Media logo
საქართველო

Datablog | საქართველო აცრებისადმი ნდობის მხრივ მსოფლიოში ერთ?

Datablog | საქართველო აცრებისადმი ნდობის მხრივ მსოფლიოში ერთ?

იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსის აცრის სარგებელში ვერ არწმუნებს, გამოკითხვის მონაცემები მიგვითითებენ, რომ პრობლემის ერთერთი წყარო შესაძლოა, პოლიტიკური შეხედულებები იყოს.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაცია ვირუსის კონტროლის ერთადერთი ეფექტური ხერხია. ამასთან, მოსახლეობის ვაქცინებისადმი უნდობლობამ, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „უპრეცედენტო გამოწვევა“ უწოდა, მასობრივი აცრების მცდელობებს შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს.

საქართველოს შესახებ უახლესი მონაცემების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლებადაა დაინტერესებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით.

2021 წლის იანვარში ჩატარებულ ომნიბუსის გამოკითხვაში, „CRRC-საქართველომ“ რესპონდენტებს ჰკითხა, დათანხმდებოდნენ თუ არა აცრას იმ შემთხვევაში, თუკი ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა იქნებოდა ხელმისაწვდომი. მოსახლეობის თითქმის ნახევარმა (48%) თანხმობა განაცხადა, დანარჩენი კი ან უარს ამბობდა (40%) ან — არ იყო ჩამოყალიბებული (12%).

აღნიშნული კვლევის ჩატარებიდან მალევე საქართველოს მთავრობამ აცრებზე რეგისტრირების უფლების მქონე პირთა ჯგუფი გააფართოვა, რადგან აღმოჩნდა, რომ სამედიცინო პერსონალის იმუნიზაციის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალი გახლდათ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებს საქართველოში მნიშვნელოვანი საფრთხე მაშინ დაემუქრა, როდესაც იმუნიზაციის მხარდამჭერი ექთანი ვაქცინაზე არასასურველი ალერგიული რეაქციის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზის გამო, თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის კიდევ უფრო მცირე ნაწილს (35%) სურდა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა

რა ადგილს იკავებს საქართველო მსოფლიო მასშტაბით აცრებისადმი ნდობის კუთხით? როგორც ირკვევა, ამ კუთხით ქვეყანა ფილიპინების, საფრანგეთსა და რუსეთთან ერთად, ერთერთ ბოლო საფეხურზე დგას.

საქართველოს მოსახლეობის რომელი ჯგუფები გამოირჩევიან განსაკუთრებული უნდობლობით?

ქალებს უფრო მეტად არ სურთ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება. კაცების ნახევარი (52%) ამბობს, რომ აიცრებოდა, მაშინ, როდესაც ქალების მხოლოდ 45%-ია იგივეზე თანახმა. ქალების 43% აცრას არ გაიკეთებდა, ისევე, როგორც კაცების 37%. 

უმაღლესი განათლების მქონეთა 53% თვლის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებდა, რაც უმაღლესი განათლების არმქონე მოსახლეობის მაჩვენებელს რვა პროცენტით აღემატება (46%).

საგულისხმო სხვაობაა პარტიული კუთვნილების მიხედვით. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნებისა“ (62%) და ოპოზიციის (52%) მხარდამჭერთა უმრავლესობა ამბობს, რომ აიცრებოდა, მმართველი პარტიის მხარდამჭერები უფრო მეტად არიან თანახმა. ეს უკანასკნელები უფრო ნაკლებად ამბობენ, რომ არ აიცრებიან (27%), ვიდრე — სხვა პარტიების მხარდამჭერები (41%). მნიშვნელოვანია, რომ ის რესპონდენტები, რომლებმაც პარტიული კუთვნილება არ დაუფიქსირებიათ, უფრო მეტად ამბობენ, რომ არ აიცრებოდნენ (46%), ვიდრე — აიცრებოდნენ (41%).

დამატებითი ანალიზი აჩვენებს, რომ იმუნიზაციისადმი უნდობლობა სხვა დამოკიდებულებებთანაცაა კავშირი. მაგალითად, იმ რესპონდენტთა უმეტესობა (54%), რომლებიც კორონავირუსს რეალურ საფრთხედ მიიჩნევენ (მოსახლეობის სამი მეოთხედი), ამბობს, რომ აიცრიდა. სამაგიეროდ, მათი უმეტესობა, რომლებიც კორონავირუსის საფრთხეს გადაჭარბებულად აფასებს (19%), უარს ამბობენ აცრაზე. ასეთი რესპონდენტების მხოლოდ მეოთხედი გაიკეთებდა ვაქცინას, ხოლო დაახლოებით 66% კი — არა.

როგორ ასაბუთებენ რესპონდენტები აცრაზე უარის თქმას? მათი უმრავლესობა (55%) არ ენდობა ვაქცინას, 17% თვლის, რომ აცრა არ სჭირდება, დაახლოებით 10%-ს ეშინია, ხოლო 5%-ს შესაძლო გვერდითი მოვლენები აღელვებს. ორმა პროცენტმა სხვა მიზეზი დაასახელა, ხოლო 11% არ იყო დარწმუნებული.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები ორჯერ უფრო მეტად ამბობენ, რომ არ ენდობიან ვაქცინას (72%), ვიდრე ისინი, რომლებიც საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლო პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებენ (38%). მართალია, შერჩევის მცირე ზომის გამო, აღნიშნული შედეგები ნაკლებად სანდოა, თუმცა ძირითად ტენდენციაზე მაინც მიგვითითებენ.

საქართველოში აცრების პრობლემა ნაწილობრივ შესაძლოა, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით აიხსნას. გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში აცრების შესახებ ცრუ ფაქტების თითქმის ყველას სჯერა, მაგალითად, იმის, რომ ვაქცინაცია იწვევს აუტიზმს, უარყოფითად მოქმედებს ბავშვების განვითარებაზე და აზიანებს იმუნურ სისტემას.

უნდობლობის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა, პოლიტიკა იყოს. რადგან აცრაზე უარის თქმა გარკვეულწილად კორელაციაშია პოლიტიკურ შეხედულებებთან, პოლარიზაციისადმი მოწოდებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმავოს მასობრივი იმუნიზაციისადმი უნდობლობა.

სანაცვლოდ, პოლიტიკოსებმა მხედველობაში უნდა მიიღონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არსებული რთული მდგომარეობა, გვერდზე გადადონ პოლიტიკური განსხვავებები და იმუშაონ იმაზე, რომ საზოგადოებაში იმუნიზაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით კონსენსუსი არსებობდეს.

სტატიის ავტორი არის „CRRC საქართველოს“ მკვლევარი დავით სიჭინავა. ამ სტატიაში გამოყენებული მონაცემები შეგიძლიათ, ამ ბმულზე იხილოთ. ანალიზის რეპლიკაციის კოდი კი – აქ.

წარმოდგენილი ანალიზი ეფუძნება მულტინომურ რეგრესიულ მოდელებს, რომლებიც აცრაზე უარს პროგნოზირებენ. დემოგრაფიულ საკონტროლო ცვლადები მოიცავენ სქესს, ასაკს, დასახლებული პუნქტის ტიპს, დასაქმების სტატუსს, განათლებას, ნივთების ფლობის ინდექსს, ინტერნეტის მოხმარებას, კორონავირუსით ავადმყოფობის გამოცდილებას, რელიგიურ მსახურებაზე დასწრების სიხშირესა და ოჯახში ბავშვების ყოლას. განწყობების ცვლადები აფასებენ პარტიულ კუთვნილებას, მთავრობის კორონავირუსთან დამკლავების შესაძლებლობებისადმი დამოკიდებულებას, ვირუსის, როგორც რეალურის საფრთხის აღქმას და პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციისადმი ოპტიმისტურ დამოკიდებულებას.

ტექსტში წარმოდგენილი მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს „CRRC-საქართველოს“, ან – რომელიმე მასთან დაკავშირებული ორგანიზაციის შეხედულებებს. 

Related Articles

Datablog | საქართველოში იმუნიზაციის კუთხით უთანასწორობის პრო
საქართველო

Datablog | საქართველოში იმუნიზაციის კუთხით უთანასწორობის პრო

V

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საქართველოში იზრდება, მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინაციაზე წვდომა განსხვავებულია სხვადასხვა ჯგუფებს შორის. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების სწრაფად და დროულად ჩატარება პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. საყოველთაო იმუნიზაცია სიცოცხლეს უამრავ ადამიანს შეუნარჩუნებს და ეკონომიკის დროულად გახსნას შეუწყობს ხელს. თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აცრებზე ხელი ყველას თანაბრად არ მიუწვდება. მდიდარმა ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობის

ფოტო: შოთა ხინჩა/OC Media.
საქართველო

დოკუმენტები: „ფრონტერამ“ ლონდონის არბიტრაჟი წააგო

V

ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილმა, ნავთობისა და გაზის ამერიკულმა კომპანიამ „ფრონტერა“ (Frontera Resources), საქართველოს მთავრობაზე ლობისტების მეშვეობით გავლენის მოხდენის $1-მილიონიანი მცდელობის მიუხედავად, გახმაურებული საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო, იუწყებიან openDemocracy და OC Media.  აქამდე კონფიდენციალური საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ნათელს ხდის, თუ როგორ შეიყვანა შეცდომაში „ფრონტერამ“  საზოგადოება მათი საქართველოს მთავრობასთან გახმაურებული დავის შესახებ.  ჰიუსტონში

გიორგი ნეფარიძე. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
საქართველო

ფოტო | შუქრუთელების პროტესტი ამოკერილი პირით

V

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში რამდენიმე მოსახლემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მანგანუმის მოპოვება მათი სახლების ქვეშ გრძელდება, სახლები ზიანდება და ინგრევა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ არც „ჯორჯიან მანგანეზი“  უსმენთ და არც — მთავრობა. ვერა კუპატაძე აქციას 16 თებერვლიდან შემოუერთდა. ის ამბობს, რომ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში ახდენს გავლენას მის ოჯახზე. „ურთულეს პერიოდში ავაშენეთ ეს სახლი — ფაქტობრივად, მშივრები

Datablog | პანდემიის დროს უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს ჯანმ
საქართველო

Datablog | პანდემიის დროს უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს ჯანმ

V

კორონავირუსის პანდემიამ აშკარად დააზიანა ხალხის ჯანმრთელობა, თუმცა „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის ახალი მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას უფრო კარგად აფასებენ, ვიდრე — წინა წლების გამოკითხვებში. 2019 წელს მოსახლეობის მხოლოდ 35% აფასებდა თავის ჯანმრთელობას კარგად. გასულ წლებში, ეს მაჩვენებელი იცვლებოდა, თუმცა ყველაზე დიდი ცვლილება 2013-2014 წლებში მოხდა, როდესაც ეს მაჩვენებელი 41%-დან 30%-მდე შემცირდა.  ამის საპირისპიროდ, 2019 და 2020 წლების გამოკითხვებს თუ შევად

Most Popular

Editor‘s Picks