fbpx

Become an OC Media Member

Support independent journalism in the Caucasus: Join today

Become a member

დოკუმენტები: „ფრონტერამ“ ლონდონის არბიტრაჟი წააგო

ფოტო: შოთა ხინჩა/OC Media.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილმა, ნავთობისა და გაზის ამერიკულმა კომპანიამ „ფრონტერა“ (Frontera Resources), საქართველოს მთავრობაზე ლობისტების მეშვეობით გავლენის მოხდენის $1-მილიონიანი მცდელობის მიუხედავად, გახმაურებული საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო, იუწყებიან openDemocracy და OC Media

აქამდე კონფიდენციალური საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ნათელს ხდის, თუ როგორ შეიყვანა შეცდომაში „ფრონტერამ“  საზოგადოება მათი საქართველოს მთავრობასთან გახმაურებული დავის შესახებ. 

ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) დაფუძნებულ „ფრონტერასა” და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დავა 2020 წლის დასაწყისში ქართული მედიის ჰედლაინებიდან არ ჩამოდიოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ დავაში — თითქოს საქართველოს მიერ ამერიკული ბიზნესის „ექსპროპრიაციის“ მცდელობის ფონზე — საქმეში ამერიკელი პოლიტიკოსები ჩაერთვნენ.

[გაეცანით უფრო ვრცლად OC Media-ზე: გაუსტუმრებელი ხელფასების ფონზე, „ფრონტერამ“ $1 მილიონი ლობისტებზე დახარჯა]

აღმოსავლეთ საქართველოში 3.8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის საბადოს „აღმოჩენის“ საფუძველზე, „ფრონტერა“ საქართველოს „ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას”, ხოლო ბრიტანელ ინვესტორებს მაღალ მოგებებს ჰპირდებოდა. თუმცა ყველაფერი ბოლოს იმით დასრულდა, რომ ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის თაობაზე დავა — მათ შორის იმან, რამდენად ასაბუთებდა „ფრონტერა“ ასეთი რესურსების არსებობას — ბოლოს არბიტრაჟის განსახილველი გახდა.

2017-2020 წლებში აშშ-ს რეგიონში სტრატეგიული ინტერესების არგუმენტით, არაერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა და სენატორმა სცადა „ფრონტერას“ საკითხზე საქართველოზე ზეწოლა. სამხრეთ კავკასიური ქვეყნისთვის, აშშ მხარდაჭერა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მფარველი რუსეთის პირისპირ, სასიცოცხლოა. 

ამასობაში „ფრონტერამ“, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიულ საინვესტიციო ბაზარზე იყო წარმოდგენილი სანამ 2019 წელს კოტირებიდან მოხსნიდნენ, საკუთარი ყოფილი თანამშრომლები ძველი ხელფასების გარეშე დატოვა, ხოლო აქციონერები ჩადებული ინვესტიციების — უკუქცევის გარეშე.

Advertisements
„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები დღესაც დავობენ ქართულ სასამართლოში თავიანთი კუთვნილი ძველი ხელფასების მისაღებად. ფოტო: შოთა ხინჩა/OC Media

ამჟამად „ფრონტერას“ ქართველი თანამშრომლების $240,000 მართებს, ხოლო დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 200-300 აქციონერია დარჩენილი, რომელთა წილებს კომპანიის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან მოხსნის შემდეგ ღირებულება აღარ აქვთ.

საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სასამართლომ 2020 წლის აპრილში მიიღო, რის შემდეგაც ორივე მოდავე მხარე გამარჯვებას იჩემებდა. საერთაშორისო საარბიტრაჟო წესების გამო, დავის შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი რამ არ იყო ცნობილი — მანამ, სანამ ის „ფრონტერას“ ხელმძღვანელებს შორის წარმოებული ცალკე დავის წყალობით საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გახდა. 

პოლიტიკური კავშირები 

„ფრონტერა“ 1997 წელს ჩამოყალიბდა და მიზნად საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გაჩენილი ნავთობისა და გაზის მოპოვების ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ისახავდა.

ტეხასური კომპანია ძლიერი პოლიტიკური კავშირების მქონე ჯგუფმა დააფუძნა: ბილ უაიტმა, რომელიც ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას ენერგეტიკის მდივნის მოადგილე იყო, და „კასპიის ნავთობი ვაშინგტონის დღის წესრიგში ჩასვა“, ამერიკული სანავთობო გიგანტის, Conoco-ს, თავმჯდომარის შვილმა, სტივ ნიკანდროსმა, და ლენ ბენსტენმა — აშშ ხაზინის ყოფილი მდივნის ლოიდ ბენსტენის შვილმა.

საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კახეთში, ტარიბანის ველზე ნავთობის ჭაბურღილის გახსნისას. 2000 წელი. ფოტო: EPA.

კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებული „ფრონტერა“ საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთერთი პირველი კონცესიონერი იყო და მოგვიანებით მოლდოვასა და უკრაინასთანაც გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმები. 2005 წლისთვის კომპანია უკვე ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიულ საინვესტიციო ბაზარზე იყო წარმოდგენილი, რომელიც თავისი მსუბუქი რეგულაციებითაა ცნობილი და საქართველოში ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად $88 მილიონის მობილიზება შეძლო. „ფრონტერა“ ინვესტორებს აღმოსავლეთ საქართველოდან კვლევა-ძიებისა და მოპოვებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი მე-12 სალიცენზიო ბლოკიდან შთამბეჭდავ მოგებებს ჰპირდებოდა და 2019 წლის ჩათვლით ინვესტიციების იზიდავდა.

„ჩვენი ამჟამინდელი ინვესტიციების წყალობით, „სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის“ სახით უმაღლესი დონის გაზის საბადოს მივაგენით“, აღნიშნავდა 2015 წელს „ფრონტერას“ თავმჯდომარე სტივ ნიკანდროსი. „ფრონტერა“ ამტკიცებდა, რომ იქ მათ 3.8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის საბადოს მიაგნეს.

„გაზის მსგავსმა მდიდარმა საბადოებმა აშშ-ში ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ტრაექტორია გარდასახა; ჩვენი მიღწევები საქართველოში ბუნებრივი აირის რესურსების ძიებაში სწორედ რომ ანალოგიურ გზას გვპირდება“, ირწმუნებოდა იმ დროს ნიკანდროსი. 

თუმცა 2017-2018 წლებში „ფრონტერა“ საქართველოში პრობლემებს შეეჩეხა. 

არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც 2021 წლის მაისში ტეხასის სასამართლოში მიმდინარე ცალკე შიდაკორპორატიული დავის ფარგლებში გახდა ხელმისაწვდომი, „ფრონტერასა“ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დავა ეხებოდა კომპანიის უარს, პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ კონტრაქტის ამოწურვის, 2017 წლის ნოემბრის შემდეგ, მე-12 სალიცენზიო ბლოკი დაებრუნებინა. 

საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის მიზნით, „ფრონტერამ“ თავისი თავმჯდომარის, სტივ ნიკანდროსის, კავშირები აამოქმედა, რომელიც მარჯვე პოლიტიკური დონორი იყო. 2017-2020 წლებში ნიკანდროსმა ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების საარჩევნო კამპანიებს $182,950 შესწირა. 

როგორც წინა პუბლიკაციებში გაუწყეთ, მათგან 16 პოლიტიკოსი სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა ან საჯარო განცხადებები გააკეთა „ფრონტერას“ სასარგებლოდ. ამავე ლობისტური ძალისხმევის ფარგლებში, „ფრონტერას“ ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა 2019-2020 წლებში საქართველოში დემოკრატიის კრიზისს დაუკავშირეს და ამერიკული ბიზნესის „შევიწროების” გამო საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირების საკანონმდებლო ინიციატივაც კი მოამზადეს. ამის საკოორდინაციოდ „ფრონტერამ“ ვაშინგტონში მოქმედ მთავრობასთან ურთიერთობებზე სპეციალიზებულ ფირმა Cornerstone Government Affairs-ზე $850,000 დახარჯა. 

2014-2017 წლებში კომპანიამ ასევე $359,000 შესწირა Atlantic Council-ს, გავლენიან ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრს, რომელიც ენერგეტიკაზე, პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე მუშაობს. ცენტრის წარმომადგენლის ცნობით, 2019 წლამდე ნიკანდროსი და „ფრონტერას“ აღმასრულებელი დირექტორი, ზაზა მამულაიშვილი, ორგანიზაციის ორ სხვადასხვა საბჭოშიც იყვნენ წარმოდგენილები.

„2020 წლის დასაწყისში თითქმის ყოველ კვირას ჩნდებოდა შანტაჟის ისტორიები საქართველოს შესახებ, რომელიც „ფრონტერას“ შეეხებოდა, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებდა საქართველოს მთავრობა „ამერიკელების წინააღმდეგ“, რომ „ქვეყანა დემოკრატიის კუთხით უკან იხევდა”, — იხსენებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია.

თუმცა ბოლოს არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიხედვით, მაინც გასარკვევი გახდა, რამდენად შეძლო კომპანიამ იმ მოცულობითი რესურსების იდენტიფიცირება და დადასტურება, რომლის არსებობასაც ამტკიცებდა. 

ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, „ფრონტერამ“ ჩვენს კითხვებს პასუხი არ გასცა. 

არატრადიციული საბადოები

საჯაროდ „ფრონტერას“ თავდაჯერებული პოზიცია ეკავა არბიტრაჟის საკითხზე და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრეტენზიებს „უსაფუძვლოს“  უწოდებდა. კომპანია ასევე „დარწმუნებული“ იყო, რომ წილობრივი განაწილების შესახებ კონტრაქტის პირობები „პირნათლად შესრულებული“ ჰქონდა.

„საქართველოს მთავრობა იქნება, ჰეჯ-ფონდი თუ სხვა რამ, თუ ძალიან ძლიერი პოზიცია არ გვაქვს, არანაირ ნაბიჯს არ გადავდგამთ“, არწმუნებდა 2018 წლის ოქტომბერში აქციონერებს ლონდონში ზაზა მამულაიშვილი. „თუ ძალიან მყარი პოზიცია არ გვაქვს, ნაბიჯს არ ვდგამთ. არ იდარდოთ“. 

თუმცა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „ფრონტერას“ პოზიციებს საკმაოდ სუსტად წარმოაჩენს. 

„ფრონერამ“ წილობრივი განაწილების შესახებ კონტრაქტს ხელი 1997 წელს მოაწერა და რამდენიმე შესწორების შემდეგ მე-12 სალიცენზიო ბლოკი 2017 წლის 14 ნოემბრამდე მიიღო.

ამ თარიღისთვის „ფრონტერას“ ევალებოდა, წარმოედგინა მტკიცებულებები საბადოების შესახებ, ისევე, როგორც სამუშაო გეგმა. თუმცა 2017 წლის დასაწყისში კომპანიასა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის აღნიშნულ საკითხებზე უკვე სერიოზული უთანხმოება არსებობდა. 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ კომპანიას „დამოუკიდებლად მომზადებული საინვესტიციო და სამუშაო გეგმა“ და „ხუთწლიანი მუშაობისთვის საჭირო ფინანსური რესურსების ყველანაირი დეტალი“ მოსთხოვა. 2017 წელს კორპორაციამ დაიწუნა „ფრონტერას“ მიერ იანვარში მიწოდებული დოკუმენტები, რომელიც, მათი თქმით, „არასაკმარის ინფორმაციას მოიცავდა“. 

მომდევნო თვეში „ფრონტერამ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას მისწერა, რომ, მათი დასკვნით, საკონტრაქტო ტერიტორიაზე წილობრივი განაწილების კონტრაქტის პირობების შესაბამისად კომერციული საქმიანობა „განხორციელებადი“ იყო. 

ეს განაცხადი, როგორც აღნიშნავდა „ფრონტერას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სტივ ნიკანდროსი მოგვიანებით გამოქვეყნებულ პრესრელიზში, ეყრდნობოდა „ახლახან დასრულებულ ტექნიკურ კვლევას” და „მე-12 ბლოკზე ჩვენი სოლიდური, ისტორიული ინვესტიციისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოს ნაყოფს წარმოადგენდა“.

წილობრივი განაწილების კონტრაქტის მიხედვით, კომერციული მომგებიანობის დადასტურების შემთხვევაში, „ფრონტერას“ აღარ მოუხდებოდავდა მე-12 ბლოკის დაბრუნება, თუმცა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დაიწუნა კომპანიის დოკუმენტაცია როგორც წილობრივი განაწილების კონტრაქტის, ისე დარგობრივი საერთაშორისო სტანდარტების კუთხით „არასრული“. 

ამის საპასუხოდ „ფრონტერამ“ განაცხადა, რომ მე-12 სალიცენზიო ბლოკი ნავთობისა და გაზის არატრადიციულ ენერგეტიკულ რესურსებს მოიცავდა.

ეს გარემოება, „ფრონტერას“ მტკიცებით, კონტრაქტით გათვალისწინებულზე უფრო მეტ დროს საჭიროებდა, „დამატებითი სამთო სამუშაოების, მათ შორის, ფრაკინგისა და ბურღვისთვის, რათა უფრო დაზუსტებულიყო მე-12 უბნის კომერციული მომგებიანობა“.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მათი საქმიანობის შეფერხებით და მცდელობით, შეელახა „ფრონტერას“ სახელი საერთაშორისო ბაზარზე, მათთან დადებული კონტრაქტი დაარღვია და შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელით, ზიანის ანაზღაურების სახით $3.5 მოითხოვა. 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიხედვით, „ფრონტერა“ მე-12 ბლოკს თავდაპირველად განიხილავდა ტრადიციული ენერგეტიკული რესურსების წყაროდ და „მე-12 ბლოკის ბიზნეს უწყვეტობის გეგმა მხოლოდ არბიტრაჟისთვის იქნა შემუშავებული”. ამ არგუმენტის გასამყარებლად, კორპორაცია აღნიშნავდა, რომ მე-12 ბლოკი ბიზნეს უწყვეტობის გეგმის ნაწილად არ იყო განხილული თავდაპირველ კვლევაში, ისევე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს და ტექნიკური ქვეკომიტეტის სხდომების დროს.

„ფრონტერას“ მტკიცებით, მათ ხელთ არსებული მონაცემები, ისევე, როგორც „ანალოგიურ რეზერვუარებთან შედარებები“ მდიდარი რესურსების და გაზის საბადოების არსებობის საკმარისი მტკიცებულება იყო. თუმცა მტკიცებულებების შეფასების შემდეგ არბიტრაჟმა არ დაადასტურა მსგავსი არატრადიციული საბადოების არსებობა, ისევე, როგორც ის, რომ „ფრონტერამ“ საერთოდ აწარმოა შესაბამისი ბურღვა მე-12 ბლოკზე.

„არატრადიციული საბადოების არსებობის შემთხვევაშიც, აღმოჩენის დასადასტურებლად, სამრეწველო სტანდარტები და არსებული პრაქტიკა მოითხოვს, უპირველეს ყოვლისა, ჭაბურღილების გათხრას და იქიდან მონაცემების შეგროვებას“, აღნიშნა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა. 

საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით, „ფრონტერამ“ კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის დაბრუნებაზე უარის თქმით, დაარღვია კონტრაქტის პირობები. არბიტრაჟმა ასევე არ დააკმაყოფილა შესაგებელი სარჩელი, რომელიც კომპანიამ ბოლოს გაიწვია. არბიტრაჟმა „ფრონტერას“ ქართული კორპორაციისთვის მე-12 ბლოკის დაბრუნება და მისთვის არბიტრაჟის ფარგლებში გაწეული ლეგალური ხარჯის ანაზღაურება დაავალა.

არბიტრაჟს მიღმა

დავის შინაარსის პარალელურად, როგორც ჩანს, მის მიღმა განვითარებული პროცესები არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. საარბიტრაჟო განხილვის დროს „ფრონტერა“ ირწმუნებოდა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა კომპანიას შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

2019 წლის სექტემბერში „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო ტრიბუნალს აცნობა, რომ „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებას“ მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ მორიგების გზით შეეწყვიტათ საარბიტრაჟო დავა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ უარყო მსგავსი ეს ინფორმაცია და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქვეყნის სახელით მოლაპარაკების სუბიექტი მხოლოდ კორპორაცია შეიძლებოდა, ყოფილიყო. 

არბიტრაჟის გადაწყვეტილების ტექსტიდან ასევე ირკვევა, რომ, „ფრონტერას“ მტკიცებით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუდმივად უფერხებდა გაზის მომპოვებელ სამუშაოებს, უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა ხელშეკრულების არსებით დარღვევაში, ცდილობდა მის საერთაშორისო ბაზარზე სახელის გატეხვას და ასევე არ მიანიჭა კომპანიას ის საგადასახადო შეღავათები, რომელიც წილობრივი განაწილების შესახებ კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.

„ფრონტერამ“ ასევე განაცხადა, რომ კომპანიის მთავარ ადვოკატზე ზეწოლა განახორციელეს, რათა არბიტრაჟში მონაწილეობა არ მიეღო.

ტრიბუნალმა აღნიშნა, რომ კომპანიამ არ წარმოადგინა „საკმარისი მტკიცებულება იმ ბრალდების გასამყარებლად, რომ 2012 წლის შემდეგ მომჩივანი სისტემატურად აფერხებდა მათ გაზის მოპოვების სამუშაოებში”. ტრიბუნალმა ასევე მიიჩნია, რომ „ფრონტერამ“ არ წარმოადგინა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მათი დაქირავებულები ზეწოლის ქვეშ მოექცნენ ან რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოქმედებები „ექსპროპრიაციის რბილ ფორმას“ წარმოადგენდა. 

„საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ცალსახად გადაწყვიტეს, რომ საარბიტრაჟო განხილვის პერიოდში არანაირი ფორმით არ შეეფერხებინათ „ფრონტერას“ საქმიანობა ქვეყანაში“, — აღნიშნა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველმა, ვაჟა ხიდაშელმა. „ჩვენ თავი შევიკავეთ „ფრონტერას“ მიერ ჩადენილ სხვა დარღვევებზე რეაგირებისგან. მაგალითად, არსებობს გარემოს დაბინძურების არაერთი შემთხვევა, მაგრამ გადავწყვიტეთ, არ ჩავრეულიყავით — „ფრონტერას“ მიერ წარმოებული აგრესიული ლობისტური კამპანიის გამო“.

საარბიტრაჟო დავის პერიოდში „ფრონტერას“ ინტერესების დაცვა შეწყვიტა ორმა დაქირავებულმა საადვოკატო ფირმამ — Akin Gump Strauss-მა 2019 წლის ივნისში და Taylor English Duma იმავე წლის სექტემბერში. რამდენიმე კვირის შემდეგ ასევე გადადგა თანამდებობიდან კომპანიის საკუთარი ლეგალური მრჩეველი.

ტრიბუნალის გადაწყვეტილების მიხედვით, 2019 წლის დეკემბერში „ფრონტერა“ ლონდონში, საერთაშორისო დავების მოგვარების ცენტრში, საბოლოო საარბიტრაჟო მოსმენას არ დასწრებია, მათი განცხადებით, საქართველოს მხრიდან მათ ბიზნესზე განხორციელებული „ზეწოლის“ მცდელობების გამო. ტრიბუნალმა მსგავსი ზეწოლის შემთხვევების დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვერ მიაგნო.

სტრატეგიული საფრთხეები 

არბიტრაჟის გადაწყვეტილებით ინტრიგა არ ამოწურულა.

იმის ფონზე, როდესაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაც და „ფრონტერაც“ გამარჯვებას ჩემულობდა, კორპორაციამ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა, რასაც „ფრონტერას“ პოლიტიკური კავშირების გააქტიურება მოჰყვა. აშშ-ის რამდენიმე სენატორმა და კონგრესმენმა განაცხადა, რომ კომპანია ექსპროპრიაციის საფრთხის წინაშე იდგა. ამერიკის მხრიდან ზეწოლის შედეგად, საქართველომ „ფრონტერასთან“ ხელშეკრულების გაუქმება გადაიფიქრა და კომპანიას მის ხელთ არსებული ტერიტორიაც შეუნარჩუნა.

როგორც ხიდაშელმა openDemocracy-ს განუცხადა, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც „ფრონტერამ“ აშშ-ში კრიტიკა შეაგულიანა“. „ფრონტერასთვის“ მანამდე გადაცემული ტერიტორიების დატოვება, მისი თქმით, „კეთილი ნების ჟესტი“ იყო, რომელიც „აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობას და საქართველოს, როგორც მეგობრული საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის“, იმიჯს საფრთხეს აარიდებდა. 

ადამიანური ზარალი

საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ხოლო ინვესტორებისთვის მაღალი მოგებების დაპირების მიუხედავად, „ფრონტერა“ მოგვიანებით კომპანიის ორ მმართველს შორის მწვავე სამართლებრივი დავის საგნად იქცა, ბოლოს კი კაიმანის კუნძულებზე მისი ლიკვიდაციის პროცესიც დაიწყო. კორპორატიული კრიზისის ფონზე, „ფრონტერამ“ თავისი ყოფილი თანამშრომლები და ინვესტორებიც საინფორმაციო ვაკუუმში დატოვა.

აღმოსავლეთ საქართველოში „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების თქმით, კომპანიამ ისე გაათავისუფლა ისინი 2019 წლის ბოლოს, რომ დღემდე არ აუნაზღაურებია ძველი, 2016-2019 წლების, ხელფასები (სარჩელის მიხედვით, ჯამში $241,780 დავალიანება).

დაახლოებით 100 თანამშრომელს შორის, რომლებიც კომპანიამ 2020 წლის ბოლოს გაათავისუფლა, ოთხი ისე გარდაიცვალა, რომ საკუთარ ძველ ხელფასებს ვერ ეღირსა. მათ შორისაა ზაზა წიკლაური, რომელიც, ოჯახის წევრების მტკიცებით, სიმსივნესთან გასამკლავებლად საჭირო მედიკამენტების ფულის გარეშე გარდაიცვალა, და გია კოვზირიძე, რომელიც 11-თვიანი სახელფასო დავალიანების და ბანკის ვალების ფონზე, ახლახანს გულის შეტევამ შეიწირა. 2019 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ქართულ სასამართლოს მათი ხელფასების საქმეზე მოსმენა დღემდე არ ჩაუნიშნავს.

ამის პარალელურად, 2019 წლის იანვარში „ფრონტერას“ ალტერნატიულ საინვესტიციო ბაზრიდან ამოშლის შემდეგ კომპანიის 200-300 ბრიტანელი ინვესტორი აქციების გარეშეა დარჩენილი. მათ დღემდე არ იციან, რა დაემართა „ფრონტერას“ ოცნებას და ოდესმე თუ შეძლებენ საკუთარი ფულის დაბრუნებას. 

მასალაზე ასევე იმუშავა შოთა ხინჩამ (OC Media).

The website is undergoing scheduled maintenance
This is default text for notification bar