fbpx

[ხმა ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტიდან] „სანამ პუტინი გვყავს…“

ე. ჯ., ძაუს დასახლების მცხოვრები, პედაგოგი, 62 წლის

„მე ჯავაში [ძაუში] დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემიც ჯაველია. თა­ვის დროზე, საბჭოთა პერიოდში, მამა თბილისის პირველი მაისის რაიონის მილიციის უფროსად მუშაობდა. ეს თბილისის უდიდესი რაიონი იყო. ქარ­თველებთან ერთად ცხოვრობდა. ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ სტუმრად მისი მეგობრები, ხანში შესული ადამიანები. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენ შორის რამე მსგავსი მოხდებოდა და ისი­ნი აღარასოდეს მოვიდოდნენ. არც ის მეგონა, რომ მათ ჩვენი ღა­ლატი ან წყენინება შეეძლოთ.

[სტატია ინგლისურ ენაზე — Read in English]

[სტატია რუსულ ენაზე — Читайте на русском]

კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები — ქართულ-ოსური კონტექსტი არის ამბების სერია მოყოლილი იმ ადამიანების მიერ, ვინც კონფლიქტის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოექცა, მათი თვალით დანახულ კონფლიქტი და საფასური, რისი გაღებაც მათ მოუხდათ და დღემდე უხდებათ. სერია არის გაგრძელება ჯორჯ მეისონის უნივერსისტეტის ანალიტიკური სტატიე­ბის კრებულისა „კონფლიქტის საფასური: ქართულ­-სამხრეთ ოსური კონტექსტი“.

„საშინელება მოხდა“

თუმცა, რა თქმა უნდა, საშინელება მოხდა. იმ დროისთვის მშობლები უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები. თუმცა ჩემი ძმა, რომელიც ასევე ხაშურში დაიბადა და ბავშვობა და ახალგაზრდობა ჯავაში გაატარა, ონკოლოგიური სენით დაავა­დდა და მისი თბილისში გადაყვანა გვინდოდა, მაგრამ ყველაფერი ისე განვითარდა, რომ ამაზე უკვე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.

90-­იანი წლების დასაწყისი იდგა. დაგვირეკეს და გვითხრეს, ქალაქზე თავდასხმაა მოსალოდნელიო. იმ დროისთვის ჩემი ორი ქალიშვილი გათხოვილი იყო და ცხინვალში ცხოვრობდა. როცა მივხვდი, რომ ამ ქალაქში თავისუფლად წასვლას ვეღარ შევძლებ­დი და რაღაც ხანს ჩემს ქალიშვილებს ვერ ვნახავდი, შიშმა შემიპყრო.

ჯავიდან ცხინვალისკენ მიმავალი გზა ქართულ სოფლებზე გადიოდა. ისინი [ადგილობრივები] კი ტრასაზე გამოდიოდნენ და გვიყვიროდნენ. ისინიც კი გამოდიოდნენ, ვინც მთელი ცხოვრება ჯავაში მწ­ვანილსა და მზესუმზირას ყიდდნენ. ის ქალებიც კი, ვისაც მშვენივრად ვიცნობდი, გამოდიოდნენ, მანქანებს აჩერებდნენ, უცენზურო სიტყვებს ამბობდნენ. ზოგჯერ ვერც კი ვიგებდი მათ ნათქვამს. ჩვენ კი იძულებული ვიყავით, ზარის შემოვლითი გზით გვევლო.

„საში­ნელ პირობებში ვცხოვრობდით“

როგორღაც ჩვენთან მეზობლები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ავტობუსში უნდა ჩავმსხდარიყავით და ვლადიკავკაზისკენ წავსუ­ლიყავით, რადგან ჯავის და ცხინვალის დაცხრილვას აპირებდნენ. ავტომატურად სხვა ქალებთან ერთად ჩავჯექი ავტობუსში და სო­ფელ რუხამდე მივედი.

უცებ მივხვდი, რომ ჩემი გოგონები ქალა­ქში სარდაფებში ისხდნენ, მე კი საკუთარი თავის გადასარჩენად მივდიოდი. ავტობუსი გავაჩერე, მძღოლი მოვატყუე, რომ ცოტა ხნით ჩამოსვლა და სკოლაში შესვლა მინდოდა. მერე გამვლელი მანქანა გავაჩერე და სახლში დავბრუნდი. ჩემ გარდა იქ აღარც ერ­თი ქალი აღარ იყო. ყველა გააფრთხილეს, რომ მამაკაცებისთვის ჯავის დაცვაში ხელი არ შეეშალათ.

შემდეგ ჩვენთან საშინელი მიწისძვრა მოხდა და ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო. მაშინ ჩემი ქმარი სკოლის დირექტორად მუ­შაობდა და, მგონი, ვაგონები ვოლგოგრადიდან მან ჩამოიყვანა. შიგ ბავშვებს ეძინათ. ეს ვაგონები რომ არა, ცხადია, არაფერი არ გვექნებოდა და სკოლის გადარჩენასაც ვერ შევძლებდით. საში­ნელ პირობებში ვცხოვრობდით: ჩვენი დასახლების დასაცავად წასული ბავშვების გამო, შიშით ვცახცახებდით.

მეზო­ბელ სოფლებში ერთი ახალგაზრდაც კი არ დარჩა, ვისაც თავისი დასახლება არ დაუცავს. ზოგჯერ გამოვდიოდი, ვფიქრობდი და­ვაპურებ-­მეთქი. არადა დასაპურებელიც კი აღარავინ იყო. ყველა პოსტზე იდგა.

საშინელი დრო იყო, მე სკოლა-­ინტერნატის თანამშრომელი დამეღუპა. მის მოსაგონარ სუფრაზე დასადებადაც კი არაფერი გვქონდა. თევზის კონსერვები გავხსენით პურთან ერთად და ასე დავმარხეთ საცოდავი ქალი.

„არ შემიძლია, ქართველებს ვაპატიო“

„ჩემი ერთადერთი ძმისშვილი, ჩემი ძმის ქალიშვილი, თბილისში დარჩა. იმაზე ფიქრიც კი მზარავდა, რომ მას ვეღარასოდეს ვნახავდი, ვეღარასოდეს მოვეხვეოდი. შემდეგ, როცა დარეკვის შესაძლებლობა გაჩნდა, მითხრა, რომ მათთან ყველაფერი კარგად, ნორმალურად იყო. ეს ძალიან მაღიზიანებდა. როგორ უნდა ყოფი­ლიყო მათთან ყველაფერი კარგად, როცა ჩვენ ასეთ მდგომარეო­ბაში ვიყავით?!

არ შემიძლია, ქართველებს ვაპატიო. ჩვენ გვერდიგვერდ ვცხო­ვრობდით; შერეული ოჯახები გვყავდა, ვმეგობრობდით, მათი შვი­ლები ჩვენთან სწავლობდნენ ერთ დროს. ბავშვების 30% იმ ტერი­ტორიიდან იყო, თუმცა არ ვამბობ, რომ მათგან ყველა ეროვნებით ქართველი იყო. ვერ ვაპატიებ იმას, რომ არც ერთმა არ მისცა თა­ვს უფლება, ჩვენთვის ეთქვა, გავეფრთხილებინეთ, რომ საღამოს ჩვენზე თავდასხმას აპირებდნენ. თავი დაიცავით, ფრთხილად იყა­ვით ან რამე მოიფიქრეთო. ისინი უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ. ასე როგორ შეიძლება?!

შემდეგ, რამდენიმე წლის წინ თურქეთში ოთხმხრივ შეხვედრაში მონაწილეობა მომიწია ეროვნული დიპლო­მატიის დონეზე და გამომშვიდობებისას ერთ­ერთმა ქართველმა ქალმა მითხრა: ქალბატონო ელვირა, თუ კიდევ ჩამოხვალთ, კეხ­ვის სასაფლაოდან ჩემი შვილის საფლავის მიწა წამომიღეთ კო­ლოფით, იქ არის დამარხული. ის მუხლებზე ხელს ირტყამდა და მოთქვამდა: ნუთუ ვეღარასოდეს მოვხვდები შვილის საფლავზე, ვერ ვემთხვევი მიწას, სადაც ჩემი შვილი წევსო.

მე ბუნებით ემო­ციური ადამიანი ვარ, თვალზე ცრემლი მომადგა. ქალის, დედის, ცრემლების დანახვისას თავი ვერ შევიკავე. ვკითხე, მაინცდა­მაინც მე რატომ მომმართე-­მეთქი. მან კი მიპასუხა, 25 წელი ჯა­ვის საავადმყოფოში ვმუშაობდი მედდად, თქვენ ჯაველი ხართ და ამიტომაც მოგმართავთო.

როცა ჯავაში დავბრუნდი და ჩვენებს მოვუყევი, მითხრეს, სანამ აქ მუშაობდა, მშვენიერი ქალი და კარ­გი თანამშრომელი იყო, მაგრამ, როდესაც ომი დაიწყო, მანქანების გასაჩერებლად ისიც გზაზე გავიდაო. მისთვის, ცხადია, არანაირი მიწა არ წამიღია“.

„ისინი ჩრდილოეთ ოსეთში წავიდნენ“

„2008 წელი ყველაზე საშინელი წელი იყო. ჩემს სახლში 27 დევნი­ლი ცხოვრობდა. ვმუშაობდი პროექტში „დახმარება ავადმყოფ ბავშვებს“. ჩემი პროექტი იმიტომ გავიდა, რომ კონკრეტული მო­ნაცემები მქონდა: გუფთიდან ხვწემდე, სულ რაღაც სამი კილო­მეტრის სიგრძის ტერიტორიაზე 16 ადამიანი ცხოვრობდა ცერე­ბრალური დამბლითა და დაუნის სინდრომით.

ძალიან მინდოდა მათთვის პროგრამის შემუშავება. დამირეკეს და მითხრეს, ჩამო­დით, ფული წაიღეთო. ეს 6 აგვისტოს მოხდა. მე უბრალოდ დრო არ მქონდა. რაღაცნაირ მძიმე და დაძაბულ გარემოში ვიყავი. გავიფი­ქრე: მოიცდიან და ყველაფერი როცა დალაგდება და დაწყნარდე­ბა, წავალ, ფულს წამოვიღებ, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საჭიროა­-მეთქი. პროექტს ეუთო აფინანსებდა. ცხადია, ვეღარ შე­ვძელი წასვლა. ომი დაიწყო!

მთელი ოჯახი ტელევიზორის წინ ვისხედით, უცებ კი სააკაშ­ვილი აცხადებს, არანაირი თავდასხმა არ იქნებაო. ჩვენ, ცხადია, ეს არ დავიჯერეთ. ამის დაჯერება გულუბრყვილობა იქნებოდა. თუმცა მაინც სიმშვიდე იყო, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი რამე მოხდებოდა. მძინარე ქალაქზე თავდასხმა, ქალა­ქზე, სადაც შენი შვილები და შვილიშვილები არიან. ჩემი ქმარი მაშინვე წამოდგა, იარაღი აიღო და წავიდა. ორი დღე­-ღამე აღარ მინახავს. შემდეგ მოვიდა, ისევ რაღაც წაიღო და წავიდა. მე თვითონაც არ ვიცი, როგორ ვცხოვრობდი.

ჩემი სახლი პირდაპირ გზაზე იდგა, გადახვევაც კი არ იყო საჭირო. ვხედავდი, როგორ მოჰყავ­დათ დევნილები მანქანებით. სულ სავსე მანქანები მოდიოდა. ბე­ვრი ხელს მიქნევდა და ვხვდებოდი, რომ ჩემი ნაცნობები იყვნენ. ისინი ჩრდილოეთ ოსეთში წავიდნენ, რადგან მეტი გამოსავალი არ ჰქონდათ. ჩემ გარშემო ქალებისა და ბავშვების უმეტესობა წავი­და. აღარავინ აღარ დარჩა, ყველას ეშინოდა“.

სანამ პუტინი და მედ­ვედევი გვყავს“

„მერე კი, როცა ჩემს სახლთან ახლოს რუსულმა ტანკებმა გაიარეს, ცოტა ამოვისუნთქე. სახლში კანფეტები მქონდა, ერთ კილოზე ცოტა მეტი. გარეთ გავიტანეთ და ჩამოსულ ტანკისტებს ვესროდით.

ერთ­ერთმა წერილი გადმო­მიგდო, რომელშიც ეწერა: „ჩვენ თქვენ დაგიცავთ“. ეს წერილი რო­მელიღაც კრებაზე ჩვენს პრეზიდენტს, ლეონიდ ხარიტონის ძეს, გადავეცი და ვუთხარი: მუზეუმში ან არქივში შეინახეთ, დაე, იქ იყოს­-მეთქი.

ერთხელ რომელიღაც ტანკს რაღაც დაემართა, ალ­ბათ მექანიზმი გაუფუჭდა და ჩვენთან ახლოს გაჩერდა. ჩემი ქმარი გავიდა და შეკეთებაში დაეხმარა. მისი სახლში, სადილზე შემოპა­ტიჟება გვინდოდა, მაგრამ უარი გვითხრა: რას ამბობთ, ახლა მა­გისთვის არ გვცალიაო.

მახსოვს, ომის შემდეგ პირველად როგორ წავედით ცხინვა­ლიდან ჯავაში. ჩვენ, სამი მეგობარი, ქალაქში წავედით; გზაში კი არაფერზე არ შეგვეძლო ლაპარაკი. უბრალოდ ვიყურებოდით და თვალებს ვერ ვუჯერებდით, ვერ ვიჯერებდით, რომ ეს ყველაფე­რი მართლა მოხდა. ყველა სახლი განადგურდა. ქალაქში შევედით, ერთმანეთს თვალებში შევხედეთ და უბრალოდ ავტირდით. არა­ფრის თქმა არ შეგვეძლო, საერთოდ არაფრის.

არც კი ვიცოდი, საით წავსულიყავი: დეიდის სახლი მენახა, თუ სხვა ახლობლებთან მივსულიყავი. ჩემი სიძეები, ქალიშვილები იქ ცხოვრობენ. არ ვი­ცოდი, სად წავსულიყავი. სამივე ვიდექით, ვუყურებდით და ვტი­როდით. უამრავი ნაცნობი დაიღუპა. ჩემს ქალიშვილს შევხვდი, მან კი არაფრის მოყოლა არ ისურვა: დედა, ყველაფერი ნორმალურა­დაა, ყველაფერმა ჩაიარა.

მათგან არავინ არ ლაპარაკობდა დანგრეულ სახლებზე და მათ აღდგენაზე. მხოლოდ იმას ამბობდნენ, თუ როგორი მწუხარება დაატყდათ თავს. როგორ შეიძლება მძინარე ქალაქზე თავდასხმა, როცა იცი, რომ იქ ბავშ­ვები, ქალები, ზრდასრულები და ახალგაზრდები ცხოვრობენ.

სანამ პუტინი და მედ­ვედევი გვყავს, ასე თუ ისე მშვიდად შეიძლება ყოფნა. მაგრამ მე­რე რა იქნება?“

აღარ ვენდობი ამ ხალხს“

„მე ჯერ კი­დევ მეშინია, ვერ ვმშვიდდები. როდესაც ცხინვალში ან თბილისში თავისუფლად შესვლაზე და გადაადგილებაზე ლაპარაკობენ, ეს საერთოდ არ მომწონს. არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ მე ამის სურვილი არ მაქვს. აღარ ვენდობი ამ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი ახლობელი და ნათესავი მყავს.

ჩემთან, გუფთის სკოლაში, საქართველოდან  დევნილი მოწა­ფე მოვიდა მეშვიდე კლასში. ნახევარი წლის შემდეგ თავისუფალ თემას „ბუნების საყვარელ კუთხეს“ ვწერდით. ის მომიახლოვდა და უხეშად მითხრა: მასწავლებელო, მე არანაირი საყვარელი კუ­თხე არ მაქვს სამხრეთ ოსეთშიო. მივხვდი, რომ მის ბავშვურ სულს არაერთი წლის განმავლობაში წამლავდნენ. ეუბნებოდნენ, რომ ეს ოსეთი არ არის, არამედ საქართველოა, ქართული მიწებია და ა.შ. ვგრძნობდი, რომ ბავშვს უბრალოდ გონება ჰქონდა მოწამლული და როგორღაც მივეალერსე.

მოვუყევი, როგორ ვცხოვრობდით საბჭოთა პერიოდში, როგორ მიყვარდა ნოდარ დუმბაძის „მე, ბე­ბია, ილიკო და ილარიონი“. მას სახე გაუბრწყინდა და ერთ კვირა­ში გამომიცხადა, რომ მას არა მხოლოდ საყვარელი კუთხე აქვს სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელი სამხრეთ ოსეთი მისი საყვარე­ლი კუთხე გახდა. ამ მაგალითიდან გამომდინარე, წარმომიდგენია, რას უკეთებენ ოს მოწაფეებს ქართულ სკოლებში.

ჩემი ქალიშვილი ადამიანის უფლებათა კომიტეტში მუშაობდა. ისინი სკოლებში ომის შედეგად ქართველების მიერ ჩვენი ბავშ­ვებისთვის მიყენებული მორალური ზიანის შესახებ განაცხადებს აგროვებდნენ. უკვე 62 წლის ვარ, მხრებზე ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაწევს და მეშინია.

ეს პროცესი თუ დამთა­ვრდება, თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ ჩვენი ბავშვები დაზარალდნენ და დიდი მორალური ზიანი მიადგათ, მატერია­ლურზე რომ არაფერი ვთქვათ, უფრო მშვიდად ვიქნები. მანამდე კი — არა. თუმცა, ამ მორალურ ზიანს ალბათ ვერასოდეს ვერავინ აანაზღაურებს“.

[წაიკითხეთ ხმა კონფლიქტის მეორე მხრიდან: ა. ა., ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მცხოვრები, 80 წლის — „ქურდობდნენ ისინიც, ჩვენებიც“]

პუბლიკაცია რედაქტირებული ვერსიაა ირინა ქელეხსაევას სტატიისა, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისთვის მომზადდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-სა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შეხედულებებს.

Fierce, independent journalism

Let’s be honest, the media situation in the Caucasus is grim. Every day we are accused of ‘serving the enemy’ whoever that enemy may be. Our journalists have been harassed, arrested, beaten, and exiled. But nevertheless, we persevere. For us this is a labour of love. Unfortunately, we cannot run OC Media on love alone, journalism is expensive and funding is scarce. Our sole mission is to serve the interests of all peoples of the region. You can support us today for as little as $1 a month and join us in the fight for a better Caucasus.

Support Us