fbpx

ინტერვიუ | „შერიგების ჩემეული პოლიტიკა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებას არ ეძღვნება, ის ადამიანებზეა“

30 August 2018
ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. (smr.gov.ge)

ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს 2016 წლიდან იკავებს, კონფლიქტების მოგვარების გზების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. ციხელაშვილი OC Media-ს სამინისტროს მიღწევებსა და წარუმატებლობებზე, თავის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე, მშვიდობის შენებისა და ამ ამოცანის წინაშე არსებულ დაბრკოლებებზე ესაუბრა.

OC Media: თქვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შერიგების პოლიტიკის ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევთ?

ქეთევან ციხელაშვილი: ვფიქრობ, რომ, როდესაც ამ საკითხზე პასუხს ვცემთ, ხშირად გვავიწყდება და არ ვაფასებთ იმ გარემოებას, მაგალითად, რომ რეგიონში, გეოპოლიტიკურად, ასევე ადგილობრივ დონეზე, საკმაოდ რთული პერიოდის მიუხედავად, მიუხედავად ბევრი პროვოკაციისა, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა.

[თუმცა] მშვიდობა საკმაოდ პირობითი ცნებაა იმ ადამიანის უფლებების შელახვის სრულიად დაუფარავი მაგალითების, მათ შორის — ისეთი ტრაგიკული შემთხვევების ფონზე, როგორიცაა ადამიანისთვის სიცოცხლის ხელყოფა, მაგალითად არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში. ასეთი ვითარება ადამიანებს განარისხებს და მათში პროტესტის გრძნობას იწვევს.

უაღრესად მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ეს არ შედის არც ქართველებს და არც ოსების ინტერესებში. ხალხს ეს არ სურს. რაც ხდება, არცერთის ინტერესში შედის და მსგავსი პროვოკაციები დაპირისპირების ორივე მხარეს მყოფ საზოგადოებას აზარალებს. ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ მსგავსი პროვოკაციები და ვინარჩუნებთ მშვიდობას, რაც საქართველოსთვის და კონფლიქტების მოგვარების დღის წესრიგისთვის ნომერი პირველი პრიორიტეტია.

მიუხედავად მზარდი სირთულეებისა, [ხალხს შორის აღმართული] ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, [ადამიანებს შორის] ურთიერთობა და მოძრაობა გახშირდა. ის, რომ ადამიანები უფრო თავდაჯერებულად, უსაფრთხოდ, უფრო დაცულად გრძნობენ თავს და „მეორე მხარესთან“ ურთიერთობა სურთ, ჩემი აზრით, სრულიად ცხადი და გაზომვადი მაჩვენებლებია. ეს შერიგების წინაპირობაა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლახან წარმოვადგინეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა — სულ ცოტა, ბოლო ათი წლის განმავლობაში გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მთავრობამ წელიწადზე უფრო ხანგრძლივი კონსულტაციების, კონფლიქტის მხარეებთან გავლის, დატესტვის შემდეგ გამოვაქვეყნეთ. მიმაჩნია, რომ ის უაღრესად სოლიდურ ნიადაგს ქმნის სამომავლო შერიგებისთვის.

OC Media: პროგრამის ერთერთი მიზანი აფხაზი და ოსი მეწარმეებისთვის ევროკავშირის და ქართულ ბაზარზე წვდომის გამარტივებაა. ქართული ბაზარი უკვე ღიაა აფხაზი მეწარმეებისთვის. ამის გათვალისწინებით, რით წაახალისებს ეს პროგრამა ამ მეწარმეების დაინტერესებას, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც მიჰყონ ხელი ბიზნესს?

ქეთევან ციხელაშვილი: უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო წახალისებები — ჩვენ სერიოზული ცვლილებები შევიტანეთ საქართველოს ცხრა კანონში, მათ შორის — კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

გარდა ამისა, ინიციატივა ინფრასტრუქტურული და ფინანსური ინსტრუმენტების ჩართვასაც მოიაზრებს, და რაც მთავარია, დიალოგს უსვამს ხაზს. შეთავაზება ღიაა აფხაზებისა და ოსებისგან საპასუხო ინიციატივებისთვის.

მაგალითად, ინიციატივა დაუშვებს აფხაზეთში წარმოებული ან იქიდან შემოტანილი პროდუქციის თბილისის სუპერმარკეტებში გაყიდვას. თქვენ შეიძლება, შეგხვდეთ [აფხაზური] სოფლის მეურნეობის პროდუქტი ზუგდიდის აგრარულ ბაზარში, მაგრამ მე ვსაუბრობ, მაგალითად, აფხაზური აჯიკის თბილისის სუპერმარკეტებში გაყიდვაზე. საუბარია პოლიტიკური სტატუსის განუხილველად ისეთი გზების პოვნაზე, რომელიც თბილისში მომხმარებელს არ გააღიზიანებს, და ამავე დროს, აფხაზი მეწარმეებისთვის მისაღები იქნება.

OC Media: ბოლო ათ წელიწადში, აფხაზებსა და ოსებთან შერიგების მხრივ, მთავრობის მიერ დაშვებულ უდიდეს შეცდომებად რა მიგაჩნიათ?

ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენ შეცდომების დაშვების უფრო გრძელი, 25-წლიანი პერიოდი გავიარეთ. სამწუხაროდ, შეცდომები რეტროსპექტივაში უკეთ ჩანს ხოლმე. საერთოდ კონფლიქტში შესვლა ყველა მხარის უდიდესი შეცდომა იყო. ეს არ უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია წარსულის შეცვლა, მაგრამ შეგვიძლია, გავითვალისწინოთ ის მომავლისთვის.

რაც მნიშვნელოვანია და რაც უკვე გაკეთდა, „აქეთა მხარის“ მიერ მაინც, ეს არის აღიარება იმისა, რომ კონფლიქტმა ტკივილი მოუტანა ყველას და ეს საერთო ტკივილია.

იყო აშკარად ხელიდან გაშვებული შანსებიც. ჩემი აზრით, 2004 წელს ერგნეთის ბაზრობის გაუქმება შეცდომა იყო. ბაზრობა ბევრ ადგილობრივ ქართველს და ოსს აერთიანებდა ვაჭრობით და, სხვათა შორის, სოციალურ დონეზე კონფლიქტი მოაგვარა კიდეც. მწამს, რომ მას უნიკალური როლი ჰქონდა მშვიდობის შენებასა და შერიგების საქმეში. მას სხვანაირი მიდგომა სჭირდებოდა — უნდა სახეცვლილიყო და ლეგალიზებულიყო.

2008 წლის შემდეგ, პოლიტიკა მეტწილად რიტორიკით შემოიფარგლებოდა, თუმცა რამდენიმე ელემენტმა კარგად იმუშავა; მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამამ [აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა უფასო ჯანდაცვით უზრუნველყოფამ]. ხოლო დღეს, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ჯანდაცვის პროგრამა საუკეთესოდ მუშაობს. თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისთვის, გადმოსული ადამიანების რაოდენობამ 6–7-ჯერ იმატა.

OC Media: არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი ადამიანი მონაწილეობს მსგავს ინიციატივებში. ახსენეთ მკვეთრი ზრდა სამედიცინო პროგრამით მოსარგებლეთა შორის. შეგიძლიათ, გარკვეული [რაოდენობრივი] მონაცემები გაგვიზიაროთ, მაინც რამდენი ადამიანი გადმოდის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე?

ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენ ვაწარმოებთ აღრიცხვას, მაგრამ არ ვასაჯაროებთ [მონაცემებს]. საერთო ჯამში ათასობით ადამიანზეა საუბარი, არა უბრალოდ — ათეულობით ადამიანზე.

OC Media: ამას წინათ, საქართველომ FIFA-ს პროტესტით მიმართა დაგეგმილი აფხაზურ-ნიგერიული მატჩის საწინააღმდეგოდ, იმ არგუმენტით, რომ მისი ჩატარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგებოდა. ეს კონკრეტული ღონისძიება სოხუმში იყო დაგეგმილი, თუმცა საქართველოს ასევე არაერთხელ დაუბლოკავს საზღვარგარეთ აფხაზების სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რასაც აფხაზური საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოუწვევია. არ ფიქრობთ, რომ მსგავსმა ნაბიჯებმა აფხაზებისა და ქართველების შერიგება შეიძლება, შეაფერხოს?

ქეთევან ციხელაშვილი: ჩემთვის უცნობია, რომელმა უწყებამ მიმართა FIFA-ს; ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ან ფეხბურთის ფედერაციამ.

თუმცა როდესაც მესმის, მაგალითად, იმის შესახებ, რომ აფხაზი ბავშვების შემოქმედებითი ჯგუფი უკმაყოფილოა ან ტირიან სახლში გაბრუნების გამო… უნდა გამოგიტყდეთ… ნამდვილად გული მწყდება, უკან გაბრუნებულ, გულგატეხილ ბავშვებზე, რომლებსაც ცუდად მოეპყრნენ, გამოიყენეს ან გული დაწყვიტეს — გალში მცხოვრები ბავშვების მსგავსად, რომელთაც წაართვეს ბაღებში ან სკოლებში საკუთარ ენაზე საუბრის საშუალება. ეს ტრაგედიაა.

შეიძლება, არ ეწინააღმდეგებოდე კულტურულ ურთიერთგაცვლას და საკუთარი კულტურის წარმოჩენას, მაგრამ პრობლემურია მსგავსი სიტუაციების პოლიტიკური მიზნებისთვის, [მათი] აღიარების პოლიტიკისთვის გამოყენება. როდესაც ბავშვებს პოლიტიკური [სტატუსის] აღიარებისთვის იყენებენ, ეს არაღიარების [საერთაშორისო] პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოდის.

ჩემთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც მასპინძელმა ქვეყნებმა თავად გამოიჩინეს ინიციატივა, შემდეგ კი ზოგიერთს აფხაზეთში ჰგონებია, ეს საქართველოს საგარეო უწყების ძალით მოხდა. რაც უნდა იყოს, ეს ჩემს კომპეტენციაში ნაკლებად შედის, მეტწილად, საგარეო საქმეთა სამინისტროს სფეროა.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს 300 000 ადამიანი, რომელიც საკუთარი წარმომავლობით, თავდაპირველი საცხოვრებელი ადგილით ასევე აფხაზია, და ამ ადამიანებს ხმა სრულიად წართმეული აქვთ.

შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ [მათი აფხაზეთში] დაბრუნების საკითხზე, მაგალითად, ჟენევის მოლაპარაკებებზე… სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, რუსების, ასევე აფხაზების და ოსების, დამოკიდებულების გამო, ამ საკითხს არ განვიხილავთ, გავურბივართ ამაზე დისკუსიას. [იძულებით გადაადგილებულ პირთა] დაბრუნების საკითხი არ გულისხმობს ერთბაშად ათასობით ადამიანის მასობრივ დაბრუნებას. ეს ასე არ ხდება, საკმაოდ რთული პროცესია, რაც [პრობლემის] გრძელვადიან და მრავალშრიან გადაჭრას გულისხმობს.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ დაუშვებელია, ამ ადამიანებს ასე, უბრალოდ, დაბრუნების უფლებაზე უარი ეთქვათ.

OC Media: ამჟამად, ევროკავშირი ზედმიწევნით ითვალისწინებს საქართველოს პოლიტიკას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, რაც, აფხაზებისა და ოსების მტკიცებით, მათ იზოლაციას აძლიერებს. მიესალმებოდით თუ არა ევროკავშირს თავისი პოლიტიკა გაეტარებინა ამ რეგიონებში თბილისისგან დამოუკიდებლად?

ქეთევან ციხელაშვილი: რას ნიშნავს, თბილისისგან დამოუკიდებლად? ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას. პარალელურად ის საკუთარ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ეყრდნობა პრინციპს „ჩართულობა აღიარების გარეშე“, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.

მაგალითად, უვიზო გადაადგილება [ევროკავშირის ქვეყნებში], რაც [უკვე] შესაძლებელია ქართული პასპორტებით, „აფხაზური პასპორტით“ არ არის ხელმისაწვდომი. ეს არაღიარების პოლიტიკის [ერთერთი] ნათელი მაგალითია.

ამრიგად, უსაფუძვლოა მტკიცებ, თითქოს ქართული მხარე ფარულად ამ ყველაფრის [ჩართულობის] წინააღმდეგ ნაბიჯებს დგამდეს… ეს ასე არ არის. ჩვენ ხელს ვუწყობთ საერთაშორისო ჩართულობას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, პრობლემა სხვაგან არის.

მაგალითად, ახლახან აფხაზეთში მიღებული „კანონით“, დე ფაქტო მთავრობის მოხელეებს შეეზღუდათ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა. საერთაშორისო ფონდების დაფინანსებით მომუშავე ადამიანები ხშირად იდევნებიან. ეს ძალიან ჰგავს რეპლიკას რუსეთში არსებულ კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და თვითონ აფხაზებიც ძალიან ფრთხილობენ ამაზე.

მსგავსი თავსმოხვეული სანქციები რეალური იზოლაციაა და ბევრი იქ უკმაყოფილოა. ეს არის პრობლემა, და თბილისი აქ არაფერ შუაშია. ჩვენ არ ვართ ამით დაკავებული.

OC Media: ჟენევის დისკუსიებში, რუსეთის დელეგაცია, ისევე, როგორც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას მოლაპარაკებებში მიღწეული მცირე პროგრესის გამო. მიგაჩნიათ თუ არა, რომ არსებულ ფორმატში დისკუსიები უნდა გაგრძელდეს?

ქეთევან ციხელაშვილი: თუ კი ვინმეს საფუძველი აქვს, უკმაყოფილო იყოს, ეს ქართული მხარეა, პირადად ჩემი ჩათვლით. [ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის] 14 შეხვედრაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 14 — ერთი ცხოვრებისთვის საკმაოდ ბევრია. შეხვედრები მნიშვნელოვანია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ დროისთვის რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე წინსვლა გვაქვს. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.

ჩემი შთაბეჭდილებით, რუსეთი ამ მოლაპარაკებებით იმის დაკანონებას ცდილობს, რასაც უხეში ძალის პოლიტიკით მიაღწიეს და თავს არიდებენ, პასუხისმგებლობა აიღონ, როგორც კონფლიქტში მონაწილე მხარემ. ჟენევაში, როგორც წესი, ასეთი პოზიცია აქვთ: „თქვენ ისაუბრეთ, ჩვენ არ ჩავერევით, რადგან კონფლიქტში მონაწილე მხარე არ ვართ, უბრალოდ — უსაფრთხოების ძლიერი მეთვალყურე“.

თუმცა, როგორც კი ჟენევის მიღმა „ჩვენ შორის საუბრის“ საკითხი დგება, რუსეთი მსგავს ინიციატივებს, წლების განმავლობაში, ყველა საშუალებით აფერხებს.

რეალური მოლაპარაკებების მიმართულებით წინსვლა მცირეა; ასევე არ არის დიდი მიღწევები ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით.

მაგალითად, როდესაც [ჟენევის მოლაპარაკებებში] ვცდილობდი მხარეების დარწმუნებას, ხნიერ ქალებს აღდგომაზე სასაფლაოს მონახულების საშუალება მიეცეთ, ან რამდენიმე გლეხი გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მიწებზე დაუშვან, არ ვამბობდი, რომ ეს ხაზი საოკუპაციო ხაზია, რადგან ჩემი მიზანი სულ სხვა რამ იყო. ვთავაზობდი — მოდით, შევთანხმდეთ რომ ამა და ამ დღეებში, დილის ათი საათიდან საღამოს ხუთ საათამდე, ადამიანს საკუთარი მინდვრის მოვლის საშუალება მიეცეს. სულ ეს არის.

თუმცა პასუხად ვიღებთ, — „ჯერ საზღვარი აღიარეთ, შემდეგ ამაზე საუბარიც შესაძლებელია“. ამის საპირწონე პოლიტიზებული პოზიცია რომ გვქონოდა, ყოველ ჯერზე გამყოფ ხაზს „საოკუპაციოს“ ვუწოდებდით. როდესაც ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარებას ცდილობ და მსგავს პასუხებს იღებ, ეს ბარიერია. ეს ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზებაა, რაც ძალიან სამწუხაროა.

დიახ, [ჟენევის მოლაპარაკებები] ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, რომლის პირობები რუსეთს დღემდე შესასრულებელი აქვს [2008 წლის აგვისტომდე არსებული სამხედრო პოზიციებზე დაბრუნება და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაშვება].

ჟენევის პირველივე რაუნდზე, რომელშიც მონაწილება მივიღე, აფხაზ მონაწილეებს მოლაპარაკებების ალტერნატიული ფორმატის შემუშავება შევთავაზე. საპასუხო ნაბიჯს დღემდე ველოდები.

OC Media: [საზოგადოებაში] გავრცელებული აზრით, „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები პირია. რამდენად ჩართულია ის შერიგების პოლიტიკის ფორმირებაში?

ქეთევან ციხელაშვილი: შერიგების პოლიტიკის ძირითადი კონტურები დადგენილია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლის აგვისტოში, სწორედ ივანიშვილი იყო, რომელმაც პრემიერ-მინისტრის რანგში პირველმა გააჟღერა [შერიგებისთვის] მზადყოფნა. [აგვისტოს ომის ხუთი წლისთავზე] გორში მან უთხრა აფხაზებსა და ოსებს, რომ ჩვენ მზად და გახსნილები ვართ დიალოგისთვის. ამრიგად, ის ნამდვილად ეთანხმება იმ პოლიტიკას, რაც შემუშავებული გვაქვს.

საპარლამენტო უმრავლესობამ სრულად დამიჭირა მხარი ახალი სამშვიდობო ინიციატივის წარდგენისას. ძალიან დამაიმედებელი იყო პარლამენტარების საჯარო განცხადებები, რომლითაც მათ შერიგებას, ნდობის აღდგენას, ადამიანთა დაბრუნებას დაუჭირეს მხარი. მათ არ უთქვამთ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა დავიბრუნოთო, თქვეს, რომ უნდა გამოვნახოთ გზები ერთმანეთთან ურთიერთობის აღდგენისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს ჩემი დევიზიცაა, რადგან შერიგების პოლიტიკის ჩემეული ხედვა არ ეხება მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებას, ის, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებზეა, ერთმანეთის დაბრუნებაზეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.

როდესაც ზარდიანთკარს ან ხურვალეთს, შერეულ ქართულ-ოსურ სოფლებს სტუმრობ [რომლებიც გაყოფილია მავთულხლართებით], ხედავ, რომ ხალხი, ერთმანეთის ნათესავებიც კი, ერთმანეთის გასწვრივ ცხოვრობენ და ხელსაც ვერ ართმევენ ერთმანეთს. ეს საშინელებაა. თუმცა ეს არის ოკუპაციის სიმბოლოც და მის მიერ მოტანილი რეალობაც. შეუძლებელია, ეს ასე გაგრძელდეს. ეს ასე ვერ გაგრძელდება. მავთულხლართი არ არის გრძელვადიანი საშუალება.

თუ კიდევ უფრო მეტად და მეტად დავიხარჯებით ადამიანური კონტაქტების განვითარებისთვის, ურთიერთობები აღდგება. ამას მხარდაჭერა სჭირდება. ეს არ არის ისეთი პროცესი, რაც ხელოვნურად შეიძლება დაიწყო. ის უკვე დაწყებულია. ჩვენ უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროცესს.

მე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა ვითხოვე, მაგრამ ცხადია, უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი გასაკეთებელი საქმეა — უპირველეს ყოვლისა ქართული მხარის გასაკეთებელი. იმედია, ამას შემდეგ სხვების მხრიდან საპასუხო ნაბიჯებიც მოჰყვება.

ძალიან რთული ვითარება გვაქვს, მაგრამ ამავე დროს, რეალისტები უნდა ვიყოთ. იმის თქმა არ მსურს, რომ არაფერი ვაკეთოთ ან რიტორიკით და „ხედვებზე“ საუბრით, გავექცეთ პრობლემებს. საუბარი შეიძლება, სასარგებლო იყოს, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.

[წაიკითხეთ პაატა ზაქარეიშვილის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, მოსაზრება: „საქართველომ პოლიტიკა უნდა შეცვალოს და აფხაზები და ოსები კონფლიქტის მხარეებად აღიაროს“]

Fierce, independent journalism

Let’s be honest, the media situation in the Caucasus is grim. Every day we are accused of ‘serving the enemy’ whoever that enemy may be. Our journalists have been harassed, arrested, beaten, and exiled. But nevertheless, we persevere. For us this is a labour of love. Unfortunately, we cannot run OC Media on love alone, journalism is expensive and funding is scarce. Our sole mission is to serve the interests of all peoples of the region. You can support us today for as little as $1 a month and join us in the fight for a better Caucasus.

Support Us