საარსებო წყაროსთვის ბევრი ქართველი პესნიონერი იძულებულია, მიმართოს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ნათესავებსა და გულისხმიერ მეზობლებს. მოხუცთა თავშესაფრებში ცოტა ადგილია, თავად სახლები ერთმანეთისგან შორსაა. საბჭოთა ეპოქის სახლემწიფო თავშესაფარიც კი იძულებულია, უარი თქვას ახალ ბენეფიციართა მიღებაზე. ახალი საპენსიო რეფორმა გათვლილია პენსიონერთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუმცა ექსპერტები დავობენ მის ეფექტურობაზე.
მაყვალა ქებაძე 81 წლისაა, აქვს დიაბეტი და გადატანილი აქვს გულის ოპერაცია. ყოვსელთვიური წამლების ჯამური ღირებულება 135 ლარს შეადგენს, რაც, კომუნალური გადასახადების გათვალისწინებით, თითქმის არაფერს უტოვებს საარსებოდ.
საქსტატის მონაცემებით, საშუალო მომხმარებელი შემოსავლის 70%-ს სურსათზე ხარჯავს, დანარჩენ 30%-ს ტრანსპორტზე, წამლებსა და კომუნალურ გადასახადებზე.
საქართველოში საპენსიო ასაკი 60 (ქალი) და 65 (მამაკაცი) წელია. ყოველთვიური პენსია შეადგენს 180 ლარს. პენსიონერთა უმეტესობის აზრით, ეს თანხა არასაკმარისია მათი ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
„მხოლოდ კეთილი ხალხის იმედად ვარ დარჩენილი“, — ამბობს მაყვალა, რომელიც საქვემლოქმედო ორგანიზაცია „მოხუცთა დასახმარებლად“-ს გულისხმობს.
„81 წელი მიმაქვს ზურგზე და, სიმართლე რომ გითხრა, სიკვდილი ჯერ არ მინდა“. მაყვალას მეუღლე შარშან გარდაეცვალა. იგი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო. შესაბამისად, მაყვალა პენსიაზე მცირე დანამატს იღებს, თუმცა სოციალურად დაუცველთა შემწეობა მეუღლის სიკვდილის შემდეგ მოუხსნეს.
„სახლში მედგა კუბო, როცა მოვიდა სოც-მუშაკი და მომიხსნა დახმარება“, — ამბობს მაყვალა. ის თვლის, რომ სოციალურად დაუცველის შემწეობა დიდი ბინის გამო მოუხსნეს. „გაქირავება არ მინდა, ვერავის ვენდობი. შემეძლო, ჩემს შვილთან გადასვლა, მაგრამ მარტოხელა დედას ორი ბავშვით უჩემოდაც ბევრი საზრუნავი აქვს“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა OC Media-ს განუცხადა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსზე მოქმედებს არა უძრავი ქონება, არამედ მეურვის ყოლა.
სწორედ ამის გამო, „მოხუცთა დასახმარებლად“ ორგანიზაციის მეორე ბენეფიციარი, ანზორ ნონიაშვილი, ასევე არ იღებს სოციალურად დაუცველის შემწეობას. მისმა შვილიშვილმა შეძლო, რომ ანზორის იპოთეკით დატვირთული სახლი გამოესყიდა.
ანზორი და მისი 40 წლის შვილი გიორგი სახლის წინ, ერთ გარემონტებულ ოთახში, ცხოვრობენ. ორივეს ჯანმრთელობა მშენებლობას შეეწირა — ანზორს ცალი ხელი ნაწილობრივ პარალიზებული აქვს, გიორგი კი მწოლიარე ავადმყოფია. გიორგის პირველმა ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა, ამიტომ მენჯი ამოგდებული აქვს. მას მეორე ოპერაცია ესაჭიროება.
„პირველი ოპერაცია 6000 დოლარზე მეტი დაჯდა. მაშინ „რუსთავი 2“-ს მივმართე. დამეხმარნენ. უამრავმა ადამიანმა ჩარიცხა თანხა. ახლა მეორესთვის 4500-5000 დოლარია საჭირო და რა ვქნა, მრცხვენია ისევ მისვლა“, — ამბობს ანზორი.
ანზორის მთელ დროს შვილზე ზრუნვა იკავებს. მუდმივად ცდილობს, დამატებითი თანხები მოიპოვოს გიორგისთვის, რადგან 360 ლარი (180 ანზორის პენსია და გიორგის შშმ პირის ბენეფიტი) ვერ ფარავს ორი კაცის საჭმლის, კომუნალური გადასახადებისა და გიორგის სამედიცინო საჭიროებების ჯამურ ღირებულებას.
„ხორცის კერძი ბოლოს როდის გვქონდა, აღარ მახსოვს. ბაზარში დაკეტვის წინ მივდივარ, რომ ხილი ცოტა იაფად ვიშოვო“.
ანზორმა დასახმარებლად გამგეობასაც მიმართა — მისი თქმით, თან გიორგის ექიმის ხელმოწერილი საბუთი ჰქონდა, რომლის მიხედვით, მას 290 ლარი ესაჭიროებოდა. ანზორს 120 ლარი გამოუყვეს — „ოთხი თვე აღარ შეწუხდეო. ეს ოთხი თვე ხალხის იმედად თუ ვიქნებით“.
ხანდაზმულთა თავშესაფრები
„სიცოცხლით სავსე ქალაქში, სიცოცხლით სავსე პანსიონატი“ — ასე ხვდება მოხუცთა სახელმწიფო თავშესაფარი ბენეფიციარებს, თუმცა შიგნით შესული, იშვიათად თუ შეხვდებით ვინმეს. ბენეფიციარები დერეფნებში თითქმის არ გადიან.
„ძალიან მოხუცდნენ, უმეტესად ოთახში ატარებენ დროს“, — ამბობს ნანა გოგიაშვილი, თავშესაფრის თანამშრომელი.
მიუხედავად იმისა, რომ პანსიონატი ნახევრად ცარიელია, აქ 4 წელია, არავინ მიუღიათ.
„ეტყობა ელოდებიან, მობინადრეთა რაოდენობა როდის შემცირდება, რომ მერე გადაიყვანონ ყველა უფრო პატარა საოჯახო ტიპის სახლებში. მაგრამ ჩვენ არავინ გვეუბნება, როგორ და როდის უნდა მოხდეს ეგ“.
შენობა საბჭოთა დროის საგანგებოდ აშენებული თავშესაფარია. სახელმწიფოს ამჟამად ორი დაწესებულება აქვს — თბილისსა და ქუთაისში. თბილისის თავშესაფარში 50 ბენეფიციარია, რომელთაგან უმეტესობა სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ან უაღრესად ღარიბი იყო. განცხადების დაწერის შემდეგ ბენეფიციარის მდგომარეობას სოც-მუშაკი აფასებს. მათაც კი, ვინც სოციალურად დაუცველი არაა, აქვს შანსი, რომ პანსიონატში აღმოჩნდეს, თუმცა რიგში ლოდინი მაინც მოუხდება.
პანსიონატში ყველაზე ძველი ბინადარი 86 წლის მედიკო იაშვილია. ის აქ 2000 წლიდანა ცხოვრობს. მედიკო ერთადერთი დევნილია, ვინც პასნიონატში შესახლება მოახერხა, რადგან ყოფილ დირექტორს არ სურდა, თავშესაფარში დევნილები შემოსულიყვნენ. აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ მედიკო ნათესავებთან ცხოვრობდა. არჩევნების წინა პერიოდში კი უშუალოდ მთავრობას მიმართა და ასე აღმოჩნდა პანსიონატში. მას მერე პანსიონატის ცხოვრებას ადევნებს თვალს.
„აქაური პირველი სამეგობროდან მარტო მე დავრჩი ცოცხალი. ძალიან კმაყოფილი ვარ აქაურობით, მაგრამ ახალი ხალხი რომ არ გვემატება, ისეთი ცხოვრება აღარაა უკვე. ერთ ქალბატონთან ვმეგობრობ, რომელიც ჯერ საღ გონებაზეა“.
თავშესაფრის დირექტორი, დარეჯან თომაძე, თვლის, რომ დემენციისთვის ცალკეული ინსტიტუცია უნდა არსებობდეს.
„ახლა 15 ხანდაზმული გყვავს დემენციით და ვფიქრობ, მათი ყურებით სხვები შეიძლება, დანაღვლიანდნენ თავის მომავლზე“.
თომაძე მოხარულია, რომ სისტემა დიდი ინსტიტუციების მცირე საოჯახო სახლებით შენაცვლებაზეა ორიენტირებული. მიუხედავად ამისა, გაუგებარია, რამდენი ასეთი სახლი დააკმაყოფილებს თავშესაფრის რიგში მდგომ მოხუცებს.
„ხალხი რეკავს ყოველდღე, ცხელ ჩაიზე და კიბის ქვეშ ძილზეც არიან თანახმა“, — აღნიშნავს დარეჯანი.
სათემო ორგანიზაციების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ხელშეკრულება გააფორმა რამდენიმე საოჯახო სახლთან, სადაც მოხუცები, შშმ პირები, ბავშვები და სხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფები ცხოვრობენ. აქ მოქმედებს ვაუჩერული სისტემა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო თითო ბენეფიციარს ყოველდღიური 16 ლარიანი კონტრიბუციით უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში მოქმედი სათემო სახლებიდან თორმეტი სახლი ხანდაზმულებზეა ორიენტირებული. მსურველებს სოც მუშაკი აფასებს, პრიორიტეტი სოციალური შემწეობის მიმღებებს ენიჭებათ. თავშესაფარში მოხვედრის შემდეგ შემწეობა ვაუჩერით იცვლება.
მოხვედრისთვის საჭირო დამატებით პირობებს სათემო სახლები აწესებენ. თანხების უკმარისობის გამო, მათი უმრავლესობა ვერ იღებს მძიმე და მწოლიარე ავადმყოფებს.
ამჟამად სათემოებში ჯამში 76 მოხუცი ცხოვრობს, 36 ადგილი თავისუფალია. „ბარბარე XXI“-ის ხემძღვანელი, მერაბ შათარიშვილი, ზამთრის მოახლოებაზე ფიქრობს — მის თავშესაფარში 8 თავისუფალი ადგილია, რომელსაც უამრავი მსურველი ჰყავს. მისი განცხადებით, მათგან ზოგიერთი უსახლკაროა და სხვადასხვა ადგილას აფარებენ თავს.
„სახელმწიფო შეზღუდული რაოდენობის ვაუჩერებს უშვებს, ამიტომ ახალ ბენეფიციარს მხოლოდ არსებულის გარდაცვალების შემდეგ თუ მოვახერებთ. წლობით უწევთ ხოლმე ლოდინი“.
ყოველ წელს სახელმწიფო უშვებს 235 ვაუჩერს, რომელიც ნაწილდება მოხუცებზე, შშმ პირებსა და მათ შვილებზე. მერაბის თქმით, ასეთი სისტემა საფუძველს უყრის სხვადასხვა არაოფიცალური თავშესაფრის გახსნას, სადაც ხანდაზმულები პენსიის ფასად რჩებიან, ასეთ დაწესებულებებში კი მოხუცი იოლად ვარდება თაღლითების ხელში. „გვინდა, რომ ევროპელები ვიყოთ, მაგრამ ევროპული სისტემების დამახინჯებულ ვარიანტებს ვქმნით“.
მოხუცებს არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციებშიც ყოველთვის ვერ იღებენ. მაგალითად, „კათარზისის“ თავშესაფარი მხოლოდ ქალბატონებს იღებს. „მამაკაცებს სპეციფიკური მოვლა სჭირდებათ“, — აცხადებს თავშესაფრის დირექტორი, მაია კობიაშვილი. „ახლა ვაპირებთ კიდევ ერთი სართულის დამატებას მწოლიარე ავადმყოფებისთვის, ეს ცალკე ძალიან დიდი პრობლემაა“. თუმცა, მაიას აზრით, მოხუცთათვის ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოების უყურადღებობაა.
საპენსიო რეფორმა
ივლისში სახელმწიფომ დაამტკიცა ახალი საპენსიო რეფორმა, რომლის მიხედვითაც, არსებულ საბაზისო პენსიას დაგროვებითი ანგარიში დაემატება. ახალ სისტემაში ჩართვა 40 წლამდე მოქალაქეებისთვის სავალდებულოა. ანგარიშზე ყოველი დასაქმებული და დამსაქმებელი დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს შეიტანს, დამატებით 2%-ს სახელმწიფო გადაიხდის. მიღებული 6% გროვდება საპენსიო ფონდში, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს მინისტრები შეადგენენ, ხოლო შენატანებს ეროვნული ბანკი მართავს.
ახალ რეფორმას ექსპერტები კრიტიკულად აფასებენ. „საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველოს“ განცხადებით, რეფორმა საქართველოს შრომით ბაზარზე მორგებული არაა. მათი თქმით, „სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 25% არის დაქირავებით დასაქმებული, 34% თვითდასაქმებულია, ხოლო 41% უმუშევარია ან სამუშაო ძალას არშეადგენს.“
„ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ საპენსიო რეფორმის მკვლევარი, მარტინ ხუთსებაუტი, აღნიშანვს, რომ ახალი სისტემა აღრმავებს სოციალურ უთანასწორობას, რადგან მაღალანაზღაურებადი დასაქმებულები მეტ თანხას დააგროვებენ.
ფონდი „ღია საზოგადოების“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ მშენებლობაზე დროებით დასაქმებული, მცირეშემოსავლიანი 80 000-ზე მეტი მუშაკი კიდევ ერთ მოწყვლად ჯგუფად გამოავლინა.
საპენსიო რეფორმის ერთერთი ალტერნატივა, ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ–დემოკრატებმა“ შეიტანა პარლამენტში. კანონპროექტის მიხედვით, 2% ინდივიდუალური დაგროვების ფონდში მიდის, ხოლო დანარჩენი 4% თაობათა შორის სოლიდარობის ფონდში გროვდება, რომლითაც არსებული პენსიონერები რეფორმის გატარების შემდეგი წლიდან შეძლებენ სარგებლობას, პენსიის რაოდენობას კი მოქალაქის სტაჟი და დამსახურება განსაზღვრავს. რეფორმას ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.
სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.