fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

სარედაქციო სვეტი | პანკისის ხეობაში ძალის გამოყენება უპასუხისმგებლო ნაბიჯია

22 April 2019
(ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media)

პანკისში დემონსტრანტებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებამ ისტორიულად გარიყულ თემთან ნდობის აღდგენის ხანგრძლივი ძალისხმევა არაერთი წლით უკან დახია.  საქართველოს მთავრობამ პანკისის ხეობის განვითარების პოლიტიკაში ბიზნეს-ინტერესებზე მაღლა დემოკრატიული ჩართულობა უნდა დააყენოს.

კვირას პანკისში მცხოვრები გარემოს დამცველები ხეობაში რიგით მესამე ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების განახლების გამო სპეცდანიშნულების რაზმს დაუპირისპირდნენ.

რაზმი ხელისუფლებამ ხეობაში მას შემდეგ შეიყვანა, რაც პროტესტის მონაწილეებმა ჰესის მშენებლების დასაცავად გამოყვანილ პოლიციელებს ქვები და ჯოხები დაუშინეს. დაპირისპირების ესკალაციის შედეგად, სპეცდანიშნულების რაზმმა შეკრებილთა დასაშლელად რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა; შედეგად, 17-მა სამოქალაქო პირმა და 38-მა პოლიციის თანამშრომელმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო; დაწვეს რამდენიმე პოლიციის მანქანა.

[წაიკითხეთ ვრცლად: Georgian riot police deploy rubber bullets and tear gas in Pankisi hydropower protest]

კონფლიქტი მსგავსი პროტესტისთვის საპოლიციო ძალების უჩვეულოდ მაღალმა მობილიზებამ გამოიწვია. ამას დაემატა ადგილობრივი მოსახლეობის დღემდე მოუგვარებელი არაერთი წუხილი და მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ. მათ შორისაა ძალოვანი უწყებების მხრიდან აქტივისტებზე სავარაუდო ზეწოლა და განცდა იმისა, რომ ხეობაში 2017 წელს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისთვის, რომლის დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, სამართალმა ვერ იზეიმა.

პროტესტის მონაწილეებმა პოლიციის რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. (გიორგი ალადაშვილი / RFE/RL)

გუშინ პანკისში მომხდარი დაპირისპირება ორივე დაპირისპირებული მხარის იმიჯისთვის საზიანოა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, ხოლო ხელისუფლების მხარდამჭერმა მედიამ დაპირისპირება ჩეჩნების „სიფიცხეს“ დაუკავშირეს — სტერეოტიპს, რომელიც საზოგადოებაში არსებული ისლამოფობიის და წარსულში სირიის სამოქალაქო ბრძოლაში ქისტების  მონაწილეობის გათვალისწინებით, ადვილად გამყარებადია.

Advertisements

სოფო კილაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე თვალის დახუჭვითაა ცნობილი, სიტუაციის ესკალაცია უკვე მიაწერა „გარკვეულ მტრულ ძალებს“, რომლებმაც, მისი თქმით, პანკისის მოსახლეობის უკმაყოფილება სათავისოდ გამოიყენეს.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შეჩერებულია — ეს შედეგი მათ ყველაზე ნაკლებად სურდათ.

აქტივისტებთან მოლაპარაკებების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ პროექტი მხოლოდ მაშინ განხორციელდება, „როცა [მას] მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს“. მისასალმებელი განცხადებაა; თუმცა, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს ასეთი გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება აქვს.

არანაკლებ შემაშფოთებელია ის, რომ მთავრობაში ისეთი არავინ აღმოჩნდა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობით დასახლებული პანკისის რეგიონისადმი უკიდურესი სიფრთხილით მიდგომის საჭიროება რომ გაეაზრებინა.

პროტესტის მონაწილეები საკუთარ გარემოს იცავდნენ; მათ ზურგს არაერთი არსებითი არგუმენტი უმაგრებდა: უკვე დასრულებულმა ჰესმა („ხადორი 2“) მდინარე ალაზანი ნაკადულად აქცია. ახალმა პროექტმა მოსახლეობაში შიში გააჩინა, რომ ხეობის ტურისტულ პოტენციალს, რომელშიც თემი ჩამკვდარი ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლების ერთადერთ საშუალებად ხედავს, ჰესი კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ „ხადორი 2“ ჰესმა ალაზნის ეკოსისტემა დააზიანა. (მარი ნიკურაძე / OC Media)

განვითარებული მოვლენების შედეგად, თუ პანკისის მოსახლეობაში მთავრობის მიმართ რამე ნდობა იყო შემორჩენილი, ის დაკარგულია. ასევე ძირი გამოეცალა საერთაშორისო ძალისხმევას ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრასა და პრევენციაზე, რომელიც თემის თვალში სახელმწიფოს ლეგიტიმურობის გაზრდის მთავარი საყრდენია.

სვანეთის შემდეგ პანკისი მეორე რეგიონია, სადაც სახელმწიფომ საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის და საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკის წინააღმდეგობისგან დასაცავად სპეცდანიშნულების რაზმი გადასხა.

ხელისუფლების მსგავსი მიდგომის შედეგად, კიდევ უფრო წაახალისა  პანკისის ხეობის თემის მარგინალიზაცია ფართო საზოგადოების თვალში, როგორც „მოძალადე“ და „აგრესიული“ ხალხისა, რომელსაც დიალოგში მონაწილეობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი არ შესწევს.

სპეცდანიშნულების რაზმი ხეობაში ადგილობრივებთან შეტაკების შემდეგ. (მარი ნიკურაძე / OC Media)

მთავრობამ და ზოგიერთმა პრო-სამთავრობო მედიამ ისინი ისე წარმოაჩინა, თითქოს საზოგადო და „მათთვისვე სასიკეთო“ პროექტზე დასაყოლიებლად პანკისელები ძალის გამოყენებას იმსახურებდნენ.

ხისტი „ენერგოდამოუკიდებლობის“ კურსის გატარებით მთავრობამ კიდევ ერთხელ უგულებელყო ამ პოლიტიკის ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე. ნაცვლად იმისა, რომ ხალხის წუხილისთვის ყური დაეგდო, ხელისუფლებამ ისინი პოლიციელებს დაუპირისპირა. ეს არის აგრესიული დერეგულაციის პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც  ნაკლოვანი ეკონომიკური მოდელის ფარგლებში ინვესტიციის ნებისმიერ ფასად მოზიდვას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, მოსაკვლევია ახლახან დანიშნული ენერგეტიკის მინისტრის, ნათია თურნავას კავშირები ენერგოსექტორთან. გასულ წლამდე თურნავა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

„საპარტნიორო ფონდი“ ქვეყნის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ენერგეტიკული პროექტის, „ნენსკრა ჰესის“, მშენებლობაშია ჩართული სვანეთში. „ნენსკრა ჰესმა“ ანალოგიური პროტესტი გამოიწვია სვანეთის მოსახლეობაში. ბიზნესისა და სახელმწიფო საქმიანობის აღრევა საქართველოში სიახლე არ არის,, მაგრამ მათი ამგვარი შერწყმა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

თურნავას მინისტრად დანიშვნა იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება აგრესიული ენერგოპოლიტიკის გაგრძელებას გეგმავს.

პანკისში მომხდარი არეულობისგან დისტანცირებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხეობაში საპოლიციო რაზმების შეყვანა ენერგეტიკის მინისტრის მოთხოვნით ახსნა. ეს ტიპური ნაბიჯია გიორგი გახარიასგან, რომელსაც დაძაბულობის განმმუხტველის როლის მორგება სჩვევია, ძალადობაზე საკუთარ წილ პასუხისმგებლობას კი იშვიათად იზიარებს ხოლმე.

ადგილობრივ მცხოვრებლებთან მოსალაპარაკებლად მისული შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია. (მარი ნიკურაძე / OC Media)

პანკისის ხეობის სახელი კვლავ შეიბღალა. ახლა ჯერი პროტესტის ლიდერებზეა, სტრატეგია გადაიაზრონ. მათ ძალადობის პროვოცირების დროსაც უნდა უზრუნველყონ, რომ პროტესტს არაძალადობრივი ფორმა ჰქონდეს საკუთარი მოთხოვნების ლეგიტიმურობისა და ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ეს ერთადერთი სწორი გზაა.

მთავრობამ უარი უნდა თქვას ძალის უხეშ  დემონსტრაციაზე. ნაცვლად ამისა, მან ადგილობრივ საპროტესტო მოძრაობასთან დიალოგი უნდა აწარმოოს და  საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, მათ შორის, მათი უფლება ჯანსაღ გარემოზე, უპერსპექტივო განვითარების მოდელებზე წინ დააყენოს.

მდგრადი განვითარება  გარემოს დაცვისა და ფართო საზოგადოებრივი კონსესუსის გარეშე შეუძლებელია. სახელმწიფოს მიერ წლების განმავლობაში გატარებულმა კურსმა, რომელიც ეკონომიკურ მოგებას არათანაბრად ანაწილებს, უკვე ისედაც საკმაოდ ბევრი პრობლემა შექმნა.

Right now, online media in Georgia is in dire need of safety equipment, legal support, and technology as we cover increasingly challenging circumstances. Support small, independent media outlets in Georgia via our collective fundraiser.

Interested in directly assisting OC Media? Consider becoming a member.