Media logo
აფხაზეთი

ხმა აფხაზეთიდან | „ომმა ყველაფერი წამართვა“

ხმა აფხაზეთიდან | „ომმა ყველაფერი წამართვა“
სტელა ადლეიბა (/OC Media)

სტელა ადლეიბა, 26 წლის, OC Media-ს ჟურნალისტი აფხაზეთში.

„მხოლოდ ერთი წლის ვიყავი, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო. მამა ფრონტზე გავიდა ომის პირველ დღეებში. ჩვენ მარტო დავრჩით: მე, დედა და ჩემი ძმა. რა თქმა უნდა, არაფერი მახსოვს, რა ხდებოდა იმ დღეებში, თუმცა მთელი ცხოვრება ვისმენდი ისტორიებს დედისგან და ძმისგან, თუ რა გამოვიარეთ იმ პერიოდში“.

[სტატია ინგლისურ ენაზე — Read in English]

[სტატია რუსულ ენაზე — Читайте на русском]

„ომის დაწყებიდან ორ თვეში, 22 ოქტომბერს, ის მოხდა, რამაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ამ დღეს მე და ჩემი 12 წლის ძმა ბებია და ბაბუასთან ერთად ვიყავით სოფელში. მამა ფრონტიდან სახლში დაბრუნდა ჩვენს სანახავად. დედა ქალაქში იყო. დიდი ეზო გვქონდა იმ სახლში, სადაც ჩემი ძმა მასეირნებდა ხოლმე საბავშვო ეტლით.

ორი მანქანა გაჩერდა ჩვენს ჭიშკართან. ქართველი სამხედროები გადმოვიდნენ. დაახლოებით 15 ადამიანი იყო, ჩვენი სახლისკენ აიღეს გეზი. როგორც ჩემი ძმა მიყვება, რაღაცნაირ არაადეკვატურ მდგომარეობაში იყვნენ, თვალები თითქოს შუშის ჰქონდათ. ალბათ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. თითქოს ვერ შეგვამჩნიეს, ისე ჩაგვიარეს და სახლში შევიდნენ.

მამა და ბაბუა სახლიდან ზურგზე იარაღით ეზოში გამოიყვანეს. ბებია ატირებული გამოჰყვა უკან, თუმცა იმ მომენტში არაფრის შეცვლა შეეძლო. ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. ჩემმა ძმამ ხელში ამიყვანა. ვიდექით და ვუყურებდით. ეს იყო უკანასკნელი დღე, როცა მამა და ბაბუა ვნახეთ და უკანასკნელი დღე, როცა ისინი გვხედავდნენ“.

„სიკვდილს არ ვუსურვებ; მინდა, იცოცხლონ და ყოველი დღე იტანჯებოდნენ“

„მათი გვამები სამი დღის შემდეგ იპოვეს. დედა მხოლოდ მაშინ მომიყვა, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი, როცა გავიზარდე. მათ სხეულებზე უამრავი ჭრილობა იყო ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული. თითები დასერილი ჰქონდათ და აშკარა იყო, რომ მათ მანქანით გადაუარეს. სწორედ ამიტომ დედამ ისინი ვერ ამოიცნო ნახვისთანავე.

სასტიკად და უგულოდ კლავდნენ მათ. ძალიან რთულია ჩემთვის ამაზე ფიქრი. საშინელებაა, წარმოიდგინო, რას გრძნობდნენ. მათი მკვლელების საქციელის გამართლება შეუძლებელია. სიკვდილს არ ვუსურვებ; მინდა, იცოცხლონ და ყოველი დღე იტანჯებოდნენ.

დედა მარტო დარჩა ორ ბავშვთან ერთად, როცა ომი მძვინვარებდა. მისი თქმით, ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი უარესი უკვე მოხდა, თუმცა ახალი განსაცდელი ჯერ კიდევ წინ გველოდა.

ვინაიდან მამა ომში იბრძოდა, მკვლელები მის ოჯახს უყურებდნენ, როგორც მტერს. ცოტა ხანში ისევ დაბრუნდნენ ჩვენთან“.

„პირზე ხელი ამაფარა, რომ ჩემი ტირილი არ გაეგოთ“

„როცა მკვლელები დაბრუნდნენ, ჩემი ძმა დაიმალა. დედამ ხელში ამიყვანა და ტყეში გაიქცა. გაგვიმართლა, რომ ჩვენი სახლი სოფელში ტყესთან ახლოს იყო. დაინახეს, რომ გარბოდა და გაეკიდნენ.

დედა ყვება, რომ ისე სწრაფად გარბოდა, ვერც კი შეამჩნია, ერთი მეტრი სიმაღლის ღობეს როგორ გადაახტა. ორმოში დამალვა მოახერხა. პირზე ხელი ამაფარა, რომ ჩემი ტირილი არ გაეგოთ.

ვერ გვიპოვეს იმ დღეს, თუმცა ჩვენი სახლი მთლიანად დაწვეს და ყველაფრის გარეშე დავრჩით. მთელი დღე ტყეში გავატარეთ. როცა ჩვენი ძებნა დაიწყეს, დედამ ბებიას ხმა გაიგონა, გვეძახდა, მაგრამ ხმა არ გასცა, რადგანაც ეშინოდა, რომ მკვლელები შეიძლებოდა, ბებიას გამოჰყოლოდნენ“.

სტელა ძმასთან ერთად. სურათი გადაღებულია ომის წინ (Stella Adleyba /Archive)

„ძლიერი უნდა ყოფილიყო — სხვა გზა არ იყო“

„ომი გრძელდებოდა. ჩვენ მეგობრებთან ვცხოვრობდით. დედა ცდილობდა, რაღაცები გაეყიდა, რომ საჭმელი გვქონოდა. ყველს ყიდულობდა ერთი მოხუცი ქალისგან და შემდეგ ყიდდა. ასე გაგვქონდა თავი.

როცა ომი დასრულდა, ყველას ეგონა, რომ ახალი ცხოვრება იწყებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზია იყო. მამა აღარ იყო. ბაბუა აღარ იყო. ჩვენს ოჯახს კი ახალი დარტყმა ელოდა.

ჩვენი ბიძა, დედაჩემის ძმა, სხვებს ეხმარებოდა ომისგან დარჩენილი ყუმბარების განაღმვაში. ამ დროს მან შემთხვევით აიღო ყუმბარა, რომელიც ხელში აუფეთქდა. მასთან ერთად ყველა სხვა ყუმბარაც აფეთქდა. რა თქმა უნდა, ბიძა გარდაიცვალა.

ეს კიდევ ერთი შოკი იყო ყველასთვის. დედა ამბობს, რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა, მაგრამ ჩემი და ჩემი ძმის შემხედვარე მიხვდა, რომ მის გარდა აღარავინ გვყავდა. ძლიერი უნდა ყოფილიყო — სხვა გზა არ იყო“.

„ყველა გადარჩენას ცდილობდა, როგორც შეეძლო“

„აფხაზეთში ხალხის ცხოვრება ისევ ორად იყოფა — ომამდე და ომის შემდეგ. ომის შემდეგ უბრალოდ არ იცი, საით წახვიდე. ნაცნობი ქუჩებისა და სახლების ნაცვლად ნანგრევებია. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გხვდებოდნენ, აღარ არიან. თვითონაც იცვლები. აღარაფერი აღარ იქნება ისე, როგორც — ადრე.

ომის შემდგომი პერიოდი აფხაზეთში ძალიან რთული იყო. ჩვენ არც სახლი გვქონდა, არც საბუთები, არც ტანსაცმელი. საჭმელიც არ იყო. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჰუმანიტარული დახმარებები რომ არ ყოფილიყო, ბევრი ალბათ შიმშილით მოკვდებოდა. სამუშაო არ იყო. ყველა გადარჩენას ცდილობდა, როგორც შეეძლო.

ხშირად მახსენდება მომენტები ჩემი ბავშვობიდან. მაგალითად, როცა სათამაშო მინდოდა, ან საჭმელი და დედას არ შეეძლო, ჩემთვის ეყიდა. მახსოვს დაახლოებით 6 წლის ვიყავი, როცა ბარბის თოჯინები პირველად გამოჩნდა აფხაზეთში. დედას ვთხოვე, ასეთი თოჯინა ეყიდა ჩემთვის, მაგრამ ფული არ ჰქონდა. ძალიან მწყინდა.

რა თქმა უნდა, ამას ღიმილით ვიხსენებ, მაგრამ ტკივილს ვგრძნობ. ახლა დედას ბოდიშს ვუხდი, რომ მაშინ ასეთ რაღაცებს ვთხოვდი. ის ხომ გაცილებით მეტად განიცდიდა, რადგანაც თავის შვილს ყველაფრით ვერ უზრუნველყოფდა“.

„შინაგანად ძალიან დიდი წყენა შემომრჩა ამ ომზე დღემდე“

„ყველა სირთულის მიუხედავად, დედამ შეძლო, გავეზარდეთ და მოეცა ყველაფერი, რაც შეეძლო. დღეს მე და ჩემი ძმა უზრუნველყოფილნი ვართ და შეგვიძლია, თავს იმის უფლება მივცეთ, რაც ადრე არ შეგვეძლო. მე მოგზაურობა მიყვარს, სამყაროს შესწავლა. შემიძლია, იმ ბარბის თოჯინებით სავსე სახლიც კი ვიყიდო.

გავთხოვდი. როგორც ზღაპარში, თითქოს ისეა ყველაფერი, თუმცა შინაგანად ძალიან დიდი წყენა შემომრჩა ამ ომზე დღემდე. ქორწილის დღეს მამაზე ვფიქრობდი, რომ იქ არ იყო და არ შეეძლო, საქორწინო კაბაში ვენახე.

წარმოვიდგენ ხოლმე, რომ სადღაც ზემოდან მადევნებს თვალს და ჩემი მიღწევები უხარია. თუმცა ტკივილი რჩება, რადგანაც შეუძლებელია რამის შეცვლა. მხოლოდ სხვა ომის შვილებს შეუძლიათ ჩემი გაგება; მათ, ვინც ისეთივე სიტუაციაში იყო, როგორშიც — მე. ომიდან თითოეულ მოგონებაზე მეტირება.

ხშირად ვეკითხები ჩემს თავს: რა იქნებოდა, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო? სულ სხვა ცხოვრება გქვენებოდა. მამა ჩემ გვერდით იქნებოდა. ძალიან მიყვარს მამა. ალბათ ჟურნალისტი არ ვიქნებოდი და არ დავინტერესდებოდი კონფლიქტოლოგიით. სულ სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი. მაგრამ სამწუხაროდ…“

„ამდენი განადგურებული სიცოცხლე“

„ნაციონალისტი არ ვარ. მე მჯერა, რომ ნორმალური ადამიანები არიან ქართველებს შორის, რადგანაც ნორმალური ადამიანი მეზობელს არ მოკლავს ეროვნების გამო. თუმცა იმაზე ფიქრი, რომ სადღაც ქართულ მიწაზე ჩემი ოჯახის მკვლელები დადიან, ძალიან მაღიზიანებს.

რომ შემხვედროდნენ სადმე, ალბათ ხელი არ ამიკანკალდებოდა, ისე მოვკლავდი. ისინი არ იმსახურებენ პატიებას. ამდენი დანგრეული ცხოვრება, ამდენი განადგრუებული სიცოცხლე — ეს არასდროს დაგვავიწყდება!

რანაირადაც არ უნდა ვცადო, ვერ ვაპატიებ ამ ადამიანებს. მათ სრულყოფილ ოჯახთან გაზრდის ბედნიერება წამართვეს. მათ მამა მომიკლეს და ამით სამუდამოდ შეცვალეს ჩემი ცხოვრება“.

[წაიკითხეთ ხმა საქართველოდან: „აფხაზების მიმართ ბრაზი არ მაქვს“]

Related Articles

ილუსტრაცია: დათო ფარულავა/OC Media
აფხაზეთი

რა საფრთხის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვის პროგრამა

V

აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თბილისში ყოველწლიურად ასობით პაციენტი ჩამოდის უფასო ჯანდაცვის სერვისების მისაღებად, რომლებსაც მათ საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს. თუმცა მას შემდეგ, რაც მთავრობამ დიაგნოსტიკის ხარჯების დაფინანსება შეწყვიტა, პროგრამის წარმატება საფრთხის წინაშე დადგა. პრობლემას ამძიმებს ადამიანების დაბალი ინფორმირებულობა პროგრამის შესახებ და წინააღმდეგობა, რომელსაც პაციენტები ცხინვალისგან აწყდებიან.  „როცა ჩამოვედი, არ ვიცოდი, ქართველებისგან როგორ რეაქციას მივიღებდი”, — ამბობს გ

ფოტო: ნილ ჰაუერი/OC Media
აფხაზეთი

Datablog | საქართველოს მოსახლეობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთ?

V

ტერიტორიული მთლიანობა საქართველოში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ყოველთვის ერთერთ მთავარ ეროვნულ საკითხად სახელდება. 2019 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში სოხუმთან და ცხინვალთან კომპრომისის მომხრეა. საქართველოს მოსახლეობისთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჯერ ისევ მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ჩანს, მისი სიმწვავე იკლებს. 2009 წელს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხ

ილუსტრაცია: დათო ფარულავა.
აგვისტოს ომი

მოსაზრება | დროა, საქართველომ აგვისტოს ომის ნარატივი გად

V

უკვე ათ წელზე მეტი გავიდა აგვისტოს ომის და ოცდაათი წელი საქართველოს პირველი ტერიტორიული კონფლიქტების შემდეგ. თუმცა ამ თემაზე დისკუსია მაინც უცვლელი რჩება. ჩიხიდან გამოსასვლელად საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ ამ კონფლიქტზე თავისი ხედვა და საუბარი უნდა შეცვალოს.  ვინ დაიწყო სამხრეთ ოსეთში ომი 2008 წლის აგვისტოში? 12 წლის შემდეგადაც აგვისტოს ომი სამხრეთ ოსეთში ამ კითხვას ვერ ცდება. როცა ადამიანები დღემდე ომის მსგავს სიტუაციაში ცხოვრობენ აგვისტოში ომი რომელმა გასროლამ დაიწყო ისეთი მნიშვნე

Nona’s lives right next to the fund’s building. Photo: Tamuna Chkareuli/OC Media
აფხაზეთი

ხმა აფხაზეთის საზღვრისპირა სოფლიდან — „აფხაზეთის ოკუპა

V

67 წლის ნონა ბუკია აფხაზეთის საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში ცხოვრობს. უკვე 11 წელია, რაც „სოხუმის ფონდის“ ხურჩას ფილიალის ხელმძღვანელია. ფონდის ძირითადი მიმართულება ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობაა. ეს უკანასკნელი, ნონას აზრით, პირდაპირ კავშირშია სიდუხჭირესთან, რომელიც სოფელში განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც სამი წლის წინ აფხაზეთმა გადასასვლელები ჩაკეტა. ხურჩა, რომელსაც აფხაზეთში მდებარე სოფელ ნაბაკევთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ჰქონდა, იზოლაციაში მოექცა. „ჩვენი სოფელი თითქმის

Most Popular

Editor‘s Picks