fbpx

საქართველოს მთავრობის განათლების ინიციატივები გალელ მოსწავლეებს ნაკლებად ესადაგება

მოსკოვში გამოცემული რუსულენოვანი წიგნები, რომლებსაც გალელი მოსწავლეები იყენებენ (ნინო გოგუა /OC Media)

ახალი სამშვიდობო ინიციატივით, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან აბიტურიენტებს მოიზიდავს და მისაღები გამოცდების თავიანთ მშობლიურ ენაზე ჩაბარებით ისინი საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებში ჩააბარებენ. მაგრამ გალში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, რომელთაც ქართულ/მშობლიურ ენაზე სწავლა აკრძალული აქვთ და რომელთა მშობლიური ენა აფხაზური არაა, აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად არ ეხმარება.

15 წლის ანა (სახელი შეცვლილია), გალის რაიონის ერთერთი საშუალო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა, ეთნიკურად ქართველებით დასახლებული სოფლიდან.

ის სკოლას რამდენიმე წელიწადში დაამთავრებს და ძმასთან ერთად მოსკოვის უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას. ოჯახს სურდა, და-ძმას საქართველოს რომელიმე უნივერსიტეტში ჩაებარებინა, თუმცა მათ ეს წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რადგან ადგილობრივ სკოლაში ქართულ ენაზე არცერთი საგანი ისწავლება.

„ყველა საგანში კარგი ნიშნები მაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდების რუსულ ენაზე ჩაბარება შემიძლია, მაგრამ ქართული ენის გამოცდას რა ვუყო? დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ჩავაბარებ. ელემენტარული საკომუნიკაციო ქართული ვიცი, რომელიც დედამ მასწავლა“.

ანას თავდაპირველი ენა, გალის მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად, მეგრულია — მონათესავე, მაგრამ ქართულისგან განსხვავებული ენა. მეგრულად მოლაპარაკეთა უმრავლესობა თავს ეთნიკურ ქართველებად, ხოლო ქართულს თავიანთ ერთერთ მშობლიურ ენად მიიჩნევენ.

„[საქართველოს განათლების სამინისტრო] ნებას გვრთავს, გამოცდები ქართულის ნაცვლად აფხაზურ ენაზეც ჩავაბაროთ, მაგრამ, რადგანაც აფხაზურის სწავლების დონე დაბალია, ჩვენთვის რთულია გამოცდების აფხაზურ ენაზე ჩაბარება. ჩვენც არც აფხაზურ გარემოში ვიზრდებით და ის არ არის ჩვენი მშობლიური ენა“, — ამბობს ანა.

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“

გასული წლის აპრილში საქართველოს მთავრობა ახალი სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა, სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“. მისი ერთერთი მიზანია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლებასთან წვდომის გაუმჯობესება როგორც საქართველოში, ასევე — საზღვარგარეთ. მიუხედავად ამისა, გალელი მოსწავლეები საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მოსახვედრად სირთულეებს ისევ აწყდებიან.

[წაიკითხეთ ასევე OC Media-ზე: Georgia unveils ‘unprecedented’ peace initiative for Abkhazia, South Ossetia]

2016 წლიდან საქართველოს მთავრობამ კვოტირების სისტემა შემოიღო, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან განსაზღვრული ადგილების 1%-ს გამოუყოფენ. ეს არის ჩარიცხვის გამარტივებული, „1+4“ მექანიზმი, რომლის ფარგლებში ისინი ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას სწავლობენ, ხოლო შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში ოთხწლიან განათლებას იღებენ.

აღნიშნული პროგრამა საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტებისთვის 2009 წლიდან მოქმედებს.

გარდა ამისა, ამ მექანიზმის მიხედვით, პროგრამაში ჩასართავად, აფხაზმა და ოსმა აბიტურიენტებმა მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტი თავიანთ მშობლიურ ენაზე  უნდა ჩააბარონ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ეს მექანიზმი გალის ეთნიკურ ქართველებზეც ვრცელდება, მაგრამ გალელი მოსწავლეების ურავლესობა მსგავს დონეზე აფხაზურ ენას ვერ ფლობს.

საქართველოს მოქმედ სკოლებში მოსწავლე ყველა დანარჩენმა აბიტურიენტმა უნივერსიტეტში მოსახვედრად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ოთხი სავალდებულო გამოცდა უნდა ჩააბაროს.

მათ შორის გალელმა მოსწავლეებმაც, რომლებსაც ქართულად სწავლაზე მკაცრი შეზღუდვები აქვთ. ქართულ ენაზე სწავლება გალის რაიონის ყველა სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებაშია აკრძალული და შეზღუდულად ისწავლება დაწყებით და საშუალო საფეხურებზეც. მსგავსი სიტუაცია გალელებს თანამედროვე, ხარისხიანი განათლების მიღებას უზღუდავს.

საქართველოს ახალი ინიციატივის მიხედვით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება პირდაპირ, ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამაზე, 1+4 პროგრამის ნაცვლად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებით სურთ, ტესტირების გავლა რუსულ ენაზე შეეძლებათ, ხოლო მშობლიურ ენად აფხაზურ ან ოსურ ენას ჩააბარებენ.

მაგრამ გალელი მოსწავლეები ამბობენ, რომ ეს მათ ზღუდავთ, რადგან აფხაზური არ არის მათი მშობლიური ენა. აფხაზური ენის არახარისხიანი სწავლების გამო კი ისინი ენას ცუდად ფლობენ.

2008 წლიდან ზუგდიდში, აფხაზეთთან ახლოს, მოსამზადებელი ცენტრი არსებობდა, რომლის მიზანი აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება იყო. მაგრამ ადგილობრივების თქმით, ცენტრი ვერ უზრუნველყოფდა ამას.

28 წლის ნინო (სახელი შეცვლილია), გალის რაიონის ერთერთი სოფლიდან, თავის კლასელებთან ერთად, ზემოთ აღნიშნულ მოსამზადებელ ცენტრში დადიოდა. ის ამას დროის კარგვად მიიჩნევს და ამბობს, რომ  მისი კლასელების უმრავლესობა კერძო რეპეტიტორებთან ემზადებოდა.

„როცა 11 წელი სრულიად განსხვავებული სასწავლო პროგრამით სწავლობ, რთულია, საკმარისი ცოდნა 6-12 თვეში მიიღო და ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარო. შაბათ-კვირას დავდიოდით მეცადინეობებზე. ხანდახან პარასკევს, როცა ცენტრში მოსამზადებლად სკოლაში გაკვეთილებს ვაცდენდით, სკოლაში პრობლემები გვექმნებოდა“, — იხსენებს ნინო.

ჯერჯერობით ყველაზე პერსპექტიული შეთავაზება გალელი აბიტურიენტებისთვის  მოსამზადებელი ცენტრებია, რომლის ერთწლიანი კურსის დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.

ამ სქემის მიხედვით, არჩეულ საგნებში აპლიკანტები საკმარის ქულებს აგროვებენ, შესაბამის ტესტირებას გადიან და მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დაძლევის შემდეგ ბაკალავრიატზე სწავლის გაგრძელება, ერთიანი ეროვნული გამოცდების გასვლის გარეშე ექნებათ.

საქართველოს განათლების სამინისტრომ OC Media-ს აგვისტოში უთხრა, რომ აღნიშნული მოსამზადებელი ცენტრი ოქტომბერში გაიხსნებოდა, თუმცა ჯერჯერობით მას ფუნქციონირება არ დაუწყია.

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში OC Media-ს უთხრეს, რომ ცენტრების ზუსტი გახსნის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა, ირწმუნებიან, ისინი უახლოეს მომავალში ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში გაიხსნება. მათივე თქმით, ცენტრებს 100-მდე სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

ქართული ენის სწავლების შეზღუდვა გალის რაიონში

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის კონსტიტუციის მე-6 მუხლში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლების შესახებ წერია, პრაქტიკაში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გალის ეთნიკურ ქართველებს ქართულად სწავლას უზღუდავს.

რუსულად სწავლებაზე გადასვლის პროცესი 1990 წლიდან გრძელდება, მაგრამ ბოლო წლებში ის უფრო გააქტიურდა. გალის რაიონის სკოლებში ქართული შედარებით თავისუფლად 2014 წლამდე ისწავლებოდა, სანამ მთავრობაში ახალი ძალა მოვიდოდა და გალის „გაქართველების“ შეჩერებისკენ დაიწყებდნენ მუშაობას.

დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული ახალი ზომებით, გალის რაიონის მოსახლეობას აფხაზეთის მოქალაქეობა გაუუქმდა და რამდენიმე ადმინისტრაციული სასაზღვრო გამშვები პუნქტიც დაიხურა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაცემების მიხედვით, 1990-იანი წლების კონფლიქტამდე გალის რაიონში 58 სკოლა ფუნქციონირებდა, საიდანაც 52-ში სწავლება მოსახლეობისთვის მშობლიურ ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. კონფლიქტის შემდგომ, ადგილობრივები ქართველების გადასახლების გამო, სკოლების რაოდენობა 31-მდე შემცირდა, აქედან ერთი სკოლა 2017 წელს დაიხურა.

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ 1994 წლიდან 2015 წლამდე თანდათან ყველა სკოლაში ქართული რუსულით ჩაანაცვლა.

2015 წელს გალის ე.წ „ქვედა ზონის“ 11 სკოლაში, სადაც ქართულ ენაზე სწავლა შენარჩუნებული იყო, პირველი ოთხი კლასი რუსულად სწავლებაზე გადავიდა.

2016-2017 წლებში რუსულ სწავლებაზე გადავიდა მე-5 და მე-6 კლასი. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ყოველწლიურად ყოველი მომდევნო კლასი გადავა რუსულ სწავლებაზე და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ქართულ ენაზე განათლების მიმღები კლასები არ ამოიწურება.

დამატებითი ბარიერები

19 წლის იამ (სახელი შეცვლილია) სკოლა გალის რაიონში დაამთავრა და ახლა სოხუმის უნივერსიტეტში სწავლობს. ის ამბობს, რომ, მიუხედავად კარგი აკადემიური მოსწრებისა, მისთვის რთული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, რადგან სკოლაში ქართულს არ ასწავლიდნენ. ამიტომ, გადაწყვიტა სოხუმის უნივერსიტეტში ჩაებარებინა.

იას თქმით, კურსელებთან, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური ქართველები არიან გალიდან, კარგი ურთიერთობა აქვს. ის აგრეთვე ამბობს, რომ თავის აფხაზ ჯგუფელებსაც კარგად ეწყობა და რომ ისინი მას აფხაზური ენის სწავლაშიც ეხმარებიან.

„თავიდანვე ვიცოდი, რომ სოხუმის უნივერსიტეტს ავირჩევდი, რადგან კერძო მომზადების გარეშე, შეუძლებელია (ქართული) ეროვნული გამოცდების ჩაბარება[…] ბინის ქირისა და რეპეტიტორთან მეცადინეობის თანხის გადახდა ოჯახს გაუჭირდებოდა. ამიტომაც ვარჩიეთ ასე (სოხუმში ჩაბარება)“, — ამბობს ის.

გალის რაიონის მოსწავლეებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა დღემდე უჭირთ. იმ სკოლებში, სადაც რუსული ხარისხიანად ისწავლება, აბიტურიენტებს რუსეთის უნივერსიტეტებში ან სოხუმში ჩარიცხვა უადვილდებათ. იმ სკოლებში კი, სადაც ქართულის სწავლა ისევ შესაძლებელია, მოსწავლეებს განათლების მიღება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ურჩევნიათ.

გალელი დათო (სახელი შეცვლილია) მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. ის ამბობს, რომ მისთვის ჩარიცხვა რთული არ ყოფილა, რადგან რუსულენოვან სკოლაში სწავლობდა, სადაც ყველა საგნის სწავლება რუსულად მიმდინარეობდა. მან აგრეთვე რუსეთის მთავრობისგან სწავლისა და სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების დაფინანსება მიიღო.

„გალიდან კურსელები არ მყავს, მაგრამ ვიცი ბევრი (გალიდან), რომლებიც რუსეთში სწავლობენ. მაგალითად, ჩემი ბიძაშვილი, მისი კლასელი, აგრეთვე, ჩემი კლასელი. მოსკოვი იმიტომ ავირჩიე, რუსულად სწავლა ბევრად მიადვილდება, რადგან რუსულენოვანი სკოლა მაქვს დამთავრებული“, — ამბობს დათო.

ბევრ მშობელს გალში ურჩევნია, თავიანთმა შვილებმა განათლება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღონ.  მათი თქმით, ასე უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ვიდრე გააგზავნონ სოხუმში ან რუსეთში.

იმ მშობლებს კი, რომელთაც ამის შესაძლებლობა აქვთ, ბავშვები ზუგდიდის სკოლებში დაჰყავთ, რათა ქართული სასწავლო გეგმით ისწავლონ. მშობელთა ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის მიდგომა განათლების საკითხებში გალის სკოლებში არსებულ სიტუაციას ნაკლებად ეხმიანება.

მიუხედავად იმისა, რომ გალის რამდენიმე სკოლაში რუსული ხარისხიანად ისწავლება და მოსწავლეებს ენის ცოდნის ისეთ დონეს სთავაზობს, რომ მათ შეუძლიათ, სწავლა სოხუმში ან რუსეთში გააგრძელონ, მშობლები ხშირად წუხან, რომ ბევრი სკოლა ამას მოკლებულია. პრობლემაა ის, რომ მასწავლებლები არაკვალიფიციურები  არიან, ხოლო სწავლების ხარისხი ძალიან დაბალია.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ გალის რაიონის მასწავლებელთა უმრავლესობას განათლება საბჭოთა პერიოდში, ქართულ უნივერსიტეტებში, აქვთ მიღებული და შესაბამისად, მოსწავლეებისთის რუსულ ენაზე სწავლება ძალიან უჭირთ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო ჩვენი ბავშვების სწავლას აფინანსებს, მაგრამ რა აზრი აქვს ამას, თუ ისინი ეროვნული გამოცდებს ვერ ჩააბარებენ?“, — ეუბნება OC Media-ს ერთერთი მშობელი გალის რაიონიდან.

სამინისტრო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს ბაკალავრიატში ოთხწლიან სწავლას უფინანსებს.

„სკოლებში, სადაც რუსული ხარისხიანად ისწავლება, ბავშვებს სწავლის რუსეთში გაგრძელება შეუძლიათ, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება. იმ აბიტურიენტებმა რა ქნან, რომლებსაც სკოლის დამთავრების შემდეგ კარგ დონეზე არც რუსული, არც ქართული და არც აფხაზური იციან“, — ამბობს მშობელი.

ბევრი მათგანი ასევე წუხს სხვა ბარიერებზე, რომლებსაც გალელი აბიტურიენტები განათლების მიღებისას აწყდებიან.

„ჩემს ქალიშვილს საქართველოს ისტორიის გამოცდის ჩაბარება უნდოდა, რადგან ის სავალდებულო იყო იმ სპეციალობაზე (ქართული უნივერსიტეტის), რაზეც მას ჩაბარება სურდა. საქართველოს ისტორიას, როგორც საგანს, ჩვენს სკოლაში საერთოდ არ ასწავლიან და ჩვენ ერთწლიანი მომზადება დაგვჭირდებოდა“, — გვიყვება დიანა (სახელი შეცვლილია), მშობელი გალიდან.

„გასულ წელს კერძო მომზადებაში თანხის გადახდის შესაძლებლობა არ გვქონდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, მას სოხუმის უნივერსიტეტში ჩაებარებინა. ახლა კი ისევ ქართულ უნივერსიტეტში უნდა გადასვლა, მაგრამ უთხრეს, რომ განსხვავებული საგნების გამო, ერთი წელი დაეკარგებოდა, ამიტომ ჯერჯერობით არ იცის, რას გადაწყვეტს“.

გამარტივებული ჩარიცხვის სისტემა?

გალის მაცხოვრებლები ფიქრობენ, რომ გალელი მოსწავლეების საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხვის გასამარტივებლად უფრო მეტის გაკეთება შეიძლება.

მაშინ, როცა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გალელ მოსწავლეებს მათ სასწავლო დაწესებულებებში მოხვედრას უმარტივებს, სადაც სწავლების ენა რუსულია, ისინი გალელ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

„ჩვენი ბავშვებისთვის უფრო და უფრო რთული ხდება ქართული ეროვნული გამოცდების ჩაბარება“, — ამბობს ქეთევანი, გალის ერთერთი სოფლიდან.

„მაგალითად, სოხუმის უნივერსიტეტი სტუდენტებს ძირითადად გასაუბრების საფუძველზე იღებს, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი კონკრეტულ მოთხოვნებს. გვესმის, რომ საქართველოს მთავრობას ამ რეგიონში არაფრის შეცვლა არ შეუძლია, მაგრამ ის მაინც ხომ შეუძლიათ, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი გაამარტივონ, როგორც ამას სოხუმი აკეთებს. თუმცა ამას ბიუროკრატიის გამო არ აკეთებენ“, — ამბობს ქეთევანი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს კომენტარი

მოცემული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ OC Media-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის აპარატიდან დაუკავშირდნენ, რათა აღენიშნათ, რომ ისინი მოსამზადებელ ცენტრებზე, რომლებიც ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში უნდა გაიხსნას, დიდი იმედებს ამყარებენ. თუმცა მათი გახსნის თარიღი, ჯერჯერობით, ისევ უცნობია.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან აფხაზეთში განათლების 11 წლიანი სისტემა მოქმედებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კი — 12, საგანმანათლებლო სტანდარტები და ცოდნის დონე განსხვავდება. სწორედ ამიტომ შეიქმნა სკოლის შემდგომი განათლების პროგრამა, რაც მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ნაწილია.

„მათთვის შეთავაზებული იქნება საერთო საცხოვრებელი, რა თქმა უნდა, უფასოდ. გარდა ამისა, ყოველთვიური სტიპენდია 150 ლარის ოდენობით ყოველდღიური ხარჯების დასაფარად. აგრეთვე, უფასოდ მიეწოდებათ ყველა სახელმძღვანელო და საგანმანათლებლო რესურსი“.

„დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ამ დროის მონაცემებით, უკვე ვიცით, რომ 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა დარეგისტრირების სურვილი“, — აღნიშნავენ სამინისტროში.

სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის ან/და OC Media-ს რედაქციის შეხედულებებს.

Fierce, independent journalism

Let’s be honest, the media situation in the Caucasus is grim. Every day we are accused of ‘serving the enemy’ whoever that enemy may be. Our journalists have been harassed, arrested, beaten, and exiled. But nevertheless, we persevere. For us this is a labour of love. Unfortunately, we cannot run OC Media on love alone, journalism is expensive and funding is scarce. Our sole mission is to serve the interests of all peoples of the region. You can support us today for as little as $1 a month and join us in the fight for a better Caucasus.

Support Us