გაუსტუმრებელი ხელფასების ფონზე, „ფრონტერამ” $1 მილიონი ლ
openDemocracy-ს, OC Media-ს და Sludge-ის ცნობით, ამერიკულმა ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერამ“ (Frontera Resources) ლობისტებზე $1 მილიონი დახარჯა მაშინ, როცა გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის ძველი ხელფასები დღემდე არ აუნაზღაურებია.
აშშ-ის ენერგეტიკის ყოფილი მდივნის მოადგილის, ბილ უაიტის, ასევე — აშშ-ის ხაზინის ყოფილი მდივნისა და ამერიკული სანავთობო გიგანტის, Conoco-ს, თავმჯდომარის და მათი შვილების მიერ დაფუძნებული კომპანია წლების განმავლობაში საქართველოსა და შავი ზღვის სხვა ქვეყნებს „ენერგოდამოუკიდებლობას“ ჰპირდებოდა.
თუმცა დასავლური კომპანიების მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი და იაფი ბიზნესშესაძლებლობების ძიების ციებ-ცხელების ფონზე, „ფრონტერას“ ბედი უკუღმა დატრიალდა.
ეს ბედუკუღმართობა „ფრონტერასა“ და საქართველოს მთავრობას შორის მწვავე დავით გაგრძელდა და ამავე ისტორიის ნაწილია კახეთში კომპანიის ყოფილი, უკაპიკოდ დარჩენილი, თანამშრომლებიც.
2019 წლის ბოლოს „ფრონტერას“ სასამართლოში მისმა 85-მდე თანამშრომელმა უჩივლა. გათავისუფლებულებს შორის ოთხი ადამიანი — ზაზა წიკლაური, ნოდარ არაბული, ავთანდილ ონანაშვილი და გია კოვზირიძე — ისე გარდაიცვალნენ, სიღნაღის რაიონულ სასამართლოს გაუცემელ ხელფასებზე საქმე დღემდე არ განუხილავს.
ზაზა წიკლაური, „ფრონტერას“ ჭაბურღილის მკვლევარი და ოპერატორი, თავის ტვინის სიმსივნემ ისე შეიწირა, რომ ვერ ეღირსა კუთვნილ 11 თვის ხელფასს, რომელსაც გადაუდებელ მკურნალობას მოახმარდა.
წიკლაურის ქვრივის, ფატი არაბულის, თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა საშუალებას, მედიკამენტები არ მიეღო, თუმცა $340-იანი ხელფასის მრავალთვიანი აუნაზღაურებლობის გამო, ბოლოს მათი შეძენის საშუალებაც აღარ იყო.
„არავის არ ვაბრალებ, მაგრამ [გამომუშავებული ხელფასის აღების შემთხვევაში] ცოტა ხანს შეიძლება, კიდევ გახანგრძლივებოდა [სიცოცხლე]“, — ამბობს ფაქტი არაბული.
„ფრონტერას“ მეორე ყოფილმა თანამშრომელმა, 53 წლის ავთანდილ ონანაშვილმა, სიცოცხლე შარშან ზაფხულში მოისწრაფა. ონანაშვილს, მისი კოლეგების თქმით, სამსახურის დაკარგვის შემდეგ ოჯახი დაენგრა და კიდევ უფრო მეტ სიღარიბეში ჩაიძირა.
„ნუთუ ვერავინ ხვდება, რომ სწორედ ისეთი მდაბიო განცხადებები, რაც „ფრონტერასთან“ მიმართებით გაკეთდა, იწვევს ანტიდასავლურ განწყობებს და გვიკლავს მოქალაქეებს?!“ — იკითხა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.
ამასობაში კი „ფრონტერამ“ იმის ფინანსები გამონახა, რომ თავისი ძალისხმევა ვაშინგტონში კომპანიის სასარგებლო ლობიზმზე მიემართა — ძალისხმევაზე, რომელმაც საქართველოს დასავლეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობასაც კი შეუქმნა საფრთხე.
„ვლადიმერ პუტინის მარიონეტი საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს უტევს“
2018 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ კონტრაქტის დარღვევის გამო, „ფრონტერას“ საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში უჩივლა. კორპორაციამ კომპანიისგან მე-12 სალიცენზიო ბლოკის დაბრუნება მოითხოვა. 2015 წელს, „ფრონტერამ“ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, აღნიშნული ბლოკის ტერიტორიაზე, 3.8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის საბადო აღმოაჩინა, რასაც „ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე საქართველოსთვის ახალი, ისტორიული ფურცელი“ უწოდა.
საკუთარი ბიზნესინტერესების და მე-12 ბლოკზე კონტროლის შესანარჩუნებლად, სარჩელზე პასუხად „ფრონტერამ“ საინფორმაციო კამპანია წამოიწყო: საქმეში ჩართეს დაქირავებული ლობისტები და აშშ-ის კონგრესის წევრების მხრიდან წნეხი, რათა საქართველოს მთავრობას უკან გამოეთხოვა სარჩელი. ამაზე მეტყველებს ლობიზმთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და შიდაკორპორატიული კორესპონდენცია, რომელთაც სტატიის ავტორები გაეცნენ. არაერთი შეხმიანების მიუხედავად, „ფრონტერამ“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
შიდაკორპორატიულ მეილში „ფრონტერას“ ბორდის ერთი წევრი აღნიშნავდა, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ წამოწყებულ დავას — და ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დაკარგვას — „კომპანია შეეძლო, დაეღუპა“.
2019 წელს თბილისში ქუჩის დემონსტრაციის დაშლის ფონზე, ლობისტურმა კამპანიამ „ფრონტერას“ კომერციული ინტერესები მჭიდროდ დაუკავშირა საქართველოში დემოკრატიის კრიზისისა და რუსეთის გავლენის ზრდის საფრთხის თემებს.
„ვლადიმერ პუტინის მარიონეტი საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს უტევს“, — ამტკიცებდა 2020 წლის იანვარში აშშ წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას ტეხასელი რესპუბლიკელი კონგრესის წევრი პიტ ოლსონი. „პუტინის მარიონეტში“ ოლსონი საქართველოს ხელისუფლების უკან მდგომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა.
ოლსონმა ზეწოლის ქვეშ მყოფ ინვესტიციებს შორის Frontera Resources დაასახელა. ამერიკელი კონგრესის წევრი ამ სიტყვით საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოვიდა.
„Frontera Resources-ს, ტეხასურ კომპანიას, საქართველოში წიაღისეულის მომპოვებელი სამუშაოების მრავალწლიანი ისტორია აქვს. მათ შეუქმნიათ შესანიშნავი სამუშაო ადგილები ამერიკაში, და შესანიშნავი სამუშაო ადგილები საქართველოში. ისინი ქმნიდნენ თავისუფლებას“, — ოლსონი განაგრძობდა, სანამ თავის სიტყვაში ამერიკული კომპანიის სახელშეკრულებო დავას საქართველოს ზოგად დემოკრატიულ პრობლემებს დაუკავშირებდა.
„ეს ასე იყო, სანამ [საქართველოს] მთავრობა მთლიანად დაეუფლა მათ ოპერაციებს […] ახლა, მათ ყველა ჭაბურღილი გაჩერებული აქვთ“, — განაცხადა ოლსონმა, რომელმაც ლეგალური დავა დაახასიათა, როგორც „ექსპროპრიაცია“.
„საქართველოში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ“, — განაგრძობდა ოლსონი. „შემომიერთდით, რათა ხმა ავიმაღლოთ საქართველოში თავისუფლებისთვის“.
ამ სიტყვით გამოსვლამდე, 2017-2018 წლებში, ოლსონს „ფრენტერას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის და აღმასრულებელი დირექტორის, სტივ ნიკანდროსისგან, ჯამში $5,200 შემოწირულობა ჰქონდა მიღებული. შემოწირულობებსა და „ფრონტერას“ სასარგებლოდ გაკეთებულ განცხადებებს შორის პირდაპირი კავშირი არ დგინდება, თუმცა ოლსონს აღნიშნულ საკითხზე ნათელის მოსაფენად ჩვენთვის არ უპასუხია.
პოლიტიკური შემოწირებულობები და ლობირება
აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, სტივ ნიკანდროსმა, რომლის მამა ოდესღაც Conoco-ს თავმჯდომარეობდა და უფროსი ჯორჯ ბუშის მეგობარი იყო, 2017-2020 წლებში 16 აშშ-ის კონგრესის წევრსა და სენატორს ჯამში $73,450 შესწირა.
ამავე 16-მა კანონმდებელმა ითავა ქართული და ამერიკული ხელისუფლების გასაგონად „ფრონტერას“ სასარგებლო საჯარო განცხადებების გაკეთება და საჯარო თვალს მიღმა, როგორც ჩანს, კულისებიდან „ამბის მოკითხვაც“.
2017-2021 წლებში საარბიტრაჟო დავის მათთვის სასარეგბლოდ დასრულებისთვის, ტეხასურმა კომპანიამ ცალკე $890,000-იანი ხარჯი გაწია ლობიზმზე. ლობისტური კომპანიების საქმიანობის გასაჯაროებული დოკუმენტაციის მიხედვით, აქედან $850,000 ვაშინგტონში მოქმედ მთავრობასთან ურთიერთობებზე სპეციალიზებულ ფირმა Cornerstone Government Affairs-ზე დახარჯეს.
„მტკიცებულებები იმაზე მიუთითებს, რომ „ფრონტერამ“ აშკარად დააფინანსა ლობისტური კამპანია ვაშინგტონში, რომლის პირდაპირ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობაზე შეტევა, რის შემდეგაც მათ საკუთარი საჩივარი უკან უნდა გამოეთხოვათ“, — აღნიშნავს უცხოური ლობიზმის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი ქეისი მაიკელი.
გასაჯაროებული დოკუმენტაციის მიხედვით, Cornerstone-ს ხელშეკრულებით, აშშ-ის წარმომადგენლობით პალატასა და კონგრესში, ასევე — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ვაჭრობის დეპარტამენტში „ფრონტერას“ ინტერესების ლობირება ევალებოდა.
ახალი სასამართლო დოკუმენტების თანახმად, პიტ ოლსონის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, Cornerstone-ის ლობისტი ტაილერ ნელსონი, ამჟამად „ფრონტერას“ სამეთვალყურეო საბჭოში არა-აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. Cornerstone-სა და ნელსონს ჩვენი მიმართვებისთვის აღნიშნულ საკითხებზე კომენტარისთვის არ უპასუხიათ.
„ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლამ დასავლეთი ნამდვილად შეაშფოთა. თუმცა ის, რომ „ფრონტერა“ და მათი ლობისტები ამ უკუსვლას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ, განსაკუთრებით უღირსი საქციელია“, — აღნიშნა მაიკელმა.
საქართველო აშშ-სთან თანამშრომლობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად განიხილავს, განსაკუთრებით, საკუთარი ინტერესების დასაცავად რუსეთის ფედერაციასთან პირისპირ, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უჭერს მხარს. ერთი ანალიტიკოსის თქმით, ვაშინგტონი ქართული პოლიტიკის „მეორე ასპარეზად“ იქცა, სადაც ქვეყნის ელიტა საშინაო მეტოქეებზე და საგარეო მოწინააღმდეგეებზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს.
„თუ რომელიმე კომპანიას იმაზე საუბარი სურს, რომ საქართველოში ცუდად მოექცნენ, ვაშინგტონში მას ყურადღებით მოუსმენენ“, — აღნიშნავს აშშ-საქართველოს ურთიერთობების ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი.
ამერიკული ისტებლიშმენტი, „ქართულ პოლიტიკას მეტწილად მიხეილ სააკაშვილის თვალებით ხედავს“, — აღნიშნავს მიტჩელი, რომლის აზრით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას წარმოაჩენს, როგორც პრორუსულს და ქვეყნის პრო-დასავლური კურსისთვის დამაზიანებელს.
პოლიტიკური განცხადებების გარდა, როგორც სასამართლო მასალაში ასახული „ფრონტერას“ 2018 წლის აპრილის შიდაკორპორატიული დოკუმენტები მოწმობს, Cornerstone-ის ლობისტების ძალისხმევით, „ფრონტერას“ სასარგებლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე 20 კონგრესმენის ერთობლივი წერილიც გაიგზავნა, ასევე — ოთხი სენატორის მიმართვა აშშ სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის, სახელზე.
წერილები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის და სტატიის ავტორებმა ვერ მოახერხეს მათი მოპოვება.
ამავე შიდაკორპორატიული დოკუმენტების თანახმად, 2017 და 2018 წლებში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში ინიცირებული კანონპროექტის უკან, რომელიც საარბიტრაჟო დავის ფონზე საქართველოს მთავრობაზე ზეწოლას ისახავდა მიზნად, Cornerstone იდგა უკან.
მაგალითად, 2017 წლის ოქტომბერში, სამი კვირით ადრე ვიდრე „ფრონტერას“ არსებული ხელშეკრულებით ნავთობისა და გაზის მოპოვებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი მიწების საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის დაბრუნება უწევდა, Cornerstone-ის ლობისტებმა წარმომადგენლობით პალატაში კანონპროექტის ინიცირება შეძლეს. ამაზე მეტყველებს „ფრონტერას“ 2018 წლის შიდაკორპორატიული დოკუმენტები.
23 ოქტომბერს კონგრესის 20 წევრის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მთავრობისადმი, საქართველოს ხალხისადმი და საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის მიმართ“.
ამავე დროს რეზოლუცია, რომელიც ტეხასელი კონგრესის წევრის, ტედ პოს, მიერ იქნა ინიცირებული, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „დაიცვან კანონის უზენაესობა სახელშეკრულებო ვალდებულებების კუთხით“ და საქმით „დაადასტურონ, რომ მიესალმებიან და პატივს სცემენ ბიზნეს-ინვესტიციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს“.
აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, 2017 წელს პომ „ფრონტერას“ თავმჯდომარისგან, ნიკანდროსისგან, $3,700 შემოწირულობა მიიღო. შემოწირულობასა და მის მიერ „ფრონტერას“ სასარგებლოდ გაწეულ ძალისხმევას შორის პირდაპირი კავშირი არ დგინდება.
2017 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, რაც ტერიტორიების გადაცემაზე „ფრონტერას“ უარის გამო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საარბიტრაჟო დავა დაიწყო, რესპუბლიკელი კონგრესის წევრი სტივ რასელი „სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის საქართველოს სანქციების აქტს“ აინიცირებს. ინიციატივა, კომპანიის 2018 წლის შიდა დოკუმენტაციის თანახმად, „ფრონტერას“ მიერ დაფინანსებული ლობირების შედეგი იყო.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს რეგულარულად უნდა მიეწოდებინა კონგრესისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებდა საქართველოს მთავრობა საქართველოში მოქმედ ამერიკელ ბიზნესმენებთან მიღწეული შეთანხმებების პირობებს და საკუთარ ვალდებულებებს. ამ ვალდებულებების დარღვევების შემთხვევაში, ინიციატივის თანახმად, საქართველოს ხელისუფალთა მიმართ სანქციები უნდა დაწესებულიყო.
აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, რასელმა 2018 წელს ნიკანდროსისგან წინასაარჩევნო შემოწირულობის სახით $5,000 მიიღო. შემოწირულობასა და მის მიერ „ფრონტერას“ სასარგებლოდ გაწეულ ძალისხმევას შორის პირდაპირი კავშირი არ დგინდება.
„ჩვენ ნამდვილად გვქონდა გარკვეული საუბრები“, — ამბობს სტივ რასელი „სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის საქართველოს სანქციების აქტთან“ დაკავშირებით Cornerstone-ის მონაწილეობაზე.
„თუ საუბარი იმაზეა, რომ მე და ჩემი კეთილსინდისიერება ასე იაფად გაიყიდებოდა, ამაზე საუბარიც ზედმეტია“, — აღნიშნა რასელმა, როდესაც შემოწირულობებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.
„ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, საკუთარი ინტერესები დაიცვან. ეს პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობების ანაბანაა“.
„როდესაც პრობლემის გადაჭრას ცდილობ, იძენ მოკავშირეებს. ასევე იძენ მტრებს“, — აღნიშნა სტივ რასელმა მისი „ფრონტერასადმი“ მხარდაჭერაზე. „ჩვენ გადავიკვეთეთ იმის გამო, რომ მე ამ საკითხებით ისედაც დაინტერესებული ვიყავი. მე, უბრალოდ, შემაწუხა იმ საკითხმა, რა ბედი ელოდა ნატო-ს, თუკი აღმოსავლეთ ევროპას გულუბრყვილოდ მივუდგებოდით. არსებითად, ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია“.
კომპანია სავალალო მდგომარეობაში
ამასობაში, „ფრონტერას“ საჯარო პოზიცია არბიტრაჟთან დაკავშირებით ოპტიმისტური იყო. 2018 წლის აპრილში კომპანიამ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საარბიტრაჟო სარჩელს „უსაფუძვლო“ უწოდა. განაცხადა, რომ საკუთარ პოზიციაში დარწმუნებულები იყვნენ და რომ პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ, კონტრაქტის ყველა პირობის შესრულების კუთხით, პირნათელნი იყვნენ.
თუმცა კომპანიის შიდა კორესპონდენცია გაცილებით მძიმე ფინანსურ სურათს გვთავაზობს. 2018 წლის მარტში ბორდისთვის გაგზავნილ მეილში „ფრონტერას“ აღმასრულებელი დირექტორი, ზაზა მამულაიშვილი, აღნიშნავდა, რომ კომპანია „წლიურად $3 მილიონზე ნაკლები ღირებულების ნედლ ნავთობს“ მოიპოვებდა და „ფულს ყოველთვიურად კარგავდა“.
ამავე მეილში მამულაიშვილი ამბობდა, რომ „ფრონტერას“ სერიოზული ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა, რაც პოტენციური ინვესტორების თვალში „ძალიან მაღალ რისკებს“ უკავშირდებოდა. ამიტომ, მისი თქმით, საჭირო იყო, კომპანიას გაეფართოებინა საკუთარი მოქმედების არეალი ისე, რომ საქართველოს მთავრობაზე გავლენა მოეხდინა.
„რაც [ტარიბანის უბანზე], თბილისში და ვაშინგტონში ხდება, ჩვენთვის ფულის შოვნის საუკეთესო შანსია“, — განაგრძობდა მამულაიშვილი მეილში.
„აშშ-ის მთავრობისგან მყარი მხარდაჭერა“, „ადგილობრივ გავლენებთან“ ერთად, კომპანიის დაღუპვისგან ხსნის მთავარი გასაღები იყო, ირწმუნებოდა „ფრონტერას“ დირექტორთა საბჭოსთან მამულაიშვილი.
რამდენიმე კვირის შემდეგ „ფრონტერას“ აღმასრულებელი დირექტორი, სტივ ნიკანდროსი, აღნიშნავს, რომ 2018 წლის 2 მაისს ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-თან ერთად, კომპანიის ოფისში ვახშამზე რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი, მიიწვია. გრემი, ნიკანდროსის თქმით, „მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და კვლავაც შეასრულებს იმაში, რომ აშშ-ის სენატის ხელმძღვანელობამ ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ამჟამინდელი ნაბიჯები შეაჩეროს“.
აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, იმავე თვის ბოლოს სტივ ნიკანდროსმა, ჯამში $10,000 შესწირა გრემის საარჩევნო კამპანიას. გრემის ოფისს არ უპასუხია ჩვენი შეკითხვებისთვის. ჩვენი პუბლიკაცია არ ამტკიცებს, რომ რომელიმე კანონი დაირღვა.
2019 წლის თებერვალში, მარკვეინ მალინმა, კონგრესის წევრმა ოკლაჰომიდან, 11 სხვა კონგრესის წევრთან ერთად, ხელახლა დააინიცირა „სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის საქართველოს სანქციების აქტი“. ამ 11-დან კონგრესის რვა წევრს 2017-2019 წლებში ნიკანდროსისგან შემოწირულობები ჰქონდა მიღებული.
მაგალითად, ინიციატივის ერთერთ თანაავტორს, რესპუბლიკელ კონგრესის წევრს ტეხასიდან, ბრაიან ბაბინს, 2018-2019 წლებში სულ $3,000 შემოწირულობა ჰქონდა მიღებული ნიკანდროსისგან. 2019 წლის სექტემბერში ნიკანდროსმა მალინის საარჩევნო კამპანიას $3,000 შესწირა.
არც ბაბინს და არც მალინს არ უპასუხიათ ჩვენი შეკითხვებისთვის. შემოწირულობებსა და „ფრონტერას“ სასარგებლოდ მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შორის პირდაპირი კავშირი არ დგინდება.
დავა მწვავდება
აშშ-სა და საქართველოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები უფრო აშკარა გახდა 2020 წლის დასაწყისში, როდესაც Frontera Resources-სა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის კონფლიქტი საჯარო გახდა.
„2020 წლის დასაწყისში თითქმის ყოველ კვირას ჩნდებოდა შანტაჟის ისტორიები საქართველოს შესახებ, რომელიც „ფრონტერას“ შეეხებოდა, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებდა საქართველოს მთავრობა “ამერიკელების წინააღმდეგ”, რომ “ქვეყანა დემოკრატიის კუთხით უკან იხევდა”, — იხსენებს ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია მარკვეი მალინის, რენდი ვებერის და ბრაიან ბაბინის მიერ აშშ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, სახელზე გამოქვეყნებულ „ფრონტერას“ მხარდამჭერ ღია წერილებს.
ამ წერილებს, ჭარაიას თქმით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში ქართული მედია ფართოდ აშუქებდა, ისევე, როგორც ცალკე — დემოკრატიული პარტიის წევრების მიერ გამოთქმულ შეშფოთებებს იმის თაობაზე, რომ საქართველო გასატარებელ რეფორმებში დასახულ მიზნებს ჩამორჩებოდა.
„კამპანია აზიანებდა საქართველოს მთავრობას — არა მხოლოდ საგარეო ურთიერთობების კუთხით, არამედ — შიდაპოლიტიკურადაც“, — აღნიშნავს ჭარაია.
„არ აქვს მნიშვნელობა, ვისგან მოდის გზავნილები აშშ-დან საქართველოში — თეთრი სახლის ადმინისტრაციისგან, კონგრესის წევრებისგან, თუ — ლობისტური კომპანიისგან. ეს მაინც ნეგატიური ხმაურია“.
ვაჟა ხიდაშელს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მიაჩნია რომ „აშშ კონგრესის წევრების მიერ გაკეთებული ეს განცხადებები „ფრონტერას“ მიერ არასწორად ინტერპრეტირებული და დამახინჯებული ფაქტების შედეგი იყო“.
„სხვანაირად ვერ ვხსნი აშშ მმართველ წრეებში ამის ასეთ დონეზე მხარდაჭერას“.
ბოლოს, როგორც ჩანს, „ფრონტერას“ კამპანიამ მცირე გავლენა იქონია არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე, თუმცა ისინი განაგრძობდნენ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლას.
2020 წლის აპრილში მთავრობამ განაცხადა რომ არბიტრაჟმა დააკმაყოფილა მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა. „ფრონტერამ“ კი ეს უარყო, მთავრობა „საარბიტრაჟო განხილვის შედეგების დამახინჯებაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი კმაყოფილები იყვნენ აბრიტრაჟის შედეგებით.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიხედვით, არბიტრაჟის გადაწყვეტილება დღემდე კონფიდენციალურია, რადგან „ფრონტერა“ არ დათანხმებია მათ გასაჯაროებას.
2020 წლის აპრილში, გამოტანილი სააბრიტრაჟო გადაწყვეტილებიდან რამდენიმე კვირაში, აშშ სენატორებმა ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა კონგრესის წევრ მარკვეინ მალინთან და ჯოდი სი არინგტონთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს წერილით მიმართეს, რომელშიც ამბობდნენ, რომ „ფრონტერას“ „საქართველოს მთავრობის მხრიდან შესაძლო ექსპროპრიაცია“ ელოდა.
2020 წლის თებერვალში არინგტონმა $3,000-იანი შემოწირულობა მიიღო ნიკანდროსისგან, ხოლო კორნინს 2018-2019 წლებში მისგან $2,850 ჰქონდა მიღებული. არც არინგტონმა და არც კორნინმა არ უპასუხეს ჩვენს მიმართვებს კომენტარისთვის. შემოწირულობებსა და „ფრონტერას“ სასარგებლოდ გაკეთებულ განცხადებებს შორის პირდაპირი კავშირი არ დგინდება.
„საქართველოს მთავრობამ და [ნავთობისა და გაზის კორპორაციამ] ცალსახად გადაწყვიტა, რომ საარბიტრაჟო დავის მიმდინარეობისას, „ფრონტერას“ საქმიანობა საქართველოში არ შეეფერხებინა“, — აღნიშნავს ვაჟა ხიდაშელი.
ხიდაშელმა „ფრონტერას“ მიერ წარმოებული „აგრესიული ლობისტური კამპანია“ დაასახელა ასევე იმის მიზეზად, თუ რატომ არ ჰქონია რეაგირება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას კომპანიის მიერ საქართველოში გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემთხვევებზე.
გასულ ივლისში ამერიკულ მედიაგამოცემა The Hill-ში, მალინმა საკუთარი თვალსაზრისი გამოაქვეყნა, რომელშიც ხელახლა დაადანაშაულა საქართველოს მთავრობა „ფრონტერას“ ბიზნესის ექსპროპრიაციაში. ბრალდებაზე პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, კონგრესის წევრს „ფრონტერას ლობისტი“ უწოდა.
იმავე თვის ბოლოს საქართველოს მთავრობამ კონტრაქტით განსაზღვრული ძებნა-ძიების ტერიტორიის 1%, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული საოპერაციო ტერიტორია, კვლავ „ფრონტერას“ გადასცა.
„ფრონტერამ“ წააქეზა აშშ-დან მომავალი კრიტიკა და საქართველოს მთავრობამაც დაუბრუნა კომპანიას ტერიტორიის 1%“, — ამბობს ვაჟა ხიდაშელი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან.
„გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ არასდროს არსებულა ჩვენი ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი“, — მალევე განაცხადა „ფრონტერამ“. „საქართველოს მთავრობის მუდმივი ცილისწამება არასწორია და მიზანმიმართულ შევიწროებას წარმოადგენს“.
„[საკონტრაქტო ტერიტორიის 1%-ის დაბრუნების შესახებ] გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნეგატიური მედია-გაშუქება შეწყდა“, — აღნიშნა ჭარაიამ.
„ხელფასის გადაუხდელობასთან რა შუაშია ამერიკა?“
მაშინ, როცა „ფრონტერა“ და მისი თავმჯდომარე სტივ ნიკანდროსი 2017 წლიდან მოყოლებული ათასობით დოლარს ლობისტებსა და პოლიტიკურ შემოწირულობებზე ხარჯავდნენ, კომპანიის ქართველი თანამშრომლები ხელფასებს ვერ იღებდნენ, ბოლოს კი უსამსახუროდაც დარჩნენ.
„ფრონტერას“ უკვე ყოფილმა თანაშრომლებმა კომპანიას აუნაზღაურებელი ხელფასების გამო სასამართლოში უჩივლეს. 85 თანამშრომელი ამბობდა, რომ 2016 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ნოემბრამდე კომპანია მათ რეგულარულად არ უხდიდა ხელფასებს, რაც 2020 წლამდე პერიოდისთვის 11-თვიანი აუნაზღაურებელი შრომით დასრულდა. გარდა ამისა, ყოფილი თანამშრომლების თქმით, მოგვიანებით ისინი კომპანიამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან, რაც საქართველოს შრომით კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
სარჩელის შეტანიდან ერთ თვეში „ფრონტერამ“ 100-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის — ყველა მომჩივანი, ხოლო ექვს მათგანს აქეთ უჩივლა სასამართლოში სამუშაოების შეფერხების გამო და მათგან $7,000 მოითხოვა.
თამარ სურმავამ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტმა, დაგვიდასტურა, რომ 2019 წლის ბოლოს შეტანილ სარჩელზე სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სხდომა დღემდე არ ჩაუნიშნავს.
„ეს რაიონი საქართველოს ბოლოა და არ არის ტრანზიტი ან რამე ისეთი, რომ შეიძლებოდეს სხვა სამუშაოები… 100 ადამიანი რომ მუშაობდა, იმათ უკან რამდენი ოჯახი, რამდენი სული იყო? ეს იყო ძირითადი [შემოსავლის წყარო] ჩვენთვის“, — ამბობს დედოფლისწყაროელი მარო ყოჩიაშვილი, რომელმაც 12 წელი იმუშავა „ფრონტერაში“.
გასულ წელს დამოუკიდებელმა პარლამენტარმა, ბექა ნაცვლიშვილმა, საქართველოს მთავრობა „ფრონტერასა“ და ქართველი მშრომელებისადმი „კოლონიური“ დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა და მოითხოვა, რომ ხელისუფლებას მაინც აენაზღაურებინა მათი გაუსტუმრებელი ხელფასები.
თუმცა ერთადერთი, რაც „ფრონტერას“ ყოფილმა თანამშრომლებმა მთავრობისგან მიიღეს, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ₾1,200-იანი ორჯერადი დახმარება იყო.
„თავმოყვარე ადამიანები ვართ; შრომაც შეგვიძლია, მუშაობაც შეუძლია. მე მინდა, რომ მთავრობამ ისევ დაგვაბრუნოს ჩვენს ადგილებზე და უკეთესად მოვემსახურებით ჩვენს ოჯახსაც და სახელმწიფოსაც. რად მინდა, რომ ხელგაწვდილი ვიყო და „დამეხმარე! დამეხმარე!”, ვიძახდე?” — ამბობს ერთერთი დედოფლისწყაროელი.
„ფრონტერას” რამდენიმე ყოფილმა თანაშრომელმა დედოფლისწყაროში, მათ შორის 20-წლიანი გამოცდილების მქონე ნავთობმოპოვების ოპერატორმა, 59 წლის ნოდარ ცხვედიაშვილმა, ჩვენთან საუბარში დაიჩივლა, რომ კომპანიის კონფლიქტი საქართველოს მთავრობასთან „ყველამ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა” და „ანტიამერიკულად” მონათლეს.
„ხელფასის გადაუხდელობასთან რა შუაშია ან ამერიკა ან პოლიტიკა?!“ — კითხულობს ცხვედიაშვილი.
„როგორიც „ფრონტერა“ არის, ამერიკაში რომ იყოს, ამერიკის კანონმდებლობა როგორ მოიქცეოდა?“ — იკითხა კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა, გია კოვზირიძემ. კოვზირიძე მაისში გულის შეტევით გარდაიცვალა.