Media logo
კორონავირუსი

უსასრულო იზოლაცია „რადიო მარნეულისთვის“

„რადიო მარნეულის“ თანამშრომლები. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.
„რადიო მარნეულის“ თანამშრომლები. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

„რადიო მარნეული“ წლების განმავლობაში უგულებელყოფილი იყო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. წელს მარნეულის ჩაკეტვის დროს ამ დამოკიდებულებამ საშიში ინფორმაციული ვაკუუმი შექმნა. 

2020 წლის მარტში ხელისუფლებამ მარნეულის მუნიციპალიტეტი ჩაკეტა, ტერიტორიაზე შესვლისა და მისი დატოვების უფლების გარეშე. რეგიონი, სადაც ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი უმცირესობები ცხოვრობენ, პანდემიის წინა ხაზზე აღმოჩნდა და ერთერთი ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო. 

სამ ენაზე მომუშავე მცირე დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტები გამოწვევას პირისპირ შეხვდნენ.

„როცა მარნეული ჩაიკეტა, ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება, ჟურნალისტს დაემართოს, ჩვენ დაგვემართა“ — ამბობს რადიოს ხელმძღვანელი, კამილა მამედოვა. 

„ჩემი ყველა დილა იწყებოდა საგუშაგოზე მისვლით — სადაც მხვდებოდა დაბნეული პოლიცია, რომელიც იყო აგრესიული და არ გვაძლევდა მუშაობის საშუალებას“, — უყვება მამედოვა OC Media-ს. 

„ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება, ჟურნალისტს დაემართოს, ჩვენ დაგვემართა“, — ამბობს რადიოს ხელმძღვანელი, კამილა მამედოვა. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media

„მერია არ გვპასუხობდა ზარებზე. საკმაოდ მტკივნეულია, როცა ხედავ, რომ მერი, რომელსაც არ აქვს  დრო შენთვის, ადგილობრივი მედიისთვის, რომელიც აშუქებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ადგილობრივი თემისთვის, ჯდება მანქანაში და მიდის, რომ ელაპარაკოს გარე მედიას, რომელსაც მარნეულის მოსახლეობა ვერ იგებს“.

როგორც მამედოვა ამბობს, პანდემიის დროს მათი პრიორიტეტი ყოველთვის მოსახლეობისთვის ელემენტარული ინფორმაციის მიწოდება იყო. 

ხალხის რადიო

„რადიო მარნეული“ 2006 წელს  BBC-ს მხარდაჭერით დაარსდა. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, 2015 წელს, მათ სამაუწყებლო ლიცენზია მოიპოვეს. 

თემში რადიოს კრიტიკული მედიის რეპუტაცია აქვს, რომელიც პრობლემებზე სალაპარაკოდ უკან არ იხევს. 

„რადიო მარნეული“ ერთერთ პატარა ქუჩაზე, მცირე კოტეჯშია განთავსებული. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media

„ასევე ვცდილობთ, გარკვეული ფასეულობები წამოვწიოთ წინ და ზოგადად ჩვენ მიმართ დამოკიდებულება დადებითია“, — ამბობს მამედოვა. 

თუმცა რადიოს პირველ  რეპორტაჟებს ყოველთვის კარგად არ ხვდებოდნენ. 

„2016 წელს, როცა უკვე მივიღეთ ლიცენზია, ვაშუქებდით არჩევნებს გენდერული კუთხით — მაშინ დაგვცინოდნენ და „ქალების რადიოს“ გვეძახდნენ. რა თქმა უნდა, ახლა ხალხის მხრიდან შეიცვალა ეს დამოკიდებულება“. 

როგორც „რადიო მარნეულის“ თანამშრომლები ამბობენ, მათი და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთობა გაფუჭდა წინა მერზე, თემურ აბაზოვზე, რეპოტაჟის შემდეგ. 

„ოფიციალურ შეხვედრაზე ჩვენმა ერთერთმა ჟურნალისტმა დასვა კითხვა, რატომ არ ესწრებოდნენ ქალები, რაზეც მერმა უპასუხა რომ ქალები ამ დროს სახლში არიან და თავიანთ მეუღლეებს საკვებს უმზადებენ. ამაზე დავწერეთ და მაგის მერე სულ უსიამოვნება გვაქვს“.  

როცა მარნეულის მერად ყოფილი კოლეგა, ზაურ დარგალი, დაინიშნა, რომელიც მათთან ერთად ლიცენზიის მოპოვებისთვის იბრძოდა, მამედოვას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. 

„ამის მაგივრად, დანიშვნამ შეცვალა“, — ამბობს ის. 

„რადიო მარნეული“ პანდემიის განმავლობაში მუშაობას რეგულაციების მკაცრი დაცვით აგრძელებს. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media

მამედოვას და მის თანამშრომლებს არასდროს უკავშირდებიან მერის ბრიფინგის დროს. არ უკავშირდებათ არც მარნეულის ტელევიზია, რომელმაც ხელისუფლებისგან 126 000 ლარი მიიღო საკრებულოს სხდომის გაშუქებაში. 

ხელისუფლების ძალაუფლება პოტენციურ რესპონდენტებსაც აშინებს. 

„ყოველთვის გვიჭირს რესპონდენტების მოძებნა, რომლებიც ღიად ისაუბრებენ. უმეტესობას უნდა ანონიმურად, რადგან ეშინიათ — და უმიზეზოდაც არა. მაგალითად, სკოლის დირექტორისთვის პოზიციის შენარჩუნების გარანტია ადგილობრივ ხელისუფლებასთან მეგობრობაა“, — ამბობს მამედოვა. 

თემთან საუბრისგან თავის შეკავებამ პანდემიის პირობებში მალევე მოიტანა უარყოფითი შედეგი. 

მარტში, მარნეულის ჩაკეტვის დროს, ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალული იყო. ადგილობრივი თემი, რომელსაც ინფორმაცია მშობლიურ ენაზე არ მიეწოდებოდა, საშიშ ინფორმაციულ ვაკუუმში მოექცა. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media

30 მარტს ადამიანები სოციალური დახმარების მოთხოვნით მერიის წინ შეიკრიბნენ. კალათები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და მოხუცებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მარნეულელებმა ამის შესახებ აშკარად არ იცოდნენ. 

„ხალხმა არ იცოდა, რას აკეთებდნენ ხელისუფლებაში. პროტესტებიც ზუსტად კომუნიკაციის ამბავი იყო. მათ არ აქვთ კულტურა, რომ საკუთარ მოქალაქეს მიაწოდონ ინფორმაცია“. 

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა, ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ეთერ ლაფერაძეს, ურჩიეს, დაეხმარებინა აზერბაიჯანელი ეპიდემიოლოგი, რომ მოსახლეობასთან მათ ენაზე ესაუბრა. ეპიდემიოლოგი მზად იყო, „რადიო მარნეულთან“ ჩასაწერად, თუკი მისი ხელმძღვანელებისგან დასტურს მიიღებდა, რაც არ მომხდარა. 

კრიტიკული მედიის რეპუტაციის გამო, „რადიო მარნეულს“ ხშირად უჭირს კომენტარის აღება ადგილობრივი ხელისუფლებისგან და რესპონდენტებისგან, რომლებსაც ჩაწერის ეშინიათ.ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

ლაფერაძე თავადაც იკავებს თავს ჟურნალისტებთან საუბრისგან, სეზონური გრიპის აცრაზეც კი. 

„ტელეფონს არც თიშავს, იღებს და ჩუმად არის“, — ამბობს „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე. 

გასულ წელს ვლადიმერ ჩხიტუნიძე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებას ესწრებოდა და, როგორც იხსენებს, მერია უარყოფდა, რომ მოსახლეობას ხელისუფლებისგან ინფორმაციის მიღება უჭირდა. 

ის ამბობს, რომ პირველი ჩაკეტვის შემდეგაც დამოკიდებულება არ შეცვლილა და ჟურნალისტებს მუდმივად ერთი ოფისიდან მეორეში ამისამართებენ.

ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ მარნეულის მერიამ უარყო მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღების სირთულე. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

„საბოლოოდ, გვეუბნებიან, დავწეროთ წერილი [ინფორმაციის მოთხოვნით], რომელიც, როცა მოდის, უკვე აღარც არის საჭირო“. 

„ამ პრობლემებზე სულ ვლაპარაკობთ, მაგრამ ახლა ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე“

„რადიო მარნეული“ პანდემიის განმავლობაში მუშაობას რეგულაციების მკაცრი დაცვით აგრძელებს, რადგან ერთი თანამშრომლის დაინფიცირებამ შეიძლება, მუნიციპალიტეტისთვის დამოუკიდებელი მედია მაუწყებლობა შეაჩეროს. 

კონტაქტის შესამცირებლად რადიოში სტუმრებს აღარ ეპატიჟებიან და ნიღბებს მუდმივად ატარებენ. თუმცა უსაფრთხოების ზომებზე დაბალი ცნობიერების გამო, ჟურნალისტებს მაინც უხდებათ რისკის გაწევა.

მარნეულის მოსახლეობამ ჯერაც არ იცის, რამდენად გავრცელებულია ინფექცია ქალაქში, რადგან ადგილობრივი მონაცემები არ ქვეყნდება და ჟურნალისტებს ინფორმაციაზე უარს ეუბნებიან. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

„ჩვენი ჟურნალისტები სოფლებში ხშირად მარშუტკებით დადიან, ამ დროს შეიძლება, ერთადერთი იყვნენ, ვისაც ნიღაბი უკეთია დახურულ სივრცეში 30 წუთი“.

„აქ ხალხს არ სჯერა, რომ ვირუსი სერიოზული რამეა. იციან, რომ არსებობს, მაგრამ ვერ იაზრებენ, რომ ეს შეზღუდვები აუცილებელია და ხშირად პოლიტიკურ მნიშნველობას მიაწერენ“. 

თიკო დავაძე, „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტი, იხსენებს, რომ პირველი ჩაკეტვა დიდი გამოწვევა იყო. 

„ძალიან რთული იყო, როცა გავიაზრეთ, რომ ყველა ჩვენგან ელოდებოდა ინფორმაციას. ტექნიკა გადავიტანეთ სახლში და იქიდან ვმუშაობდით, ერთი გამოშვებაც არ ჩაგვიგდია. ზოგჯერ ტრაქტორის ხმა ისმოდა ან ეზოში ვიღაცა შეშას ჩეხავდა, მაგრამ ეს პირობები უნდა აგვეტანა ორი კვირა“.

„ძალიან რთული იყო, როცა გავიაზრეთ, რომ ყველა ჩვენგან ელოდებოდა ინფორმაციას. ტექნიკა გადავიტანეთ სახლში და იქიდან ვმუშაობდით“, — თიკო დავაძე, „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტი. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

კამილა მამედოვა მთლიან გამოცდილებას მარნეულში გამდინარე არხს ადარებს.

„ზოგჯერ დაშრება ხოლმე და მთელი ნაგავი გამოჩნდება. ახლაც ზუსტად ეს მოხდა“. 

„ინტეგრაცია, ენობრივი ბარიერის პრობლემა, დეცენტრალიზაცია ხელისუფლების — როცა გუბერნატორი შენი არჩეული მერის სალაპარაკოს ამბობს — ამ პრობლემებზე სულ ვლაპარაკობთ, მაგრამ ახლა ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე“.

OC Media რამდენჯერმე ეცადა, მარნეულის მერიას კომენტარისთვის დაკავშირებოდა, თუმცა ჩვენი კითხვები, ისევე, როგორც „რადიო მარნეულის“ კითხვები, უპასუხოდ დარჩა.

სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს. 

Related Articles

Datablog | საქართველოში იმუნიზაციის კუთხით უთანასწორობის პრო
ვაქცინაცია

Datablog | საქართველოში იმუნიზაციის კუთხით უთანასწორობის პრო

V

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საქართველოში იზრდება, მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინაციაზე წვდომა განსხვავებულია სხვადასხვა ჯგუფებს შორის. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების სწრაფად და დროულად ჩატარება პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. საყოველთაო იმუნიზაცია სიცოცხლეს უამრავ ადამიანს შეუნარჩუნებს და ეკონომიკის დროულად გახსნას შეუწყობს ხელს. თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აცრებზე ხელი ყველას თანაბრად არ მიუწვდება. მდიდარმა ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობის

Datablog | საქართველო აცრებისადმი ნდობის მხრივ მსოფლიოში ერთ?
ვაქცინები

Datablog | საქართველო აცრებისადმი ნდობის მხრივ მსოფლიოში ერთ?

V

იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსის აცრის სარგებელში ვერ არწმუნებს, გამოკითხვის მონაცემები მიგვითითებენ, რომ პრობლემის ერთერთი წყარო შესაძლოა, პოლიტიკური შეხედულებები იყოს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაცია ვირუსის კონტროლის ერთადერთი ეფექტური ხერხია. ამასთან, მოსახლეობის ვაქცინებისადმი უნდობლობამ, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „უპრეცედენტო გამოწვევა“ უწოდა, მასობრივი აცრების მცდელობებს შესაძლოა, ძირი გამო

Datablog | პანდემიის დროს უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს ჯანმ
კორონავირუსი

Datablog | პანდემიის დროს უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს ჯანმ

V

კორონავირუსის პანდემიამ აშკარად დააზიანა ხალხის ჯანმრთელობა, თუმცა „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის ახალი მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას უფრო კარგად აფასებენ, ვიდრე — წინა წლების გამოკითხვებში. 2019 წელს მოსახლეობის მხოლოდ 35% აფასებდა თავის ჯანმრთელობას კარგად. გასულ წლებში, ეს მაჩვენებელი იცვლებოდა, თუმცა ყველაზე დიდი ცვლილება 2013-2014 წლებში მოხდა, როდესაც ეს მაჩვენებელი 41%-დან 30%-მდე შემცირდა.  ამის საპირისპიროდ, 2019 და 2020 წლების გამოკითხვებს თუ შევად

16 წლის ხატია თურმანიძე, კლასელების მსგავსად, მობილური ინტერნეტით სარგებლობს. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.
განათლება

იები მეგაბაიტების სანაცვლოდ: ონლაინ სწავლების გამოწვევ

V

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მსხვილ ქალაქებში და აჭარის რეგიონში სწავლება სრულად ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. მაგრამ  ინტერნეტზე წვდომის პრობლემამ მაღალმთიანეთში, ისევე, როგორც მასწავლებლებსა და ოჯახებზე ფინანსურმა ტვირთმა, ბევრი მოსწავლე განათლების სისტემის მიღმა დატოვა. ლადო აფხაზავა სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, რომელიც 2019 წელს Global Teacher Prize-ის  ფინალისტებში გავიდა. წელს კი ლადო ქოთნის ყვავილებს ყიდის, რათა მოსწავლეებისთვის ინტერნეტის თანხა შეაგროვოს. 

Most Popular

Editor‘s Picks