fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

ხმა | თამარ მეარაყიშვილი: „თუ გამამტყუვნეს, არ გავიქცევი“

თამარ მეარაყიშვილი: „თბილისში რომ მომიწიოს დარჩენა, მინდა, რომ ოსური სახაჭაპურე გავხსნა. სახელიც კი მაქვს მოფიქრებული - „საცხობი ნომერი 961705“. ეს არის ჩემი საქმის ნომერი.“  ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media.

თამარ მეარაყიშვილი, აქტივისტი და ჟურნალისტი, სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს. ის ორ წელზე მეტია, შინაპატიმრობაშია და სამართლებრივად იბრძვის თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. თამარი თავისი ცხოვრების შესახებ გვიყვება ახალგორში და მთავრობის დამოკიდებულებაზე მისი საქმისა და ზოგადად კონფლიქტის მიმართ. 

„ახალგორში დავიბადე. ჩემი მშობლები აქაურები არიან. სკოლა ახალგორში დავამთავრე. აქტიური ბავშვი ვიყავი, კარგად ვსწავლობდი. 

ჩემი კლასის ხელმძღვანელმა სკოლის ბოლოს ყველა ჩემს კლასელს მისცა თითქმის ერთნაირი დახასიათება. Მარტო ჩემი იყო განსხვავებული. ჩემზე გაბრაზებულმა, ასე ჩაწერა, რომ ადვილად არ ექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშო, არისო ლიდერის თვისებებით, შეუძლია, ორგანიზება გაუწიოს თავის თანატოლებს ყველაფერშიო. ახლა კი კარგად ჟღერს,  მაგრამ მაშინ ნიშნავდა, თითქოს მილიციას ავეყვანე აღრიცხვაზე.

ბავშვობაში მინდოდა, მულტფილმების გამხმოვანებელი ვყოფილიყავი, მაგრამ ასეთი ფაკულტეტი არ არსებობდა. ამიტომ ჩავაბარე თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე.

როგორც კი ჩავაბარე, ეგრევე დავიწყე მუშაობა. ხან ფოსტაში ვიყავი ფოსტალიონი, თუკი რამე შესაძლებლობა იყო, რომ ჩემი შემოსავალი მქონოდა, ყველგან მივდიოდი ხოლმე.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ვაკანსია იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში დირექტორის მოადგილედ. რამდენიმე თვეში დირექტორი გავხდი. ძალიან პოპულარული გავხდი. 

16 წელი ვიყავი მოსწავლე ახალგაზრდობის დირექტორი. ორჯერ გამათავისუფლეს ქართველებმა ომის მერე და ერთხელ ოსებმა. 

Advertisements

ბოლო გათავისუფლებაც გავასაჩივრე და კიდევ ერთი წელი სასამართლოში ვიარე. ამის მერე არც მიფიქრია, რომ აქ სამსახური მეძებნა. არასდროს ვიმუშავებ იმათთან, ვინც მე მდევნა, ახლაც ასე ვაპირებ.“

„ელოდნენ, რომ მე, როგორც ქალი, შეიძლება, გავმტყდარიყავი“

„სანამ ჩემს დევნას დაიწყებდნენ, თბილისში ხშირად დავდიოდი ხოლმე. სხვადასხვა პროექტში ვიღებდი მონაწილეობას, ტრენინგებში, კონფერენციებზე.

დაკავების დღესაც ბოლოს თბილისში ვიყავი. სპეციალურად შეარჩიეს ასეთი დღე, რომ ჩემი პასპორტი და პირადი დოკუმენტები ენახათ. ჩემმა შვილმა გაიხსენა, რომ იმ დღეს რამდენიმე საათი იდგა მანქანა ჩვენს სახლთან. 

სახლში რომ მივედი, უცებ გადმოვიდნენ მანქანიდან, წიგნაკი გაშალეს. მითხრეს, თქვენ დაპატიმრებული ხართო. ცირკი დადგეს. უნდოდათ, რომ დავშინებულიყავი. ჩხრეკისას ყველაზე მხნედ ვინც იყო, ეს ვიყავი მე. მინდოდა, მეჩვენებინა, რომ არ მეშინია, ძლიერი ვარ. 

თამარი ყოველთვის იღებს ფოტოს სასამართლოსთან ყოველი მოსმენის წინ და ათობით ასეთი ფოტო აქვს. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი.

ვუთხარი, რომ მინდოდა, თმა გამესწორებინა. ქართულად ვამბობდი, რომ ჩემი უფლებები ირღვევა, რომ ადვოკატი მინდოდა, მომეყვანა, თარჯიმანი, რომ ჩემი უფლებები ქართულად წაეკითხათ ჩემთვის. ამ ყველაფერს პირიქით ისინი გამოყავდა წყობიდან. 

ჩემი ჩხრეკა ორ საათს გაგრძელდა. ადამიანს, რომელსაც ვიდეოზე დაავალეს ყველაფრის გადაღება, საერთოდ არაფერი ჰქონდა საერთო მილიციასთან ან პროკურატურასთან, ერთი გოგო იყო. ეს ვიდეო რომ მოვითხოვეთ, გვითხრეს, რომ ჩანაწერი წაიშალა. 

ორი გამომძიებელი იყო. ერთი მილიციიდან და ერთი პროკურატურიდან. ჩაბნელებულ ოთახში ვიყავი. მაგიდის ნათურა იდგა, რომელსაც ანთებდნენ-აქრობდნენ. 

ალბათ ზემოდან იყო გადაწყვეტილება ჩემზე მიღებული, რომ დავესაჯე. ალბათ ფიქრობდნენ, რომ მე ამას ვერ გავუძლებდი. ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ ქალი ვარ, რომ ვერ გაუძლებსო, კაცები მოგვიტეხიაო.

სულ მარტო ვიყავი. დედაჩემი არ შემოუშვეს, არც ჩემი შვილი. მეუბნებოდნენ, გამოტყდი, ვისთან თანამშრომლობ, რას წარმოადგენო. მე ძალიან პრინციპულად გამოვუცხადე, რომ ჩემი მშობლიური ენა არის ქართული და მაქვს უფლება, ვისარგებლო თარჯიმნის მომსახურებით და რომ არ მესმოდა, რაზე მელაპარაკებოდნენ.

ერთერთმა მეორეს უთხრა, ამისი ბედი, რომ ქალია, თორემ კოჭებში გადავამტვრევდით და ყველაფერსაც იტყოდაო. ელოდნენ, რომ მე, როგორც ქალი, შეიძლება, გავმტყდარიყავი ფიზიკური შეხების გარეშეც. 

სანამ ადვოკატს ავიყვანდი ყველა ჩემი მათთან ურთიერთობა დამამცირებელი იყო. მაგალითად, მეუბნებოდნენ, რატომ არ ვთხოვდები, ვინ მინახავს, კაცი ხომ არ მინდება და რატომ ვარ ასეთი აგრესიული. მე ვეუბნებოდი, რომ ეს არ იყო კითხვა, რაც უნდა დაესვათ და, თუ მაინც მეკითხებოდნენ, მაშინ ყველაფერი პროტოკოლში უნდა ჩაეწერათ. 

ყველაფერს ფეისბუკზე ვწერდი, ჟურნალისტებთან ვამბობდი. შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდა. ჩემი საქმის ერთერთმა გამომძიებელმა ორი ინტერვიუ მისცა. 

ეს იყო წარმოუდგენელი, რომ სამოქალაქო აქტივისტის ფეისბუკის პოსტებისა და მედია ინტერვიუების შესახებ კომენტარი გააკეთა გამომძიებელმა. არაო, ჩვენ უბრალოდ ისე ვკითხეთ, მას შეიძლება, ცუდად მოეჩვენაო, მაგრამ ფაქტია, რომ აღიარეს, რომ ასეთ კითხვებს მისვამდნენ და მთავარიც ეს იყო. 

ელოდნენ, რომ აქიდან გავიქცეოდი, რომ ვერ გავუძლებდი, რომ ფსიქოლოგიურად და ფინანსურადაც ეს მძიმე იქნებოდა. ადვოკატის ყოლა საკმაოდ ძვირია. ცხრაჯერ ჩანიშნული სასამართლო რვაჯერ ჩაიშალა. ეს ჩაშლილი რვა მოსმენა 5000 ლარამდე დაჯდა. 

ამას სპეციალურად აკეთებდნენ, რომ მე გამჭირვებოდა. რა თქმა უნდა რთული იყო ჩემთვის ფულის შეგროვება და სტრესული იყო, როცა მოსმენები ჭიანურდებოდა.“

„ახლა აღარ იციან, რა ქნან; ამ სირცხვილიდან როგორ ამოვიდნენ“

„ჩემმა ბრძოლამ აჩვენა ის, რომ არათუ შპიონი ვარ, ცილისმწამებელიც არ ვარ. ჩემი დაკავების ოფიციალური მიზეზი იყო ცილისწამება, მაგრამ სინამდვილეში გზას ეძებდნენ, რომ ჩემს სახლში შემოსულიყვნენ. 

დარწმუნებული იყვნენ რომ მე აქ გვირაბი მქონდა გათხრილი. ყველაფერს დაავლეს ხელი, რაც კი შნურები იყო, დამტენიც კი, ყველაფერი წაიღეს. ახლა აღარ იციან, რა ქნან; ამ სირცხვილიდან როგორ ამოვიდნენ. 

ერთერთ ბოლო სასამართლო პროცესზე სამიდან ოთხმა მოწმემ თქვა, რომ ჩვენ არ ვიცით, რა წერია იქ, ჩვენ წაგვიყვანეს, რაღაცა დაწერეს და გვითხრეს, რომ ხელი უნდა მოგვეწერა. ამ ყველაფერს ჩვენ ხომ იქ ვისმენდით, ვიწერდით. ჩემ გარდა, იქ დეპუტატები ესწრებოდნენ ხოლმე. 

მე რომ ჩავდიოდი ცხინვალში, ჯერ მივდიოდი პარლამენტში და დავივლიდი ხოლმე კაბინეტებს. ვეუბნებოდი, წამოდით, მოსმენებს დაესწარით-მეთქი. ყველას უკვირდა, იქაურებსაც. მე ვეუბნებოდი, დეპუტატი არის ხალხის რჩეული და მეტი ვალდებულებები აქვს-მეთქი. 

ჩემი საქმე რამდენიმე უზარმაზარი ტომისგან შედგება. უაზრო საბუთებია. მაგალითად ერთერთ ტომში შევარდნაძის დროს მიღებული კანონი დევს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ და მისი რუსული თარგმანი. ეს რასთან იყო კავშირში, ვერ გეტყვით. 

თამარის საქმე რამდენიმე ასეთი დიდი ტომისგან შედგება და ისეთ რაღაცებს შეიცავს, როგორის არის კანონი მოქალაქეობის შესახებ. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი.

კიდევ იყო 30 მოწმის ჩვენება, თითქმის იდენტური, მხოლოდ პირადი მონაცემები იცვლებოდა. 

კიდევ იყო ჩადებული, ტუბ-დისპანსერში ვარ თუ არა აღრიცხული. ეს რაშუაში იყო, მე ვერ ვხვდები; Რაღაც ასეთი იდიოტობები.

ყველაფერი ეს თავისთავად კარგიც იყო. დღეს ოსური საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ორწელიწადნახევრის წინ არ მიჭერდა მხარს, ახლა სოლიდარობით ან სიმპათიით არიან განწყობილი ჩემ მიმართ. 

პირველ დღეებში მარტო რომ ვრჩებოდი, ზოგჯერ მთელი კვირა ლოგინიდან არ ავმდგარვარ.  საერთოდ პირის დაბანაც მეზარებოდა და თმის დავარცხნაც, მაგრამ არასდროს წავსულვარ სასამართლოში, რომ თმა არ დამევარცხნა, ფრჩხილი წესრიგში არ ქმონოდა, სუნამო, მაკიაჟი, სულ ვათვალიერებდი, ტანსაცმელი ხომ არ გავიმეორე. 

მარტო ვცხოვრობ. ჩემი შვილი თბილისშია. ზოგადად მე ისეთი ადამიანი ვარ, ორმოში რომ ჩავვარდე, კიბე თუ არ მაქვს, მე იქ არ დავიწყებ ტირილს და ისტერიკას. რისი შეცვლაც არ შემიძლია, იმაზე არ ვიტანჯავ თავს.

ჩემგან ეს სიტუაცია მოითხოვდა სიმშვიდეს და სასამართლოში ბოლომდე მტკიცედ ყოფნას, ზუსტად ეგ მითხრა ჩემმა ადვოკატმა ცოტა ხნის წინ.

ცოტა ცივი ადამიანია, გადამეხვია, ასე მითხრა, რომ ძალიან მიყვარხარო, ამდენი წელი რომ გაუძელი ყველაფერ ამასო. მითხრა, რომ არ ელოდა, ასეთი ძლიერი დავრჩებოდი ამდენი ხნის განმავლობაში. 

თავიდან, როცა შევთანხმდით, ასე მითხრა, რომ შენ არავისთან შედიხარ გარიგებაში. ვუთხარი, რომ ამაზეა დამოკიდებული, მომავალში მე აქ როგორ ვიცხოვრებ და რომ არ ვაპირებ, ვინმესთან შევიდე გარიგებაში. 

ისე იყო შემთხვევები, როცა მთხოვდნენ შეხვედრას, დაგეხმარებითო, მაგრამ ვიცოდი, დახმარების საფასურად რას მოითხოვდნენ: დუმილს და სიჩუმეს. ვეუბნებოდი, რომ, როცა სასამართლო დასრულდება, მერე შევხვდეთ-მეთქი.

ჩემი შვილი გათხოვდა ახლა, რაც დაპატიმრებული ვარ. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ უნდა ვიცოცხლო, კარგად უნდა ვიყო. იმიტომ კი არა, რომ მე ახლა შვილიშვილი უნდა მეყოლოს და ვნახო. ძალიან მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ძლიერი უნდა ვიყო, რომ ეს სასამართლო მოვიგო. მიზანი ჩემი გამძლეობის არის სასამართლოში გამარჯვება. მთელი ჩემი ცხოვრება ამაზეა აწყობილი.“

„როგორ ვიფიქრო, რომ ასეთი ადამიანი კარგი პარტნიორი იქნება?“

„როცა სასამართლომ გამამართლა, მეუბნებოდნენ, რომ ახლა უნდა გათხოვდე, დაწყნარდე, შეეშვა პოლიტიკას. ძალიან გავბრაზდი. ერთ-ორ ადამიანს უხეშადაც კი ვუთხარი. 

დღე არ გავა, რომ ვინმემ ეს არ მითხრას. ვეუბნები, რომ იმიტომ კი არ ვიბრძვი, რომ ქმარი არ მყავს და პარტნიორი მამაკაცი, არამედ მე უფრო მეტი სამოქალაქო შეგნება მაქვს, პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ ხელისუფლებას მოვთხოვო წყალი, ტრანსპორტი, გზის გახსნა. 

აქტიური თუ ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ კაცთან ურთიერთობა გაკლია. კაცები არიან, რომელიც მეუბნებიან, რომ მხარს გიჭერ, ეს, ის, მაგრამ ჩემი ფეისბუკ პოსტების დალაიქებასაც კი ვერ ბედავენ. როგორ ვიფიქრო ახლა, რომ ასეთი ადამიანი კარგი ქმარი ან პარტნიორი იქნება? 

1990-იანებში გავთხოვდი და ბავშვი მეყოლა. ჩემი  ქმარი ოსი იყო; მომიტაცა. რომ მომიტაცა, ჩვენთან არავის ამაზე ცუდი რეაქცია არ ჰქონია. ჩვეულებრივი იყო ასეთი ურთიერთობები [ქართველების და ოსების]. დედაჩემის დედა ოსია, ბევრი ჩვენი ნათესავი ოსია, მაგრამ გაუცხოებული დამოკიდებულება არასდროს გვქონია, კარგი ურთიერთობა გვქონდა. 

მახსოვს, იმ დღეს, როცა მომიტაცეს, კიდევ ოთხი გოგო მოიტაცეს. იქიდან სამი, ზუსტად ვიცი, რომ დაშორდნენ. 

ვერ აეწყო ვერც ჩვენი ოჯახი და დავშორდით.“

„აბა სხვანაირად მართლა როგორ აპირებენ შერიგებას და სხვა რაღაცებს?“

„მთავრობის მიდგომა თავიდანვე იყო, რომ უნდა ადგე და წამოხვიდეო. პრობლემას ვერ აგვარებდნენ. მაგრამ უკაცრავად და რატომ უნდა წამოვიდე? თუ წამოსასვლელი ვარ, თქვენზე კარგად მაგას მე ვიგრძნობ. 

შეეძლოთ, თუნდაც სიტყვიერი ნუგეში მოეცათ. ჩემს ოჯახის წევრებს არავინ შეხვედრია. არ უთქვამთ, შეგხვდებითო. მთავრობას შეეძლო, ჩემს ადვოკატს შეხვედროდა და ეთანამშრომლა მასთან. ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე, დამოუკიდებელი, სანდო და ობიექტური ადამიანია. მაგრამ ესეც კი არ აინტერესებსთ. 

თამარ მეარაყიშვილი თავის ადვოკატთან ერთად. 17 ოქტომბერი, 2019 წელი, როცა პირველმა ინსტანციამ გაამართლა. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი.

ხელისუფლებას ჩემი გვარის წარმოთქმა საკმაოდ უჭირს. ცდილობდნენ, რომ ტელევიზიასაც დავებლოკე. არ ვიცი, დღესაც მიჭირს, გავიგო, რატომ არ შეიძლებოდა, ქართული ტელევიზიებისთვის საინტერესო ყოფილიყო, რომ აი, სამოქალაქო აქტივისტმა მესამეჯერ მოიგო საქმე. ნახევარი წუთი რომ დაეთმოთ, რატომ არ იყო საინტერესო. უნდა მოვკვდე, რომ საინტერესო იყოს?

„ნეტგაზეთმა“ ჰკითხა ბახტაძეს პირდაპირ ეთერში ჩემ შესახებ. ის ვალდებული იყო, რომ სცოდნოდა ჩემ შესახებ. დარწმუნებული ვარ, არც გახარიამ არ იცის. 

ძალიან კარგად ჩანს მაგათი [მთავრობის] ინფორმირებულობა. შაბლონებით ლაპარაკობენ, რომ რუსეთია დამნაშავე. ახლა, რაც მე გადამხდა თავს, რუსეთი რა შუაში იყო? 

როცა აქ რაღაც ხდება, ყველაზე გვიან სახელმწიფო აცხადებს და ხშირად აცხადებენ „რესის“ და „სპუტნიკის“ ინფორმაციებზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ სხვა გამოცემებს არც კითხულობენ, „ეხო კავკაზას“ ან ქართულ გამოცემებს. 

ზოგიერთი ინტერნეტგამოცემა, ვინც კონფლიქტებზე წერს, კარგად წერენ, მომწონს, თუნდაც ის, რომ იმ ტერმინებს იყენებენ, რაც აქ ყველასთვის მისაღებია. იმიტომ, რომ მათაც ჰქონდეთ ნდობა. სჯობს, რომ უფრო თანამშრომლობა იყოს. აბა სხვანაირად მართლა როგორ აპირებენ შერიგებას და სხვა რაღაცებს?“

„რა არის მათი ხედვა? რომ ბერლინის კედელივით დაინგრევა ეს მავთულხლართები?“

„თბილისში შეიძლება, კარგი მოსასმენია და უცხოელებისთვის, ჩვენ ასეთ პროექტებს ვწერთ, პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გვაქვს, რომელზეც ორი წელია, ლაპარაკობენ და მარტო ლაპარაკობენ.

რეალურად რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ქართული სკოლები დაიხურა. ამას გაყვა ორი ათეული ადამიანი. მიგრაცია ხდება აქიდან. ხალხი ტოვებს სახლებს, გზა დაკეტილია, შეზღუდვებია, აკრძალვები და მიდის ხალხი. 

ბოლოს მართლა რომ ამოქმედდეს ეგ პროგრამა, ვინ ჰყავთ რესურსი, ვის შეიძლება, დაეყრდნონ? 

როცა მექნება საშუალება, კიდევ თუ იქნება შეხვედრები, კონფერენციები, აუცილებლად ვიკითხავ ამის შესახებ. როგორც ჩანს, სულ ტყუილია, რომ კარგი კონტაქტები ყავთ აქ. სამი წლის განმავლობაში ციხელაშვილი [ქეთევან ციხელაშვილი, მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში] ერთადერთ ქალს შეხვდა ცხინვალელს და ისიც ძალიან ბევრი შუამავლის ჩარევით. არ აქვთ ამ ადამიანის [მინისტრის] ნდობა. მე აქ ვცხოვრობ, აქ უნდა ვიცხოვრო და ეს ქალი ამუხრუჭებს აქ ჩვენს ცხოვრებას. 

რა არის მათი ხედვა? რომ ბერლინის კედელივით დაინგრევა ეს მავთულხლართები? როგორ? არავინ ჰყავთ საკონტაქტო პირი. არ ჰყავთ ადამიანი, რომელიც მათ ენდობა.“

„კაცო, რა შუაშია ეს რუსეთი?“

„აგრძელებენ ლაპარაკს „რუსეთიო“. ჩემს  საქმეზეც ამბობდნენ, რუსეთიო. კაცო, რა შუაშია ეს რუსეთი? 

გზა რომ იყო შარშან იანვარში დაკეტილი ორ თვეზე მეტ ხანს. რა გააკეთა საქართველომ, გარდა განცხადებებისა, რომ „რუსეთი, რუსეთი, რუსეთი“. 

მე არ ვიცი, შეიძლება ვცდები და არ მაქვს იმდენი ცოდნა, მაგრამ, ჩემი აზრით, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული სასამართლოსთვის უნდა მიემართა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო. თან ეს იყო მასიური მაშინ და ახლაც ასეა [ჩაკეტილი გზა]. იქნებ და ახლა რომ ვართ ჩაკეტილები, ახლა ეს არ ყოფილიყო.

მე ვიცი აქ ადამიანები, რომლებსაც თვენახევარი გაუცდათ გეგმიური ქიმიოთერაპია. სიმსივნით დაავადებულები, ვისაც დაგეგმილი ოპერაციები ჩაეშალათ. ხომ შეიძლება, რომ ამაზე იდავო? რომ ადამიანებს ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდებათ, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და ბევრი რაღაც. 

ხელისუფლებაში ეგენი არიან და იურისტები ეგენი არიან. ხოდა, თუ არ გამოგდის, წადი და იქნებ სხვა მოვიდეს უკეთესი.“

„ვერ წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება“

„თუ გამამტყუვნეს, არ გავიქცევი, ჩავჯდები ციხეში. როგორც ვიცი, სულ ორი ქალია აქ ციხეში. სულ 56 თუ 58 პატიმარია. ბოლოს და ბოლოს, ამათი ლიდერი, ალა ჯიოევა, იჯდა და მეც რა მიჭირს, ჩავჯდები. არც გარიგებაზე არ წავალ.

ვხუმრობდი, რომ ოსურს მაინც ვისწავლი-მეთქი ან მათ ვასწავლი ქართულს. მერე იქ მოვითხოვ პიესების დაგდმას. 

„სახლში გამოკეტვისგან გასაქცევად“ თამარმა ბროშების კეთება დაიწყო, რომელიც მოგვიანებით პატარა ბიზნესშიც კი გადაიზარდა. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი.

სანამ არ დამიჭირეს, არ ვიცოდი, როგორ მუშაობდა პროკურატურა, მილიცია და შეიძლება, ციხის მუშაობაც გავიგო და გავერკვე და მერე ცოტა ეს გამოცდილებაც იყოს.

თუ გამათავისუფლეს, უპირველეს ყოვლისა, მინდა, პროკურატურასთან დავიწყო დავა, დავიბრუნო ჩემი ნივთები. ეგრევე გადაკვეთას არ ვაპირებ. მინდა, ვიდავო რეაბილიტაციაზე, მოვითხოვო იმათი დასჯა, ვინც ორი წელი და რამდენიმე თვე ასე მამყოფა და მოვითხოვო კომპენსაცია. 

შემდეგი გეგმა არის, რომ კბილები უნდა გავიკეთო. Რატომღაც სულ მგონია, რომ ძალიან დავბერდი, ცოტა სახეს უნდა მივხედო. მანამდე პარალელურად, თავი უნდა შევიმოწმო ჯაანმრთელი ვარ თუ არა. მინდა, რომ წავიდე, ცოტა ხანს დავისვენო. არ აქვს მნიშვნელობა, სად, სადაც ყველაფერ ამაზე არ ვიფიქრებ. 

სადმე უნდა წავიდე, დავისვენო, ვიცეკვო, ვიმღერო, ვიმხიარულო. მაგრამ ახლა რომც გამამართლონ, ვერ წავალ, დაკეტილია გზა. მინდა, რომ ვარჯიში დავიწყო. 

თბილისში კიდევ გეგმა მაქვს, რომ სპორტულ ცეკვაზე ვიარო, ძალიან მინდა. შეიძლება, მაკიაჟის კურსებზეც ვიარო. აქ არ არის სალონი. ძალიან მინდა, ხალხს მაკიაჟი გავუკეთო აქ, ამიტომაც მინდა, ვისწავლო. 

თბილისში რომ მომიწიოს დარჩენა, მინდა, რომ ოსური სახაჭაპურე გავხსნა. სახელიც კი მაქვს მოფიქრებული - „საცხობი ნომერი 961705“. ეს არის ჩემი საქმის ნომერი. სასაცილო კია, მაგრამ მინდა, ყველას გაახალისებს. 

ვნახოთ, ასეთი გეგმებია. ჩემს გეგმებში არ არის ხელების ჩამოყრა. ჩემს გეგმებში არ არის აქიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა. თუ პროკურატურა კომპენსაციას გადამიხდის, შეიძლება, ცხინვალშიც ვიყიდო ბინა. 

მთელი ამ 44 წლის განმავლობაში არასოდეს მქონია სურვილი, ახალგორი დამეტოვებია. თბილისში როცა ჩავდიოდი ხოლმე, ერთი დღეც კი არ ვრჩებოდი ზედმეტად. ბოლო ტრანსპორტს მოვყვებოდი. ყოველთვის აქ მინდა ყოფნა. ვერ წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება.“

კითხვის სიმარტივისთვის ვამჯობინებთ, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან თუ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ ინსტიტუტებთან და პოლიტიკურ თანამდებობებთან არ გამოვიყენოთ აღმნიშვნელები, როგორებიცაა „დე ფაქტო", „არაღიარებული" ან „ნაწილობრივ აღიარებული". ტერმინოლოგია არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას მათი პოლიტიკური სტატუსის შესახებ.

Right now, online media in Georgia is in dire need of safety equipment, legal support, and technology as we cover increasingly challenging circumstances. Support small, independent media outlets in Georgia via our collective fundraiser.

Interested in directly assisting OC Media? Consider becoming a member.