fbpx

ფოტო | შუქრუთელების პროტესტი ამოკერილი პირით

გიორგი ნეფარიძე. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში რამდენიმე მოსახლემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მანგანუმის მოპოვება მათი სახლების ქვეშ გრძელდება, სახლები ზიანდება და ინგრევა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ არც „ჯორჯიან მანგანეზი“  უსმენთ და არც — მთავრობა.

ვერა კუპატაძე აქციას 16 თებერვლიდან შემოუერთდა. ის ამბობს, რომ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში ახდენს გავლენას მის ოჯახზე.

„ურთულეს პერიოდში ავაშენეთ ეს სახლი — ფაქტობრივად, მშივრები ვიყავით — ახლა კი თავზე გვენგრევა ნაწვალები, შიმშილის პერიოდში ნაშენები სახლი. დავიბადე და გავიზარდე შუქრუთში. ჩემი მშობლები იბრძოდნენ ისე, რომ ერთი თეთრი არ აუღიათ, ოჯახი განადგურდა. ახლა მე ვიბრძვი“, — გვითხრა ვერამ. 

ვერა კუპატაძე, რომლემაც პირი ორშაბათს ამოიკერა, ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მათი პროტესტი მთავრობის ყურადღებას მიიპყრობს. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

ვერას მშობლების სახლი 2000-იანი წლების დასაწყისში დაინგრა. მისი თქმით, ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. ისინი იძულებული იყვნენ, ახალი სახლი აეშენებინათ. 

„ახლა იმის ქვეშ თხრიან და ისევ გვანგრევენ. ზიანდება სახლი ისევ“. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც შუქრუთელების პროტესტი მიმდინარეობს, ვერას არავინ შეხმიანებია არც მთავრობიდან და არც კომპანიიდან. 

„ასეთ უსამართლობაში მოვექეცით. ასეთ ხელისუფლებას ველოდით? ვერაფრით წარმომიდგენია“, — ამბობს ვერა. 

Advertisements

ამჟამად ათი შუქრუთელი შიმშილობს. მათგან რვა მამაკაცმა და სამმა ქალმა პირი ამოიკერა. 

ხუთმა მამაკაცმა პირი ორი კვირის წინ ამოიკერა. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

ისინი კომპენასიცას ითხოვენ „ჯორჯიან მანგანეზისგან“, რომელიც ჭიათურაში მანგანუმს მოიპოვებს. ისინი ასევე მთავრობისგან მოითხოვენ, რომ პროცესში ჩაერთოს და შეაფასოს, რა ხდება სოფელში, რადგანაც არ ენდობიან კომპანიის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას.

მას შემდეგ, რაც პროტესტი განახლდა შუქრუთში, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩართულიყო პროცესში, მხოლოდ ერთი პირობით:

„თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება“. 

ეზოს მეპატრონე გვეუბნება, რომ ორმო ეზოში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
ადგილობრივების თქმით, ნაპრალები მიწაზე რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, როდესაც კომპანიამ მანგანუმის მოპოვება სოფლის ქვეშ განაახლა. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
ადგილობრივების თქმით, ეს გაზის მილი მიწის ქვეშ იყო, თუმცა მიწის დაძვრის შედეგად ზედაპირზე აღმოჩნდა. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენს დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

გასული ორი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების გამო, ადგილობრივ მოსახლეობას არ სჯერა, რომ კომპანია დადებულ პირობას ამჯერად შეასრულებს. 

აქციის მონაწილეები საპროტესტო ბანაკთან. 2020 წლის ნოემბერი. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

შუქრუთელების აქცია 2019 წლის 5 სექტემბერს დაიწყო და რამდენჯერმე განახლდა. ბოლოს პროტესტი 16 თებერვალს განახლდა და უწყვეტად მიმდინარეობს. 

ადგილობრივებმა OC Media-ს უთხრეს, რომ მთელი ამ ორი წლის განმავლობაში არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ  გამოხმაურებიათ. 

შუქრუთელებმა არაერთი აქცია გამართეს ჭიათურის მერიასთან, თუმცა აქციებს გამოხმაურება არ მოჰყოლია. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

ია ასანიძე აქციას ერთი თვის წინ შემოუერთდა, რადგან მანამდე მცირეწლოვან შვილს ვერ ტოვებდა. იამ პირი 24 მაისს ამოიკერა ორ ქალთან ერთად.

„ჩემი სახლი დანგრეულია. მიწის ნაკვეთები მაქვს, ყველაფერი უბედურდება. ახლის აშენების პერსპექტივა არაა შუქრუთში, ვერაფერს ააშენებ. ხის სახლიც კი მიწაში ჩავა“, — გვეუბნება ია. 

ია ასანიძემ შიმშილი შვიდი დღის წინ დაიწყო, პირი კი ორშაბათს ამოიკერა. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
იას მეუღლემ, სერგო მოდებაძემ, პირი 18 დღის წინ ამოიკერა. წყვილი დღედაღამ კარავში არიან, მაღაროს შესასვლელთან. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

თამარ კუპატაძე, რომელიც განახლებულ აქციას პირველივე დღეებში შემოუერთდა, ამბობს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად მთავრობის ვერც ერთი წარმომადგენლის ყურადღება ვერ დაიმსახურეს. მისი თქმით, მთავრობიდან მათთან არავინ მისულა, მხოლოდ სახალხო დამცველის ოფისიდან მივიდნენ რამდენიმე დღის წინ. 

თამარ კუპატაძე. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

„მეთოთხმეტე დღეს მოვიდნენ, მაგრამ ძალიან უიმედოდ დაგვტოვეს. მხოლოდ სასწრაფო ამოდის ყოველ დილას და საღამოს, რომ ჯანმრთელობა შეგვიმოწმოს“, — გვითხრა თამარმა. 

გიორგი ნეფარიძე, რომელიც შუქრუთის აქციების ერთერთი ლიდერია, იხსენებს, რომ პროტესტი პირველად 2020 წლის ივნისში შეწყვიტეს, როდესაც ზეპირი დაპირება იყო, რომ შეთანხმება დაიდებოდა კომპანიის, ადგილობრივებსა და სახელმწიფოს შორის, რომ, თუ კომპანია მოსახლეობას კომპენსაციას არ გადაუხდიდა, სახლემწიფო მას შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებდა, თუმცა ასეთი შეთანხმება არ შედგა. 

გიორგი ნეფარიძე: „ჩვენი პროტესტი იმის მაგალითია, თუ როგორ გადაგვახიეს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა თავზე“. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
იმედა ნეფარიძე. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
ჯანო ლაბაძე. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
იმედა ნეფარიძე ნაიარევზე მალამოს ისვამს. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

აქციის მონაწილეები იმ კარავში ცხოვრობენ, რომელიც 2019 წლის სექტემბერში აღმართეს კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან. კარავში შუქი არ არის.ზამთარში შეშის ფეჩით თბებიან. გასულ კვირას მის გვერდით მეორე კარავი აღმართეს მოშიმშილე ქალებისთვის. 

აქციის მონაწილეები შეშის ფეჩთან თბებიან. თებერვალი, 2020 წელი. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

იმის გამო, რომ მაღარო 24/7-ზე მუშაობს, კარვებთან ხმაურია. აქციის მონაწილეების თქმით, ხმაურის გამო ხშირად თავის ტკივილი და წნევები აწუხებთ. ხმა ისეთი მაღალია, რომ სასაუბროდ ხშირად ყვირილია საჭირო. 

ლევან შეყილაძის სახლი 1969 წელს აშენდა. მისი თქმით, სამი წლის წინ, როდესაც მიწამ მოძრაობა დაიწყო, მისი სახლი დაზიანდა. შენობის უკანა მხარეს კუთხე ჩამოინგრა. 

OC Media შეყილაძის სახლს 2020 წელს ეწვია და დაზიანებებიგადაიღო. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
გასულ კვირას მისი სახლის იგივე კუთხე კიდევ უფრო ჩამოინგრა. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
ამირან შეყილაძე. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

ლევანის ძმა იმ ხუთ მამაკაცს შორისაა, ვინც პირი ამოიკერა. ძმებმა ეზოში ახალი ნაგებობა ააშენეს იმის იმედად, რომ უსაფრთხოდ იქნებოდნენ, თუმცა ახალ ნაგებობაში უკვე ბზარები გაჩნდა. 

ლევან შეყილაძე. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
შეყილაძე ახლად დაგებულ გზას გვაჩვენებს, რომელზეც უკვე ნაპრალები გაჩნდა. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
მიწის დაძვრის შედეგად შუქრუთში მდებარე საფლავებიც ზიანდება. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.

„კიდევ კარგი, რომ იმ მომენტში სახლში არ ვიყავით, ისტერიკა დამემართებოდა, რომ მენახა. მეორე კუთხეც დაზიანებულია, იქითა კუთხეც არანაკლებია, მოიხსნა ის კუთხეც. და ეგ არის. სულ ოთხი კუთხე აქვს სახლს, ერთი კუთხე დარჩა. რა მაჩერებს ან მე და ან ამ სახლს, არ ვიცი.“, — ამბობს ლევანი. 

„არ მოდიან [მთავრობა]. მარტო მედია თუ ამოვა. მთავრობა მარტო ბიზნესის და ფერმერების გაძლიერებაზე ფიქრობს. ჩემნაირ უბრალო გლეხზე არავინ ფიქრობს.“

აქციის მონაწილეები კარავში ცივი ზამთრების და ცხელი ზაფხულის მიუხედავად რჩებიან. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.
წლების განმავლობაში ისინი რამდენიმე უსახლკარო ძაღლს აჭმევენ და იფარებენ. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media.