მდიდარი და ხარბი ვაჭრების რასისტული სტერეოტიპებით, კულტურის მიღწევების მითვისებასა და სეპარატიზმში ბრალდებებით, საქართველოს ეთნიკური სომხები სიძულვილის ხშირი სამიზნეები არიან.
„მე ამაზე ყოველთვის ვისაუბრებ სიამაყით“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ, დედის სომხურ წარმომავლობაზე 2004 წელს პარლამენტში. ჟვანია ამით ერთერთ პარლამენტარს გამოეხმაურა, რომელმაც მთავრობის წევრების ეთნიკური წარმომავლობის გარკვევა მოითხოვა.
„მალულ სომხობაში“ ხშირად „ამხელდნენ“ პოლიტიკოსებს საქართველოში; ასეთებს შორის იყო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის ექსსპიკერი — ნინო ბურჯანაძეც.
„ყოველთვის ამბობდნენ, „აი, სომეხია, სომეხია!“ — მაგრამ კარგად გამოვიდა; მე მომეწონა“, — უთხრა 68 წლის როზა ღარიბიანმა OC Media-ს. როზა ლილოს ბაზრობაზე გამყიდველად მუშაობს.
„სააკაშვილი სომეხი არ არის, უბრალოდ, კარგი რომ იყო, ქართველი იყო, ცუდი რომ გახდა, სომეხი გახდა. აი, ეს ჩვევა არის ქართველებში“, — გაიცინა როზამ.
ღარიბიანს გაუჭირდა ცენტრალურ ხელისუფლებაში ეთნიკურად სომეხი საჯარო მოხელის დასახელება.
„არა, არავინ“.
როზა ღარიბიანი თბილისში დაიბადა. მამამისი და ბიძამისი თბილისში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც სომხურ გენოციდს გადაურჩნენ.
„თვითონ ყოფილა 6 წლის, მისი ძმა ყოფილა 8 წლის. ძმას მოუყვანია ქალაქში [თბილისში]. საშინელება ხდებოდა, კლავდნენ ხალხს გზაშიც“, — ამბობს როზა.
საქართველოს, რომელმაც რუსეთის მიერ ჩერქეზთა მიმართ ჩადენილი სისასტიკე 9 წლის წინ გენოციდად აღიარა, 1915-1923 წლებში ოტომანთა იმპერიის მიერ ჩადენილი სომეხთა გენოციდი დღემდე არ აქვს აღიარებული. 2014 წლის აღწერით, საქართველოში, ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით, 168 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა.
ჟვანიას შემტევი პასუხიდან ბევრმა წელმა ჩაიარა; ბოლო პერიოდში, ანტისომხური რიტორიკა, მნიშვნელოვანწილად, სხვა ფორმის ქსენოფობიებმა გადაფარა, ძირითადად — ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტების წინააღმდეგ მიმართულმა.
მიუხედავად ამისა, ანტისომხური რიტორიკა ქართულ მედიაში ისევ ძლიერია, განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ, მის ულტრაკონსერვატიულ ნაწილში.
„ველოდები სომეხი მეცნიერების დასკვნას. ძალიან მაინტერესებს, ჩვენი მეზობლები რომელ გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. დარწმუნებული ვარ, აღმოჩნდება, რომ მათი დნმ-ი ქართველებისაზე, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია და კორონავირუსს პირდაპირ ანადგურებს, ვაქცინა და მედიკამენტიც კი არ სჭირდება“, — იხუმრა „მთავარი არხის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, 5 აპრილს.
‘მთავარ არხს’ ლიბერალურ და პროდასავლურ ტელეკომპანიად მოაქვს თავი.
„ანტისემიტიზმის ქართული ვარიანტი“
„არმენოფობია ანტისემიტიზმის ქართული ვარიანტია და იგი თანაბრად მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას“, — აღნიშნა „რადიო თავისუფლების“ 2011 წლის ბლოგში ქართველმა ფილოსოფოსმა, გიორგი მაისურაძემ.
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში გამოკითხულთა 59%, რომელმაც პასუხისგან თავი არ შეიკავა ან არ უპასუხა — „არ ვიცი“, საქართველოში მცხოვრებ სომეხ ქალზე საკუთარი ეროვნების წარმომადგენლის ქორწინების იდეას არ მიესალმა (41%-მა მოიწონა).
ამასთანავე, 72%-მა არ მოიწონა სომეხთან საქმიანი ურთიერთობის დაჭერის იდეა (28%-ის საპირისპიროდ).
წლების განმავლობაში სომხების შესახებ არაერთი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა.
2007 წელს სოლოლაკისთვის შემუშავებული ჯენტრიფიკაციული გეგმების დასაცავად მომართულმა პარლამენტარმა, ბესო ჯუღელმა, განაცხადა, რომ „არ არის აუცილებელი, რომ მიკურტუმა ყოველთვის სოლოლაკში ცხოვრობდეს“.
ჯუღელმა ამ კომენტარით მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვის — გაუმაძღარი, ანგარებიანი სომეხი ვაჭრის, პერსონაჟი გააცოცხლა გიორგი ერისთავის 1849 წლის პიესიდან — „გაყრა“.
„გაყრა“, ჯუღელის არმენოფობიური სტერეოტიპის შთაგონება, იმდროინდელი გაღატაკებული ქართული არისტოკრატიის ჯავრს ირეკლავდა. მე-19 საუკუნის თბილისის ქართველი დიდგვაროვნობა კონკურენციას ვერ უწევდა ფინანსურად მოძლიერებულ სომეხ საშუალო კლასს.
ყველა შემთხვევაში, ასეთია საქართველოში თანამედროვე ანტისომხური განწყობების ისტორიული საწყისების ერთერთი ახსნა.
„წადი შენს სომხეთში!“
სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის განახლებულმა 44-დღიანმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა რეგიონში ინტერ-ეთნიკური განწყობები კიდევ უფრო გაამძაფრა.
„მე მიგრძნია ამ პერიოდში ძალიან ბევრი სიძულვილი ჩემი სომხობის გამო საქართველოში, რაც აქამდე არ მეგრძნო“, — გვითხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის ჟურნალისტმა, რიმა მარანგოზიანმა.
რიმა ახალქალაქში გაიზარდა.
„სიმართლე რომ გითხრათ, ამდენი რაღაცის მერე ცოტა რთულია, დაუბრუნდე იმ ძველ ცხოვრებას, სადაც უფრო საქართველოს მოქალაქე ვიყავი, ვიდრე — საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი“.
სექტემბერში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის აფეთქებისთანავე, საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ნეიტრალიტეტს იცავდა. მიუხედავად ამისა, ბევრი ეთნიკურად სომეხი — საქართველოში, სომხეთშიც თუ დიასპორებში — დარწმუნებული იყო, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე აზერბაიჯანისკენ მიმავალ თურქულ შეიარაღებას ატარებდა.
რიმამ გვითხრა, რომ ამის საფუძველზე სომხების მხრიდან საქართველოს მიმართ ბრაზმა საპასუხო რეაქცია გამოიწვია: ქართველები კიდევ უფრო მარტივად მოექცნენ დეზინფორმაციული, ანტისომხური კამპანიების გავლენის ქვეშ.
„მე პირადად მითხრეს ფეისბუქზე — „შენ სომეხო, წადი შენს სომხეთში!“, — იხსენებს რიმა.
რიმა მარანგოზიანის თქმით, საქართველოში არმენოფობიის საფუძველი ის არის, რომ ქართველები არ იცნობენ სომხურ თემს და ხშირად მათ შესახებ წარმოდგენები მედიის გავლენით უყალიბდებათ.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე განახლებული სამხედრო დაპირისპირების დროსაც, მისი დაკვირვებით, ქართული მედიის ნაწილი სათანადოდ არ აშუქებდა ისეთ მოვლენებს, როგორიც იყო ჯავახეთის სომხების მიერ ორგანიზებული აქციები, ან სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ სოციალურ მედიაში ფოტოს გამოქვეყნება, სადაც „ჯავახკ“ („ჯავახეთი“ სომხურად) ფიგურირებდა.
რიმას აზრით, სატელევიზიო რეპორტაჟები ხშირად მხოლოდ აზერბაიჯანის მხარის დაშავებულებზე მზადდებოდა.
„მედიაზე ვართ დამოკიდებული ახლა მოსახლეობა, სოციალურ მედიაზე მით უმეტეს, და აი, ბევრი მანიპულაციის და დეზინფორმაციის მსხვერპლი იყო ქართველი ხალხი, რუსული პროპაგანდა თავისას აკეთებდა“.
„წინ ვერ წახვალ“
თავდაპირველად როზა ღარიბიანი ყოყმანობდა, ანტისომხური შემთხვევები გაეხსენებინა, თუმცა ბოლოს მაინც გაგვიზიარა რამდენიმე საკუთარი მოგონება.
როზამ გაიხსენა, როგორ ეძახდნენ მას და მის მეგობრებს „ტილიან სომხებს“ სკოლის პერიოდში, განსაკუთრებით — ტრანსპორტში.
„თან იძახდნენ: ლტოლვილები ხართ, ლტოლვილები ხართ!“.
როზამ განათლება ავლაბრის სომხურ სკოლაში მიიღო. მისმა მამამ და ბიძამ რა გამოიარეს, ამის შესახებაც სკოლიდან გაიგო.
როზამ გვითხრა, რომ 16 წლის ასაკიდან დღემდე მუშაობს და ქართულსაც სრულყოფილად მას შემდეგ დაეუფლა, რაც თბილისის მიკროძრავების ქარხანაში დაიწყო მუშაობა (დღევანდელი „ელექტროვერკის“ შენობა).
არასასიამოვნო მოგონება აქედანაც აქვს.
„ერთი ჩვენი ცეხის მასტერი იყო, იცით, რა მითხრა? სომხებმა უნდა იმუშაონ, ქართველებმა უნდა იბაირამონ“.
როზამ ასევე გაიხსენა, როგორ იმოქმედა მასზე „გამსახურდიის დროინდელმა“ რიტორიკამ — „სტუმრები არიან, სტუმრები არიან“.
გაიხსენა, რომ მშობიარობის მოახლოებისას, საავადმყოფოში წასვლაზე უარს ამბობდა.
„მეშინოდა… რომ მომკლავენ… ეგრე მეგონა, მაგრამ რომ წავედი, ისე კარგად მიმიღეს, არ მჯეროდა. აი, ეგეთი შეგრძნება მქონდა, შიშები მქონდა“.
„ქალი აძინებდა ბავშვს და „დაიძინე, თორემ სომეხი მოვა, მოგკლავს“, — ასე ამბობდაო. გავგიჟდიო“, — გაიხსენა როზამ თავისი დეიდაშვილის მოყოლილი ამბავი, რომელიც საჩხერეში ქართველზე დაქორწინდა.
1980-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ავლაბრის ძველი ბინები დაანგრია და სანაცვლოდ როზას ვარკეთილში მისცეს ბინა.
„ჩემი მეზობელი, ვინც სომეხი იყო, ქართველები გახდნენ, მიშას დროს… უფრო წინ მიდიან. აბა, პარლამენტში ერთი სომეხი არის?... წინ ვერ წახვალ“.
თუმცა „ახლა ასე არ არის“, დასძინა როზამ. მისი თქმით, ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ხალხი გაუნათლებელი იყო, ახლა კი „ხალხის აზროვნება“ იცვლება.
“ნურც ნურვინ შეგვეცილება”
გიორგი გაბუნიას სატელევიზიო ირონია არარსებულ სომეხ მეცნიერებზე, რომლებიც ქართველებს გაეჯიბრებოდნენ, სომხებზე მსჯელობის ცნობილი ქარგაა. ამ ქარგაზე არამხოლოდ უწყინარ ქართულ-სომხურ გაჯიბრებებზე ირონია იგება, არამედ — ხშირად სომხების მოცილეობის გამო ჩივილიც.
არმენოფობიური ტროპები საქართველოში, სეპარატიზმთან ერთად, ხშირად ადანაშაულებენ სომხებს ქართული კულტურის ელემენტების მითვისებაში ან ძლევამოსილი და მდიდარი საერთაშორისო ლობის ყოლაში, რომელიც გულუბრყვილო და ალალი ქართველის იმიჯთანაა შეპირისპირებული, რომელსაც „სამშობლოს ართმევენ“..
კავკასიის საზოგადოებების მზარდი ინტერნეტიზაციის კვალობაზე, ხშირი კულინარიული დავები ამა თუ იმ კერძის ეროვნულ საკუთრებაზე ონლაინ კიდევ უფრო გახშირდა.
„სომხეთოფობი არ ვარ, მაგრამ აი, ეს არ ჯდება არანაირ ლოგიკაში. ესაა ტიპური მაგალითი, თუ როგორი მტაცებლები არიან“, — დაიჩივლა გორის მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსმა, შმაგი ხუბულურმა, 24 სექტემბერს. ხუბულურმა ეს კომენტარი ფეისბუქზე გაზიარებულ ვიდეოს დაურთო: რუსულ გადაცემაში საუბარი სომხურ ჩურჩხელაზე იყო.
ჩურჩხელის ვარიაციები, სხვადასხვა სახელით და ინგრედიენტებით, თუმცა მომზადების ძირითადი პრინციპით (მათ შორის, სომხური შაროცი) ახლო აღმოსავლეთის არაერთ საზოგადოებაში გვხვდება.
გიორგი ხასაიას და არტურ პეტროსიანის Лаваш наш! (ლავაში ჩვენია) პერფორმანსი ერევანში, რომელიც „ინფანტილურ და მძაფრ ქართულ-სომხურ დავებს ეძღვნება“.
მსგავსი ნარატივები ასევე პოპულარულია კონსერვატიულ ქართულ მართლმადიდებელ სამღვდელოებაში, რომელიც ქართული ეთნიკური ნაციონალიზმის ერთერთი ციტადელია.
„ყველაფერს იჩემებენ სომხები ქართულს“, — განაცხადა 2018 წელს დეკანოზმა, დავით ქვლივიძემ.
„ისეთი ჭკვიანები არიან, რომ რუსებთანაც დალაგებული აქვთ [საქმე] სომხებს, ამერიკასთანაც დალაგებული აქვთ, კონგრესში ჰყავთ სომხები, საფრანგეთშიც დალაგებული აქვთ… ჩვენ, ბრიყვები, ყველასთან ყველაფერი მოჭრილი გვაქვს“, — დაიჩივლა ქვლივიძემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არმენოფობიური ქადაგებებით არ შემოფარგლულა. ბოლო წლებში, ქართულ-სომხური ურთიერთობები და საქართველოში თანასწორობის საკითხი საეკლესიო დავებმაც დააზიანა.
2017 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თანდოიანცის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია, დაზიანებული ისტორიული სომხური ძეგლი თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. სომხურ საზოგადოებას ეს ძეგლი ჯერ კიდევ 1924 წელს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ წაართვა.
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნული ეკლესია დღემდე ვერ დაიბრუნა.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) განცხადებით, „სომხური ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემა დომინანტი ეკლესიისადმი ღია ლოიალობისა და სომეხთა მართლმადიდებელი თემის დისკრიმინაციის ნათელი მაგალითია“.
„თუ შენზე იმოქმედეს, უარესს ელოდე“
საქართველოში სომხური თემის ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, კარინა გრიგორიანი, რომელიც ასპინძაში გაიზარდა, არ ეთანხმება ისეთ შეფასებებს, როგორებიცაა „არმენოფობია“ ან „სიძულვილი“.
თუმცა, OC Media-სთან საუბარში, კარინამ ისიც აღნიშნა, რომ „პრობლემებიც“ არსებობს, რომლებიც ბოლო სომხურ-აზერბაიჯანული ომის ფონზე, მისი აზრით, კიდევ უფრო გამწვავდა.
კარინამ არჩია, ბოლო პერიოდის ემოციური ფონი გაეთვალისწინებინა და ამაზე არ განევრცო, თუმცა მანამდე გაიხსენა სკოლის პერიოდი, სადაც „შენ სომეხო!“ მისთვის ხშირად უთქვამთ.
კარინა გრიგორიანის თქმით, 1990-იან წლებში მისთვის ისიც უთქვამთ, რომ „საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყო“, თუმცა, მისი დაკვირვებით, ბოლო წლებში „ასეთი ადამიანების“ რიცხვი შემცირდა.
კარინა მოგვიყვა, რომ ცხოვრებაში პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმისას, არჩევანის წინაშე იდგა: იმ ნათესავებისთვის მოესმინა, რომლებიც აფრთხილებდნენ, რომ საკუთარი ეთნიკური კუთვნილების გამო წარმატებას ვერ მიაღწევდა, თუ მშობლების და ბაბუამისის მაგალითებით შთაგონებულიყო.
„ყველა მათგანმა უმაღლესი განათლება მიიღო და მათ ეთნიკურ წარმომავლობას ისინი ცხოვრებაში არ დაუბრკოლებია“.
2013 წლის იანვარში, პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პოლიციის კაპიტანი კარინა გრიგორიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გრიგორიანმა ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ამნისტიით რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული პირების გათავისუფლება გააპროტესტა და საჯარო სამსახური დატოვა.
ახალი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული ამნისტიაც და პრეზიდენტის ჟესტიც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. თუმცა, კარინა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, რომ მისი წარმომავლობის გამო, მასზე თავდასხმა სააკაშვილის ბევრმა ოპონენტმაც კი დაგმო.
კარინას აზრით, ეს იმის ნიშანი იყო, დროს თავისი ცვლილებები მოჰქონდა.
„მოდი, ასე შევაჯამებ ჩემს პირად გამოცდილებას: პიროვნებას გააჩნია. თუ შეგატყვეს, რომ [მოძულეები] გულს გტკენენ, უარესს ელოდე. მაგრამ თუ მიხვდნენ, რომ შენზე ვერ იმოქმედებენ, ისინი უბრალოდ გაქრებიან შენი ცხოვრებიდან“.