიან, მიუხედავად იმისა, რომ საზიზღრად იქცევიან“, ამბობს აილა.

აღელვებული იხსენებს იმ მომენტს, როცა მამაკაცმა უხამსი სიტყვები შეურაცხყოფის მიზნით უთხრა. გაეკიდა და რამდენიმე ქუჩა სდია, რომ ბოდიში მოეხადა. უთხრა, რომ პოლიციაში დარეკავდა. რა თქმა უნდა, სხვა ქალების მსგავსად არც მას დაურეკავს პოლიციაში. თუმცა ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობის დაკისრება ერთადერთია, რასაც ქუჩაში სექსუალური შევიწროების შეჩერება შეუძლია.

Advertisements

ხმამაღლა საუბრის შიში

აზერბაიჯანში ქალებს ხშირად რცხვენიათ საკუთარ გამოცდილებებზე საუბრის. ECHO-სთან ინტერვიუში „აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ელდარ ზაინალოვი ამბობს, რომ არ არსებობს სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალთა სტატისტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ასეთი ფაქტების აღრიცხვა ხდება. მისი თქმით, მსგავსი ფაქტების რეგისტრაციას ისიც ართულებს, რომ ქალები იშვიათად მიმართავენ პოლიციას, რადგან რცხვენიათ ან არ აქვთ იმედი, რომ მოძალადე დაისჯება.

ლიკა ბარაბაძე ქართველი ფსიქოთერაპევტია. მისი თქმით, კაცები სარგებლობენ იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში არ არის მიღებული, ქალებმა ასეთ გამოცდილებებზე ისაუბრონ.

„როცა ასეთი რამ ხდება, ვშეშდები, რაც შიშისა და სირცხვილის განცდით არის გამოწვეული. სირცხვილად მიიჩნევა ამაზე საუბარი. გარდა ამისა, ქალებს ადრეული ასაკიდანვე გვასწავლიან, რომ, თუკი ასეთი ფაქტი მოხდება, ეს ჩვენი ბრალია; რომ ჩვენ ვიქცევით გამომწვევად, რომ სიტუაცია უნდა ვაკონტროლოთ, რათა ეს არავინ გაგვიბედოს“, ამბობს ბარაბაძე.

„სექსუალური ძალადობის კრიზისის ცენტრის“ წარმომადგენელი ნუარდ ფილიპოსიანი ამბობს, რომ ქალები პოლიციაში ჩივილისგან თავს იკავებენ, რადგან რცხვენიათ.

„სომეხი ქალები გაჩუმებას ამჯობინებენ“, ამბობს იგი.

„ჩემი ქალიშვილის გამო ვდარდობ“

ნატალია ვიკტოროვნა (არმინე ავეტისიანი /OC Media)

40 წლის ნატალია ვიკტოროვნა დონეცკიდან ერევანში საცხოვრებლად ერთი წლის წინ გადავიდა, მას შემდეგ, რაც ქმარმა სამსახურის შეთავაზება მიიღო.

„ერევანში ახალი ჩამოსული ვიყავით. გადავწყვიტე, სასეირნოდ გავსულიყავი. პირველსავე დღეს მივხვდი, რომ სლავური გარეგნობის მქონე ქალისთვის აქ ყოფნა რთულია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სომეხი მამაკაცები ფიქრობენ, რომ, თუკი რუსი ან უკრაინელი ხარ, აუცილებლად ეფლირტავები და მათი უტიფარი კომენტარები მოგწონს“, ამბობს ნატალია.

მისი თქმით, სახლიდან მეუღლის გარეშე გასვლა პრობლემურია. მამაკაცები უხამსი შეთავაზებებით უახლოვდებიან და შეხებას ცდილობენ. არაფერი იცვლება არც მაშინ, როცა ეუბნება, რომ დაქორწინებულია.

ნატალია ერთერთ შემთხვევას იხსენებს, როცა სექსუალური შევიწროების დროს მამაკაცმა ისე შეაშინა, ეგონა, ვერ გადარჩებოდა.

„ქუჩაში დავიყვირე, პოლიციას გამოვიძახებ-მეთქი“, ამბობს ნატალია. მისი თქმით, ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება დახურული ტანსაცმელი ჩაიცვას, რათა არასასურველი ყურადღება არ მიიპყროს.

„ჩემი თავის დაცვა შემიძლია, მაგრამ ქალიშვილზე ვდარდობ. ის 15 წლისაა, ძალიან ლამაზი გოგოა და მამაკაცები მუდმივად აშტერდებიან ქუჩაში. ვდარდობ მის გამო“, ამბობს ნატალია.

კანონის არარსებობა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ

„არ დავთმობთ ღამეს“, აქცია თბილისში, 10 დეკემბერი (მარი ნიკურაძე /OC Media)

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონი არ არსებობს. გაუპატიურება სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა შევიწროება ზოგჯერ ხულიგნობად კვალიფიცირდება, მაგალითად, აზერბაიჯანში. სომხეთში კი „ღირსებისა და პატივის შელახვად“, თუკი საერთოდ ჩათვლიან დარღვევად.

ნუარდ ფილიპოსიანი, „სექსუალური ძალადობის კრიზისის ცენტრის“ წარმომადგენელი ადვოკატი, ამბობს, რომ სექსუალური ძალადობა ხშირია სამუშაო ადგილებზეც.

„თუმცა ამის გამო არავინ ისჯება, რადგან შესაბამისი საკანონმდებლო ბადე არ გვაქვს. ეს საკითხი სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება, რომლითაც ადამიანი მხოლოდ „პატივისა და ღირსების“ შელახვისთვის შეიძლება, დასაჯონ“, უთხრა ფილიპოსიანმა OC Media-ს.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ 2018 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის მიღებას მხარს მოსახლეობის 77% უჭერს.

თუმცა, მიუხედავად ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროებისთვის ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებდა. „ქალთა მოძრაობამ“ მოგვიანებით საქართველოს პარლამენტს პეტიციით მიმართა, რომლითაც საჯარო სივრცეებსა და სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს მოითხოვდა. პარლამენტმა პეტიციას მსვლელობა მისცა, თუმცა მისი განხილვა დღის წესრიგში დღემდე არ დამდგარა.

ქართულმა ფემინისტურმა ჯგუფებმა სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვის მოთხოვნით რამდენიმე მსვლელობა გამართეს. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, ქუჩაში ათობით ქალი გამოვიდა. „არ დავთმოთ ღამე“, სკანდირებდნენ ქალები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების მოთხოვნით.

„ყოველივე ეს კულტურის ნაწილია“

ლიკა ბარაბაძე

ლიკა ბარაბაძე, 31 წლის ფსიქოთერაპევტი თბილისიდან, სექსუალური შევიწროების ფაქტს იხსენებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები ყველგან ხდება — ქუჩაში, ტრანსპორტსა თუ სამსახურში.

15 წლის იყო, როცა ქუჩაში მეგობრებთან ერთად მიდიოდა. უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და უთხრა: „გოგონებო, დროა, სოსისი გასინჯოთ!“

ბარაბაძის თქმით, მამაკაცები, რომლებიც სექსუალურად ავიწროებენ ქალებს, ძირითადად ახალგაზრდა, დაუცველ ქალებს ირჩევენ, რომლებიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ წინააღმდეგობას გაუწევენ. ლიკა 20 წლის სტუდენტი იყო, როდესაც, მისი თქმით, ერთერთი ყველაზე მძიმე ფაქტი გადახდა. ვარაზისხევიდან ამოდიოდა, როცა მამაკაცი მიუახლოვდა და პენისი აჩვენა.

„როგორც ფსიქოთერაპევტი, ძალიან ხშირად ვხვდები ქალებს, რომელთაც სექსუალური შევიწროება განუცდიათ. ჩემი პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით, უფრო მომზადებული უნდა ვიყო ასეთი შემთხვევებითვის, მაგრამ, როდესაც ეს მოულოდნელად ხდება, როცა ვიღაც უეცრად თავის გენიტალიებს მაჩვენებს, ვიბნევი და ვშეშდები“, — უთხრა ბარაბაძემ OC Media-ს.

ვარაზისხევის ავლა ყოველდღიურად ძალიან ბევრ სტუდენტს უხდება. ეს ადგილი ეგზიბიციონისტი მამაკაცებით არის ცნობილი.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ხშირად ხდება, თუმცა არასდროს ვსაუბრობთ სექსუალური შევიწროების ფაქტებზე. ერთხელ ერთი გოგო მოგვიყვა, როგორ აგინა მამაკაცს, რომელმაც პენისი აჩვენა. ძალიან გაგვიკვირდა, როცა გავიგეთ, რომ ყვირილის შემდეგ კაცი გაიქცა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თავს დამესხმებოდა, თუ დავუპირისპირდებოდი“, —ამბობს ლიკა.

მისი თქმით, ქალები ქვეცნობიერად ხშირად საკუთარ თავს აბრალებენ მომხდარს, მაშინაც კი, თუ გაცნობიერებული აქვთ, რომ ცუდი არაფერი ჩაუდენიათ.

„ეს ჩაბეჭდილი გვაქვს გონებაში და ჩვენი პირველი რეაქციაც არაადეკვატურია, რადგან ახსნას საკუთარ თავში ვეძებთ. ჩემი კლიენტები ხშირად თავის მართლებას იწყებენ და ამბობენ, რომ, მაგალითად, ვულგარულად არ ეცვათ. ნელ-ნელა მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გეცვა იმ მომენტში ან სად იმყოფებოდი. ყოველივე ეს კულტურის ნაწილია და ეს უნდა შეიცვალოს“, — ამატებს ლიკა.

ქუჩებიდან საკრებულომდე

სექსუალური შევიწროების შემთხვევები იშვიათი როდია. ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ 2014 წელს გამოკითხვა ჩაატარა თბილისის მეტროსადგურებში. გამოკითხულ ქალთა 45% ამბობდა, რომ სხვადასხვა სახის სექსუალური შევიწროება ერთხელ მაინც გამოუცდიათ მეტროში. 73%-მა თქვა, რომ მათ მამაკაცებს ისინი დაჟინებული მზერით შეუწუხებიათ, 31%-ის თქმით კი სექსუალური შინაარსის კომენტარი მიაძახეს. გამოკითხულთა 38%-ს არასასურველი შეხების გამოცდილება ჰქონდა, 14%-ს მიწოლის ან სხეულზე ხახუნის, ხოლო 6%-ს — სასქესო ორგანოთი შეხების.

26 წლის ნარა სომხეთის დასავლეთით მდებარე არმავირიდან, ყოველთვის ფრთხილობს, როცა სავსე ავტობუსში ხვდება. მისი თქმით, ქალად ყოფნა განსაკუთრებით რეგიონებშია რთული.

„როდესაც ავტობუსი სავსეა, ზოგიერთი მამაკაცი მოდის და „შემთხვევით“ გეხება. ერთხელ ერთი მამაკაცი მკერდზე ჩამეჭიდა, თითქოს წაქცევისგან გადასარჩენად“.

ქალთა მიმართ ასეთი მოპყრობა ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, საზოგადოება კი ამას შეგუებულია. 13 თებერვალს ერევნის საკრებულოს ორი ქალი დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „ერკირ წირანი“ სხდომის დროს სექსუალურად და ფიზიკურად შეურაცხყვეს. სხდომა დღისით იმართებოდა და, ტელევიზიები მას პირდაპირი ეთერით აშუქებდნენ. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი მაინც დარწმუნებულია, რომ ინციდენტი ქალების მიერ იყო პროვოცირებული.

„ეს იყო ძალადობა გენდერული ნიშნით. დეპუტატები [რესპუბლიკური პარტიიდან] უხამსად იქცეოდნენ, მკერდზე და წელზე უფათურებდნენ ხელებს „ერკირ წირანის“ დეპუტატ ქალებს. მათზე ფიზიკურად იძალადეს და საჯაროდ დაამცირეს. ასეთი რაღაცები კაცებს არ ემართებათ“, — ამბობს უფლებადამცველი ზარა ოვანისიანი.

ინციდენტის შემდეგ ყოფილმა დეპუტატმა არაკელ მოვსესიანმა EVN Report-ს უთხრა, რომ ქალებს „გაუმართლათ“, იმ დროს საკრებულოში რომ არ იყო.

„არ დავაკონკრეტებ, რას ვიზამდი, მაგრამ, რაც [რესპუბლიკური პარტიის] მამაკაცმა დეპუტატებმა გააკეთეს, სწორად გააკეთეს“, — თქვა მოვსესიანმა.

არმინე ავეტისიანინიკა მუსავიდათო ფარულავა