fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

აფხაზი ახალგაზრდები: „საქართველოსთან მომავალი არ გვაქვს“

აფხაზი ახალგაზრდობა სოხუმში (სტელა ადლეიბა / OC Media)

ახალი თაობა ისე გაიზარდა აფხაზეთში, რომ პირდაპირი შეხება 1992–1993 წლების ომთან არ ჰქონიათ. თუმცა ასეთ ახალგაზრდათა უმრავლესობა კონფლიქტის შესახებ კოლექტიურ მეხსიერებას ინარჩუნებს, რის გამოც საქართველოსა და ქართველების მიმართ მათი დამოკიდებულება ხშირად უკიდურესად მტრულია.

[სტატია ინგლისურ ენაზე — Read in English]

[სტატია რუსულ ენაზე — Читайте на русском]

„საკმაოდ ბევრი დავკარგეთ ამ ომში, რომ ვაპატიოთ“

22 წლის მადინა, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, ამბობს, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები გამორიცხულია.

„საკმაოდ ბევრი დავკარგეთ ამ ომში, რომ ვაპატიოთ. ნაციონალისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ [ქართველები] ჩემთვის არასასიამოვნონი არიან“, — უთხრა მადინამ OC Media-ს.

მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში საქართველოს აფხაზეთის კოლონიზაციის ამბიცია ჰქონდა. ამის არგუმენტი, მისი აზრით, არის ის, რომ იმ პერიოდში ბევრი ქართველი გადავიდა აფხაზეთში საცხოვრებლად და მაღალ თანამდებობებზე დაინიშნა.

„ჩემი აზრით, ყოველი კამპანია, რასაც საქართველო ატარებს, უბრალოდ სასაცილოა. ისინი თავს სასაცილოდ იგდებენ მთელი სამყაროს წინაშე. მაგალითად, კამპანია „გზა სოხუმისკენ“ [რომლის დროსაც აქტივისტები მანქანების კოლონით აფხაზეთის მეზობლად, ანაკლიაში, ჩავიდნენ ქართული დროშებითა და სლოგანებით „რუსული ოკუპაციის“ წინააღმდეგ]. ამ შემთხვევაში მათ აჩვენეს, რომ უკეთესი არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ეს აბსოლუტური ფანატიზმია, სასაცილო და უბრალოდ, უაზრო. საერთოდ როგორ შეუძლიათ დაბრუნებასა და შერიგებაზე საუბარი? ეს არასდროს მოხდება“, ამბობს მადინა.

Advertisements

„ზუსტად ვიცი, რომ ქართველ გოგოს არასდროს მოვიყვან ცოლად“

ადგურ მინჯია აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. მას კონფლიქტთან მტკივნეული ასოციაციები უჩნდება, რადგანაც მისი ბიძა მხოლოდ 19 წლის იყო, როცა ომში დაიღუპა.

„ის ერთადერთი ვაჟი იყო ოჯახში. ჩვენი ოჯახისთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია, რომელიც არ ნელდება. მეშინია იმის წარმოდგენაც კი, რა მოხდება, თუ რომელიმე ჩვენი ოჯახის წევრი გაბედავს და იტყვის, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ქართველებთან ვიმეგობრებთ. ასეთ სენტიმენტს ვერ გაიგებენ და აუცილებლად განსჯიან“, უთხრა ადგურმა OC Media-ს.

ადგური არ თვლის, რომ ის ან მისი ოჯახი ნაციონალისტია, თუმცა ქართველები მისთვის გამონაკლისნი არიან. ის აღნიშნავს, რომ ქართველ გოგოს ცოლად ვერ მოიყვანს და ფიქრობს, რომ მისი დაც არ დაქორწინება ქართველ კაცზე.

„მაინც ვფიქრობ, რომ შენიანთან უნდა დაქორწინდე, რომ ოჯახში კონფლიქტი აღარ იყოს“, — ამბობს ის.

ადგური ვერ ხედავს აფხაზეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ურთიერთობის შანსს.

„აფხაზებსა და ქართველებს დიალოგი სჭირდებათ“

ლიანა კვარჭელია აფხაზური ორგანიზაცია „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრიდან“ თვლის, რომ ახალგაზრდები აფხაზეთსა და საქართველოში აბსოლუტურად განსხვავდებიან, რაც ართულებს მათ შორის ურთიერთგაგებას.

„აფხაზი ახალგაზრდობა ომის მერე დაიბადა და ნანგრევებში გაიზარდა. მათ იციან, რა არის ომი და თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ისეთი ახლობელი, ვინც ომში დაიღუპა. რაც შეეხება ქართველ ახალგაზრდობას, მათი შეხედულება განსხვავდება. მათ იციან მხოლოდ ის, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ“, უთხრა კვარჭელიამ OC Media-ს.

მისი თქმით, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით აქვთ კომუნიკაცია და ხანდახან ახერხებენ, რაღაც საკითხებზე შეთანხმდნენ და ერთმანეთს გაუგონ. თუმცა ყოველი ახალი კამპანიის შემდეგ, რასაც საქართველო აფხაზეთის მიმართ ატარებს, ყველა შეთანხმება და გაგება უბრალოდ დავიწყებას ეცემა.

„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში მორიგ კამპანიას ვადევნებდი თვალს. ქართველები აზიარებდნენ ფოტოებს წარწერით: „მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყანა რუსეთს აქვს ოკუპირებული”. აფხაზურ საზოგადოებაში ამას ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. საქართველო ცდილობს, ყველა საუბარი თავისი 1992-1993-ის აგრესიის შესახებ გადაიტანოს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე“, ამბობს კვარჭელია.

მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ცდილობს, დიალოგი ააგოს აფხაზეთთან, ყველა სახის გაგება ინგრევა ასეთი ტიპის კამპანიებით. კვარჭელიას თქმით, დიალოგი აუცილებელია, თუმცა საქართველო ხანდახან უსამართლოდ იქცევა.

„მრავალმხრივ მიდგომას მივესალმები. აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია, თუმცა ვთლი, რომ უსამართლოა, როცა საქართველო ცდილობს, აფხაზ ახალგაზრდებს შეუზღუდოს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე მონაწილეობა. როცა ეს აღარ მოხდება, მაშინ შესაძლოა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს“, ამბობს ის.

ერთერთი ასეთი მაგალითი 2015 წელს ერევანში გამართული თავისუფალი ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი იყო. ათლეტები აფხაზეთიდან, ირანიდან, საქართველოდან, დაღესტნიდან, ინგუშეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მიიწვიეს ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა სომხეთში საქართველოს საელჩოს ჩარევის შედეგად, აფხაზი ათლეტები ტურნირიდან გარიცხეს. საქართველოს ხელისუფლებისვე დაჟინებით, ბევრი ქვეყანა არ ცნობს სოხუმში რუსეთის საელჩოს მიერ აფხაზებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს.

აფხაზი ახალგაზრდობა სოხუმში (სტელა ადლეიბა / OC Media)

აფხაზები, ვინც საქართველოში მიდიან, „მოღალატეები არიან“

სოჭის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული 24 წლის ასტანდა ამბობს, რომ საქართველო აფხაზეთის განვითარებას ხელს უშლის, რადგან ახალგაზრდებს არ აძლევს უფლებას, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებებში, კონცერტებში და სხვა ღონისძიებებზე საზღვარგარეთ.

მისი თქმით, ის აფხაზები, ვინც საქართველოში მიდიან, მოღალატენი არიან, მათი მგზავრობის მიზნების მიუხედავად.

„ასეთი ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა დაიჭირონ ან აფხაზეთში დაბრუნების უფლება არ მისცენ“, გვეუბნება ასტანდა.

ის კატეგორიულად აცხადებს, რომ აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობებს მომავალი არ აქვს.

„ეს არ არის ის ხალხი, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობების განახლება შეგვიძლია. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიიღებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ შესაძლებელი იქნება შემდეგი ნაბიჯების განხილვა“, დასძენს ის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ის ლტოლვილთა დაბრუნების წინააღმდეგია.

ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი კვლავაც ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში. აფხაზთა უმეტესობა თანხმდება, რომ ლტოლვილთათვის დასაბრუნებელი ადგილი არ არის, რადგანაც მათი სახლები დიდი ხნის წინ სხვა ადამიანებმა დაიკავეს.

ქართველი ლტოლვილები მზად არიან, დაბრუნდნენ აფხაზეთში

2010 წელს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ საერთაშორისო ჯგუფ „შერიგების რესურსებთან“ ერთად კვლევა ჩაატარა და აფხაზეთიდან დევნილი 1.000 ადამიანი გამოკითხა.

რესპონდენტთა 87%-მა თქვა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი საქართველოს კონტროლს დაუბრუნდებოდა, ისინი დაბრუნებაზე იფიქრებდნენ. მხოლოდ 9%-მა თქვა, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აფხაზეთი არ იქნებოდა საქართველოს კონტროლს ქვეშ.

85%-ის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა აფხაზეთში მოგზაურობის შესაძლებლობა. მთავარი მიზეზი, რატომაც აფხაზეთში სურთ წასვლა,  ახლობლების საფლავების მონახულება და დარჩენილი ქონების მიხედვაა.

„ძალიან მეცოდება ის ადამიანები, ვისაც ქართველთა გულწრფელობის სჯერათ“

25 წლის საჯარო მოხელე ადგური, რომელმაც გვთხოვა, მისი სრული სახელი და სამუშაო ადგილი არ გაგვემხილა, ფიქრობს, რომ ქართველები სანდონი არ არიან.

„ძალიან მეცოდება ის ადამიანები, ვისაც ქართველთა გულწრფელობის სჯერათ. ხანდახან ასეთ ადამიანებს ვეკითხები, საღ გონებაზე თუ არიან. ჩვენ ვეღარ ვხედავთ ან არ გვინდა, დავინახოთ, რომ საქართველომ თავის „მეგობრებთან“ ერთად პოლიტიკა შეცვალა, ძალები გადააჯგუფა და მიზნად დაისახა, მშვიდობიანი გზით დაიპყროს აფხაზეთი“, ამბობს ადგური.

მისი თქმით, საქართველო ბევრ ფულს ხარჯავს, ამერიკიდან მიღებულ მილიონობით დოლარს, რომ დაარწმუნოს აფხაზები, ენდონ საქართველოს.

„პირველი ეტაპია ტოლერანტობისა და 1992-1993 წლების „კონფლიქტის უმნიშვნელობის“ გაგების ჩანერგვა ხალხში. მეორე ეტაპი — ინტენსიური კომუნიკაციის დამყარება აფხაზ და ქართველ ხალხს შორის სხვადასხვა დონეზე“, ამბობს ის.

ადგური დარწმუნებულია, რომ საქართველოს აქვს განსაზღვრული რამდენიმეწლიანი კამპანია, რომელიც წინასწარ დაიგეგმა და მიზნად ისახავს, აფხაზი ახალგაზრდების გულების მოგებას.

„ვერც კი შევამჩნევთ, როგორ მოხდება ეს, მაგრამ, თუ ჩვენი ახალგაზრდები ამას წამოეგებიან, ჩვენ, როგორც ერი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, გავქრებით; რადგანაც შემდეგ ლტოლვილები დაბრუნდებიან და მათ შემდეგ — ყველა, ქართველები“, დასძენს ის.

„დროსთან ერთად ყველაფერი დავიწყებას მიეცემა”

ალინას თქმით, აფხაზეთში მის მიდგომას ბევრი არ იზიარებს. 21 წლის  აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გვეუბნება, რომ, თანატოლებისგან განსხვავებით, მას არ აქვს სიძულვილი სხვა ერების მიმართ.

„მე მქონდა შანსი, შევხვედროდი ახალგაზრდებს საქართველოდან და იცით რა, როგორც ჩანს, ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და ძალიან შორს დგანან ამ კონფლიქტებისგან. ყოველ შემთხვევაში ისინი, ვისაც მე შევხვდი, ძალიან მეგობრულები იყვნენ. ჩვენ დღემდე ვკონტაქტობთ სოციალურ ქსელებში“, ამბობს ალინა.

ის ფიქრობს, რომ ერთ დღეს საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონტაქტები აღდგება. ის თაობა, რომელსაც ომი ჯერ კიდევ ახსოვს, წავა და უკვე იზრდება ახალი თაობა, რომელმაც, მისი თქმით, არაფერი იცის კონფლიქტზე.

„ახალ თაობას უბრალოდ არ აინტერესებს, ოდესღაც თუ ომი იყო. მათ სხვა ინტერესები აქვთ და სხვა გეგმები ცხოვრებაში. ბევრი მათგანი თავის მომავალ ცხოვრებას აფხაზეთს საერთოდ არ უკავშირებს“, ამბობს ალინა.

ალინას თქმით, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ლტოლვილთა დაბრუნებაზე საუბარი: დღის წესრიგში პირველი დიალოგის დამყარება უნდა იყოს.

სტატიაში გამოყენებული ადგილების დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს OC Media-ს რედაქციის ხედვებს.

The website is undergoing scheduled maintenance
This is default text for notification bar