fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

Datablog | საქართველოში იმუნიზაციის კუთხით უთანასწორობის პრობლემა დგას

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საქართველოში იზრდება, მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინაციაზე წვდომა განსხვავებულია სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების სწრაფად და დროულად ჩატარება პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. საყოველთაო იმუნიზაცია სიცოცხლეს უამრავ ადამიანს შეუნარჩუნებს და ეკონომიკის დროულად გახსნას შეუწყობს ხელს. თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აცრებზე ხელი ყველას თანაბრად არ მიუწვდება. მდიდარმა ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობის ასაცრელად საჭირო ინექციები სწრაფად მოიმარაგეს, ნაკლები შემოსავლის მქონე სახელმწიფოებს კი ამ კუთხით პრობლემები შეექმნათ. 

ქვეყნის შიგნით აცრებზე ხელმისაწვდომობის მხრივ უთანასწორობა კორონავირუსის პანდემიის სწრაფი და ეფექტური დამარცხების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ იმუნიზაციის მაღალი ხარისხის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიც დიდი ბრიტანეთი და ისრაელია, კორონავირუსის ვაქცინაზე მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. როგორც „CRRC-საქართველოს“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ უახლესი მონაცემები აჩვენებს, ამ კუთხით გამონაკლისს არც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს.

კორონავირუსის შეჩერების საქმეში თავდაპირველად მიღწეული წარმატების მიუხედავად, ამჟამად საქართველო მეზობელ ქვეყნებს საგრძნობლად ჩამორჩება როგორც ინფექციის დონის კონტროლის, ასევე იმუნიზაციის მაჩვენებლებით. აგვისტოს პირველი ათი დღის მანძილზე ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით მსოფლიოში პირველ ადგილზე გახლდათ ათას მოსახლეზე დაავადების ახალი შემთხვევებით და გარდაცვლილთა რაოდენობით. ამასთან, საქართველო სხვა სახელმწიფოებs ჩატარებული აცრების რაოდენობით საკმაოდ ჩამორჩებოდა.

2021 წლის 25 ივლისისთვის, ანუ როდესაც CRRC/NDI-ის კვლევის ბოლო ინტერვიუები ჩატარდა, მოსახლეობის დაახლოებით 7% ამბობდა, რომ კორონავირუსის აცრის ერთი დოზა მაინც ჰქონდა გაკეთებული. საქართველოს მთავრობის თავდაპირველ პრიორიტეტს ხანშიშესული მოქალაქეების იმუნიზაცია წარმოადგენდა, შესაბამისად, მათი უფრო მაღალი წილი იყო აცრილი (10%), ვიდრე 35 წლამდე (4%), ან 35-დან 54 წლამდე ასაკის მოქალაქეები (8%). თბილისელების უფრო მეტ წილს ჰქონდა აცრის ერთი დოზა მიღებული (16%), ვიდრე სხვა ქალაქების (6%) და სოფლების (2%) მაცხოვრებლებს.

საგულისხმოა, რომ იმას, აცრილია თუ არა რესპონდენტი, მისი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი კარგად პროგნოზირებს. უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის 16%-ს აცრის ერთი დოზა მაინც ჰქონდა გაკეთებული მაშინ, როდესაც უმაღლესი განათლების არმქონეთა შორის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4%-ს შეადგენდა. ნივთების ფლობის ინდექსით შეფასებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი მოქალაქეების მეოთხედი იყო ერთი დოზით მაინც აცრილი მაშინ, როდესაც მედიანური სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლის მქონეთა შორის მხოლოდ 6%, ხოლო ამ მაჩვენებლით ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი მოსახლეობის მხოლოდ 3% იყო აცრილი.

იმუნიზაციის დაბალ დონეს სავარაუდოდ, ინფორმაციის ნაკლებობა უწყობს ხელს. აცრების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ჯგუფების წარმომადგენლები ასევე უფრო მეტად ამბობდნენ, რომ საქართველოში იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნდათ. მაგალითისთვის, ყველაზე მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე რესპონდენტების მხოლოდ 18%-ს არ ჰქონდა ინფორმაცია იმუნიზაციაზე, მედიანურ (48%) და ყველაზე დაბალი (46%) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე რესპონდენტებთან შედარებით. უმაღლესი განათლების არმქონე პირების უფრო მეტ წილს არ ჰქონდა ინფორმაცია აცრებზე (47%), ვიდრე უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტებს (30%).

Advertisements

განსხვავებები გეოგრაფიულ ჭრილშიც გამოიკვეთა. თბილისის მოსახლეობის მხოლოდ მესამედს არ ჰქონდა ინფორმაცია აცრის პროცესზე, სხვა ქალაქების (43%) და სოფლების მცხოვრებლებისგან (47%) განსხვავებით. ალბათ გასაკვირიც არაა, რომ იმუნიზაციის საწყის დღეებში, თბილისსა და მსხვილ ქალაქების აცრის ცენტრებში ადგილები თვალის დახამხამებაში შეივსო. დედაქალაქის ბევრმა მცხოვრებმა ადგილები ქალაქგარეთაც დაჯავშნა. აღნიშნული ალბათ იმითაც აიხსნება, რომ თბილისელებს აცრების შესახებ ინფორმაციასა და რეგისტრაციის ვებსაიტზე ხელი უფრო მიუწვდებოდათ: CRRC/NDI-ის კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობის 61%-მა იცოდა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა დაჯავშნის ვებსაიტი, მაშინ, როდესაც იგივე სხვა ქალაქების მოსახლეობის მხოლოდ 45%-ს და სოფლის მცხოვრებთა მხოლოდ 27%-ს შეეძლო.

წამგებიან მდგომარეობაში მხოლოდ თბილისის გარეთ მცხოვრებლები არ აღმოჩენილან. სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებმა ხანშიშესულებმა, ეთნიკურma უმცირესობებმა, შეჭირვებულებმა და უმაღლესი განათლების არმქონე მოქალაქეებმა ასევე არ იცოდნენ, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე რეგისტრაციის ვებსაიტი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი დაჩქარდა და ყოველდღიურად ოც ათასზე მეტი ადამიანი იცრება, სავარაუდოა, რომ წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი ფაქტორები ვაქცინაზე თანაბარ და დროულად ხელმისაწვდომობაზე ისევ იმოქმედებენ. დღესდღეობით, სახელმწიფო მოქალაქეებს ვაქცინაციის შესახებ საკმარის ინფორმაციას არ აწვდის, ხოლო ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ვაქცინების საწინააღმდეგო განწყობაა. როგორც ჩვენი ანალიზი აჩვენებს, იმუნიზაციის პროცესისა და აცრების სიკეთის შესახებ ინფორმაცია ფართოდ და იმ ფორმით უნდა გავრცელდეს, რომელიც მას ქვეყნის თითოეულ მოქალაქემდე სწრაფად და ეფექტურად მიიტანს.

ჯგუფებს შორის სხვაობა გაანალიზდა სამი ლოგისტიკური რეგრესიული მოდელის მეშვეობით, რომლებიც პროგნოზირებენ (ა) გაიკეთა თუ არა აცრა რესპონდენტმა, (ბ) აქვს თუ არა მას იმუნიზაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია და (გ) იცის თუ არა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს აცრაზე რეგისტრაციის ვებსაიტი. ამხსნელი ფაქტორები მოიცავს შემდეგ სოციალურ და დემოგრაფიულ ცვლადებს: სქესი, ასაკი, განათლება, დასახლებული პუნქტის ტიპი, ეთნიკური და პარტიული კუთვნილება და ნივთების ფლობის ინდექსი. ეს უკანასკნელი შინამეურნეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ფართოდ გამოყენებადი მაჩვენებელია, რომელიც ითვლის, თუ რა ნივთებს ფლობს ესა თუ ის ოჯახი. ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შეესაბამება ნულოვან ქულას, მედიანა ექვსის, ხოლო ინდექსის მაქსიმალური მნიშვნელობა ათის ტოლია. ანალიზის რეპლიკაციის კოდი ამ ბმულიდანაა ხელმისაწვდომი.

ამ სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ავტორისეულია და არ ასახავს „CRRC-საქართველოს“ ან სხვა დაკავშირებული ორგანიზაციის პოზიციას.

The website is undergoing scheduled maintenance
This is default text for notification bar