fbpx

როგორ მიატოვა სასწრაფო დახმარების სამსახურმა მისი პარალიზებული ექიმი

ინგა დუნდუა, რომელიც 25 წლის განმავლობაში სასწაფოში მუშაობდა, სასწაფო დახმარების მანქანის ავარიის შემდეგ პარალიზებულია. ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media.

ავარიის შემდეგ პარალიზებული სასწრაფო დახმარების ექიმი, ინგა დუნდუა, იძულებული იყო, რეაბილიტაციის ყოველ ნაბიჯზე დამსაქმებელთან ებრძოლა.

2019 წლის 9 ივნისის ღამეს სასწრაფო დახმარება მისი მომსახურების ზონის გარე მისამართზე გამოიძახეს, რაც საქართველოში საკმაოდ ხშირად ხდება. ნაწვიმარზე გზები სრიალებდა. სასწრაფო დახმარება აღმართებით გამორჩეულ ნაძალადევის უბანში გამოიძახეს.

ინგა დუნდუა სამსახურში უმცროს ექიმ ქრისტინე ებრაელიძესთან ერთად. ფოტო: ინგა დუნდუას ფეისბუქი.

უფროსმა ექიმმა, ინგა დუნდუამ, და უმცროსმა ექიმმა, ნინო ტაბატაძემ, პაციენტთან დაახლოებით 40 წუთი გაატარეს. შემდეგ მანქანაში დაბრუნდნენ და გააღვიძეს მძღოლი, ვალერი კლარჯეიშვილი. ექიმებს ღვედი ჯერ არ შეუკრავთ, როცა მძღოლმა ხელის მუხრუჭი ამოწია და მანქანამ დაგორება დაიწყო.

მოგვიანებით თვითმხილველები იხსენებდნენ, როგორ ჩაუქროლა მანქანამ, როგორ დაიქოქა შუაგზაში და როგორ მოუმატა სიჩქარეს ამის შემდეგ.

მანქანა კედელს სწრაფად და ძლიერად შეასკდა. მძღოლმა, ვალერი კლარჯეიშვილმა, ფეხი მოიტეხა, უმცროს ექიმს, ნინო ტაბატაძეს, ფეხმძიმობა შეუწყდა. უფროსმა ექიმმა, ინგა დუნდუამ, წინა შუშა თავით ჩაამტვრია და ყველაზე მძიმე დაზიანებები მიიღო. 

შემდეგი დღეები ინგას ბუნდოვნად ახსოვს. თავზე ღრმა ჭრილობა ჰქონდა, სახის კუნთების ნაწილი მთლიანად დაკარგა, შუშამ ქუთუთო გაუჭრა, ჰქონდა გულის დაჟეჟილობა, დაუზიანდა ფილტვები. ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღე სიცოცხლის უზრუნველყოფის აპარატზე გაატარა. რაც მთავარია, ინგას ორი მალა დაუზიანდა, რასაც ქვედა კიდურების პარალიჩი მოყვა. ინგამ საავადმყოფო ეტლით დატოვა. 

შემთხვევის ადგილი. ფოტო: „იმედი“.

ექიმებმა ინგა დუნდუას სიცოცხლე გადაარჩინეს, თუმცა ავარიამ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. როგორ აუნაზღაურა სასწრაფო დახმარების სამსახურმა 25-წლიანი სამუშაო თავის დასაქმებულს, რომელიც მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა?

Advertisements

ბრძოლა რეაბილიტაციისთვის

ინგა დუნდუას ოპერაცია და საავადმყოფოს ხარჯები, 36 000 ლარი, თბილისის მერიამ, რომლის შემადგენლობაში იმ დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც შედიოდა, სრულიად აანაზღაურა. მაგრამ ეს მხოლოდ საწყისი ხარჯები იყო, ინგასთვის რეაბილიტაციისკენ გზა მხოლოდ მაშინ იწყებოდა. 

თავდაპირველად, ექიმებმა უთხრეს, რომ ფეხზე წამოდგომის და გარკვეული შრომისუნარიანობის შანსი ექნებოდა, თუკი ღეროვან უჯრედებს გადაინერგავდა და მაღალი ხარისხის სარეაბილიტაციო კურსს გაივლიდა. ინგას ექიმი ვაჟა ლეჟავა „ახალი სამედიცინო კომპანიიდან“ დანიშნულებაში ხაზს უსვამს, რომ პაციენტს რეაბილიტაცია საზღვარგარეთ ესაჭიროება. 

ექიმების რჩევა ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ ნეიროსტიმულაციის, მასაჟისა და ფიზიოთერაპიის პროგრამა იყო. ინგას ოჯახის შერჩეული კლინიკა ჯანდაცვის სამინისტრომ ზედმეტად ძვირად ჩათვალა. 

ინგას ჭრილობაში ჯერ კიდევ შემორჩენილია შუშის პატარა ნამსხვრევები.  ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media.

ამ პროგრამის სანაცვლოდ ინგას გერმანიის კლინიკის 75-დღიანი კურსი ერგო, რომელიც პარალიჩთან ცხოვრებას ასწავლიდა.

ბუნებრივია, ინგას თანმხლები პირი სჭირდებოდა რაც ექიმის რეკომენდაციაშიც იყო აღნიშნული. თუმცა მისი შვილის, მარიამის, წამოსვლისთვის ფინანსები არ არსებობდა. როცა ოჯახმა საგანგებო სიტუაციების სამსახურს მიმართა, მათ თანხა თანამშრომლებისგან ააგროვეს.

„ჩვენთვის ეს ტრაგედია იყო, და,  რა თქმა უნდა, გვინდოდა, გვერდში ამოვდგომოდით“, — იხსენებს ინგას თანამშრომელი დავით ვარდიაშვილი. 

ინგა საახალწლო ბონუსის მიღებას ელოდებოდა, თუმცა ის არ ჩაერიცხა. როდესაც ინგამ სასწრაფო დახმარების ცენტრის ბუღალტერს მიმართა, მას უთხრეს, რომ თანამშრომლებისგან აკრეფილი თანხა ბონუსად ჩაეთვალა. 

გერმანიის კლინიკის პროგრამის მეორე ეტაპზე რეაბილიტაციის დრო შემცირებული იყო, ამიტომ ინგამ და მისმა ოჯახმა გადაწყვიტეს, რომ თბილისის მერიის დაფინანსებიდან, 26 000 ევროდან, დარჩენილ 5 000 ევროს საქართველოს სარეაბილიტაციო კლინიკაში დახარჯვა უკეთესი იქნებოდა. 

მაკა გვარამია, სასწრაფო დახმარების ცენტრის იმჟამინდელი დირექტორი, ამ შემოთავაზებას დათანხმდა. მას  ზეპირსიტყვირიერი თანხმობაც ჰქონდა გელა ჩივილიაშვილისგან, რომელიც თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსია.

ინგამ დაფინანსება იანვარში მოითხოვა, მაგრამ მხოლოდ 5 000 ლარის ჩეკი მიიღო. ხელმეორე მოთხოვნაზე პასუხი არ მოსულა.

ინგას ოჯახის წევრების ზარები უპასუხოდ რჩებოდა, სანამ სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობას ოჯახის მეგობრის საშუალებით არ დაუკავშირდნენ. დაფინანსება შემდეგ დღესვე ჩაირიცხა. ამ დროისთვის უკვე 2020 წლის ივლისი იყო - დაფინანსების პროცესმა ნახევარი წელი წაიღო. 

მოგვიანებით ინგამ ისიც აღმოაჩინა, რომ 2019 წლის დაფინანსებიდან მორჩენილი ეს თანხა 2020 წლის დაფინანსებად გაფორმდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ წელს დაფინანსებას ვეღარ მიმართავდა. 

ოჯახური ტრაგედია

დუნდუას ოჯახის ცხოვრება ავარიამ რადიკალურად შეცვალა. ინგას მეგობრები ხშირად სტუმრობენ და მატერიალურადაც ეხმარებიან, თუმცა მას სურს, ერთ დღესაც სხვანაირად დახვდეს მეგობრებს. 

„იქნებ წამოვდგე ფეხზე“, — ამბობს ინგა. „ჩვენი ოჯახი ყველასთვის საცოდავია და ეს დამოკიდებულება აღარ გვინდა. ფიზიკური ტრავმის გარდა უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღეთ და ეს დღემდე გრძელდება. აუტანელია ასე უსუსურად ყოფნა. ვიღაც ყოველთვის უნდა იყოს ჩემთან ერთად სახლში“.

მიუხედავად იმისა, რომ ინგას ეტლში ჯდომა და მცირე ოპერაციების ხელით შესრულება შეუძლია, მისი მდგომარეობა კვლავაც სერიოზულია. მას შეუძლია, 8-9 საათის განმავლობაში იჯდეს, თუმცა დახმარება სჭირდება ეტლში ჩაჯდომა-ადგომაში, საწოლში გადატრიალებაში და ჰიგიენური პროცედურების შესრულებაში. 

ინგას შეუძლია, ხელებით მცირე სამუშაო შეასრულოს, ამიტომ სამზარეულოს საქმეშია ჩართული, თუმცა, სახლი ადაპტირებული არ არის და ოთახიდან ოთახში გასვლაში დახმარება სჭირდება. ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media.

ოჯახს მომვლელის სახსრები არ ჰქონდა, ამიტომ ინგას შვილებმა, მარიამმა და გიგამ, სამსახურს თავი დაანებეს, რომ დედისთვის მოევლოთ.

ინგას მეუღლე იშვიათი საკოლექციო ნივთების გაყიდვით შოულობს ფულს, ამიტომ მისი შემოსავალი მუდმივი არ არის. 

„ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია, რომ ჩვეულ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ“, — ამბობს მარიამი. „გვინდა, ინგას საჭიროებები იყოს უზრუნველყოფილი. სამი ოჯახის წევრის შემოსავალი დავკარგეთ - ავარია რომ არა, დედა საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, მეტს თუ არა.“

მარიამი და გიგა ინგას მომვლელები გახდნენ, რადგან ოჯახს მომვლელის სახსრები არ გააჩნია.  ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media.

თამარ ცქიტიშვილმა, ინგას რეაბილიტოლოგი New Hospitals კლინიკიდან, სადაც ინგამ იმკურნალა, დაუდასტურა OC Media-ს რომ ინგას წელიწადში სულ ცოტა, ერთი, რეაბილიტაცია სჭირდება, ასევე სახლის პირობების მოვლა და რეაბილიტაციის ფარგლებში, მასაჟიც. „თუ პაციენტი აქტიური იქნება, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება“, — ამბობს ის. 

მასაჟისტის მომსახურება ფინანსურად მიუწვდომელი იყო და მისი გაშვების შემდეგ ინგას ძლიერი დაჭიმულობა და სპაზმატიკა დაეწო.

„ზოგჯერ იმდენად მტკივა გულმკერდის კუნთები, რომ ცხვირიდან ამოსუნთქული ჰაერის შეხება მტკენს. რომ ვწვები, უცბად შეიძლება, ფეხები მომეხაროს სპაზისგან და ვინმე თუ არ მომიკეცავს, ვერ ვსუნთქავ, ვიხრჩობი“, — ყვება ინგა. 

ინგა ბევრ დროს ლოგინში ატარებს. ოჯახის კატა, ვიქტორია, მისი მუდმივი თანამგზავრია. ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media.
ინგა ბევრ დროს ლოგინში ატარებს. ოჯახის კატა, ვიქტორია, მისი მუდმივი თანამგზავრია. ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media.

ტკივილგამაყუჩებელზე ფულის დაზოგვის გამო, ინგა რეკომენდებული დოზის მხოლოდ ნახევარს სვამს. საერთო ჯამში, ყოველთვიურად მას 42 დასახელების წამალი და სამედიცინო ატრიბუტი სჭირდება, რომელთა საერთო ფასი 2 360 ლარამდეა. ინგას რეაბილიტოლოგისა და მომვლელის მომსახურებაც სჭირდება, მისი ოჯახის წევრებმა მუშაობა რომ შეძლონ. 

ბიუროკრატიაში გახვეული

2019 წლის სექტემბერში ინგას მეგობრებმა მისი მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდი შექმნეს, სადაც მსურველებს მისთვის თანხის გადარიცხვა შეეძლოთ. სამი დღის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მაკა გვარამია, და მისი მოადგილე, სოლომონ როსტომაშვილი, როგორც იქნა, ინგასთან სახლში მოვიდნენ. მათ გვერდის გაუქმება მოსთხოვეს. 

„პირდაპირ თქვეს, რომ მათ იმიჯს აზიანებს“, — იხსენებს ინგა. უფროსებმა ინგას ახალი ფეისბუქ გვერდის შექმნა შესთავაზეს, სადაც ერთი ადმინისტრატორი სასწრაფო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი იქნებოდა, მეორე კი, ინგას შვილი, გიგა. 

გიგა დედას ეხმარება. ფოტო: თამუნა ჩქარეული/OC Media.

გვერდი შეიქმნა, მაგრამ პოსტების შინაარსი შეიცვალა; ინგასთვის სირთულეებთაბ ერთად ახლა იდებოდა სასწრაფო დახმარების ქების პოსტებიც. ინგას ანგარიშზე გადარიცხვები შეჩერდა, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ადმინისტატორმა გვერდი დახურა. 

მაისში სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ, ინგას შვილები დაიბარა, რომ ეკითხა, აპირებდნენ თუ არა სასამართლოში დავას. 

„ჩვენ ვუთხარით, რომ ჩივილი არ გვინდა, გვინდა მხოლოდ მათი გვერდში დგომა“, — ამბობს მარიამი.

გოგიტიძემ ჩაიწერა ინგას ყველა საჭიროება და შეhპირდა, რომ სასწრაფო სამსახურის ცენტრში შეიქმნებოდა „ინგა დუნდუას სახელობის ფონდი“. ორი თვის შემდეგ ფონდი ჯერ კიდევ არ შექმნილა, მარიამისა და გიგას ზარები უპასუხოდ რჩებოდა, ამიტომ მათ ამირან გოგიტიძეს ოფისში მიაკითხეს. 

მათი გადმოცემით, ამირან გოგიტიძემ პირვანდელი დაპირება შეცვალა და უთხრა, რომ ეს იქნებოდა თანამშრომელთა დახმარების ზოგადი ფონდი. მან ასევე თქვა, რომ ინგას ყოველთვიური საჭიროებების უზრუნველყოფის გარანტია არ არსებობდა. 

ინგას ყოველთვიური სამედიცინო საშუალებებისა და წამლების ღირებულება 2 000 ლარზე მეტია. ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media.

„ყოველჯერზე ცრუ იმედებით გვიშვებენ“, — ამბობს ინგა. 

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტში OC Media-ს უთხრეს, რომ „სრულიად იღებენ პასუხისმგებლობას თავიანთ დასაქმებულზე და აქვს მისი შემდგომი რეაბილიტაციის გეგმებიც“.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქალბატონი დუნდუას ყველა საჭიროება უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების მიერ“, — თქვა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თამარ სარიშვილმა. 

„სასწრაფო დახმარების ცენტრი მაქსიმალურად იქნება მობილიზებული, რომ დაეხმაროს ქალბატონ დუნდუას მედიკამენტების შეძენაში“.

თანამშრომელთა ურთიერთდახმარების ფონდი ჯერ კიდევ არ შექმნილა, კითხვაზე, როდის შეიქმნება ფონდი, დეპარტამენტს პასუხი არ აქვს. 

„საწარმოო ტრავმა არ არსებობს“

„საწარმოო ტრავმა არ არსებობს“, — სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის, სოლომონ როსტომაშვილის სიტყვები, როგორც იხსენებს მარიამ კაჭარავა, ინგას შვილი, როცა ის ეცადა ინგასთვის სახლში წამოსაყვან ეტლზე შეთანხმებოდა. 

„მითხრა, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ, მათი კეთილი ნება იყო და არა - ვალდებულება“.

საქართველოს კანონმდებლობაში მართლაც არ არის გაწერილი საწარმოო და სამუშაო პროცესში მომხდარი ტრავმის ცნებები. 

„კანონმდებლობაში ეს შრომის უსაფრთხოების ცნებაში შედის“, — ამბობს ლელა გვიშიანი, ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი.

ივლისში ინგამ გადაწვყიტა  EMC-ს დახმარებით კომპენსაცია მოეთხოვა. 

„გაოგნებული ვარ დამსაქმებელის გულგრილობით, მთელი ცხოვრების შრომის შემდეგ“. ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media.

„ეს შემთხვევა არ ეხება იმდენად შრომის უსაფრთხოებას — რადგან ექსპერტიზამ მანქანის გამართულობა დაადასტურა - რამდენადაც ზარალის ანაზღაურებას“, — ამბობს გვიშიანი. 

ინგას ოჯახი EMC-ს დახმარებით აპირებს ინგას ყოველთვიური საჭიროებების კომპენსაციისა და ჯანმრთელობის აღსადგენად საჭირო თანხების მოთხოვნას სასამართლოს გზით. 

„შრომითი უსაფრთხოება, როგორც ასეთი, საკმაოდ ვიწრო ცნებაა საქართველოში; ის ნიშნავს მხოლოდ შრომითი პროცესის უსაფრთხოებას. ჩვენი შრომის კოდექსი არ გვთავაზობს ეფექტურ მექანიზმს ზარალის კომპენსაციისთვის - დაზარალებულებს, ან სიკვდილის შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებს მხოლოდ, ორი გზა რჩებათ — მიმართონ სასამართლოს ზოგადი კანონმდებლობით, ან დათანხმდნენ კომპანიასთან გარიგებას“. 

საქართვლოს სახალხო დამცველი ზარალის ანაზღაურების მექანიზმის არარსებობას ასევე აღნიშანვდა. 

„როცა ასეთი შემთხვევები ხდება, გადამწვყეტი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად სწრაფად დადგება სამართალი. დამსაქმებლებმა იციან, რომ მოპასუხეებს სამი წელი აქვთ საჭირო რესურსების მოსაძიებლად და ასევე იციან, რომ თანხა სწრაფად ესაჭიროებათ“, — ამბობს გვიშიანი. 

ეს პრობლემა შრომითი მოვალეობების შესრულებისას მომხდარი უბედური შემთხვევების უმეტესობაში იკვეთება. OC Media იმავე პრობლემაზე მშენებლობებთან დაკავშირებითაც წერდა.

ავარიის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ინგა არავის დაუკითხავს. OC Media სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ  სასწრაფო დახმარების მანქანა გამართული იყო. 

გამომძიებელმა, კახა ყიყიშვილმა, ოჯახს აცნობა რომ საქმეში მძღოლის, ვალერი კლარჯეიშვილის, ბრალეულობა გამოიკვეთა. 

ვალერი კლარჯეიშვილმა OC Media-ს კომენტარზე უარი უთხრა, თუმცა მისმა კოლეგამ, ჯიმი ამირანაშვილმა, რომელიც იმავე მანქანაზე სხვა ცვლაში მუშაობდა, კლარჯეიშვილი შეაფასა, როგორც მაღალი დონის პროფესიონალი. 

„ვალერისგან ძალიან ბევრი ვისწავლე“, — ამბობს ის. „წლების განმავლობაში არ მახსენდება, შეცდომა დაეშვას, უბრალოდ ადამიანური მომენტი იყო“. 

კიდევ ერთმა მძღოლმა, გია მანაგაძემ, OC Media-ს უთხრა, რომ ადმინისტრაციამ ურჩია, ექიმების ავარიის საქმეზე არ ესაუბრა.

ორივე მძღოლი ამბობს, რომ სამუშაო საკმაოდ დამღლელია. მძღოლები ცვლაში 106-108 ლარს იღებენ და საშუალოდ თვიურად რვა მორიგეობას ასრულებენ, სადაც დაახლოებით 850 ლარს გამოიმუშავებენ. 

დაბალი ანაზღაურების გამო, ზოგიერთი მძღოლი დამატებით ტაქსის მძღოლად მუშაობს. 

მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა, შესაძლოა, მძღოლზეც და დამსაქმებელზეც იყოს, EMC თავდაპირველ მოთხოვნას დამსაქმებელს წარუდგენს. დამსაქმებელს შეუძლია, კომპენსაციის მოთხოვნა შემდეგ მძღოლს გადაუმისამართოს, თუმცა EMC-ში ფიქრობენ, რომ საბოლოოდ კომპენსაციას სასწრაფო დახმარების ცენტრი გადაიხდის.

OC Media-მ კონსულტაცია მედიცინის მუშაკთა პროფკავშირთანაც გაიარა. იურისტი, მირანდა მანდარია, ადასტურებს, რომ „ბევრი დამოკიდებულია გამოძიებაზე, თუმცა დამსაქმებელი პასუხისმგებლობას სრულად ვერ აიცილებს“.

ინგა, თავის მხრივ, ჯერ კიდევ გაოგნებულია დამსაქმებლის გულგრილობით. 

„როცა საავადმყოფო დავტოვე, ჩემი უფროსებიდან არცერთი არ მოვიდა ჩემს სანახავად [ფეისბუქ გვერდის შემთხვევამდე]. ყოველდღე ველოდებოდი. ვერ ვიჯერებ, რომ 25-წლიანი მუშაობის მერე არ დაინტერესდნენ, როგორ ვიყავი. ბოლოსდაბოლოს, სამსახურეობრივი მოვალოების შესრულების დროს დამემართა ეს. ასე ეწერა საბუთებშიც, როცა შემომიყვანეს“.

ინგას უდიდესი სურვილია, იმ აქტიური ცხოვრების ნაწილი მაინც აღიდგინოს, რაც ავარიამდე ჰქონდა. „ვმუშაობდი სასწრაფოში და მქონდა მეორე სამსახური პრობაციის სააგენტოში, ოჯახის ექიმად. არასდროს ვისვენებდი. შვილიშვილის გაჩენის შემდეგ მეორე სამსახურიდან წამოვედი, მინდოდა, ვყოფილიყავი ძალიან აქტიური ბებია“. ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media.

სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.