Media logo
აფხაზეთი

Datablog | საქართველოს მოსახლეობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთ?

ფოტო: ნილ ჰაუერი/OC Media
ფოტო: ნილ ჰაუერი/OC Media

ტერიტორიული მთლიანობა საქართველოში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ყოველთვის ერთერთ მთავარ ეროვნულ საკითხად სახელდება. 2019 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში სოხუმთან და ცხინვალთან კომპრომისის მომხრეა.

საქართველოს მოსახლეობისთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჯერ ისევ მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ჩანს, მისი სიმწვავე იკლებს. 2009 წელს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ტერიტორიულ მთლიანობას მოსახლეობის 49% ასახელებდა ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად. 2019 წელს ჩატარებულ მსგავს გამოკითხვაში კი მხოლოდ 29% მიიჩნევს მთლიანობას მთავარ პრობლემად.

მიუხედავად სიმწვავისა, შედარებით ნაკლებია ცნობილი იმაზე, თუ რას ფიქრობს ქვეყნის საზოგადოება კონფლიქტების მოგვარებასა და ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის შესახებ.

„კავკასიის ბარომეტრის“ 2013 და 2019 წლის ტალღების მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობა მხარს ისეთ მოდელებს უჭერს, რომელიც ქვეყანას ტერიტორიულ მთლიანობას შეუნარჩუნებს. 2019 წელს, მოსახლეობის 87%-ს ერჩივნა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნის შემადგენლობაში ყოველგვარი ავტონომიის გარეშე დაბრუნებულიყვნენ, რაც 2013 წლის მაჩვენებელთან (82%) საკმაოდ ახლოსაა.

ამასთან, საზოგადოება კონფლიქტის მოგვარების სხვა შესაძლო ვარიანტების მიმართ უფრო მეტად მზადყოფნას გამოთქვამს. 2013 წელს მოსახლეობის მეოთხედი უჭერდა მხარს მოსაზრებას, საქართველოს და აფხაზეთს კონფედერაცია შეექმნათ. ამჟამად აღნიშნულ მოსაზრებას თითქმის ნახევარი ემხრობა. 

„კავკასიის ბარომეტრის“ 2019 წლის ტალღაში მოსახლეობის 43%-თვის მისაღები იყო კონფედერაციის შექმნა, სადაც სამხრეთ ოსეთი და საქართველო თანაბარუფლებიანი სუბიექტების სახით იქნებოდნენ წარმოდგენილები. 

2013 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მცხოვრებთა 57%-თვის მისაღები იქნებოდა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება ფართო ავტონომიის მინიჭების გზით. 2019 წლისთვის ეს მაჩვენებელი 67%-მდე გაიზარდა.

ვინ არის კომპრომისისთვის ყველაზე მეტად მზად? 

ამ საკითხის შესწავლისთვის შემუშავდა სტატისტიკური მოდელი, რომელიც წინასწარმეტყველებს კონფლიქტების მოგვარების სხვადასხვა მოდელისადმი მზაობის ხარისხს. 

ეს უკანასკნელი მაჩვენებელი წარმოადგენს ოთხბალიან სკალას, რომელიც შემდეგნაირად შემუშავდა: მათ, ვისთვისაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მისაღები იყო, მიენიჭათ ოთხი ქულა. ისინი, რომლებიც კონფედერაციის შექმნას დათანხმდებოდნენ, სამი ქულით შეფასდნენ; ავტონომიის მომხრეებს — ორი, ხოლო მათ, ვისაც ოკუპირებული ტერიტორიებისთვის რაიმე სპეციალური სტატუსის მინიჭებას არ ემხრობოდნენ — ერთი ქულა მიენიჭათ.

მონაცემთა ანალიზი გვაჩვენებს, რომ კომპრომისისკენ უფრო თბილისელები იხრებიან. საშუალოდ, თბილისელისთვის ამ ინდექსზე ოთხი ქულის მიღების ალბათობა ორჯერ უფრო მეტია (14%), ვიდრე — სოფლის მაცხოვრებლისთვის (7%). დედაქალაქში ასევე უფრო მაღალია სამი ქულის მიღების ალბათობა. 

იმის გამო, რომ „კავკასიის ბარომეტრში“ არ დასმულა კითხვა, იყო თუ არა რესპონდენტი იძულებით გადაადგილებული, ამის არაპირდაპირი ფორმით შესაფასებლად კონფლიქტის ზონიდან დაშორება იქნა გამოყენებული. 

მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვინც უშუალოდ აფხაზეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხოვრობენ, უფრო კომპრომისის ინდექსის უმაღლესი ქულის უფრო მაღალი შანსი აქვთ (18%), ვიდრე იმ რესპონდენტებს, ვინც კონფლიქტის ზონიდან ორმოც კილომეტრში, ან — უფრო შორს ცხოვრობენ (13%). 

აფხაზეთის სიახლოვეს მოსახლე რესპონდენტებს ასევე უფრო მაღალი შანსი ჰქონდათ, კომპრომისის ინდექსზე სამი ქულა მიეღოთ.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, აქ სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს. გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებთა შორის უფრო მაღალია დათმობებისადმი წინააღმდეგობა: მათ კომპრომისის სკალაზე 8 ქულის მიღების მხოლოდ 8% შანსი აქვთ.

საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო მეტად ემხრობა კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიულ მოდელებს. „კავკასიის ბარომეტრის“ უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ თბილისის მოსახლეობა შედარებით უფრო მეტადაა კომპრომისისადმი განწყობილი, სამაგიეროდ, მათი შეხედულებები, რომლებმაც კონფლიქტი საკუთარ თავზე გამოსცადეს, გაყოფილია. 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება წარსულთან შედარებით, დათმობებისთვის ახლა უფრო მზად ჩანს, ეს კონფლიქტების უახლოეს მომავალში გადაწყვეტას არ ნიშნავს. ქვეყნის პოლიტიკური ელიტისა და გამყოფი ხაზის მიღმა არსებული განწყობებიდან გამომდინარე, კონფლიქტის მოგვარების საკითხში რადიკალური გარღვევის შანსები საკმაოდ დაბალია.

შენიშვნა: ტექსტი ეფუძნება „კავკასიის ანალიტიკურ დაიჯესტში“ გამოქვეყნებულ სტატიას. 

მოცემული მოსაზრებები ავტორისაა და არ წარმოადგენს „CRRC-საქართველოს“ ან — რომელიმე სხვა დაკავშირებული ორგანიზაციის შეხედულებებს. სტატია მოამზადა დავით სიჭინავამ, „CRRC-საქართველოს“ კვლევების დირექტორმა.

კითხვის სიმარტივისთვის ვამჯობინებთ, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან თუ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ ინსტიტუტებთან და პოლიტიკურ თანამდებობებთან არ გამოვიყენოთ აღმნიშვნელები, როგორებიცაა „დე ფაქტო”, „არაღიარებული” ან „ნაწილობრივ აღიარებული”. ტერმინოლოგია არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას მათი პოლიტიკური სტატუსის შესახებ.

Related Articles

ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media
აფხაზეთი

რა საფრთხის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვის პროგრამა

V

აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თბილისში ყოველწლიურად ასობით პაციენტი ჩამოდის უფასო ჯანდაცვის სერვისების მისაღებად, რომლებსაც მათ საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს. თუმცა მას შემდეგ, რაც მთავრობამ დიაგნოსტიკის ხარჯების დაფინანსება შეწყვიტა, პროგრამის წარმატება საფრთხის წინაშე დადგა. პრობლემას ამძიმებს ადამიანების დაბალი ინფორმირებულობა პროგრამის შესახებ და წინააღმდეგობა, რომელსაც პაციენტები ცხინვალისგან აწყდებიან.  „როცა ჩამოვედი, არ ვიცოდი, ქართველებისგან როგორ რეაქციას მივიღებდი”, — ამბობს გ

ილუსტრაცია: დათო ფარულავა.
აგვისტოს ომი

მოსაზრება | დროა, საქართველომ აგვისტოს ომის ნარატივი გად

V

უკვე ათ წელზე მეტი გავიდა აგვისტოს ომის და ოცდაათი წელი საქართველოს პირველი ტერიტორიული კონფლიქტების შემდეგ. თუმცა ამ თემაზე დისკუსია მაინც უცვლელი რჩება. ჩიხიდან გამოსასვლელად საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ ამ კონფლიქტზე თავისი ხედვა და საუბარი უნდა შეცვალოს.  ვინ დაიწყო სამხრეთ ოსეთში ომი 2008 წლის აგვისტოში? 12 წლის შემდეგადაც აგვისტოს ომი სამხრეთ ოსეთში ამ კითხვას ვერ ცდება. როცა ადამიანები დღემდე ომის მსგავს სიტუაციაში ცხოვრობენ აგვისტოში ომი რომელმა გასროლამ დაიწყო ისეთი მნიშვნე

Nona’s lives right next to the fund’s building. Photo: Tamuna Chkareuli/OC Media
აფხაზეთი

ხმა აფხაზეთის საზღვრისპირა სოფლიდან — „აფხაზეთის ოკუპა

V

67 წლის ნონა ბუკია აფხაზეთის საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში ცხოვრობს. უკვე 11 წელია, რაც „სოხუმის ფონდის“ ხურჩას ფილიალის ხელმძღვანელია. ფონდის ძირითადი მიმართულება ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობაა. ეს უკანასკნელი, ნონას აზრით, პირდაპირ კავშირშია სიდუხჭირესთან, რომელიც სოფელში განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც სამი წლის წინ აფხაზეთმა გადასასვლელები ჩაკეტა. ხურჩა, რომელსაც აფხაზეთში მდებარე სოფელ ნაბაკევთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ჰქონდა, იზოლაციაში მოექცა. „ჩვენი სოფელი თითქმის

ხმა | „დევნილობა მე და ჩემს ოჯახს ორჯერ ხვდა წილად“
აფხაზეთი

ხმა | „დევნილობა მე და ჩემს ოჯახს ორჯერ ხვდა წილად“

V

ძირითადად სვანებით დასახლებული კოდორის ხეობა ერთადერთი კუთხე იყო აფხაზეთში, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომამდე აკონტროლებდა. თბილისში მოქმედი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანახმად, ხეობაში ომამდე დაახლოებით 2 860 ადამიანი ცხოვრობდა. სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას სახლ-კარის დატოვება თითოეულ მათგანს მოუწია. მას შემდეგ მხოლოდ მხოლოდ 55 ოჯახი დაბრუნდა. 62 წლის რაისა ხაჭვანიც დაბრუნების მოლოდინშია. „წარმოიდგინეთ, როცა კარგავ ყველაფერს, არაფერი გაქვს

Most Popular

Editor‘s Picks