fbpx

ვიტალი საფაროვის დედა: უნდა ვიცოდე, რის გამო მომიკლეს შვილი

მარიმა ალანაკიანი (დათო ფარულავა /OC Media)

25 წლის ეთნიკურად ებრაელი ვიტალი საფაროვი 2018 წლის სექტემბერში მოკლეს. ბრალდებულებს სასამართლომ 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჯგუფურად მკვლელობისთვის. მიუხედავად მოწმეთა ჩვენებებისა, რომ საფაროვი ნეო-ნაცისტებმა ებრაული წარმომავლობის გამო მოკლეს, მოსამართლებ მიიჩნია, რომ მკვლელობა სიძულვილის ნიადაგზე არ მომხდარა. 

გარდაცვლილის ოჯახი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ვიტალი საფაროვის დედას, მარიმა ალანაკიანს სურს გაიგოს, რატომ მოკლეს მისი შვილი. ეს მისი ისტორიაა:

„თქმას ვერავინ მიბედავდა“

„დედა, მოვალ სახლში“ — ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც ჩემმა შვილმა მითხრა. უკვე ცხრა თვე გავიდა და რამდენჯერ ვყვები იმ მომენტს. თითოეული წამი მახსოვს.

29 სექტემბერი იყო ვიტალი რომ ჩამოვიდა. ორი კვირა არ მყავდა ნანახი, სამუშაოდ იყო წასული თავისი ორგანიზაციიდან.

ბოლოს რომ ველაპარაკე, მითხრა, ბარში გავალ ბიჭებთან ერთად და მოვალო.

ღამით სამ საათზე ავდექი და ვნახე, რომ აქ არ იყო. როგორც წესი, ყოველთვის ვურეკავდი და ვეკითხებოდი სად ხარ-მეთქი. როგორც დედა, წყნარად ვარ, როცა ბავშვები სახლში არიან. ვიფიქრე, ალბათ სახლში არიან ორივე და არ გავაღვიძებ-მეთქი. რაღაც მაჩერებდა დარეკვისგან.

Advertisements

7 საათზე გამომეღვიძა თვალებდასიებულს. ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე: ძალიან ბევრი ხალხი იყო, მათ ქვეშ კი — ვიტალი. ჩხუბს გავდა, მაგრამ ჩხუბი და ვიტალი?! ნამტირალები თვალებით ავდექი.

ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ვიტალი სახლში არ მისულა. ალბათ უფროსთან დარჩა და აცადე, არ გააღვიძოო. ცუდს არაფერს მოველოდი, მაგრამ ვუთხარი ცუდი სიზმარი მაქვს ნანახი და არ მინდა რაღაცაზე ვიფიქრო-მეთქი.

ეზოში ვისხედით, როცა 10:30-ზე მეზობელმა დარეკა და მეორე მეზობელს რაღაც ჰკითხა. მე რომ სულ რაღაცის მოლოდინში ვიყავი, ჩავეკითხე, რა უნდა მეთქი. არაფერი, პატრულმა გაიარა თურმე ქუჩაში და უკითხავს, ვიტალი საფაროვი აქ თუ ცხოვრობს და კარგი ბიჭია თუ ცუდიო.

გავიქეცი მეზობელთან. მისგან შევიტყვე, რომ პუშკინზე ჩხუბი იყო. ერთადერთი ბარი პუშკინზე „ვარშავა“ ვიცოდი, რადგან ადრე მანდ დადიოდნენ. გავეშურეთ, მაგრამ გზაში დაგვირეკეს, დაბრუნდი, ვიტალი დაჭრილიაო.

ეზოში ხალხი დარბოდა. მითხრეს, საავადმყოფოში მიდიან ვიტალის სანახავადო. თურმე უკვე იცოდნენ სიმართლე და ეზოდან გარბოდნენ, რომ ჩემგან შორს ეყვირათ და ეტირათ. მე თქმას ვერავინ მიბედავდა. ჩემი შვილი ნერვიულად მოძრაობდა და მეუბნებოდა, მთავარია დაჭრილია და ცოცხალია, ნუ ნერვიულობო.

სიცოცხლე რა სალაპარაკო იყო, როცა საერთოდ არ ვფიქრობდი სიკვდილზე?!

შემდეგ მეზობელმა რაღაც დაიყვირა და დავინახე, ჩვენმა დამლაგებელმა ხელი მიარტყა, გაჩერდი, მარინა გიყურებსო. მივხვდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა და გავითიშე.

ღიმილი

უკვე 9 თვე გავიდა და ზოგჯერ ვფიქრობ, ეს ყველაფერი მართლა მოხდა? იქნებ მართლა სიზმარში ვარ? დღემდე არ მჯერა, სანამ საფლავზე არ მივალ. სურათებს ვუყურებ და არ მინდა, დავიჯერო. ვიტალი სულ სადღაც დადიოდა, სულ წასული იყო და ახლაც მგონია, რომ ისევ სადღაც არის. ბლოკავს ჩემი ტვინი, რომ ეს მართლა მოხდა.

ამ 9 თვეში იმდენი რამ გადავიტანეთ… სასამართლო პროცესები, დამცირება… და წინ კიდევ ბევრი გველოდება.

მახსოვს პირველი დღე — ებრაელები მოვიდნენ, რაბინები. მეკითხებოდნენ, მართლა ებრაელობის გამო მოკლესო? არაფერი ვიცოდი, ხალხს თვითონ მოჰქონდა ჩემთან ინფორმაცია.

სულ მესმოდა, „ღიმილის გამო, ღიმილის გამო“. ვამბობდი, ნუთუ უკვე ღიმილის გამო კლავენ ჩვენთან ადამიანებს?

როცა საღამოს სახლში მოიყვანეს, ჩემმა შვილმა გამაფრთხილა, დედა, მზად იყავი, შენ რომ გახსოვს ისეთს ვერ დაინახავ ვიტალისო. სახე გადაჭრილი ჰქონდა, მაგრამ ღიმილი იგივე.

დანა, სიშავე, სიკვდილი

ვერ ვუყურებდი ჩემ შვილს. ცალი თვალით შევხედე ჭრილობების ფოტოებს. 10 ჭრილობა ჰქონდა და აქედან 4 სიცოცხლესთან შეუთავსებელი — ერთ წამში წაართვეს სიცოცხლე.

ერთი ადამიანი როგორ მიაყენებდა ამდენ ჭრილობას? როგორ უნდა გძულდეს, რომ ადამიანს ამდენჯერ დაარტყა?

ერთი კვირის შემდეგ კანდელაკიშვილის [მსჯავრდებული] დედამ დამირეკა, შეხვედრა უნდოდა. თავიდან ვფიქრობდი, რომ მივიღებდი, მაგრამ უარი ვუთხარი. ტელეფონის ნომრით ვიპოვე Facebook-ზე. ფოტოზე შვილთან ერთად იდგა. სწორედ იქ დავინახე, რომ კანდელაკიშვილს სვასტიკა ჰქონდა.

ჩვენ იქამდე [სიძულვილის მოტივზე] არაფერი ვიცოდით, რომ დამირეკეს, თვითონ მაიძულეს, შევსულიყავი და მენახა, ვინ იყო.

კომენტარების კითხვა დავიწყე, შანავა [მოწმე] უკომენტარებდა. საზიზღრობებს წერდნენ, გავგიჟდი. თითქოს ჩემ გარშემო სხედან ეს ჯგუფები და ყველა რაღაც საზიზღრობას გაჰყვირის. ცუდად ვხდებოდი, მაგრამ ყველაფერს ვინახავდი. შანავამ ყველაფერი წაშალა, მაგრამ ბევრი საინტერესო „სქრინი” გვაქვს შენახული.

ჯერ რა ფოტოები აქვთ — ნაცისტური „სალუტით“ [პოზირებენ], თვალები დაფარული აქვთ, ჯგუფებად დგანან. სულ სვასტიკები და ჰიტლერი…

შანავას და კანდელაკიშვილის ერთ-ერთი მიმოწერაში დანაზე ლაპარაკობდნენ — ჯერ ცოდოა, მარტო „კალბასი“ აქვს დაჭრილი და ჯერ არ დაგმირულაო. ანუ ჩემი შვილის მოკვლით გააგმირა დანა?!

შანავაც ამბობს თავის ჩვენებაში, რომ კანდელაკიშვილს სვასტიკა ჰქონდა ამოსვირიგებული.

ესენი ამბობენ, არ ვართ [ფაშისტური] დაჯგუფების წევრები, რადგან ეს არსად არ არის დაფიქსირებულიო. განა ამას დოკუმენტი სჭირდება? ჰო, აი მკვლელების ჯგუფი იქნება რეგისტირებული...

რატომ მომიკლეს შვილი, რომელსაც ცხოვრებაში ცუდი არავისთვის გაუკეთებია? გახსენით ჩემი შვილის და მაგათი ფეისბუქ გვერდები — აქეთ მზე, ღიმილი და სიყვარულია, იქით კი — დანა, სიშავე, სიკვდილი...

„არ ვიცი ფაშისტებს რა უნდათ“

ანტისემიტიზმი ჩემ მიმართ არასდროს მიგრძვნია, მაგრამ სიძულვილი რომ სულ იყო საქართველოში ეგ ვიცოდი. ბავშვობაში სულ გვესმოდა “ეგ თათარი, სომხეი, ებრაელი”... ამას არც ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა ასეთ უბედურებაში რომ გადაიზრდებოდა, არც მიფიქრია. რომ ჩემი ოჯახი, რომელიც ღია იყო აბსოლუტურად ყველა ეროვნებისთვის, ეროვნების გამო გახდებოდა მსხვერპლი. ჩვენ 5 ეთნოსის სისხლი გვირევია, ჩვენთვის ეროვნება არ არსებობს.

რატომ უნდა დავყოთ ადამიანები ეროვნების ნიშნით? კარგი და ცუდი ყველგან არსებობს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველები ცუდები არიან.

ასეთი [სიძულვილის] ჯგუფები ყველგან არიან, მაგრამ რაღაცნაირად მთავრობამ უნდა მიხედოს. დროულად უნდა მიხედოს, რომ უარესი მდგომარეობა არ მივიღოთ. ჩემმა შვილმა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავდა, იცოდა მათი არსებობის შესახებ, მაგრამ ბევრმა ხომ არც იცის?

ნაცნობები მწერენ, მართლა არსებობენ ასეთი დაჯგუფებებიო? კი, მართლა არსებობენ და მართლა საშიშები არიან.

მაგრამ როცა კანონი იმოქმედებს, ასე თამამად აღარ გამოვლენ. პატრული რომ გაჩხრეკს და დანას აღმოუჩენს, ჩასვამს, — შემდეგში ეცოდინებათ, რომ შეამოწმებენ და ასე აღარ გამოვლენ. ან ფეისბუქზე როგორ შეიძლება სიძულვილის ასე დემონსტრირება?

არ ვიცი ფაშისტებს რა უნდათ. ლამაზი ქვეყანა გვაქვს, უამრავი შესაძლებლობაა. ალბათ ვერ ნახეს თავიანთი ადგილი ცხოვრებაში და ბავშვობიდანვე არიან ჩართული დაჯგუფებებში, სადაც თავს გმირებად გრძნობენ. ეს ქვეყანა რაღაცისგან უნდა იხსნან, მაგრამ რისგან?

ბავშვებს ოჯახში უნდა აჩვენო ეს შესაძლებლობები, სიყვარული. ჩვენ ასე ვზრდიდით შვილებს. ჩემი შვილი სხვანაირად უყურებდა სამყაროს.

სირცხვილი

სასამართლომ ბრალდებულებს 15-15 წელი მიუსაჯა მკვლელობისთვის, მაგრამ [სიძულვილის] მოტივი ამოიღო. ეს მოტივი ჩემთვის მთავარია. რისთვის მომიკლეს შვილი? რატომ ასე სასტიკად? ხომ უნდა ვიცოდე, რატომ ასე სასტიკად?

როცა სასამართლო მოტივს დაადგენს, მთავრობაც დარწმუნდება, რომ ეს ჯგუფები საშიშები არიან და სათანადო კანონებს მიიღებს; კანონს, რომელიც სხვის შვილებსაც დაიცავს ამ უბედურებისგან.

[ბრალდებულების] ადვოკატები ამბობდნენ, საქართველო სირცხვილს გადავარჩინეთო, როცა სასამართლომ სიძულვილის მოტივი არ დაადგინა. სირცხვილი ის არის, რომ ჩვენ ამ პრობლემას ვმალავთ. როცა რაღაც ცუდი გაქვს, უნდა ილაპარაკო, რომ დაინახო და მოაგვარო.

რატომ უნდა დავფარო? რომ სხვებიც გაუბედურდნენ? უნდა ვილაპარაკოთ, რომ კანონმა დაგვიცვას.

ჩემთვის უკვე რა? მეგონა მშვიდად ვცხოვრობდი. ახლა იმდენ ბოროტებას ვხედავ… არ შეიძლება, საქართველო მათ ხელში იყოს.