fbpx

ხმა ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტიდან | „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“

მ. მ.,  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მცხოვრები, 47 წლის.

„კონფლიქტის ფასი უზარმაზარია. უზარმაზარი ფასი გაიღო ყვე­ლამ. პირადად მე უფრო ფსიქოლოგი­ური ფასი გავიღე, ძალიან დიდი ტრავმა მივიღე. საერთოდ ყველ­აზე საუკეთესო რაც გამაჩნდა, ნუ საუკეთესო პერიოდი ცხოვრებისა — ხალგაზრდობა, ამ კონფლიქტმა შეიწირა. მთელი ჩემი ცხოვრება მტანჯავს და ალ­ბათ დამტაჯავს.“

კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები — ქართულ-ოსური კონტექსტი არის ამბების სერია მოყოლილი იმ ადამიანების მიერ, ვინც კონფლიქტის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოექცა, მათი თვალით დანახულ კონფლიქტი და საფასური, რისი გაღებაც მათ მოუხდათ და დღემდე უხდებათ. სერია არის გაგრძელება ჯორჯ მეისონის უნივერსისტეტის ანალიტიკური სტატიე­ბის კრებულისა „კონფლიქტის საფასური: ქართულ­-სამხრეთ ოსური კონტექსტი“.

„დავიბადე ქარელის რაიონის სოფელ დვანში და თავიდან, პირვე­ლი კლასიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, დვანში ვსწავლობდი, ჩემს მშობლიურ სოფელში. მეექვსე კლასის შემდეგ სწავლა გავაგრძელე ქალაქ ცხინვალის მეოთხე საშუალო სკოლაში. ვიყავი საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამსახური გავიარე და ამის შემდეგ ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე, სადაც მომიწია სწავლა მხოლოდ ერთი წლის განმალობაში. პირვე­ლი კურსი დავამთავრე და შემდეგ უკვე მოხდა ეს ეთნიკური კონფ­ლიქტი, რომელმაც შემდგომში შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ამ დონემდე მიგვიყვანა დღევანდელი ქართველებიც და ოსებიც. ეს მოძმე ეთნიკური წარმომადგენლები.

კონფლიქტი გაღვივდა და განსა­კუთრებით მძაფრი ხასიათი მიიღო. ეს იყო 1990 წლის 23 ნოემბერი. 24 ნოემბერს დილით რომ გავიღვიძეთ, აღმოჩნდა, რომ მეზობელი სოფელი, მუგუთი, უკვე პიკეტირებული იყო. რაღაც სპონტანურად გაკეთებული, რამდენიმე კაცის მიერ შექ­მნილი. ამას მოჰყვა საპასუხო პიკეტი აქედან. აი, შემდგომში უკ­ვე დაიწყო „პიკეტების ეპოქა“. ეს ჯერ კიდევ არ იყო გადაზრდილი მძაფრ დაპირისპირებაში.

ჯერ კიდევ ხალხი როგორ იყო, იცით? მაინც კანონის ეშინოდათ, თანდათა­ნობით იწყებოდა რღვევა კანონიერების. ამას თანდათანობით უკვე მოჰყვა გამძაფრება ორივე მხრიდან. ყველაფერი ეს უკვე მზარდი ხასიათის და ძალიან უარყოფითი შედეგების მომტანი იყო, რასაკვირველია, ორივე მხრისათვის, როგორც ქართული მხარისათვის, ისე ოსური მხარისათვის, იმიტომ რომ კონფლიქტს სიკეთე არასოდეს არვისთ­ვის არ მოუტანია. ირღვეოდა ის საუკუნოვანი რამ, რასაც ჰქვია ნათესაობა, სიყვარული და ეთნიკური თანაცხოვრების ხანგძ­ლივ პერიოდში ჩამოყალიბებული ურთიერთობები.

„ხალხის ცნობიერება უკვე გადავიდა რაღაცა გაუგებარ საომარ რეჟიმზე“

ქართველები და ოსები იყვნენ დანათესავებული ერები და ჩემს ბავშვობაში არასოდეს გამიგია, რომ ზღვარი ყოფილიყოს, რომ ეს ოსია, ის ქართველია. იყო ძალიან ბევრი, უამრა­ვი შერეული ოჯახი და ფაქტობრივად არაფერი დისკომფორტის მომ­ტანი ეს ადრე არავისთვის ყოფილა. ზუსტად ამ პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა ეს ხალხი, რაც იყო ძალიან თავზარდამცემი ბევრი ადამიანისათვის და, თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახების რღვევაც კი დაიწყო. აი, ქართულ-­ოსური ოჯახები რომ იყო, ცოლი და ქმარი რომ ეთნიკუ­რად განსხვავებულები იყვნენ, დაფიქსირდა ასეთი შემთხვევებიც, რომ დაირღვა ეს ოჯახები.

ჩემს სოფელს შეეხო ისე, როგორც მაშინ რეგიონში არსებულ ყველა სოფელს. ხალხის ცნობიერება უკვე გადავიდა რაღაცა გაუგებარ საომარ რეჟიმზე. ხალხის მენტალური გარდაქმნა ხდებოდა თვალსა და ხელს შუა და ეს მენტალური გარდაქმნა არ იყო სულაც პროგრესული, პირიქით, ის იყო რეგრესული, იმიტომ, რომ ეს იყო ძალადობაზე, შურისძიე­ბაზე, რევანშზე დაფუძნებული და ეთნიკურ ზიზღზე დაფუძნებუ­ლი გარდაქმნა. საშინელება იყო. აი, ეს მაშინდელი ფესვები მერე შემდგომი თაობისათვის უკვე ძალიან ცუდად აისახა ადამიანის მენტალობაზე, ხაზს ვუსვამ, ორივე მხარეს.

„უაზ­რო კონფლიქტი. უაზრო სისხლისღვრა, მსხვერპლით“

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მერე შენელდა ეს კონფლიქტი. ამის შემდეგ, როცა უკვე ვნებები ჩაცხრა, ხალხ­მა დაიწყო ფიქრი, ზოგადად გაცნობიერება იმისა, თუ რა ხდებოდა ამ ორ ეთნოსს შორის. ძალიან ბევრი, მართალია, კულუარულად, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი აღიარებდა, რომ ეს იყო უაზ­რო კონფლიქტი. უაზრო სისხლისღვრა, მსხვერპლით. დაიწყო ურთიერთო­ბის ნელ­ნელა აღდგენა.

მე გავიხსენებ ჩიბი­როვის პრეზიდენტობის პერიოდს, თითქმის აღარაფერი არ აკლდა, რომ ეს გაფორმებულიყო იურიდიულადაც, რომ რაღაცა სამშვიდო­ბო ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერათ და მქონდა იმედი, რომ ეს ყველაფერი ასე იქნებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოხდა ასე. სამწუხაროდ, გამოჩნდებოდ­ნენ ხოლმე ის რეაქციული ელემენტები, რომლებიც იყვნენ ძალიან ცოტანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამინდის შეცვლა შეძლეს. გამოჩდებოდნენ და იყო პროვოკაციული გამოხტომები ორივე მხრიდან. ეს პროვოკაცული გამოხტომები ისევ ხელახლა ამ რუდუნებით ნაშენებ მშვიდობას ანგრევდა და ისევ იწყებოდა მშვიდობისათვის ბრძოლა და ეს პროცესი ასე გრძელდებოდა.

შემდგომ უკვე ეს მეორე ფაზა 2004­ წლიდან დაიწყო: დაძაბულობები, პროვოკაციები, ორმხრივი პროვოკაციები. იფეთქებდა დაძაბულობა, რომელიც გადაიზრდებოდა ორმხრივ სროლაში, კონფლიქტში, სისხლისღვრაში, შემდეგ ჩაცხრებოდა, თითქოს გავიდოდა რამდენიმე თვე, თითქოს მშვიდობა დამყარდა მერე ისევ თავიდან დაიწყებოდა.

„ძალი­ან მტკივნეულად აღვიქვი მისი დაღუპვა”

2008 წელი ეს არის ყველაზე საშინელი სიზმარი, რომელიც კი შეიძლება, ადამიანს დაესიზმროს და ნახოს. როდესაც დაიწყო ეს საშინელი ომი, გავედით, დავტოვეთ სოფელი იმიტომ, რომ აღარ შეიძლებოდა აქ გაჩერება. ორი თვის შემდეგ, როცა უკვე ქართული პოლიცია შემოვიდა და რუსულმა ჯარებმა ჩვენი სოფლის ტერიტორია დატოვეს, მაშინ დავბრუნდით საცხოვ­რებლად. გაპარტახებული დაგვხდა სოფელი. დაახლოებით ხუთი ათეული სახლი დამწვარი, განდგურებული, მიწასთან გასწორებული, გაძარცვული იყო სოფელი.

იყო მსხვერპლი, დაიხოცა ხალხი. პირადად ჩემი ბიძა, მამა­ჩემის ძმა მოკლეს ამ შეტაკებაში. ყველაზე მძიმე ჩემთვის რაც იყო, ჩემი ყოფილი მოსწავლე იყო გარდაცვლილი, რომელიც ამ დროს ქართულ არმია­ში მსახურობდა. ძალი­ან მტკივნეულად აღვიქვი მისი დაღუპვა, პატარა, თვრამეტი წლის ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვა.

ჩემი სახლი არ იყო დამწვარი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, აქ „ჩემი“ და „შენი“ რა გასარჩევია. ჩემი იყო იგივე, რაც სხვისი. და მე ვფიქრობ, რომ მთელი ამ კონფლიქტის განმავ­ლობაში ოსურ მხარესაც დამწვარი, განადგურებული, მოკლული ადამიანიც ჩემი იყო და ქართულ მხარესაც. ეს იმიტომ, რომ საერ­თოდ უაზრობა იყო ეს კონფლიქტი.

„ორ მოძმეს შორის ხიდჩატეხილობა“

2013 წელს, შემდგომში, უკვე მოხდა ბორდერიზაცია რუსული რეჟიმის მიერ. ჩვენს სოფელსა და მეზობელ სო­ფელს, ოსურ სოფელს, მუგუთს, შორის არსებობდა საზღ­ვარი მამაპაპითგან დადგენილი, აი, ეს საზღვრები დაარღვიეს რუ­სულმა საოკუპაციო ძალებმა. ეს ქართული, სულ ჩვენი სოფლის მიწები მოაქციეს ე.წ საზღვრის მიღმა. პირადად ჩემი ნაკვეთიც, ერთი ჰექტარი ნაკვეთი მოექცა ამ საზღვრის მიღმა, დავრჩი ნაკვეთის გარეშე. სოფელში მოგეხსენე­ბათ, სასოფლო-­სამეურნეო მიწის გარეშე ცხოვრება გლე­ხისთვის რას წარმოადგენს. დაახლოებით 70 ჰექტარი სოფლის ნაკვეთი მოექცა იქით. მოაქციეს თავისი მავთულხლართების იქით.

კონფლიქტის ფასი უზარმაზარია. უზარმაზარი ფასი გაიღო ყვე­ლამ. პირადად მე უფრო ფსიქოლოგი­ური ფასი გავიღე, ძალიან დიდი ტრავმა მივიღე. საერთოდ ყველ­აზე საუკეთესო რაც გამაჩნდა, საუკეთესო პერიოდი ცხოვრებისა – ახალგაზრდობა, ამ კონფლიქტმა შეიწირა. მთელი ჩემი ცხოვრება მტანჯავს და ალ­ბათ დამტაჯავს. გასულ ზაფხულს ინფარქტი გადავიტანე, გულის შეტევა მქონდა, კინაღამ სიცოცხ­ლესაც გამოვესალმე. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს იყო ამ მრავალწლიანი ნერვიულობის შედეგი, რასაც მთელი ამ წლების მანძილზე ვუყურებდი ჩემი თვა­ლით, განვიცდიდი, მტკიოდა და ეს, რასაკვირველია, ჯანმრთელო­ბაზე აისახა.

რაც შეეხება ახლა მატერიალურ საფასურს, მატერიალური სა­ფასური უფრო ნაკლებად სალაპარაკოა. მატერიალური საფასუ­რია თუნდაც ის, რომ ჩემი ოჯახი დარჩა მიწის ნაკვეთის გარეშე, შე­მოსავლის გარეშე. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს უფრო ნაკლებად სანერვიულოა, ვიდრე ის, რომ ჩვენ ორ მოძმეს შორის ასეთი ხიდჩატეხილობაა. ყველაზე ძალიან მტკივა ის, რომ ჩვენი შვილები, ჩემი თაობის შემდგომი თაობა, ჩვენი შვილები, დაიზრდებიან ისე, რომ ცხინვალის ქუჩებში არსოდეს იქნებიან გავლილები და ცხინვალში დაიზრდება ის თაობა, რომელიც აქეთ, ჩვენსკენ, არ იქნებიან გავლილები. ისინი გაუცხოებუ­ლები იქნებიან ერთმანეთის მიმართ და მათ არ ეცოდინებათ, არც დაიჯერებენ, რა სითბო და სიყვარული, არსებობდა ოდითგანვე ქართველებსა და ოსებს შორის. ეს საფსურია. უდავოდ საფასურია, ასე არ არის?

და ცალმხრივი და ტენდენციური რომ არ ვიყო, ვიტყვი, რომ ასე­თივე საფასურის გადახდა მოუწია მეორე მხარესაც. ომს ძალიან დიდი მუცელი აქვს და, აი, ომის მუცლის ამოსავსებად ძალიან დიდი საფასურის გადახდა მოუწია, როგორც ქართულ, ისე - ოსურ მხარეს.

„ერთმანეთს ისევ გაუღებენ გულს“

ამჟამად ვცხოვრობთ სოფელში და სოფლის გარ­შემო მავთულხლართებია. ხანდახან გვგონია, რომ სადღაც გეტოში, შემოღობილ კოლონიაში ვართ. ასე მგონია, რომ ახლა ამ ორი ერის ნათესაობას, სიყვარულს, იმ ფესვებს ეს რკინის მავთულხლარ­თები ვერ განაცალკევებს. მოვა დრო, როცა მავთულხლართები ჩა­იჭრება და ქართველები და ოსები ერთმანეთს ისევ გადაეხვევიან და გადაკოცნიან და დაივიწყებენ იმ ავბედით წარსულს და ერთმანეთს ისევ გაუღებენ გულს და ერთად იცხოვრებენ.

ჩემს მოსწავლეებს ვცდილობ, ყოველთვის ვუთხრა, რომ ძალადობა და ომი არის საშინელება. ვცდილობ, რომ არასო­დეს იფიქრონ, რომ ვიღაცა მათი მტერია. მათი მტერი იქნება ის, ვინც მოუწოდებს მათ ძალადობისა და ვიღაცის სიძულვილისკენ და მათ სხვა მტერი არავინ არ ეყოლებათ. არ შეიძლება, ადამიანი იყოს მტერი რაღაცა ეთნიკური ნიშნით, ან რაღაცა პოლიტიკური ნიშნით.

დარწმუნებული ვარ, უბრალოდ დროის ამბავია, რომ ქართველები და ოსები ისევ ერთად იცხოვ­რებენ. მაგრამ ამას უნდა დრო. ყველა გზა უნდა მოვსინჯოთ, აუცილებლად ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგეს. მე მოვუწოდებდი ახლა ყველა პროგრესიულად მოაზროვნე ოსს, რომ ერთმანეთს დავუდგეთ მხარში და ვუთხათ ერთანეთს ის, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

[წაიკითხეთ ხმა კონფლიქტის მეორე მხრიდან: ა. ჯ., ქ. ცხინვალის მცხოვრები, 34 წლის — „რაც ყოველთვის იყო და იქნება — ეს არის მტრის მხარეს მდგარი იარაღიანი ადამიანების მიმართ სიძულვილი“]

პუბლიკაცია რედაქტირებული ვერსიაა გოგა აფციაურის სტატიისა, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისთვის მომზადდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-სა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შეხედულებებს.

Fierce, independent journalism

Let’s be honest, the media situation in the Caucasus is grim. Every day we are accused of ‘serving the enemy’ whoever that enemy may be. Our journalists have been harassed, arrested, beaten, and exiled. But nevertheless, we persevere. For us this is a labour of love. Unfortunately, we cannot run OC Media on love alone, journalism is expensive and funding is scarce. Our sole mission is to serve the interests of all peoples of the region. Support us today and join us in the fight for a better Caucasus.

Support Us