fbpx

რა საფრთხის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვის პროგრამა აფხაზებისა და ოსებისთვის

ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media

აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თბილისში ყოველწლიურად ასობით პაციენტი ჩამოდის უფასო ჯანდაცვის სერვისების მისაღებად, რომლებსაც მათ საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს. თუმცა მას შემდეგ, რაც მთავრობამ დიაგნოსტიკის ხარჯების დაფინანსება შეწყვიტა, პროგრამის წარმატება საფრთხის წინაშე დადგა. პრობლემას ამძიმებს ადამიანების დაბალი ინფორმირებულობა პროგრამის შესახებ და წინააღმდეგობა, რომელსაც პაციენტები ცხინვალისგან აწყდებიან. 

„როცა ჩამოვედი, არ ვიცოდი, ქართველებისგან როგორ რეაქციას მივიღებდი”, — ამბობს გუნდა (სახელი შეცვლილია). 

„ვფიქრობდი, რომ ჩვენ მიმართ აგრესიული იქნებოდნენ, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა”.

უკვე რამდენიმე წელია, რაც გუნდას შვილი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოჰყავს კიბოს სამკურნალოდ. როცა მას OC Media ესაუბრა, გუნდა ფონდ „აფხაზის” მიერ დაქირავებულ საცხოვრებელში რჩებოდა. ფონდი დახმარებას უწევს აფხაზ პაციენტებს, რომლებიც თბილისში ჯანდაცვის სერვისებისთვის ჩამოდიან. 

გუნდა შვილის მკურნალობის ხარჯებისგან სრულიად გაათავისუფლეს, რადგან ყველა ხარჯი საქართველოს რეფერალური ჯანდაცვის პროგრამამ დაფარა. 

„ეს დიდი შეღავათია”, — უთხრა მან OC Media-ს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 2010 წელს რეფერალური პროგრამა ამოქმედდა, მის ფარგლებში 5000-ზე მეტმა აფხაზმა და 3000-ზე მეტმა ოსმა პაციენტმა მიიღო უფასო სამედიცინო მომსახურება საქართველოში. ამოქმედებიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ხარჯებში 29 მილიონი ლარი გაიღო. 

პროფესიულ წრეებში პროგრამას დადებითად აფასებენ, როგორც მნიშვნელოვან მექანიზმს ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მშვიდობის მშენებლობის პროცესში. 

თუმცა, პროგრამის წარმატებას საფრთხეს უქმნის დიაგნოსტიკის ხარჯების დაფინანსების შეწყვეტა და პროგრამის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. მეტად პრობლემური აღმოჩნდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელის, წინააღმდეგობა პროგრამის მიმართ. 

ადამიანები, რომლებიც პაციენტებს რეფერალური პროგრამის სერვისებით სარგებლობაში ეხმარებიან, ამბობენ, რომ პროგრამა საფრთხის წინაშე დგას. 

მოულოდნელი ხარჯი

2017 წელს საქართველოს ხელისუფლებამ რეფერალურ პროგრამაში დიაგნოსტიკის ხარჯების დაფინანსება შეწყვიტა. გამონაკლისი შეეხო მხოლოდ კიბოთი დაავადებულ პაციენტებსა და სხვა რიგ შემთხვევებს.

„მე ამას თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი”, — ამბობს ელიკო ბენდელიანი, „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის” წარმომადგენელი. 

„ხშირად პაციენტები არასწორი დიაგნოზით ჩამოდიან, ან მხოლოდ დიაგნოზის დასმა და მცირე სამედიცინო ჩარევა სჭირდებათ”, — უთხრა ბენდელიანმა OC Media-ს. 

მისივე განმარტებით, უმეტესწილად პაციენტები იმ მოლოდინით ჩამოდიან, რომ ყველა სერვისით უფასოდ ისარგებლებენ, ხოლო, როცა იგებენ, რომ დიაგნოსტიკის თანხა აქვთ გადასახდელი, ამისთვის მომზადებული არ არიან.

„როგორც წესი, პაციენტები ადგილობრივი [აფხაზი ან ოსი] ექიმების მიერ დასმული დიაგნოზით ჩამოდიან, თუმცა ქართველი ექიმები ამ დიაგნოზს არ ენდობიან და პაციენტს დიაგნოსტიკის თავიდან ჩატარებას სთხოვენ”, — ამბობს ბენდელიანი. 

„ზოგჯერ პაციენტს შეიძლება, დამატებით დასჭირდეს ძვირადღირებული პროცედურის ჩატარება, როგორიცაა, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია. რეფერალურ პროგრამაში ჩართვა, მხოლოდ დიაგნოსტიკის გავლის შემდეგაა შესაძლებელი”.

ბენდელიანი ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა პაციენტის დიაგნოსტიკა 500 ლარი დაჯდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ ოპერაცია 11 000 ლარით დააფინანსა.

„500 ლარი 11 000 ლართან შედარებით არაფერია”, — ამბობს ბენდელიანი და აღნიშნავს, რომ მიზერული თანხის დაზოგვა „ასეთი პროგრამის გასაფუჭებლად არ ღირს”.

ჯანდაცვის სექტორის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა OC Media-ს დაუდასტურა, რომ დიაგნოსტიკის დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი კერძო კლინიკების მხრიდან პროგრამის ბოროტად გამოყენება გახდა.  

„პრობლემას ქმნიდნენ კერძო კლინიკები”, — ამბობს თამაზ ბესტაევი, საქართველოს ხელისუფლების სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. 

ექიმმა იცის, რომ შეიძლება, პაციენტს არ სჭირდებოდეს კომპიუტერული კვლევა, მაგრამ იტყვის, მაინც ხომ აფინანსებენო და გამოუწერს. იყო შემთხვევები, რომ ეკითხებოდნენ,  დაგიფინანსებენ, MRI რომ გავაკეთოთ? მაშინ ისიც გააკეთე და ესეც. მედიცინა ისეთ დარგია, ექიმი ყოველთვის დაგისაბუთებთს, რომ საჭიროა ტომოგრაფია… ამაში ვერ მოედავები”, უთხრა ბესტაევმა OC Media-ს. 

ბესტაევი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რაგან ისინი ხარჯებს ვერ აკონტროლებდნენ. იგი მიიჩნევს, რომ რეფერალური პროგრამა პაციენტებისთვის მაინც დიდი შეღავათია. 

„პაციენტმა უნდა შეძლოს 200-300 ლარის გამოყოფა დიაგნოსტიკის ხარჯებისთვის. სამაგიეროდ, სტაციონარული 100%-ით უფინანსდებათ, რაც არ უფინანსდება საქართველოს მოქალაქეს”.

„დევნილია და სახელმწიფო არ უფინანსებს დიაგნოსტიკას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებს რომ დაუფინანსოს… ცოტა ისეთი მომენტია”, ამბობს ბესტაევი.

დიაგნოსტიკის დაფინანსების შეწყვეტას მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ერთეულის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძეც.

OC Media-სთან საუბარში იგი აღნიშნავს, რომ ამ ხარჯების დაზოგვით მათ მოახერხეს, რომ გალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო ხარჯებიც დაეფინანებინათ.

გალში მეტწილად ეთიკურად ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს. იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს მათგანს ქართული პასპორტი აქვს, ისინი ავტომატურად ირიცხებიან საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. თუმცა ეს უკანასკნელი ჯანდაცვის ხარჯების მხოლოდ გარკვეულ პროცენტს აფინანსებს. 

ენგურის ხიდი აფხაზეთთსა და სამეგრელოს შორის. ფოტო: დათო ფარულავა/OC Media

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ცალკე ბიუჯეტიც აქვს, რომლიდანაც, როგორც ბაკარაძე ამბობს, აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტების დიაგნოსტიკის ხარჯების დაფინანსება დაიწყეს.

მისივე განმარტებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მეტი კონტროლი აქვს საკუთარი ბიუჯეტის ხარჯვაზე და, რეფერალური პროგრამის მოდელისგან განსხვავებით, კლინიკების მიერ ფინანსების ბოროტად გამოყენებისგან დაცვა უკეთ შეძლეს.

ჩვენ ამ მომსახურებებს ტენდერის საშუალებებით ვყიდულობთ. არ ვართ მიბმული დაინტერესებულ კლინიკასთან. ეს გამჭვირვალე პროცესია. გაცილებით იაფი ჯდება. ყევლაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვიცნობთ ამ ადმაიანებს, გვაქვს მათთან კომუნიკაცია. მოდიან, განწყობას იღებენ, საერთოს ვპოულობთ”, ამბობს ბაკარაძე.

სხვათა შეფასებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა პაციენტებს დიაგნოსტიკის ხარჯებს სელექციურად უფარავს.

„მას შემდეგ, რაც დიაგნოსტიკის დაფინანსება შეწყდა, მე არ შემხვედრია პაციენტი, რომელსაც დიაგნოსტიკის ხარჯები დაუფარეს”, — ამბობს ალუ გამახარია, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის” დირექტორი.

მისი თქმით, უკვე რვა წელია, რაც ორგანიზაცია აფხაზ პაციენტებს სამედიცინო ხარჯებისთვის თანხის მოძიებაში ეხმარება, მათ შორის დიაგნოსტიკის ხარჯებისა და 15 000-ლარიან ლიმიტს მიღმა დარჩენილი ხარჯებისთვის, რომლებსაც რეფერალური პროგრამა არ ფარავს.

„ჩემი დაკვირვებიდან გეტყვით, რომ აქ ჩამოსული პაციენტების 90%-ს ამ თანხების გადახდა არ შეუძლია“, დასძენს გამახარია.

გარდა ამისა, პროგრამით გამოყოფილი 15 000 ლარი [წელიწადში] ზოგჯერ საკმარისი არ არის. 

„ვიცი ერთი პაციენტი, 28 000 ლარი დაფასდა მისი მკურნალობა. 13 000 გამოუყვეს, 15 000-ც კი არა”, უთხრა გამახარიამ OC Media-ს. 

„ზოგიერთი კლინიკა ამბობს, სანამ სრული თანხის გარანტია არ მექნება, მანამდე არ მოვკიდებ ხელსო. ეს კარგი წამოწყება, რომელიც ნდობის აღდგენაზე ძალიან კარგად მოქმედებს, ფაქტობრივად დაიყვანეს ნულამდე. ასე როგორ შეიძლება?”, ამბობს გამახარია.

მწირი ინფორმაცია პროგრამის შესახებ

სამკურნალოდ ჩამოსულ პაციენტებს განაცხადის გაკეთებაში ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან, რადგან რეფერალური და მომიჯნავე პროგრამების შესახებ მზა ინფორმაცია საქართველოს სამთავრობო ვებგვერდებზე თითქმის არ გვხვდება.

ირმა ოსია ეთნიკურად აფხაზი ჟურნალისტია, რომელიც თბილისში ცხოვრობს. ამავდროულად, იგი აფხაზურად თარგმნის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქართულენოვან გვერდს.

აფხაზი პაციენტები მას ხშირად მიმართავენ კონსულტაციისთვის საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით გამოსაყენებლად. მისთვისაც კი უცნობი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ დიაგნოსტიკის ხარჯებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ბიუჯეტიდან ფარავს.

„მათ ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვთ [პროგრამის შესახებ]. აქ მე აფხაზურ საიტს ვთარგმნი და გამიკვირდა, რომ 3 000 მნახველი ჰყოლია. ე.ი. აინტერესებთ. რაც ჯანდაცვას ეხება, ეს ყველაფეირ უნდა იყოს ვებგვერდზე”, უთხრა ოსიამ OC Media-ს.

„მართლა წვალობენ, ვინც სამკურნალოდ ჩამოდის უფულოდ და უარაფროდ. ზოგს შეუძლია თავის მიხედვა, მაგრამ ასეთი იშვიათია”. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებგვერდზე მხოლოდ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი პროგრამების შესახებ გვხვდება ინფორმაცია. იქ არ არის აღნიშნული, რომ მსგავსი პროგრამები აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც არის ხელმისაწვდომი. 

„ვერ მოძებნით [ამ ინფორმაციას]. ჩვენს გვერდზე გვაქვს, მაგრამ ვერ მოძებნით. პიარი მუშაობს მინუსებში”, ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე. იგი აღიარებს, რომ ამის მიზეზი პროგრამის ღიად რეკლამირების შემთხვევაში ქართველი ხალხის მხრიდან ნეგატიური რეაქციის მოლოდინია. 

„ამან შეიძლება, გააღიზიანოს ჩვენი დევნილი მოსახლეობა”, — ამბობს ბაკარაძე. თუმცა, მისი თქმით, სამინისტრო პროგრამას პოპულარიზაციას გალში არსებული კლინიკების საშალებით უწევს. 

თამაზ ბესტაევი, საქართველოში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული რეფერალური პროგრამის შესახებ. 

„ერთმანეთისგან იღებენ ინფორმაციას. ინტერნეტში იქ არავინ შედის [ამ ინფორმაციის მოსაძიებლად], პირდაპირ რეკავენ სანაკოევთან, პატარაა ცხინვალი და ყველა ერთმანეთს იცნობს. ერთმანეთისგან იგებენ. აქ ნათესავები ჰყავთ”, ამბობს ბესტაევი. 

მიუხედავად ამისა, ბესტაევი იხსენებს პაციენტის დედას სამხრეთ ოსეთიდან, რომლის შვიlსაც საქართველოში იშვიათად გავრცელებული ლეიშმანიოზის დიაგნოზი დაუსვეს. მისი თქმით, ქალმა ბავშვი სამკურნალოდ საქართველოდან ჩრდილო ოსეთში, ვლადიკავკაზში, გადაიყვანა, რადგან არ იცოდა, რომ საქართველოში უფასოდ უმკურნალებდნენ. 

„[2017 წელს, თბილისში] ბავშვი იყო გადმოსული, ლეიშმანიოზი დაუდგინეს. დედას ეგონა, რომ აქ ყველაფერი ფასიანი იყო, წაიყვანეს ისევ ბავშვი და ვლადიკავკაზში დაუწყეს მკურნალობა. იქიდან აქ დაიწყო რეკვა, იმიტომ, რომ ბავშვს სიცხე ვერ დაუგდეს. გადმოვიყვანეთ ეს ბავშვი კატასტროფის ბრიგადით, ლარსზე დავახვედრეთ”, ამბობს ბესტაევი.

მისივე თქმით, ბავშვი კინაღამ დაიღუპა, რადგან ვლადიკავკაზში ექიმები არასწორი მედიკამენტით მკურნალობდნენ. 

„ყველა არ არის ინფორმირებული”, — ამბობს ალუ გამახარია, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის” დირექტორი.

„იმ მოლოდინით ჩამოდიან, რომ აქ ყველა პროცედურას უფასოდ ჩაუტარებენ. ჩამოდიან, ჯიბეში საჭმლის ფულის მეტი არ უდევთ და ასეთ მდგომარეობას აწყდებიან. იმედგაცრუების მომენტია. სამწუხაროდ, სისტემად არ მუშაობს კარგად. არადა, ჩვენთან ისეთი თვითკმაყოფილების გრძნობაა... მაგარი პროგრამა გვაქვსო, ტრაბახობენ”, ამბობს გამახარია. 

რთული მოგზაურობა

აფხაზეთის ოფიციალური პირები როგორც წესი უპრობლემოდ გასცემენ ხოლმე ნებართვას პაციენტებზე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასასვლელად ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისთვის. იმავეს ვერ ვიტყვით სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაზე.

ცხინვალის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია, უკმაყოფილებას გამოთქვამს მოქალაქეების თბილისში სამკურნალოდ გამგზავრების გამო. 2013 წელს მათ ამ მიზნით მგზავრობა მთლიანად შეზღუდეს, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში, პაციენტები წითელ ჯვარს ჩამოჰყავს. 

სხვა შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთიდან მომავალ პაციენტებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოსასვლელად ჯერ რუსეთში, ვლადიკავკაზში, გამგზავრება უწევთ, რაც მთლიან მარშრუტს 360 კილომეტრამდე ზრდის. ცხინვალიდან პირდაპირ თბილისში გამომგზავრების შესაძლებლობის შემთხვევაში, მათ გზაში ექვსსაათნახევრის ნაცვლად მხოლოდ ორი საათი დასჭირდებოდათ.

თუ ნებართვა არ მიიღეს, იქიდან [პირდაპირ] ვერ წამოვლენ. არის შემთხვევები, როცა არ აძლევენ [ნებართვას]. ერთი შემთხვევა გვქონდა, ქალბატონი მირეკავდა. საშვილოსნოდან სისხლდენა ჰქონდა. ცხინვალის საავადმყოფოში მოხვდა და ქირურგიული ჩარევა რომ სჭრდებოდა, თვითონ მიხვდა. არ უტარებდნენ, მკურნალობით შევაჩერებთო”, ამბობს ბესტაევი.

მისივე თქმით, ქალს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ნებართვა არ მისცეს, ამიტომ საავადმყოფოდან გამოიპარა და ვლადიკავკაზში წავიდა.

როგორ შეძლო... ტაქსით წამოვიდა. მირეკავდა, სად მივიდეო. გავაგზავნე კლინიკაში, დააწვინეს და შესვლიდან იმ წუთში ოპერაციაზე წაიყვანეს. ანემიური იყო, თეთრი იყო ადამიანი”.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზი პაციენტებისთვის მგზავრობის პროცესი შედარებით უფრო მარტივია, გადმოსვლა ყოველთვის იოლი არ არის.

„საზღვარზე ბევრი პრობლემაა”, — ამბობს ლალი (სახელი შეცვლილია), პაციენტი გალიდან, რომელიც სამკურნალოდ თბილისში ჩამოვიდა.

„თუ ღამეა, ჩაკეტილი აქვთ საზღვარი.... რეკავენ, დრო იწელება, ბევრი შემთხვევა ყოფილა, ცუდად დამთავრებულა”, უთხრა ლალიმ OC Media-ს.

„არ ვიცი, ამის თქმა შეიძლება თუ არა, ცოტა მეშინია”, —  ამბობს ლალი, სანამ 15 წლის ქალიშვილი ხელს ჰკრავს. „შეიძლება!”, — ეუბნება, გოგონა. 

ერთი საავადმყოფოა [გალში], არანაირი პირობები იქ არ არის, მართლა. გადაღლილი ვიყავი — მითხრეს წნევა მაინც გაიზომე კლინიკაშიო. რომ მივედი, ვთხოვე, ძალიან სუსტად ვარ, ძალა გამომელია, ალბათ წნევაც დაბალი მაქვს და იქნებ გადასხმა გამიკეთოთ-მეთქი. იმის საშუალებაც კი არ აქვს იმხელა საავადმყოფოს. მხოლოდ მაშინ უნდა მიხვიდე, თუ მომაკვდავი ხარ, საავადმყოფო ჰქვია მაინც”.

„ოჯახი ყველაფერზე მნიშვნელოვანია”

ყველა პაციენტმა, ვისაც OC Media ესაუბრა, აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკურნალობის ხარჯები სრულად დაუფინანსა. ყველა მათგანმა რეფერალური ჯანდაცვის პროგრამა დადებითად დაახასიათა.

„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის” წარმოამდგენელი, ელიკო ბენდელიანი, ამბობს, რომ პროგრამა ხელს უწყობს ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ურთიერთობებს. 

იგი პროგრამას დადებითად ახასიათებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ დიაგნოსტიკის დაფინანსების შეწყვეტა არასწორი გადაწყვეტილება იყო. 

იგი ასევე საუბრობს სისტემატიზაციის პრობლემაზე ჯანდაცვის რეფერალურ პროგრამაში. 

„პროგრამა ადამიანებზე უნდა იყოს მორგებული. როგორც წესი, ადამიანებმა არ იციან, სად მივიდნენ, სად დარჩნენ… სჭირდებათ ვიღაც, ვინც დაეხმარებათ”, ამბობს ბენდელიანი. 

ხშირად ეშინიათ. ჰგონიათ, რომ მტრული განწყობა შეხვდებათ, შიშით მოდიან და ხვდებიან, რომ რიგითი ადამიანებიც ქუჩაში ძალიან კეთილგანწყობილები არიან, ყველა ცდილობს, დაეხმაროს”.

ბენდელიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ აფხაზ და ოს პაციენტებს, რომლებიც აქ ჩამოდიან, იმედი არ გაუცრუვდეთ.

65 წლის ედუარდი, რომელიც სამკურნალოდ სოხუმიდან ჩამოვიდა, უკმაყფილო არ არის. თბილისში ნათესავთან, ვახტანგთან, ერთად ჩამოვიდა და ორივენი ღამეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მომლოდინე პაცინეტებისა და მათი მომყოლებისთვის გამოყოფილ სახლში ათევენ.

ედუარდი მჭერმეტყველებით არ გამოირჩევა, თუმცა ვახტანგი, რომელიც თავს „ეთნიკურად მეგრელს” უწოდებს, გვიყვება, თუ რატომ გადაწყვიტეს სამკურნალოდ თბილისში ჩამოსვლა. 

მისი თქმით, თბილისის გარდა, სოჭში, კრასნოდარსა და მოსკოვში წასვლა განიხილებოდა. თბილისზე არჩევანი იმიტომ შეაჩერეს, რომ იგი ახლოსაა. გარდა ამისა, ვახტანგს თბილისში მეგობრები ჰყავს. 

„ის ტექნიკა და აპარატურა რაც აქაა, შეიძლება, აფხაზეთში არ იყოს. თუკი აფხაზეთის ჯანდაცვას არ შეუძლია, ადამიანს დაეხმაროს, ადამიანი ალტერნატივას ეძებს. ერთერთი მიმართულება არის საქართველო, რომელიც უკეთესს სთავაზობს. ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი კეთდება და ჩვენ ამით ვისარგებლეთ”, ამბობს ვახტანგი. 

„როცა ადამიანის ოჯახში მწუხარება და უბედურებაა, იგი ყველაფერზე მიდის და ყველაფერს აბიჯებს. მისთვის აღარაფერს აქვს მნიშვნელობას, მათ შორის, არც პოლიტიკას. ოჯახი ყველაფერზე მნიშვნელოვანია”.

კითხვის სიმარტივისთვის ვამჯობინებთ, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან თუ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ ინსტიტუტებთან და პოლიტიკურ თანამდებობებთან არ გამოვიყენოთ აღმნიშვნელები, როგორებიცაა „დე ფაქტო", „არაღიარებული" ან „ნაწილობრივ აღიარებული". ტერმინოლოგია არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას მათი პოლიტიკური სტატუსის შესახებ.

Fierce, independent journalism

Let’s be honest, the media situation in the Caucasus is grim. Every day we are accused of ‘serving the enemy’ whoever that enemy may be. Our journalists have been harassed, arrested, beaten, and exiled. But nevertheless, we persevere. For us this is a labour of love. Unfortunately, we cannot run OC Media on love alone, journalism is expensive and funding is scarce. Our sole mission is to serve the interests of all peoples of the region. Support us today and join us in the fight for a better Caucasus.

Support Us