მასწავლებლების წახალისებისთვის ოჯახში ძალადობის შესახებ ეჭვის შემთხვევაში შეტყობინების გასაკეთებლად მარტივი გზები არსებობს, თუმცა სახელმწიფო უწყებებმა ამ გზებს მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიმართონ, როდესაც შეტყობინებებზე ეფექტური რეაგირება შეეძლებათ.
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ოჯახური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა COVID-19-ის კრიზისის დროს სავარაუდოდ გაიზრდებოდა, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა აღწერა, როგორც “საშინელი გლობალური აფეთქება”.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) კვლევამ, რომელიც CRRC საქართველომ ჩაატარა, აღმოაჩინა ქცევითი ბერკეტი, რომელსაც შეუძლია მასწავლებლების მიერ შეტყობინების წახალისება, თუ მოსწავლის ოჯახში ძალადობის ეჭვი გაუჩნდება. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, სანამ მთავრობა არსებული შეტყობინების მექანიზმს არ გააუმჯობესებს, მასწავლებლების მიერ შეტყობინების წახალისებამ შესაძლოა, სარგებელზე მეტი ზიანი მოიტანოს.
აქედან გამომდინარე, სანამ სახელმწიფო შემსწრეებზე მიმართულ ფართომასშტაბიან აქტივობებს განახორციელებს, რეკომენდირებულია ისეთი ქცევითი მიდგომების გამოყენება, რომელიც დაეხმარება ხელისუფლებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს მიღებულ შეტყობინებაზე.
კვლევა, “მასწავლებლების მიერ ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შეტყობინება: ქცევა, დამოკიდებულებები და ნორმები”, მიზნად ისახავდა, გაეგო, არსებობდა თუ არა ქცევითი ბერკეტები მასწავლებელთა მიერ ოჯახში ძალადობაზე რეაგირების წახალისებისთვის.
ზოგადად აღიარებულია, რომ ბავშვთა და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ნიშნები ბავშვის ქცევაში მნიშვნელოვნად გამოიხატება. სწორედ ამიტომ, კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ბავშვებთან.
ამასთან, საქართველოს მთავრობის 2016 წლის დადგენილების მიხედვით, ოჯახში ძალადობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში მასწავლებლები ვალდებულები არიან, გააკეთონ შეტყობინება. კანონმდებლობის მიხედვით, სკოლა ვალდებულია, ჰყავდეს შეტყობინებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ხშირად სკოლის მანდატურის სამსახური (მანდატური – სკოლის დაცვის თანამშრომელი) ან დირექტორი (თუკი სკოლას მანდატური არ ჰყავს) წარმოადგენს.
სახელმწიფოს მოსაგვარებელი პრობლემები
კვლევის მიხედვით, მასწავლებლებმა ძირითადად იციან, რომ მათ მოსწავლის ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების პასუხისმგებლობა აკისრიათ. მაგრამ, როდესაც საქმე შეტყობინებაზე მიდგება, ისინი ყოყმანობენ, რადგან ფიქრობენ, რომ სახელმწიფო დაწესებულებების და კერძოდ პოლიციის რეაგირებამ შესაძლოა, სარგებელზე მეტი ზიანი მოიტანოს. როგორც ერთერთმა მასწავლებელმა აღნიშნა:
„რამდენჯერ მიფიქრია ამ ბოლო დროს, რომ, აი, რომელი სჯობს, მიმართო თუ არ მიმართო. ბოლო შემთხვევიდან გამომდინარე, ვამბობ, როდესაც კაჭრეთში განაცხადეს, ისეთი მძიმე შედეგებით მთავრდება, კატასტროფული შედეგით, რომ, ანუ, ის, ვისი გადასაწყვეტიცაა, თავის დონეზე არ არის, ეს პრობლემა რომ გადაწყვიტოს, უფრო აუარესებს… და რამდენჯერ მიფიქრია, რომ რა სჯობს, ამათ ცხოვრებაში დააჩქარო ის უბედურება, თუ გულგრილი გახდე.“
ეს შიში გამოკითხვის დროს მასწავლებელთა პასუხებშიც აისახა. როდესაც ვკითხეთ, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო მათი კოლეგების მხრიდან შეტყობინებაზე თავშეკავების მიზები, სამ ყველაზე ხშირად დასახელებულ მიზეზს შორის აღმოჩნდა შიში, რომ შესაბამისი უწყებები ძალადობაზე ეფექტურ რეაგირებას არ მოახდენდნენ.
როგორც დიაგრამიდან ჩანს, გარდა შეტყობინების შედეგების შიშისა, რომელიც მსხვერპლის (ან თუნდაც მოძალადის, როგორც ეს კაჭრეთის შემთხვევამ გამოავლინა) პირად უსაფრთხოებას ეხება, მასწავლებლებს ასევე ხშირად ეშინიათ საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების გამო. როგორც ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა:
„[თუ შეატყობინებ] მერე შენ გეძახიან, ბოდიში და ბოზი ხარ შენ, და თანამშრომლობ [პოლიციასთან] … მინდა, რომ დავიცვა მერე, ახლა ჩემზე გადმოვა ის ძალადობა, ჩემს შვილზე, რომ აგერ მამაშენმა პატრულს დაურეკა.“
სხვა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ პრობლემაა „კონფიდენციალობის დაცვა, რომელიც ჩვენთან სისტემურად არ არის მოწესრიგებული.“ კონფიდენციალობის დაუცველობა იწვევს შიშს, რომ შეტყობინების შემთხვევაში, მასწავლებლები ფიზიკური ზიანის წინაშე აღმოჩნდებიან.
თუკი ადამიანები ამ შიშს გადალახავენ და ოჯახში ძალადობის შესახებ შესაბამის უწვებას შეატყობინებენ, შემდეგ ისინი პოლიციის მხრიდან რეაგირების სირთულეს აწყდებიან. როგორც მანდატურმა აღნიშნა: „სამართალდამცავებისგან, რომ დაურეკავთ, რა იყო ახლა, ვის არ უჩხუბიაო, უთქვამთ. ისიც კი სახვეწარი გვაქვს ხანდახან, რომ მოვიდნენ ჩვენთან სკოლაში“.
როგორც აღინიშნა, პრობლემის ერთერთი წყარო ისაა, რომ პოლიციელები ოჯახში ძალადობას სერიოზულად არ აღიქვამენ ან ფიქრობენ, რომ ეს საზოგადოებისგან უნდა დაიმალოს. შეტყობინების შემთხვევაზე საუბრისას ერთმა მანდატურმა აღნიშნა: „[პოლიციელებმა მამის მიერ ნაცემ გოგონას] ურჩიეს, რომ, თუ არ გაამწვავებდა ამ საჩივარს და ამ საჩივრის ფორმას ცოტა თუ შეალამაზებდა, მამა წავიდოდა იმ საღამოს სახლში.“
მასწავლებლები აცნობიერებენ, რომ პოლიციის ეფექტურად მოქმედების შემთხვევაშიც კი მსხვერპლთა უმეტესობას შეტყობინება უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს: ოჯახები დაკარგავენ ერთერთ ან სულაც ერთადერთ მარჩენალს და ამით მსხვერპლის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. შეტყობინების შედეგად, მსხვერპლი ეკონომიკური პრობლემების გარდა, სოციალური წნეხის, სირცხვილისა და მოძალადის დაბრუნების შიშის წინაშე დარჩება.
ამ პრობლემებს ამწვავებს სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მომსახურებების ნაკლებობა. მასწავლებლებისთვის ძალადობის შესახებ შეტყობინების სამართლებრივ პასუხისმგებლობას გადაწონის მორალური ვალდებულება, დაიცვან მსხვერპლის უსაფრთხოება და ძალადობას არ დაუმატონ ეკონომიკური და სხვა პრობლემები.
როგორ შეიძლება, წავახალისოთ მასწავლებლები ძალადობაზე შეტყობინების გასაკეთებლად
ზემოთ მოცემული მონაცემები მიუთითებს, რომ მასწავლებლის მიერ ოჯახში ძალადობაზე შეტყობინების ყველა საფეხურზე არსებულ დაბრკოლებებთან ერთად, ინსტიტუტების მიერ შეტყობინებაზე არაეფექტური რეაგირება უნდობლობას აჩენს. ეს კი მასწავლებლების მიერ შეტყობინების მოტივაციას ამცირებს.
იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლებს წავახალისებთ ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების გასაკეთებლად, ისინი შეტყობინებაზე პასუხად სავარაუდოდ ძალადობაზე არაეფექტურ რეაგირებას წააწყდებიან, რაც მომავალში შეამცირებს მათ მოტივაციას, გააკეთონ შეტყობინება ძალადობის სავარაუდო შემთხვევაზე.
ადვილი წარმოსადგენია, რომ ეს გადაიქცევა წარუმატებელი რეაგირების გამოცდილებების ციკლად, რომელიც შეტყობინების მოტივაციას სხვებსაც დაუკარგავს.
ამ კონტექსტში გონივრულად უნდა განისაზღვროს, თუ რამდენად უნდა წავახალისოთ მასწავლებლების მიერ ძალადობის შეტყობინება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ძალადობაზე რეაგირება გაუმჯობესდება, კვლევა შეტყობინების წახალისების რამდენიმე მექანიზმს გვთავაზობს.
სხვადასხვა გზავნილის საშუალებით მასწავლებლების მიერ შეტყობინების წახალისების დასადგენად გამოკითხვისას მასწავლებლებს შემთხვევითი პრინციპით გადანაწილდნენ სამ ჯგუფში და სამი სხვადასხვა გზავნილი მიიღეს. ექსპერიმენტი მოიცავდა შემდეგ გზავნილებს: სოციალური ნორმირება, სამართლებრივი ინფორმაცია და მესამე, რომელიც სოციალური ნორმირების და სამართლებრივი ინფორმაციის გზავნილებს აერთიანებდა.
ამის შემდეგ მკვლევარებმა გაზომეს მასწავლებელთა მზაობა რამდენიმე სხვადასხვა ქმედების განსახორციელებლად ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, რათა გვენახა, აქვს თუ არა მსგავს გზავნილებს გავლენა მასწავლებლეთა პოტენციურ ქცევაზე.
სოციალური ნორმირების გზავნილი გამოკვეთდა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ადამიანთა უმრავლესობისთვის ოჯახში ძალადობა მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ნორმირებას და ქცევის ცვლილებას შორის კავშირი, ერთი შეხედვით, არც თუ ისე პირდაპირია, წინა კვლევამ გამოავლინა სოციალურ ნორმებზე ხაზგასმის ეფექტურობა.
როდესაც ადამიანი აწყდება ისეთ სოციალურ ნორმას, რომლის შესახებაც აქამდე არ იცოდა, ხშირად ის ცვლის თავის ქცევას, რათა მოერგოს ამ ნორმას. მეორე გზავნილი მასწავლებლებს ინფორმაციას აწოდებდა შეტყობინებასთან დაკავშირებით მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ეს გზავნილი ეფუძნებოდა დაშვებას, რომ ბევრ მასწავლებელს შესაძლოა, ამ ვალდებულების შესახებ არ სცოდნოდა. მესამე გზავნილი წინა ორის კომბინაციას წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა, დაედგინა, გაერთიანებულ გზავნილს უფრო დიდი ზემოქმედება ექნებოდა, თუ თითოეულს ცალ-ცალკე.
გზავნილების ზემოქმედება გაიზომა იმის მიხედვით, თუ როგორ დამოკიდებულებებს გამოხატავდნენ მასწავლებლები ამ გზავნილების მიღების შემდეგ ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების გაკეთებაზე, გასცემდნენ თუ არა საკონტაქტო ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ პოტენციური ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად და მოაწერდნენ თუ არა ხელს პირობაზე, რომ იბრძოლებდნენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირდაპირ არ ზომავს ძალადობის შესახებ შეტყობინების რეალურ ქვეცას, ამ ცვლადების გამოყენებას კვლევაში შემდეგი ლოგიკა აქვს: ა) დამოკიდებულებები კავშირშია ქცევასთან; ბ) საქართველოში ბევრს არ აქვს საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარების სურვილი (რაც კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა). შესაბამისად, თუკი გზავნილებს შეეძლებათ ადამიანების დამოკიდებულებების ცვლილების ან იმ მოქმედების წახალისება, რომელზეც სხვა შემთხვევაში იყოყმანებდნენ, მაშინ ეს გზავნილი, დიდი ალბათობით, წარმატებით იმუშავებს ქვევის შესაცვლელადაც.
ექსპერიმენტის შედეგებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ერთი მიგნება. გამოკითხვაში მასწავლებლებს ჰკითხეს, დაინტერესებულები იქნებოდნენ თუ არა ოჯახში ძალადობის შესახებ ტრენინგით და დაინტერესების შემთხვევაში, გაუზიარებდნენ თუ არა საკონტაქტო ინფორმაციას. ტრენინგით დაინტერესებულ მასწავლებლებს შორის 10%-ით მეტი გასცემდა ტრენინგისთვის საკონტაქტო ინფორმაციას, თუ მათ სოციალური ნორმირების გზავნილი ჰქონდათ მიღებული.
გარდა ამ გზავნილისა, რომელმაც შესაძლოა, შეტყობინების გაკეთების გაზრდაზე იმოქმედოს, კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა ჯგუფისთვის განსხვავებულმა გზავნილმა იმუშავა. ეს შესაძლებლობას იძლევა, განისაზღვროს სამიზნე ჯგუფები, რომლებზეც კონკრეტული გზავნილი გავლენას მოახდენს. მაგალითად, კვლევამ გამოავლინა, რომ სამართლებრივი ინფორმაციის შემცველი გზავნილი ეფექტური გამოდგა მხოლოდ კაცების შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა დეტალურად გვიჩვენებს, რომელი გზავნილი რომელ ჯგუფზე მოქმედებს, ეს მეორეხარისხოვანია კვლევის მთავარ მიგნებასთან შედარებით: სანამ მთავრობა ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებას წაახალისებს, მან უპირველეს ყოვლისა ეფექტური რეაგირება უნდა მოახდინოს უკვე მიღებულ შეტყობინებებზე.
ამ უკანასკნელის მისაღწევად შესაძლოა, კვლევის ზოგიერთი შედეგის გათვალისწინება სასარგებლო იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ნორმირების გზავნილს ყველაზე მეტად შეუძლია მასწავლებლების მიერ შეტყობინების წახალისება, კაცი მასწავლებლების შემთხვევაში სამართლებრივი ინფორმაციის შემცველი გზავნილი უფრო უკეთ მუშაობს. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციში მეტი კაცი მუშაობს, ვიდრე – ქალი, ოჯახში ძალადობაზე ადეკვატური რეაგირების წახალისებისთვის პოლიციელებთან შესაძლოა, ეფექტური იყოს სწორედ სამართლებრივი გზავნილის გამოყენება.
კვლევის მიგნებებმა შესაძლებელია, ხელი შეუწყოს მთავრობის მუშაობას ოჯახში ძალადობის შეტყობინებაზე რეაგირების გასაუმჯობესებლად. კვლევის ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება მასწავლებელთა მიერ ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების წახალისება. თუმცა, სანამ ამ სტატიაში აღწერილი პრობლემები არ აღმოიფხვრება, საკამათოა, ოჯახში ძალადობის შეტყობინების წახალისება ზოგად სიტუაციას გააუმჯობესებს თუ დააზიანებს.
სტატიის ავტორია დასტინ გილბრეტი. დასტინი არის კვლევების დირექტორის მოადგილე CRRC-საქართველოში.
ამ სტატიაში მოცემული მოსაზრებები ასახავს მხოლოდ ავტორის შეხედულებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, დანიის მთავრობის, CRRC საქართველოს ან რომელიმე ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას.