„CRRC საქართველოს“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საარჩევნო გარემო ყველაზე მეტად პრობლემატური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებშია და მდგომარეობა უფრო უარესდება.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, განსაკუთრებით კი — მეორე ტურში დატრიალებული მოვლენები შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. პირველ და მეორე ტურებს შორის მთავრობამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაახლოებით 600 ათასამდე მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერდა, რაც, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამომრჩეველთა მოსყიდვად უნდა ჩათვლილიყო. გავრცელდა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებაც. საერთაშორისო დამკვირვებლებმა ასევე გააკრიტიკეს პარტიების მხრიდან კოორდინატორების გამოყენება.
საქართველოში უკვე ტრადიციადაა ქცეული, რომ საარჩევნო პროცესები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში უფრო დაბალი ხარისხისაა, ვიდრე — უმთავრესად ქართველებით დასახლებულ არეალებში. ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო ქცევაში შესაძლოა, სტატისტიკური უცნაურობები ან გაყალბების ნიშნები აღმოვაჩინოთ. ეს რეგიონები თითქმის ყოველთვის ხელისუფლებას უჭერენ მხარს.
ამასთან, როგორც ირკვევა, სიტუაცია, როგორც მინიმუმ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, გაუარესებისკენ მიდის.
„CRRC-საქართველოსა“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ 2016, 2017 და 2018 წელს არჩევნებშის შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვებში ამომრჩევლებს შემდეგი კითხვა დაესვათ: „გთხოვთ, გაიხსენოთ, როგორი სიტუაცია იყო საარჩევნო უბანზე და მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგს:
- მოწესრიგებული იყო;
- გადაჭედილი იყო;
- შემავიწროებელი/შემაშინებელი გარემო იყო;
- არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულები.“
რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, შეუმჩნევიათ თუ არა პარტიების კოორდინატორები საარჩევნო უბანთან, რომლებიც ამომრჩევლებისგან პერსონალური ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში, რესპონდენტები დაახლოებით სამჯერ უფრო მეტად ამბობენ, პარტიული კოორდინატორები საარჩევნო უბნებზე შეუმჩნევიათ; ქართველებთან შედარებით, ორნახევარჯერ მეტია იმის შანსი, ეთნიკურ უმცირესობებს საარჩევნო უბანზე არსებული გარემო შემავიწროებლად ან შემაშინებელად ჩაეთვალათ, ხოლო ოთხჯერ მეტი იმისა, საკუთრი საარჩევნო უბანი გადაჭედილი ენახათ. ამასთან, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ არეალებში ქართველებთან შედარებით, რესპონდენტები 14 პროცენტული პუნქტით ნაკლებად ამბობენ, რომ არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულები, ხოლო 13 პროცენტული პუნქტით ნაკლებია მათი წილი, რომლებიც თვლიან, რომ საარჩევნო უბანი მოწესრიგებული იყო.
ყველა რესპონდენტს ასევე ჰკითხეს: „გთხოვთ, მითხრათ, ჰქონდა თუ არა ადგილი შემდეგს არჩევნების პროცესის დროს?
- ხმის მიცემას ერთზე მეტჯერ („კარუსელი“),
- ამომრჩეველთა ან პარტიის წარმომადგენელთა შევიწროებას,
- ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას საარჩევნო კამპანიისთვის,
- ამომრჩეველთა მოსყიდვას,
- ზეწოლას კანდიდატისთვის/პარტიისთვის ფულის შეწირვის ან არ შეწირვის მიზნით,
- საჯარო მოხელეების მობილიზებას კამპანიაში მონაწილეობის მიღების/კანდიდატისთვის ხმის მიცემის მიზნით.“
ამ კითხვებთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია ზემოთაღწერილის მსგავსია — ქართველებთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ არეალებში გამოკითხული რესპონდენტები უფრო მეტად გვიამბობენ პრობლემების შესახებ. ერთადერთი, რაშიც ქართულ და უმცირესობების დასახლებულ პუნქტებს შორის (სტატისტიკურად მნიშვნელოვანი) სხვაობა არ დაფიქსირებულა, კანდიდატისთვის ან პარტიისთვის ფულის შეწირვის მიზნით ზეწოლა გახლდათ.
როგორც მონაცემები გვიჩვენებს, პრობლემები საარჩევნო პროცესებისას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ არეალებში იზრდება. აქ 2016 წლიდან 2018-მდე გასამმაგებულია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც საარჩევნო უბნებზე არსებულ გარემოს შემავიწროებლად თვლიან; გაორმაგდა მათი წილი, რომლებიც უბნებზე არსებულ ხალხმრავლობაზე მიუთითებენ, ამასთან, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს უფრო ნაკლები ადამიანი თვლიდა, რომ საარჩევნო პროცესები მოწესრიგებული იყო.
ქართველებით დასახლებულ არეალებში 2017 წლიდან 2018 წლამდე შემცირებულია მათი რიცხვი, რომლებიც დადებითად აფასებენ საარჩევნო მოხელეთა მზადყოფნას. საარჩევნო უბნები ხალხმრავლად უფრო ნაკლები ამომრჩეველი თვლის. უცვლელია მათი პროპოცია, რომლებიც საარჩევნო პროცესს მოწესრიგებულად ან შემავიწროებელად თვლის.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა მრავალი პრობლემა გამოაჩინა. მართალია, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ არეალებში არჩევნებს დარღვევები ყოველთვის ახლდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, სიტუაცია 2016 და 2017 წლებთან შედარებით, გაუარესებულია.