აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დაპირების გარეშე — როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?

ევროპარლამენტი (დათო ფარულავა /OC Media)

აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო სამიტზე საქართველომ დიდი დაპირება ვერ მიიღო, რის გამოც ქვენაში კვლავ გრძელდება დისკუსია ევროკავშირთან დაახლოების შემდგომ ნაბიჯებზე. ბრიუსელში ოფიციალური პირები მოთმინებისკენ მოგვიწოდებენ, ამასობაში კი საქართველოში გრძელდება მსჯელობა, თუ რა არის საუკეთესო გზა ევროკავშირის ყურადღების მისაპყრობად.

მისწრაფება ევროკავშირის წევრობისკენ

24 ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტამდე საქართველომ ნათლად განაცხდა ევროკავშირთან დაკავშირებით მისი ამბიციური გეგმების შესახებ, რომლებიც მთავარ მიზანს — ევროკავშირის წევრობას — ემსახურება.

ჯერ კიდევ 2015 წელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის საქართველო მოწინავე ქვეყანად დაასახელა. იქიდან მოყოლებული საქართველო ამ ტიტულს დღემდე ინარჩუნებს. 2017 წელს ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ ქვეყნის ამბიციები კიდევ უფრო გაიზარდა და ამან დღის წესრიგში სრულიად ახალი შეკითხვები შემოიტანა — რა იქნება საქართველო-ევროკავშრის ურთიერთობაში შემდეგი დიდი ნაბიჯი? როდის გადადგამს საქართველო ამ ნაბიჯს და როდის მიაღწევს მიზანს?

საქართველო მოელოდა, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხს აღოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, სამიტმა  საფუძველი ჩაუყარა დისკუსიას, თუ რა გეგმები აქვს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში და რა გეგმები აქვს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრებლად.

ევროკავშირის შიდა პრობლემებზე ორიენტირებულ პოლიტიკას გაგებით მოეკიდა სამი ასპირანტი ქვეყანა, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ ევროკავშირის მთავარ საზრუნავს მოცემული დროისთვის ლტოლვილთა ნაკადები და ბრექსითი წარმოადგენდა.

გადამეტებული იქნება იმის თქმა, რომ საქართველო ბრიუსელის სამიტისგან ბევრს მოელოდა, რამდენადაც გაფართოება ეროკავშირის დღის წესრიგში ნამდვილად არ იდგა. თუმცა სამიტიდან მალევე ევროკავშირმა შესაძლებლობის ფანჯარა დასავლეთ ბალკანეთისთვის გამოაღო და განაცხადა, რომ მონტენეგრო და სერბეთი წევრობისთვის მზად 2025 წლისთვის იქნებიან.

ამან კიდევ უფრო გაართულა ამოცანა, თუ რა გეგმები აქვს ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით, რადგან მათ ასე ცოტა შესთავაზეს იმ ფონზე, როცა ბალკანეთის ქვეყნებმა დიდი დაპირება მიიღეს. საქართველო იმედგაცრუებას ღიად არ გამოხატავს, თუმცა სვამს შეკითხვებს, საჭიროა თუ არა აღოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის გადახედვა უფრო ხელშესახები შედეგების მისაღებად  და რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ამისთვის.

საქართველოს (არც ისე) დიდი მოლოდინები — რატომ აღმოჩნდა სამიტი მარცხი

ევროპარლამენტი (დათო ფარულავა /OC Media)

„სამიტმა ვერ უპასუხა ჩვენს ამბიციურ მოლოდინებს, თუმცა ასეთი მოლოდინები არც გვქონია, თუკი ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ სიტუაციას გავითვალისწინებთ“, — თქვა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ 15 თებერვალს.

მოგვიანებით მან OC Media-ს უთხრა, რომ საქართველოს ამბიციები აქვს, თუმცა სამიტამდე მოლოდინები მცირე ჰქონდა. ასე იყო მიუხედავად  საქართველო-უკრაინა-მოლდავეთის ორი ერთობლივი რეზოლუციისა, რომლებიც ევროკავშირს სამიტამდე გაუგზავნეს და რომელშიც მოითხოვდნენ, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლთან მიმართებით წევრობის საკითხი დღის წესრიგში დამდგარიყო.

16 სექტემბრით დათარიღებული სამი ქვეყნის ერთობლივი კომუნიკე ევროპარლამენტს მოუწოდებს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც წევრობის პრაქტიკული საგზაო რუკის გაცემას გულისხმობს. თუმცა 24 ნოემბრის სამიტის დეკლარაცია არათუ საგზაო რუკაზე, წევრობაზეც არაფერს ამბობს.

ის უფრო საინტერესო აღმოჩნდა, თუ რა არ წერია სამიტის დეკლარაციაში, ვიდრე რა წერია მასში. მან ფაქტობრივად გაიმეორა „20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტი, რომელზეც 2015 წლის რიგის სამიტზე შეთანხმდნენ. დოკუმენტი ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს — უფრო ძლიერი ეკონომიკა, მმართველობა, კავშირები და საზოგადოება და იმეორებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთგულებას, „ითანამშრომლონ რამდენიმე სპეციფიურ სფეროში, როგორებიცაა მცირე და საშულო მეწარმეობა, ციფრული ეკონომიკა, ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) ინვესტიციები, ინვესტიციები ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში“ .

დეკლარაციას არ უხსენებია „ევროპული პერსპექტივა“, რომელიც ასპირანტი ქვეყნებისთვის მეტად მნიშნელოვანი აღოჩნდა. ტერმინი ევროპარლამენტმა ჯერ კიდევ 2014 წელს გამოიყენა მხარდამჭერ რეზოლუციაში, რომელიც ამბობს, რომ „საქართველოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია, გააკეთოს განაცხადი გასაწევრებლად“.

თუმცა ახლა, როცა საქართველო სწორედ ამ ტერმინის გამოყენებას მოითხოვდა, რაც, დიდი ალბათობით, შესაძლებლობის ფანჯარად იქნებოდა აღქმული, სამიტმა სრულიად უგულებელყო „ჯილდო“.

ჯერ კიდევ 2016 წელს, საქართველოს მთავრობა წევრობაზე საუბრის დროს გაცილებით მეტ სიფრთხილეს იჩენდა. „ჩვენ ვერ დავიწყებთ წევრობისთვის მზადებას 2017 წელს, რადგან ეს [მოცემული მომენტისთვის] არარეალისტურია და შესაძლოა, ხალხში არარეალური მოლოდინები გააჩინოს“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, 2016 წლის 28 დეკემბერს. როგორც ჩანს, სამიტის შემდეგ რაღაც შეიცვალა.

ევროკავშირმა დაგვანახა, რომ მას ახლო მომავალში საქართველოსთვის შემოთავაზება არ აქვს, ამიტომ ჯერი საქართველოზე მიდგა, გეგმის დასახვა დაიწყოს. სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის (GRASS, GIP, OSGF) 1 დეკემბრის ერთობლივი განცხადება საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა, შეექმნა „ყოვლისმომცველი უწყებათაშორისო საგზაო რუკა საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისა, რომელშიც მიზნები, პრიორიტეტები და მიზნის მისაღწევად საჭირო ყველა საჭირო ნაბიჯი იქნება გაწერილი“.

მოგვიანებით, დეკემბერში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სწორედ ასეთ საგზო რუკაზე მუშაობდა, რომელშიც ევროკავშირის პროგრამებში მაქსიმალურ მონაწილეობას, ინდუსტრიის მასშტაბით ღრმა თანამშრომლობას, თავდაცავისა და უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობას მოიცავდა.

რას ამბობენ ევროპარლამენტარები საქართველოს წევრობის პერსპექტივაზე

რებეკა ჰარმსი, გერმანიის მწვანეთა პარტია (დათო ფარულავა/OC Media)

ბრიუსელში ევროპარლამენტარები საქართველოს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ მოკლევადიან პერიოდში ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებულ მოლოდინებში.

„ამჟამად ჩვენ არ გვაქვს ისეთი შიდა სტაბილურობა, რომ გაფართოებისკენ ნაბიჯები გადავდგათ“, — უთხრა ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა, გერმანიის მწვანეთა პარტიიდან OC Media-ს 30 იანვარს. „თუმცა ევროკავშირის გაფართოება გაგრძელდება, ამაში დარწმუნებული ვარ“, — თქვა ჰარმსმა.

მან ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით საქართველოს პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რადგან „ეს არის ევროკავშირისკენ მიმავალი ყველაზე კარგი გზა“. „რაც უფრო მიუახლოვდება საქართველო ევროკავშირის ხელშეკრულებებს, ნორმებსა და სტანდარტებს, მით უკეთესი“, — თქვა ჰარმსმა.

მან აღნიშნა, რომ ბრიუსელში შეკითხვები აქვთ საქართველოში მედიის თავისუფლების თვალსაზისით. „ეს არ არის ის სიტუაცია, სადაც ვიღაც ამბობს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. ჩვენ ვხედავთ პროგრესს, გვაქვს შეკითხვებიც და არ არის გასაკვირი, რომ ეს შეკითხვები არსებობს“, — თქვა ჰარმსმა.

კლერ მუდი, დიდი ბრიტანეთის მუშათა პარტია (დათო ფარულავა /OC Media)

ბრიტანელი ევროპარლამენტარი მუშათა პარტიიდან, კლერ მუდი, ხაზს უვსვამს ქებას, რომელიც საქართველომ  მიიღო და აღნიშნავს, რომ ქვეყნის პროგრესი მისალოცია. მისი თქმით, რამდენადაც გაფართოება ბალკანეთში იგეგმება, „საქართველოსთვისაც გამოჩნდება დრო, რომ სცადოს“.

„თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ არ უნდა ვიყოთ არარეალისტურები დროის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ დროის განსაზღვრა პოტენციურად არახელსაყრელია“, — უთხრა დეპუტატმა OC Media-ს.

ფინელი ევროპარლამენტარი მწვანეთა პატიიდან, ჰეიდი ჰაუტალა, კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს და უნგრეთსა და პოლონეთში განვითარებული მოვლენები მოჰყავს მაგალითად.

„ჩვენ ვნახეთ, რომ პრობლემები არსებობს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა, მაგალითად, ფუნდამენტური ღირებულებები, მათ შორის კანონის უზენაესობაში. ვხედავთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას ჩავარდნები აქვს. ვხედავთ უნგრეთს, პოლონეთს. ვფიქრობ, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბალკანეთში გაფართოების შემდგომმა ტალღამ სიტუაცია არ გააუარესოს“, — უთხრა ჰაუტალამ OC Media-ს.

ჰეიდი ჰაუტალა, ფინეთის მწვანეთა პარტია (დათო ფარულავა /OC Media)

მისი თქმით, საქართველო არ არის შორს იმ სტანდარტებისგან, რომლებიც ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანას აქვს, თუმცა არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი მალე გახდება.

„ეს ხანგრძლივი მოლაპარაკებების საგანი შეიძლება, გახდეს“, — თქვა ჰაუტალამ და აღნიშნა, რომ წევრობის შესახებ შეკითხვაზე „კი ან არა“ პასუხი არ არსებობს.

„უნდა გაითვალისწინოთ, რომ ევროკავშირში შიგნითვე ჩნდება ხვრელი, თუკი არ მივხედავთ აპლიკანტ ქვეყნებს, როცა ჯერ კიდევ უნდა დააკმაყოფილონ კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, — თქვა ჰაუტალამ. „კოპენჰაგენის კრიტერიუმი“ სტანდარტების ნუსხაა, რომეიც ადგენს, თუ რამდენად შეესაბამება ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს.

ანა გომესი, პორტუგალიის სოციალისტური პარტია (დათო ფარულავა /OC Media)

პორტუგალიელი ევროპარლამენტარი სოციალსიტური პარტიიდან, ანა გომესი, ამბობს, რომ საქართველოს ევროპული გზის ჩამოყალიებაში ერთერთი ხელშემწყობი ფაქტორი „საქართველო-ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება იქნება“.

„ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების დიდი პოტენციალი არსებობს. ამას საქართველოში ყველა დააფასებს და ქვეყნის ევროპულ გზასაც ხელს შეუწყობს“, — ამბობს გომესი OC Media-სთან საუბარში.

მისი თქმით, შესაძლოა, ახლა არ არის სწორი დრო წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად, თუმცა ქართველებმა „ევროპული გზით სიარული უნდა განაგრძონ“ და „ევროპული ღირებულებები“ გაითავისონ.

გამოწვევები, რომლებიც საქართველოს ელის

საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ევროკავშირთან ასეთი ძლიერი ჯერ არასდროს ყოფილა. საქართველომ ასოცირების შეთანხმების შესრლების ვალდებულება აიღო და პროგრესისთვის ქებაც დაიმსახურა. ამჟამად ევროპა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, სადაც მისი მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 30% სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. თუმცა არსებობს სხვა საზომებიც წევრობისთვის საქართველოს მზაობის შესამოწმებლდ.

გარდა კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკისა და წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების ეფექტიანად იმპლემენტაციის უნარისა, კოპენჰაგენის კრიტერიუმები მოიცავს „სტაბილურ ინსტიტუტებს დემოკრატიის გარანტირებისთვის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცერესობათა პატივისცემასა და დაცვას“, რაც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. სწორედ აქ იჩენს თავს გამოწვევა საქართველოსთვის.

ოპოზიციონერი დეპუტატი, სერგი კაპანაძე, პარტია „ევროპული საქართველოდან“ ამბობს, რომ დემოკრატიის გარანტი ინსტიტუტების სტაბილურობის თვალსაზრისით ბევრი ხარვეზი არსებობს.

„ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ გვყავს არაფორმალური მმართველი [ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი] და მეტი ინსტიტუციური ანგარიშვალდებულების საჭიროება გვაქვს. მაგალითად, მთავრობა არ რეაგირებს პარლამენტის მოთხოვნაზე, დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა და არღვევს ანგარიშვალდებულების პრინციპს. ამის გამოსწორება შესაძლებელია“, — თქვა კაპანაძემ 15 თებერვალს გამართულ საჯარო დისკუსიაზე „ევროპა და ახალი მსოფლიო უწესრიგობა“.

გამოწვევად რჩება სხვა კრიტერიუმებიც: სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ კრიტიკა დაიმსახურა აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეებში კანონის უზენაესობის ვერუზრუნველყოფის გამო. მუხთარლი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, დიდი ალბათბით აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა გაიტაცა საქართველოდან, საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, რის შემდეგაც მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჩაბუქი სკოლის ყოფილი მენეჯერია, რომელსაც თურქეთი ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში ადანაშაულებს. მას თურქეთში ექსტრადიცია ემუქრება, სადაც, უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, იგი სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლებს და წამების მსხვერპლი გახდება.

ევროპარლამენტი (დათო ფარულავა/OC Media)

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ყურადღების მიქცევა ესაჭიროება, ადამიანის უფლებები და უმცრესობათა უფლებრივი მდგომარეობაა. სახალხო დამცველის არაერთი ანგარიში მიუთითებს მარგინალიზებული ჯგუფების — რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ლგბტ ადამიანები და სხვა — მიმართ დისკრიმინაციასა და არასათანადო მოპყრობაზე.

ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამების მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე, ამბობს, რომ ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანა წევრი ქვეყნის მსგავსად უნდა იქცეოდეს, თუკი სურს, რომ წარმატებას მიაღწიოს. „კოპენჰაგენის კრიტერიუმები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელთაგან ერთერთი უმთავრესი კანონის უზენაესობაა“, — ამბობს ჩხიკვაძე.

OC Media-სთან საუბარში იგი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის თვალში წარმატების მაგალითად უნდა იქცეს, რათა მისი ყურადღება მიიპყროს და როგორც პარტნიორისადმი ინტერესი გაუღვივოს.

„გაყინული პროცესი ლღვობას იწყებს და ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ შესაძლებლობას. ამ ეტაპზე არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო — ამბიციურად მოითხოვოს წევრობა თუ „პერსპექტივის“ მიღებას დაელოდოს. ეს არ უნდა იყოს ნატვრა, არამედ სკეპტიკოსი ქვეყნების დარწმუნების კონკრეტული გეგმა“,  — ამბობს ჩხიკვაძე.

იგი რამდენიმე საკითხს გამოყოფს, რომლებიც წარმატების მისაღწევად არის საჭირო, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ასპირანტ ქვეყნებს — საქართველო, უკრაინა, მოლდავეთს — შორის სუსტ თანამშრომლობას. ჩხიკვაძე ამბობს, რომ საქართველო უფრო პროაქტიული უნდა გახდეს, რამდენადაც ამ ეტაპზე ნაბიჯებს ევროკავშირი კარნახობს და მის დღის წესრიგში არ წინაურდება. კიდევ ერთი საკთხი, რომელზეც ჩხივაძე ყურადღებას ამახვილებს, ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატის შეცვლის საჭიროებაა, რამდენადაც „ამჟამინდელი ფორმატი ვერ პასუხობს იმ ამბიციებსა და საჭიროებებს, რომლებიც ზოგიერთ ქვეყანას აქვს“.

მას ეთანხმება სერგი კაპანაძეც და ამბობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი ამოწურულია და განახლებას საჭიროებს.

„ვფიქრობ, რომ შემდგომი ფორმატი ბალკანეთის ქვეყნების სტრატეგიის მსგავსი უნდა იყოს, მაგალითად, როგორებიცაა „სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმება“ ან „წევრობამდელი სტრატეგია“. და, თუ ფორმატი მალე არ შეიცვლება, შესაძლო,ა ამან უკან დაგვხიოს“, — ამბობს კაპანაძე და დასძენს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მეტი რესურსი უნდა გამოუყოს, მათ შორის ფინანსური.

ბალკანეთში ევროკავშირის გაფართოებაზე მოლაპარაკებების გამო, სიტუაციას უფრო ოპტიმისტურად უყურებს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

„ერთ მხრივ, ჩვენ ვერ დავინახეთ დიდი ენთუზიაზმი ჩვეს ევროპელ კოლეგებში, როცა ჩვენს გეგმებსა და ამბიციებს განვიხილავდით. ვერ ვიტყვი, რომ ოპტიმიზმის ისეთივე მიზეზი გვაქვს, როგორც ბალკანეთის ქვეყნებს, თუმცა ტაბუ მოხსნილია“, — ამბობს თამარ ხულორდავა.

ევროკავშრისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს პროგრესი შესაძლოა, ნელი აღმოჩნდეს, რამდენადაც მას მოკლევადიან პერსპექტივაში ჯილდოს მოლოდინი არ აქვს. უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო და 5 წელს გასტანა, რადგან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კრიტერიუმები არც ისე მაღალი იყო, შედეგი კი მოკლევადიან პერიოდში იყო ხელმისაწვდომი.  თუმცა, თუკი ევროკავშირი გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას დაუკავშირებს, შესაძლოა, 10 წელზე მეტი გავიდეს, სანამ შესაძლებლობის ფანჯარა გაიღება საქართველოსთვის, ამასობაში კი პოლიტიკური ლანდშაფტი შესაძლოა, ისევ შეიცვალოს.

Fierce, independent journalism

Let’s be honest, the media situation in the Caucasus is grim. Every day we are accused of ‘serving the enemy’ whoever that enemy may be. Our journalists have been harassed, arrested, beaten, and exiled. But nevertheless, we persevere. For us this is a labour of love. Unfortunately, we cannot run OC Media on love alone, journalism is expensive and funding is scarce. Our sole mission is to serve the interests of all peoples of the region. Support us today and join us in the fight for a better Caucasus.

Support Us