fbpx

ხმა | „დევნილობა მე და ჩემს ოჯახს ორჯერ ხვდა წილად“

(ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media)

ძირითადად სვანებით დასახლებული კოდორის ხეობა ერთადერთი კუთხე იყო აფხაზეთში, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომამდე აკონტროლებდა. თბილისში მოქმედი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანახმად, ხეობაში ომამდე დაახლოებით 2 860 ადამიანი ცხოვრობდა. სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას სახლ-კარის დატოვება თითოეულ მათგანს მოუწია. მას შემდეგ მხოლოდ მხოლოდ 55 ოჯახი დაბრუნდა. 62 წლის რაისა ხაჭვანიც დაბრუნების მოლოდინშია.

„წარმოიდგინეთ, როცა კარგავ ყველაფერს, არაფერი გაქვს და ნულიდან იწყებ ცხოვრებას. ყველაფერი ეს მე და ამ კორპუსში მცხოვრებმა ბევრმა ადამიანმა ორჯერ გამოვცადეთ.

დევნილობა მე და ჩემს ოჯახს ორჯერ ხვდა წილად. თავიდან გულრიფშის რაიონის სოფელ ესტონკაში სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი. ომის ბოლო დღეებამდე ქალაქი არ დაგვიტოვებია. სიტუაციის დაწყნარებას, შერიგებას ველოდებოდით. 26 სექტემბერს კი წამოვედით (1992). ამასობაში მაჭარკის ხიდიც დაიკეტა.

რვა დღე და ღამე მიწაზე ვიწექით ბავშვებიანად, სექტემბრის ბოლო რიცხვები იყო. ბავშვები ცუდად გაგვიხდა. საჭმელი არ გვქონდა, არაფერი გვქონდა, არც პური. ძლივს გადავრჩით და ზემო აფხაზეთს შევაფარეთ თავი. ამის შემდეგ კოდორის ხეობაში დავიწყეთ ცხოვრება. უფრო სწორად, გავაგრძელეთ, რადგან ჩემი მეუღლე ზემო აფხაზეთიდან იყო წამოსული თავის დროზე გულრიფშში საცხოვრებლად. ძირძველი კოდორელია ჩემი მეუღლე.

(ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media)

„აფხაზებთან კარგი ურთიერთობა გვქონდა“

1992-1993 წლებში კოდორის ხეობა ვერ აიღეს აფხაზებმა, რადგან მალევე ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი დაჯგუფება, „მონადირე“, შეიქმნა. ხუთი თითივით იცნობდა ხეობის თითოეულ კუთხე-კუნჭულს ჩვენი ხალხი და ეს იყო ჩვენი სიძლიერე.  ჩემი მეუღლეც ამ დაჯგუფების წევრი იყო და საზღვარს იცავდა. სანამ მთავრობა კოდორის ხეობაში შინაგან ძალებს შეიყვანდა, აფხაზებიც ამოდიოდნენ ჩვენებთან და ჩვენებიც გადადიოდნენ მათთან, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

როცა გულრიფშის რაიონში ვცხოვრობდით, მახსოვს, აფხაზებთან კარგი დამოკიდებულება გქვონდა, სომხებთანაც, ყველასთან. იმ დღესაც კი, როცა საომარი მოქმედებები დაიწყო, იყო ეს ურთიერთობები.

1992 წელს ომამდე, ბოლო დღეებში, აფხაზებმა ჩუმი რაღაცები დაიწყეს. ერთი აფხაზი ქალი იყო და ის გვეუბნებოდა, თუ გაქვთ რამე ისეთი, რისი გადატანაც შეგიძლიათ, წაიღეთო. მაგრამ ამ ნათქვამისთვის  ყურადღება არ მიგვიქცევია, არც დავეჭვებულვართ. ბოლო დღემდე არ გვჯეროდა.

Advertisements

„გაქცევის დრო დადგა“

კოდორის ხეობაში, აეროპორტთან ახლოს ვცხოვრობდით, სოფელ გენწვისში. აგვისტოში (2008) ფოთი რომ დაბომბეს იმ საღამოს გარეთ ვიყავით გამოსულნი. მახსოვს, ჩემს მეუღლეს ვუთხარი, ეს მოგველის ჩვენც-მეთქი და ორი დღე არ გასულა, იგივე განმეორდა.

როცა დაბომბვები დაიწყო, მეუღლე არ იყო სახლში. მეზობელ სოფელში იყვნენ წასულები, მიცვალებული ქალი ესვენა. ის მკვდარი დატოვეს დაუმარხავი, გამოიქცა ხალხი. მერე უკვე როდესაც მიწყნარდა დამომბვები, ოჯახმა მიწის მიყრა ძლივს მოასწრო მიცვალებულისთვის.

ორივე ომი ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მახსენდება აგვისტოს დღეები, სრული ქაოსი სუფევდა, დაბნეულობა, საშინელება იყო. ჭიშკართან პირუტყვები მოგროვილიყვნენ და ბღაოდნენ, ძაღლებიც ერთ ამბავში იყვნენ. დაბომბვების დროს ხალხი ერთად ვიყავით, თავსაც ვიმხნევებდით და ერთმანეთსაც. ზოგი პურს სტაცებდა ხელს, ზოგი - ყველს და ტყეში გავრბოდით, თითქოს იქ ვემალებოდით ბომბებს.

სამხედროები ვეღარ გვიცავდნენ უკვე. მერე გასწრებაზე მიდგა საქმე, ვინ როგორ გაასწრებდა ხეობიდან გამოსვლას. თავიდან მხოლოდ ბაშვები და ქალები გამოვედით. რაც მეცვა, იმით წამოვედი. ისეთი მომენტი იყო იქ, ვერაფრის წამოღებას ვერ მოახერხებდი. ერთადერთი, რისი წამოღებაც მოვახერხე, ჯერ გულრიფშიდან, შემდეგ კი კოდორიდან, იყო ნაჩუქარი სუვენირი. მისი დატოვება არ შეგვეძლო და კიდევ ერთი ფოტოალბომი წამოვიღეთ.

(ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media)

ზოგი ფეხშიშველი იყო. ვინც შემოგვხვებოდა გზაზე, ავყრიდით მანქანაზე. თვითმფრინავებიც დაფრინავდნენ. დიდი მანქანა იყო ჩვენი; ხან ჩქარა მიდიოდა, ხან ჩერდებოდა. თვითმფრინავიც მოგვყვებოდა. სოფელ საკენში რომ გადმოვედით და გამოვიარეთ, ერთ ადგილას ბევრი საქონელი იყო და იქ დაეცა ბომბი.

ჩემი მეუღლე  და კაცების უმრავლესობა იმ დღეს არ წამოსულა იმიტომ, რომ სიტუაციის უფრო მეტად გამწვავებას არ ელოდნენ, მაგრამ აეროპორტის დაბომბვისა და მეზობლის სახლში ჭურვის დაცემის შემდეგ უკვე მიხვდნენ, რომ არ იქ გაჩერება არ შეიძლებოდა და ფეხით, ტყე-ტყე წამოვიდნენ.

ძალიან მგრძნობიარე ძაღლი გვყავდა და რომ მოვდიოდით კოდორიდან, ისე გვიყურებდა, თითქოს ტიროდა. ჩვენ როგორც კი გამოვედით, მოგვდევდა. მანქანს მოსდევდა და ჭუბერამდე წამოვიდა. ჭუბერში უკვე ვერ შეძლო მანქანასთან მოახლოება და დარჩა იქ.

ერთი თვის შემდეგ ჩემი მეუღლე დაბრუნდა ჭუბერში. მერე რომ მისულა იქ, ჩვენი ძაღლი დაუნახია ერთ ოჯახში. ჩემი ქმარი ყვება, რომ შევხედე და დავუძახეო: „სიმბა“. მოვიდა ჩემთან ახლოსო. მიყურა, მიყურაო და მერე თითქოს დამემდურა და ისევ გაბრუნდა უკანო. დავუძახე ისევ: „სიმბა“, მოდი ჩემთან, მოდი ჩემთანო“, მაგრამ მერე უკვე ჩემკენ არ წამოვიდაო.

(ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media)

მოსახლეობაში მსხვერპლი არ გვქონია, თუმცა ომის დროს კოდორის ხეობის ბევრი ბიჭი დაიღუპა. დაახლოებით, 40-მდე. ერთმა დაჭრილმა ჯარისკაცმა, კოდორელი იყო ის ბიჭი, ჭურვი დაიკავა ხელში და ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყო თავი აიფეთქა.

„რუსებმა გამოგვყარეს იქედან?“

როგორც ვიცით, ჩვენი სახლი ახლა იქ არ დგას. უპატრონობისგან ტყე მორევია და დაშლილა. კარგი სახურავები რომელ სახლსაც ჰქონდა, გადაუხდიათ და წაუღიათ რუს ჯარისკაცებს.

სულ სხვანაირი იყო იქაურობა, სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდით. კარტოფილი იყო თუ ლობიო, რასაც დათესავდი დუღდა და გადმოდუღდა ყველაფერი.

შვილიშვილებს ძალიან აინტერესებთ და მეკითხებიან: ბებო, რუსებმა გამოგვყარეს იქიდან?

სამი შვილი და ცხრა შვილიშვილი მყავს. შვილები ყველანი დაოჯახებულნი არიან.

საჰაერო დაბომბვამ დაგვარკარგინა კოდორი. ბომბდამშენებს ზევიდან რომ არ შემოეტიათ, ვერაფერს იზამდნენ და მოსახლეობაც საკუთარი ძალებით დაიცავდა საკუთარ მიწა-წყალს.

„ყველა ჩვენგანის ოცნება სახლში დაბრუნებაა“

სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ ბევრი დაბრუნდა, მაგრამ ჩვენს სოფელში არავინ არის. 30-ზე მეტი სოფელი იყო ხეობაში. ამბობენ, რუსებს სამხედრო ბაზა აუშენებიათ იქ.

ვერ ვეგუებით აქაურობას. მთელი კორპუსი რომ დავსხდებით და დავიწყებთ ლაპარაკს, აშკარაა, რომ ვერცერთი ვცხოვრობთ ბედნიერად აქ. ყველანი იქ დაბრუნებაზე ვოცნებობთ. სიზმრებში სულ მანდ ვართ, ჩვენს სახლებში.

ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ ეს ბინა მოგვცა მთავრობამ, რომელიც კერძო საკუთრებაში გვაქვს. მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ამ ბინაში. მე დიასახლისი ვარ, მეუღლე ჩინური კომპანიაში მუშაობს. ორივე პენსიონერები ვართ და მთავრობაც ყოველთვიური სოციალური პენსიით გვეხმარება, რომელიც 45 ლარია ($17).

არაა სწორი, იძახო დევნილი ვარო და მთავრობაზე დამოკიდებული იყო სულ. ამიტომ, როცა აქ ცხოვრება დავიწყეთ, ერთი ხბო ვიყიდეთ - შემდეგ ისინი გამრავლდნენ და ახლა შვიდი პირუტყვი გვყავს მთლიანობაში. ეს იყო ჩვენი ერთადერთი საარსებო, როცა ძალიან გვიჭირდა, აქვე ახლოს გვყავს ისინი, ყოფილი აეროპორტის ეზოში.

არავის ვუსურვებ დევნილობის გამოცდას. ეს იმხელა ტრავმაა. საბოლოოდ, ყოველივე ჯანმრთელობაზე მოქმედებს, უპირველეს ყოვლისა, ნერვებზე. ყოველ დღე და ღამე ვფიქრობთ და განვიცდით, სად ვიყავით და სად ვართ ახლა.

კოდორის ხეობაში, სახლის ეზოში ერთი მსხლის ხე გვედგა, აუზიც გვქონდა გაკეთებული და წყაროს წყალიც მოდიოდა. ამ ცხოვრებაში არაფერი მინდა, ოღონდ იმ მსხლის ძირში დამაჯინა და დამაბრუნა კოდორის ხეობაში.“

(ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media)

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-ს რედაქციის შეხედულებებს.