fbpx

ანალიზი | მშობლები თვლიან, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში ყველაფერი რიგზეა, მაგრამ იღებენ კი ბავშვები ცოდნას?

,,CRRC-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მშობლები კმაყოფილი არიან საქართველოში არსებული სკოლის ხარისხით, თუმცა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის შედეგები და კერძო რეპეტიტორზე დამოკიდებულება საწინააღმდეგო მდგომარეობაზე მიუთითებს.

ბოლო წლებში, მსოფლიოში განათლების შესახებ მონაცემების შეგროვების მზარდმა ტენდენციამ აქამდე  უცნობი პრობლემა გამოავლინა — მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად განათლებაზე ხელი ბევრად მეტ ბავშვს მიუწვდება, ვიდრე ოდესმე, ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სწავლობენ. როგორც ირკვევა, ბავშვები სკოლას იმ საბაზისო უნარების მიღების გარეშე ასრულებენ, რომლებიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისთვის არის საჭირო. აღნიშნული ხარვეზი იმდენად თვალსაჩინოა, რომ მის დასახასიათებლად სპეციალური ტერმინის, „სწავლის კრიზისის“ (learning crisis), შემოღება გახდა საჭირო.

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ხარისხზე, მსოფლიო ტენდენციების, სადავო რეფორმებისა და განათლების სფეროში მზარდი საბიუჯეტო ასიგნებების ფონზე? უნდა ვღელავდეთ თუ არა საქართველოში მოსწავლეთა მიერ მიღებული განათლების ხარისხზე?

[წაიკითხეთ მეტი OC Media-ზე: Georgia axes secondary school exams in controversial education reforms]

ერთი შეხედვით, მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის საქართველოში განათლების ხარისხი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. „CRRC-საქართველოსა“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობა თვლის, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდების ამოცანას თავს კარგად ართმევს. ნახევარი ფიქრობს, რომ მთავრობა ამ საქმეს თავს „ძალიან კარგად“ ან „კარგად“ ართმევს, ხოლო 34%-მა კი „ცუდად“ ან „ძალიან ცუდად“ შეაფასა ხელისუფლების ძალისხმევა. ოჯახში სასკოლო ასაკის ბავშვის მყოლი მოსახლეობის მხოლოდ 4%-მა განაცხადა, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის განათლების მიწოდებას „ცუდად“ ან „ძალიან ცუდად“ ართმევს თავს, გამოკითხულთა ამ ჯგუფის უდიდესმა ნაწილმა კი „ძალიან კარგად“ ან „კარგად“ შეაფასა იგივე საკითხი.

საგულისხმოა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სკოლაში კარგი აკადემიური მოსწრებისთვის, საატესტატო ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის რეპეტიტორთან მომზადებას აუცილებლად თვლის, რაც სკოლის მიერ ვალდებულებების არასათანადო შესრულებაზე მეტყველებს.

როგორც ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა  გვიჩვენებს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი (55%) ამბობს, რომ კერძო მასწავლებელთან მომზადება სკოლის საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად აუცილებელია; ხოლო უმრავლესობა (73%) მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად რეპეტიტორთან სიარული აუცილებელია. ამ უკანასკნელთა შორის არიან ის რესპონდენტებიც, რომლებმაც სკოლა, სადაც მათი ოჯახის წევრი სწავლობს, „კარგად“ შეაფასეს.

Advertisements

რეპეტიტორებთან დაკავშირებული დამოკიდებულებები შესაძლოა, მალე შეიცვალოს. მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობამ გამოსაშვები გამოცდების გაუქმებისა და მისაღებ გამოცდებში შესატანი ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა.

მთავრობის განცხადებით, ცვლილებები იმას ემსახურება, რომ სკოლები გამოცდების ჩაბარებაზე ნაკლებად ორიენტირებული გახადოს. ამასთან, რეფორმის თანახმად, უნივერსიტეტები უფრო მეტ ავტონომიას შეიძენენ, რადგან ჩასაბარებლად საჭირო საგნების ჩამონათვალს თავად დაამტკიცებენ.

გარდა ამისა, ცვლილებების ინიციატორების აზრით, რეფორმა მშობლებს კერძო მასწავლებელთან მომზადების ხარჯებს შეუმცირებს. 2018 წლის მარტში, პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა 2022 წლამდე ყოველწლიურად გაზრდის განათლებაზე დახარჯული ბიუჯეტის წილს მანამ, სანამ ის არ მიაღწევს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6% პროცენტს, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს.

რეპეტიტორების აუცილებლობის არსებობა სკოლებში სწავლის ხარისხზე მეტყველებს, მიმდინარე რეფორმები კი შესაძლოა, პრობლემის საფუძვლებს ვერ გაუმკლავდნენ. გამოსაშვები გამოცდების გაუქმება სკოლებში სწავლების ხარისხს ავტომატურად ვერ გააუმჯობესებს, თუკი სკოლები მოსწავლეებისთვის საჭირო ცოდნის გადასაცემად მზად არ იქნებიან. არც დაფინანსების მექანიკური ზრდა მიგვიყვანს მდგომარეობის გამოსწორებამდე, თუ თანხები „ტრადიციულად“, სკოლის ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება და არა იმ საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც კვლევების თანახმად, კავშირშია სწავლების პროცესის გაუმჯობესებასთან.

როგორია მოსწავლეთა მიერ მიღებული განათლების ხარისხი საქართველოში? ეროვნული შეფასების მონაცემები ნათელ სურათს გვიჩვენებს.  საქართველომ მონაწილეობა მიიღო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს ბოლო რამდენიმე რაუნდში, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი და მათი პარტნიორი ქვეყნებისთვის ტარდება. წიგნიერებასა და მათემატიკაში წერითი გამოცდები 15 წელს მიღწეულ ბავშვებს შორის ტარდება.

საქართველოსთვის კვლევის ბოლო ტალღის შედეგები არასახარბიელო იყო. თხუთმეტი წლის მოსწავლეთა ნახევარი წიგნიერებასა და მათემატიკაში PISA-ს მე-2 დონის ნიშნულის ქვემოთ აღმოჩნდა. ეს ნიშნული მიგვითითებს ქულათა იმ უმცირეს მაჩვენებელზე, რომელიც PISA-ს მიხედვით, სასკოლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად ჩართულობისთვისაა საჭირო. 2009 წლიდან დაწყებული არსებითი გაუმჯობესებების მიუხედავად, საქართველომ 2015 წელს PISA-ს მონაწილე ქვეყნებს შორის ერთერთი ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა.

უფრო მეტიც, PISA-ს 2009 წლის ტალღისა და 2015 წელს ჩატარებული მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ცოდნის დონის შეფასების საერთაშორისო კვლევის (TIMSS) მონაცემებით, შედეგების ძირითადი ნაწილი ქალაქელ ბავშვებზე მოდის, ხოლო სოფლად მცხოვრები მოსწავლეების ცოდნის ხარისხი მუდმივად დაბალია.

შეუძლია ახალ რეფორმებს აღნიშნული უთანასწორობის გამოსწორება? მეტი დაფინანსება და ეროვნულ გამოცდებზე ნაკლები აქცენტი შესაძლოა, დაბალი მოსწრების მოსწავლეებს დაეხმაროს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სკოლები და მასწავლებლები მზად იქნებიან, ენერგია და ფინანსური რესურსი სასწავლო პროგრამის თითოეულ მოსწავლეზე მორგებას მოახმარონ. რეფორმას ხელს ისიც შეუწყობდა, თუკი მასწავლებლები სწავლების შედეგებზე თავადვე იქნებოდნენ პასუხისმგებლები.

ამჟამად ბუნდოვანია, თუ რამდენად აქვთ საქართველოში მოქმედ სკოლებს ამ რეფორმის განხორციელებისთვის საჭირო კომპეტენცია, ან — ანგარიშვალდებულების მექანიზმები. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მთავრობის მიერ განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯვა ბოლო რვა წელია იზრდება, თუმცა იგი მოსწავლეთა განათლებისკენ მიმართული არ არის. იმ გამოცდების გაუქმება, რომლებიც თავისი ნაკლოვანებების მიუხედავად, შესაძლოა, პასუხისგების მექანიზმად ყოფილიყო გამოყენებული, არსებულ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს.

მართალია, საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში მოქმედი სკოლებით კმაყოფილებას გამოთქვამს, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები და რეპეტიტორთა არსებობის საჭიროება საგანმანათლებლო სისტემის ღრმა პრობლემებზე მიუთითებს.

ბიუჯეტის ზრდა შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის კარგი შესაძლებლობა იყოს. მაგრამ, თუკი გაზრდილი ასიგნებები არ იქნება მიმართული ისეთი პოლიტიკის განხორციელებისკენ, რომლებიც ბავშვებს სწავლაში ეხმარება, სახელდობრ — ეფექტური პედაგოგიკის, მასწავლებელთა აქტიური ჩართულობისა და მათი ანგარიშვალდებულების მექანიზმების შემუშავებისკენ, ახალი რეფორმაც ფუჭად ჩაივლის. თუკი ქვეყნის ხელმძღვანელობა საგანმანათლებლო სფეროში არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას გაითვალისწინებს, შეძლებს მოსწავლეთა წარმატებისთვის საჭირო საბაზისო უნარების განვითარების ხელშეწყობას იმის მიუხედავად, იარსებებს თუ არა სკოლის დასამთავრებელი გამოსაშვები გამოცდები.

ეს სტატია დაწერილია CRRC-საქართველოს საერთაშორისო სტაჟორ მეგან ნილის მიერ. ამ სტატიაში გაჟღერებული აზრები არ გამოხატავს „CRRC-საქართველოს“, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ან რომელიმე სხვა ორგანიზაციის ინტერესებს.

გაინტერესებთ, მეტი შეიტყოთ, თუ როგორია აღქმა საქართველოში განათლების სისტემის შესახებ? სტატიაში გამოყენებული მონაცემები შეგიძლიათ, იხილოთ აქ.