fbpx

ორიენტაციის გამო გარიყულები

16 May 2018
(ანნა ნიკოღოსიანი /OC Media)

ბულინგის, დისკრიმინაციისა და ძალადობის გამო, ქვიარ ადამიანები ხშირად იძულებულნი ხდებიან, დატოვონ სახლები.

 

 

მელი სომხეთიდან

„ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ვიყავი, როდესაც გავაცნობიერე, რომ სხვა ადამიანის სხეულში დავიბადე. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, შინაგანად არასდროს მქონია პრობლემები. უბრალოდ არასდროს ვყოფილვარ „გოგო“ და არასდროს აღმიქვამს ჩემი თავი, როგორც გოგო. პრობლემები, რომლებსაც ვაწყდებოდი, გარე სამყაროდან მოდიოდა. იქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე მიხდებოდა ჩხუბი მათთან, ვინც მექცეოდა, როგორც გოგოს. სკოლაში მაიძულებდნენ, რვეულში დამეწერა „მოსწავლე გოგონა“. მე, როგორც წესი, “გოგონას“ ვშლიდი ხოლმე, მასწავლებლები კი ისევ წერდნენ და ა.შ. ჩემი განვითარებაც ძალიან სწორხაზოვანი იყო. არ ყოფილა მომენტი, როდესაც მე დავიწყე ჩემი იდენტობის აღმოჩენა, რადგანაც ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ბიჭი ვიყავი”, — უამბო OC Media-ს 30 წლის მელ დალუზიანმა გიუმრიდან.

30 წლის მელ დალუზიანი გიუმრიდან

მელის არა ერთი მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებისთვის ის რჩებოდა, გოგონა, სახელად მელინე. მელე 2002 წლიდან ძალოსანია. ის სომხეთის ძალოსნობის ფედერაციის ეროვნულ გუნდში გაწევრიანდა.

„ჩემი ტრენერი ყოველთვის ცდილობდა ჩემს შთაგონებას. მეუბნებოდა, რომ ღმერთმა შემქნა „ასეთი“, რომ კარგი ძალოსანი ვყოფილიყავი. რაღაც პერიოდ, სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, ვცდილობდი, ამ პერსპექტივით დამენახა ყველაფერი. თუმცა მალევე გავაცნობიერე, რომ, ყველაფრის მიუხედავად, მეც მაქვს პირადი ცხოვრების უფლება, მაქვს უფლება, რომ ბედნიერი ვიყო, მითუმეტეს, როცა არავის ვვნებ ჩემი ცხოვრებით თუ ჩემი ცხოვრების სტილით“, — ამბობს მელი.

2015 წელს მელი Pink Armenia-ს ორგანიზებულ ლგბტ ფორუმში მონაწილეობდა, რომელიც პირველად გაიმართა სომხეთში. როდესაც ორგანიზაციამ მონაწილეთა საერთო ფოტო გამოაქვეყნა საიტზე, მედიამ მისი პირადი ცხოვრების განხილვა დაიწყო, მის კარიერას საფრთხე შეექმნა. ორგზის ევროპის ჩემპიონმა რეკორდსმენმა, რომელიც ასევე ფლობს ორ ბრიჯანოს მსოფლიო მედალს, გიუმრი ორი წლის წინ დატოვა და საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად.

Pink Armenia-ს მიერ ჩატარებული პირველი ლგბტ ფორუმი სომხეთში 2015 წელს (Pink Armenia)

„ერთი წელი წარუმატებლად ვცდილობდი, ჩემი პროფესიით სამსახური მენახა. სომხეთი 2016 წელს დავტოვე. ჩემ მიმართ იმდენი ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდა, რომ ტრენერადაც კი ვერ შევძელი სამსახურის ნახვა სატრენაჟორო დარბაზში. ახლა ნიდერლანდებში ვცხოვრობ. აქ დისკრიმინაციასთან არ მქონია საქმე, მხოლოდ უპირობო მხარდაჭერა მაქვს ყველა საკითხში. ამ ეტაპზე არც კი განვიხილავ სომხეთში დაბრუნებას. ჩემ თავს უკვე ვეღარ ვხედავ, როგორც სპორტსმენს, მხოლოდ — ტრენერს.“

მელის თქმით, ძალიან რთულია გიუმრიში ცხოვრება მათთვის, ვინც „განსხვავებულია“, მითუმეტეს, როცა ცნობილი ხარ.

„გიუმრი ყველაზე კონსერვატიული ქალაქია სომხეთში. ყველაზე დიდი პრობლემა ჭორები იყო: ყველას მიაჩნდა, რომ მათი წმინდა მოვალეობა იყო, ჩემ შესახებ მითები გამოეგონათ, რომ აეხსნათ ის, რასაც ისინი ვერ იგებდნენ. მედია კი ეხმარებოდა მათ ამ ჭორების კიდევ უფრო გავრცელებაში. რა თქმა უნდა, ყველაფერმა ამან ბევრი სირთულე შემიქმნა, როდესაც ახალ გარემოში აღმოვჩნდი, როცა ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში წარმატებულად მოვახერხე, ჩემი თავი გამეცნო სხვებისთვის ისე, ვინც ვარ. მე შევძელი და მივაღწიე იმას, რომ ჩემი მეგობრები აღარავის მისცემენ უფლებას, „მელინე“ დამიძახონ.

მელის თქმით, საზოგადოება რომ არ ჩარეულიყო, მშობლებთან პრობლემები არ შეექმნებოდა.

„ლგბტ ადამიანებს თითქმის ყველა უფლება ჩამორთმეული აქვთ სომხეთში. რა თქმა უნდა, თუ ვიღაც საიდუმლო ცხოვრებით ცხოვრობს, თავის იდენტობას თრგუნავს, ფორმალურად დაოჯახებულია, მაშინ შესაძლებელია სომხეთში „ჩუმად“ ცხოვრება. მაგრამ თქვენით განსაჯეთ — შეიძლება, ასეთი ცხოვრება „ჩუმ ცხოვრებად“ ჩავთვალოთ? მე არ მყავს მეგობრები, რომლებიც არ იმალებიან და შეუძლიათ ჩუმად ცხოვრება.”

მელს არ სურს მისი პირადი ცხოვრების განხილვა და აღნიშნავს, რომ დღეს მას ყველაფერი აქვს, რაზეც ოცნებობდა.

ჰომოსექსუალობა სომხეთში ლეგალური 2003 წლიდან გახდა, თუმცა კანონი ქვიარ ადამიანების უფლებებს არ იცავს. 2017 წელს Pink Armenia-მ სომხეთში ქვიარ ადამიანების უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაცია წერს, რომ პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება, რომ რიგი მედია გამოცემები ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებთან და ქვიარ ადამიანებთან თანამშრომლობემ, რომ მათი ამბები სწორად გადმოსცენ, თუმცა სომხეთის მოსახლეობას ჯერ კიდევ უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ სექსუალური უმცირესობების მიმართ.

2016 წელს Pink Armenia-სა და კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სომხეთის მოსახლეობის 89% ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, იმუშაონ ბავშვებთან.

ამავე კვლევის მიხედვით, მათ, ვისაც ნაკლები კონტაქტი ჰქონდათ ქვიარ ადამიანებთან, უფრო მეტად ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ მათ მიმართ, ვიდრე — ვისაც ქვიარ ნაცნობები ჰყავდათ.

ქვიარ უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვი უცნობია, ჰომოფობიის გამო ბევრი ქვიარ ადამიანი ტოვებს სომხეთს ყოველწლიურად.

თაზო საქართველოდან

22 წლის თაზო სოზაშვილი მშობლიურ კახეთში ვეღარ ჩადის. ეშინია, რომ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო ძალადობის მსხვერპლი გახდება. იმაზეც, დარდობს თუ რისი გადატანა მოუწევს მის ოჯახს, თუკი ასეთი რამ მოხდება.

22 წლის თაზო სოზაშვილი კახეთიდან  (დათო ფარულავა /OC Media)

ცოტა ხნის წინ თაზომ მედიის ყურადღება საქართველოს პარლამენტში წარმოთქმული სიტყვებით მიიპყრო, სადაც ეცადა, პოლიტოკოსებისთვის აეხსნა, თუ რატომ ეშინია.

„მე დღეს ვერ ჩავდივარ, ჩემი მშობლების, ჩემი დედის, ჩემი ბებიის სანახავად, აი, მაგით განვსხვავდებით მე და თქვენ. 12 წელი ვიყავი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი. დღემდე მძულს სკოლაში ფეხის მიდგმა, იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველი დღე იყო საშინელი, ყოველი დღე სიკვდილისკენ მიმავალი იყო. დღეს კახეთში ჩემს მშობლებთან არ შემიძლია მისვლა. იმიტომ, რომ საფრთხისშემცველია. ეს არის განსხვავება ჩემსა და თქვენ შორის. თქვენ ვერასოდეს, ვერასოდეს გაიგებთ ამას, ვერასდროს გაიგებთ იმას, რად მიჯდება აქ დგომა და ამის საუბარი, რადგან ძალიან დიდი პრობლემები შემექმნება ამის გამო და ამას ვერასდროს ვერ გაიგებთ, იმიტომ, რომ თქვენ ხართ თეთრი, ჰეტეროსექსუალი ადამიანები, რომლებსაც ეს პრივილეგია გაქვთ სულით ხორცამდე. მეზიზღებით“, — თქვა თაზომ 1 მაისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომიტეტი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას აღარ აპირებს.

[წაიკითხეთ მეტი პარლამენტში თაზოს პროტესტის შესახებ OC Media-ზე: NGOs call on Georgia’s Human Rights Committee head to resign after queer activists’ protest]

ამ გამოსვლის შემდეგ თაზო უფრო დარწმუნდა, რომ სოფელში კიდევ დიდხანს ვერ დაბრუნდება.

იანვრიდან მოყოლებული, შსს-მ ჰომოფობიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულისთვის 10 პირი დააპატიმრა. 2017 წელს პროკურატურამ სიძულვილით მოტივირებული 86 სავარაუდო დანაშაული აღრიცხა, რომელთაგან 12 სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, 37 კი გენდერული იდენტობის ნიშნით, დანაშაულს ეხებოდა.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ლგბტ ადმაიანების მიმართ ძალადობა, როგორც ოჯახში, ასევე — საჯარო სივრცეებში, სერიოზულ პრობლემად რჩება, რომელსაც მთავრობა  სათანადოდ ვერ უმკლავდება.

თაზოს გამოსვლა დაუგეგმავი იყო. როცა მიხვდა, თუ როგორი მოულოდნელი იქნებოდა მისი მშობლებისთვის შვილის ტელეეკრანებზე ნახვა, გადაწყვიტა, წინასწარ დაერეკა. სწორედ მაშინ გაუმხილა დედას სექსუალური ორიენტაცია.

„დედა ტიროდა. მკითხა, საჯაროდ რატომ გამოხვედი, თავს გარეთ ვეღარ გამოვყოფთო. სიტყვებში ბრაზი არ იგრძნობოდა, უფრო სინანულით ლაპარაკობდა”, — ამბობს თაზო.

ტელეფონზე ზარები და შეტყობინებები არ წყდებოდა. დიდი ნაწილი თაზოს ამხნევებდა, თუმცა ისეთიც ბევრი იყო, ვინც ვერ გაუგო.

მას შემდეგ მამასთან არ უსაუბრია.

ქვიარ აქტივისტების პროტესტი პარლამენტთან 1 მაისს (დათო ფარულავა /OC Media)

„მთელი სანათესაო ურეკავდა, ძმაკაცები ურეკავდნენ, თაზო ტელევიზორში ვნახეთო. ტელეფონის გადაგდება უნდოდა. ეს რა დაგმართნიათო, ამბობდნენ. ასეთ განწყობა იშვიათია, რადგან მსგავს სიტუაციაში ბევრ ოჯახს საერთოდ სოფლის დატოვება მოუწია“, — ამბობს თაზო.

საკუთარ ორიენტაციზე საჯაროდ საუბრის შემდეგ, რამდენიმე თანასოფლელი დაუკავშირდა.

„10-მდე ნაცნობმა Facebook-ზე მეგობრობის თხოვნა გამომიგზავნა. ნუთუ გეგონა, რომ [ჰომოფობი ვიყავი], არა, იცოდე რომ შენს გვერდით ვართ, შენს ცხოვრებას მიხედე, მთავარია, რომ კარგად იყოო, მომწერეს“, — ყვება თაზო.

თუმცა ყველას ასეთი რეაქცია არ ჰქონია. უკვე რამდენიმე წელია, თანასოფლელთა გარკვეული ჯგუფი, თაზოს მუდმივად ემუქრება.

თაზო სოფელში წელიწადში ორჯერ თუ ჩადიოდა. მაშინაც ცდილობდა, რომ ვინმეს თვალში არ მოხვედროდა.

„ახლა ვიცი, რომ კიდევ დიდხანს ვერ ჩავალ. უკვე რამდენიმე წელია, მემუქრებიან. როცა ერთად არიან, ძალიან აგრესიულები ხდებიან, თუმცა ცალ-ცალკე ასე არ არის. უთქვამთ, რომ ჩემი ესმით“, — ამბობს თაზო.

საჯარო გამოსვლის შემდეგ რამდენიმე დღე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ სარგებლობდა. ეშინოდა, რომ ვინმე იცნობდა, თუმცა შიში ნელ-ნელა დაძლია.

„ზოგიერთმა მითხრა, რომ სულ სხვა თვალით დამინახეს. მეკითხებიან, რამით ხომ არ შეუძლიათ, დამეხმარონ, რომ არ უნდათ, მათი შვილები ასეთ გარემოში გაიზარდონ“შ, — ყვება თაზო.

თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით პოლიტიკოსებზე, რომელთაგან, თაზოს თქმით, ძალიან ცოტას თუ ესმის პრობლემის სიმწვავე. მისი თქმით, არიან ისეთებიც, ვისაც პრობლემა კარგად ესმით, თუმცა არ ადარდებთ.

თაზო „უხილავი ადამიანების“ ხმად იქცა.

„ეს არ არის მხოლოდ ჩემი ისტორია. ეს არის იმ ათასობით ადამიანის ხმა და ტკივილი, რომლებზეც ოჯახში ძალადობენ, რომლებსაც სახლიდან აგდებენ, რომლებზეც ოჯახები უარს ამბობენ, სკოლაში ძალადობენ, სამსახურში დისკრიმინაციის ობიექტი ხდებიან საკუთარი ორიენტაციის გამო“, — ამბობს თაზო.

იყო დრო, როცა ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა, თუმცა ეს შეიცვალა. იმედი აქვს, რომ მალე სხვა ადმაიანებიც შეძლებენ მის მსგავსად ხმამაღლა საუბარს.

„არსებობს რაღაც ზღვარი, როცა მეტის მოთმენა აღარ შეგიძლია. მოვა დრო, როცა ბევრი ალაპარაკდება ჩემსავით. ჩვენ ერთად მოვთხოვთ ოფიციალურ პირებს, შეასრულონ საკუთარი მოვალეობები“, — ამბობს თაზო.

ელვირა და ამინა აზერბაიჯანიდან

2017 წლის სექტემბერში OC Media ელვირასა და ამინას ესაუბრა. წყვილი მაშინ ბაქოში ცხოვრობდა. გასული ექვსი თვის განმავლობაში მათი ცხოვრება სრულიად შეიცვალა.

წყვილის ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. შეხვედრიდან ექვს თვეში ისინი საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ. მალევე დაქორწინდნენ ევროპის ერთერთ ქვეყანაში, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულია.

მათი თქმით, ისინი გრძნობდნენ, რომ ნორმალური ოჯახი ჰქონდათ და ოჯახი და მეგობრებიც ასევე აღიქვამდნენ. ელვირასა და ამინას მშობლები უხალისოდ, თუმცა მაინც მალევე შეეგუვნენ იდეას, რომ მათ არ ჰყავდათ სიძეები, არამედ — რძლები. მიუხედავად ამისა, წყვილი მაინც არაკომფორტულად გრძნობდა თავს აზერბაიჯანში და ემიგრაციაზე ფიქრობდნენ.

აზერბაიჯანის ქვიართა უფლებადამცველი ორგანიზაციის „გენდერი და განვითარება“ ოფისი (ვაფა ზეინალოვა /OC Media)

„უპირველეს ყოვლისა, დავიღალეთ საიდუმლო ცხოვრებით“, — ამბობს ამინა. “მეორეც, ევროპაში გაცემული ქორწინების მოწმობას ჩვენთან ძალა არ აქვს და კანონის მიხედვით, ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები ვრჩებოდით. ელვირას პატარა ბიჭი ჩვენთან ცხოვრობს და რთულია, აუხსნა მას, რომ მან არ უნდა ღიად არ უნდა ისაუბროს სხვა ადამიანებთან. რა მოხდება, თუ, მაგალითად, საბავშვო ბაღში გაიგებდენ, როგორი ოჯახი გვაქვს?“

საბოლოოდ, ელვირასა და ამინას შვილი მათი თითქმის კრიმინაული დრამის არაპირდაპირი მონაწილე, რამაც ოჯახი აიძულა, აზერბაიჯანი დაეტოვებინათ. ბავშვს არავისთვის არაფერი უთქვამს, სხვა რამ გახდა პრობლემა.

„აღმოვაჩინე, რომ ჩემი ზარდახშიდან ოქროულობა დაიკარგა. ერთადერთი, ვისაც შეიძლება, მოეპარა, ჩემი შვილის ძიძა იყო. მის გარდა არავინ რჩებოდა ჩვენს სახლში მარტო. ჩვენ სრულიად ვენდობოდით მას, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ტყუილად“, — გვითხრა ელვირამ.

როცა საქმე პოლიციამდე მივიდა, ძიძამ დანაშაული არც უარყო და არც დაადასტურა. ამის ნაცვლად, გამომძიებელს მან დამსაქმებლების მაკომპრომიტირებელი ფოტო და ვიდეო მასალა მიაწოდა.

„მსხვერპლის ნაცვლად უეცრად ეჭვმიტანილები გავხვდით. ყოველ შემთხვევაში, გამომძიებელი ისე გვექცეოდა, როგორც ეჭვმიტანილებს”, ამბობს ელვირა.

მას შემდეგ, რაც პოლიციელმა მაკომპრომიტირებელი მასალა მიიღო, მან ელვირას უთხრა, რომ საჩივარი უნდა გაეტანა — და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძიძა ამ მასალას გაასაჯაროებდა. მისი თქმით, გამოძიების დროს პოლიცია დაიწყებდა წყვილის „მორალური სახის“ შემოწმებას (მიუხედავად იმისა, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს ქურდობის საქმესთან, კანონის მიხედვით). ისინი დაკითხავდნენ მშობლებს, კოლეგებს და საბოლოოდ დედობის უფლებას ჩამოართმევდნენ. გამომძიებელმა ელვირას ასევე ურჩია, რომ ამინა განეხილა, როგორც ოქროულობის პოტენციური ქურდი.

ელვირა ამბობს, რომ გამომძიებლის ოფისში ყოფნა მისთვის ერთერთი ყველაზე საშნელი და დამამცირებელი გამცდილება იყო.

„ეს საზიზღრობა იყო. მივხვდი, რომ ეს ქალი გვითვალთვალებდა. გამომძიებლის მზერას ვგრძნობდი, დაუცველობის გრძნობა დამეუფლა. როცა გვითხრეს, რომ ხმა არ უნდა ამოგვეღო, გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე უნდა დაგვეტოვებინა”.

მარტის შუა რიცხვებში ოჯახი აშშ-ში გაფრინდა.

(ვაფა ზეინალოვა /OC Media)

2000 წლამდე აზერბაიჯანში ერთნაირსქესიან ადამიანთა ურთერთობები სისხლის სამართლით ისჯებოდა და რამდენიმეწლიან პატიმრობას ითვალისწინებდა. 2000 წელს 16 წელს გადაცილებულ პირებს შორის ასეთი ურთერთობები კანონიერი გახდა. თუმცა აკრძალვა და შესაბამისად აკრძალვის გაუქმება მხოლოდ მამაკაცებს ეხებოდა. კანონში ქვიარ ქალების შესახებ სიტყვაც არ იყო ნათქვამი.

აზერბაიჯანში სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაცია არ არის აკრძალული. შანტაჟის, სამსახურიდან გათავისუფლების ან შევიწროების სხვა შემთხვევების შესახებ მსხვერპლს მხოლოდ ზოგადი განაცხადის შეტანა შეუძლია, რომ, მაგალითად, ზოგადად  მისი, როგორც ადამიანის, უფლებები დაირღვა. გულნარა მეთიევა აზერბაიჯანის ლგბტ ალიანსიდან „ნეფესი”, ამბობს, რომ ადგილობრივი აქტივისტები შესაბამისი კანონის მისაღებად იბრძვიან.

2014 წელს „ნეფესმა” ქვიარ ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა ჩაატარა. შედეგებმა აჩვენა, რომ რესპონდენტთა 56% ქვიარობას თანდაყოლილ დაავადებად მიიჩნევს, 60% ქვიარ ადამიანებს ცუდად ეპყრობა, 64%-ს კი მათთან ერთად მუშაობა არ სურს. გამოკითხულთა უმეტესობა უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა მამაკაცი იყო.

OC Media-სთან საუბარში არაერთი ადამიანი ამბობს, რომ ქვიარ მამაკაცებს ქვეყანაში უფრო ცუდად ექცევიან, ვიდრე — ქვიარ ქალებს. ადამიანის უფლებათა დამცველი ელდარ ზეინალოვი ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი აზერბაიჯანის პატრიარქალური საზოგადოებაა, სადაც საზოგადოება მამაკაცის „მასკულინობას“ მაღალ სტანდარტს უწესებს.

„მიიჩნევა, რომ ჰომოსექსუალურ ურთიერთბაში მყოფი მამაკაცი თავს ქალთან აიგივებს, ამავდოულად ლახავს ტრადიციასა და საზოგადოების ფუნდამენტს“, — ამბობს ზეინალოვი.

მისი თქმით, იმისათვის, რომ აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ ქვიარ ადამიანები მიიღოს, ფული ან ძალაუფლებაა საჭირო, ან ორივე ერთად.

„ფული და ძალაუფლება უმრავლესობისთვის თვალს მასკულინობისკენ უფრო მიმართავს, ვიდრე — სექსუალური ორიენტაციისკენ. მდიდარ და ძლაუფლების მქონე მამაკაცებს ბევრს პატიობენ, მათ შორის ერთნაირსქესიან ურთერთობებს”, — ამბობს ზეინალოვი.

ამინა და ელვირა ახლა შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობენ. ახალ სამსახურს ეძებენ, ახალ სახლს ალაგებენ და ეჩვევიან იმ გრძნობას, როცა აღარ გეშინია, რომ შენ შესახებ ვიღაც სიმართლეს გაიგებს.

არმინე ავეტისიანი, დათო ფარულავა, ნიკა მუსავი

Fierce, independent journalism

Let’s be honest, the media situation in the Caucasus is grim. Every day we are accused of ‘serving the enemy’ whoever that enemy may be. Our journalists have been harassed, arrested, beaten, and exiled. But nevertheless, we persevere. For us this is a labour of love. Unfortunately, we cannot run OC Media on love alone, journalism is expensive and funding is scarce. Our sole mission is to serve the interests of all peoples of the region. Support us today and join us in the fight for a better Caucasus.

Support Us