fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

საქართველოში ჰომოფობიასთან გასამკლავებლად საჭიროა, სიძულვილის წინააღმდეგ გავერთიანდეთ

17 მაისი, 2017 წელი, თბილისი.  (ლუკა პერტაია /OC Media)
ნათია გვიანიშვილი ლესბოსელი ფემინისტი აქტივისტი და მკვლევარია საქართველოდან. ის წარმოადგენს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს (WISG) და არის ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის ერთერთი დამფუძნებელი.

ლგბტ აქტივიზმმა საქართველოში ბევრი დადებითი ცვლილება მოიტანა, მაგრამ საზოგადოებაში მზარდი ჰომოფობიის პირობებში მოძრაობაში შემავალი ჯგუფების ერთმანეთთან თანამშრომლობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

გასულ წელს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ლგბტ თემის ხილვადობის თვალსაზრისით: თბილისის საკრებულოს არჩევნებში გამოჩნდა პირველი ღიად ლესბოსელი კანდიდატი და რესპუბლიკურმა პარტიამ (რომელმაც ასევე წარადგინა ზემოხსენებული კანდიდატი) გამოაქვეყნა საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც სამოქალაქო პარტნიორობის საკითხს მიმოიხილავდა.

ორივე ინიციატივამ კრიტიკა დაიმსახურა. კერძოდ, რესპუბლიკურ პარტიას ბრალი დასდეს  პროგრესულად მოაზროვნე ამომრჩევლის მოთაფლვაში (თუმცა ეს ნამდვილად არ ეხება კონსერვატიულად განწყობილ უმრავლესობას). ბევრი ასევე ამბობდა, რომ სამოქალაქო პარტიორობაზე საუბარი უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა იყო. კრიტიკის მიუხედავად, ეჭვგარეშეა, რომ ქვიარ აქტივიზმმა საქართველოში გარკვეულ შედეგებს უკვე მიაღწია და ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე დაიწყო გადასვლა.

გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრია. ჰომოფობიის დონე საზოგადოებაში წლიდან წლამდე იზრდება. ლგბტ თემის ყოველი მესამე წევრი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხდება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო. გასული ათწლეულის მანძილზე სხვადასხვა ორგანიზაციის (CRRC, NDI, ACT) მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ლგბტ ადამიანებისადმი დამოკიდებულება უკიდურესად უარყოფითია და რესპონდენტების 90%-ზე მეტი ჰომოსექსუალობას, როგორც წესი, მიუღებლად მიიჩნევს.

თუმცა ჰომოფობიური გარემო არ არის ერთადერთი წინაღობა, რომელსაც ქართული ლგბტ მოძრაობა დღესდღეობით აწყდება. ის პრობლემები, რომელსაც მოძრაობის შიგნით ვაწყდებით, ასევე გვხევს უკან.  

არასამთავრობოებზე ორიენტირებული აქტივიზმი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე — სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის საჭირო რესურსების გამოყოფა დაიწყეს. ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად ჯგუფები, რომლებსაც სურდათ, რომ ფინანსური დახმარება მიეღოთ, არასამთავრობო ორგანიზაციებად უდნა დარეგისტრირებულიყვნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელ საქართველოში აქტივიზმი უკვე ინსტიტუციონალიზებული ფორმით გაჩნდა.

მოკავშირე ადამიანის უფლებათა ჯგუფებთან ერთად, სათემო ლგბტ ორგანიზაციებმა ბევრს მიაღწიეს, მათ შორის — ლგბტ თემის უფრო აქტიურ მობილიზაციას (რომელიც ამჟამად რეგიონებზეც ვრცელდება), დადებით საკნონმდებლო ცვლილებებსა და კანონების უკეთეს იმპლემენტაციას. ლგბტ ადამიანების მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეგროვებამ და ანალიზმა ასევე რეგულარული ხასიათი მიიღო და თემის ხილვადობა ამაღლდა.

Advertisements

თუმცა თავად მოძრაობამ ასევე საკმაოდ ფრაგმენტული ხასიათი მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოძრაობის ბირთვს წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ სამთავრობო სტრუქტურებთან კავშირის დამყარება და მეტად მიუწვდებათ ხელი საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორიცაა გაეროს, ევროკავშირის სტრუქტურები და სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული კონკურენცია უფრო მაღალია, ხოლო ის მეთოდები, რომელთა გამოყენებაც არასამთავრობოებს აქტივიზმში შეუძლიათ — შეზღუდული. დღესდღეობით საქართველოში ოთხი სათემო ორგანიზაცია მუშაობს და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ლგბტ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ერთმანეთის მსგავს ინსტრუმენტებს იყენებენ, მათ ჯერ კიდევ სასწავლი აქვთ ერთმანეთთან თანამშრომლობა.

სინერგიების ნაკლებობა ალბათ ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ თემის გაძლიერებას სისტემური ხასიათი არ აქვს, რაც ხელს უშლის უსაფრთხო სოციალიზაციის სივრცეების შექმნას, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სისტემურ უზრუნველყოფას და გენდერსა და სექსუალობაზე სწორი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელებას. საერთაშორისო დონორების უმრავლესობა თვლის, რომ სერვისის მიწოდების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოძრაობას უჭირს მსგავსი სერვისების დაფინანსება. თუმცა არც მთავრობა და არც საზოგადოება არ არის ამჟამად მზად, რომ მსგავს ინიციატივებს დაუჭიროს მხარი.

სერვისის მიწოდებასა და თემის გაძლიერებაზე მეტი ფოკუსის გარეშე იმ სამუშაოს მნიშვნელობა, რომელსაც ვწევთ ლობირება-ადვოკატირებისა და სამართალწარმოების სახით, რელევანტობის ნაწილს კარგავს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალადობასა და შევიწროებას ყოველდღიურად განიცდის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გაუმჯობესებული კანონმდებლობა გვაქვს, მაგრამ თემის ბევრი წევრი ვერ ახერხებს მის გამოყენებას. ამას მხოლოდ სოლიდარობამ და თემში რესურსების გაზიარებამ შეიძლება, უშველოს.

სათემო აქტივიზმი

(ლუკა პერტაია /OC Media)

არასამთავრობო ორგანიზაციები, თავისი ბუნებით, შეზღუდულნი არიან პოლიტიკური მეთოდების არჩევანში და უწევთ აქტივიზმის ისეთ ფორმებს მოერიდონ, რომელიც რადიკალურად ან სარისკოდაა აღქმული. ასეთია, მაგალითად, პოლიტიკოსებისთვის ქსენოფობიურ განცხადებებზე უფრო აგრესიულად მითითება, დონორების პოლიტიკის გაკრიტიკება, შენობების დაკავება, განსაკუთრებით, კერძო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებთან დაპირისპირებისას.

მდგომარეობამ შეცვლა 2011 წელს დაიწყო, „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ დაარსების შემდეგ. ეს პირველი ჯგუფი იყო, რომელმაც გადაწყვიტა, არასამთავრობო ორგანიზაციად არ დარეგისტრირებულიყო, მათ შორის, ზემოხსენებული შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად. დღესდღეობით მეტი ჯგუფია, რომელიც მსგავს სტრატეგიას მიყვება. მაგალითად „ახალგაზრდა მწვანეები“ (მიუხედავად პოლიტიკურ პარტიასთან ფაქტობრივი კავშირისა, მუშაობენ უფრო სათემო აქტივიზმზე, ვიდრე — ლობირება-ადვოკატირებაზე) და „ქალთა მზერა“, რომელთა დღის წესრიგიც მოიცავს ქვიარ საკითხებს.

აქტორების ამგვარი გამრავალფეროვნება კარგია, რადგან მობილიზაციის უფრო მაღალ დონეს იწვევს და პროცესებს უფრო ჰორიზონტალურს ხდის. ამის დადებითი შედეგი ვიხილეთ 2017 წლის ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციის დაგეგმვის დროს.

მას შემდეგ, რაც 2012 და 2013 წლის მშვიდობიანი დემონსტრაციები დაარბიეს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვიჭირდა იმ სივრცის ხელახლა დაკავება, რომელიც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და ქსენოფობიურმა ჯგუფებმა წაგვართვეს.

ამ წლების მანძილზე საკმარისი შეურაცხყოფა და გულისტკენა განვიცადეთ იმისათვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს (როგორც სათემოს, ისე — ზოგადად ადამიანის უფლებებზე მომუშავე), ცალკეულ აქტივისტებსა და ფემინისტურ ჯგუფებს, ერთად დაგვეორგანიზებინა 2017 წლის დემონსტრაცია.

თავად დემონსტრაცია, თავისი უსაფრთხოების ზომებითა და მრავალრიცხოვანი შეზღუდვებით, სადავო საკითხად რჩება, თუმცა, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ისაა, რომ განსხვავებული ჯგუფები გაერთიანდნენ ამ ღონისძიების დასაგეგმად. ეს იყო ნათელი მესიჯი საზოგადოებისა და მოძრაობისთვის, რომ მსგავსი გადამწყვეტი საკითები არ შეიძლება, ერთი ან ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ან ჯგუფის დღის წესრიგამდე დავიყვანოთ. ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგი უნდა იყოს.

შემდეგი ნაბიჯები

მნიშვნელოვანია, ყველამ გავითავისოთ, რომ აქტივიზმის ერთადერთი სწორი ფორმა არ არსებობს და სხვადასხვა სტრატეგია და ტაქტიკა უნდა თანაარსებობდეს. მაგრამ ერთი რამ არის სრულიად გადამწყვეტი — ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან კომუნიკაცია და კოორდინაცია. ამ საკითხებზე საუბარი დაწყებულია, თუმცა საჭიროა, უფრო სისტემური მიდგომა შევარჩიოთ, განსაკუთრებით, მოძრაობის დღის წესრიგის განსაზღვრაში.

კომუნიკაციის უნარი ჩვენს ქვეყანაში არც სამოქალაქო და არც სახელმწიფო სექტორის ძლიერ მხარეს არ წარმოადგენს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შევარჩიოთ კომუნიკაციის ისეთი ფორმები, რომელიც, თემის ფრაგმენტაციის ნაცვლად, მის კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. რაც უფრო მეტი გაძლიერებული ადამიანი გვეყოლება მოძრაობაში, რომელიც მზად იქნება, საკუთარი და სხვისი უფლებები დაიცვას, მით უფრო ეფექტურად შევძლებთ სიძულვილის წინააღმდეგ გაერთიანებას.

ცხადია, რომ ყველას განსხვავებული აზრი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ბრძოლა, მაგრამ, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს ეს აზრები ერთმანეთისგან, ჩვენ ერთმანეთს უნდა ველაპარაკოთ. უკვე დიდი სამუშაო გავწიეთ იმისათვის, რომ სივრცე გახსნილიყო და სუნთქვის საშუალება გვქონოდა — ახლა კი ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და შეიძელბა, არ გამოხატავდეს OC Media-ს შეხედულებებს.

Right now, online media in Georgia is in dire need of safety equipment, legal support, and technology as we cover increasingly challenging circumstances. Support small, independent media outlets in Georgia via our collective fundraiser.

Interested in directly assisting OC Media? Consider becoming a member.